ავტორი: ვასილ ღლონტი
მსოფლიოში მიმდინარე რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების ფონზე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ძალიან გააქტიურდნენ ირანის სპეცსამსახურები, რომლებიც როგორც რეგიონალურ, ისე გლობალურ დონეზე ამოქმედდნენ:კერძოდ, შეინიშნება მათი დესტრუქციული ქმედებების გაძლიერება ლიბანში, ერაყში, სირიაში, იემენში, ისრაელსა და აშშ-შიც კი, განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ და ისრაელისა და პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციების დაპირისპირების განახლების ფონზე.
ჩვენს ბლოგში შევეცდებით განვიხილოთ და დავადგინოთ, თუ რა მიზნები ამოძრავებთ ირანის სპეცსამსახურებს აღნიშნული ქვეყნების მიმართ, გავაანალიზოთ მათი საქმიანობა და ინტერესები.
ლიბანი, ერაყი, სირია და იემენი
ირანი, მიიჩნევს რა ახლო აღმოსავლეთს თავისი გავლენის სფეროდ, მსოფლიოს ამ უმნიშვნელოვანეს და უმდიდრეს რეგიონში თავისი პოლიტიკურ-ეკონომიკური და სამხედრო ჰეგემონიის დამკვიდრებას ცდილობს. ჩვენი აზრით, ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ირანმა თავისი სპეცსამსახურებისა და სამხედრო სტრუქტურების მეშვეობით ლიბანის, სირიის, ერაყისა და იემენის მოსახლეობის შიიტური აღმსარებლობის არაბებისგან ე.წ.შიიტური წინააღმდეგობის ღერძი ჩამოაყალიბა. მისი სადაზვერვო-დივერსიული სამსახურების მიერ მომზადებული ტერორისტული ორგანიზაციები– ლიბანური „ჰეზბოლა“, „ერაყული ჰაშდ ალ-შააბი“ და „კატაიბ ჰეზბოლა“, იემენური „ანსარულლაჰი“,პალესტინური „ჰამასი“, „ისლამური ჯიჰადი“ და „პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტი“ – არამარტო რეგიონალურ, არამედ გლობალურ საფრთხედ იქცნენ.
ამ კონტექსტში ჩვენს ყურადღებას იქცევს ის, რომ ირანის სპეცსამსახურები ამ ცალკეული ორგანიზაციებისგან ერთიანი სამხედრო ძალის ჩამოყალიბებას ცდილობენ. ამას გვაფიქრებინებს ფაქტი, რომ 2024 წლიდან ირანის „გუშაგთა კორპუსის“კურატორობით და დაფინანსებით პროირანული პროქსი მებრძოლებისგან ყალიბდება და ირანსა და ერაყში არსებულ სამხედრო ბანაკებში წვრთნას გადის10 000-კაციანი სპეცშენაერთი „გენერალ ყასემ სოლეიმანის ძალები“, რომელშიც შედიან საგანგებოდ შერჩეული იემენელი ჰუსიტები, ლიბანური ჰეზბოლას მებრძოლები, პალესტინური „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ მებრძოლები, ერაყული „კატაიბ ჰეზბოლას“ და სირიაში მოქმედი შიიტური მილიციისა და „აბუ ალ-ფადლ ალ-აბასის ბრიგადის“, „ბრიგადა ალ-ბაკირას“, ავღანური დაჯგუფება „ფატიმიუნისა“ და პაკისტანური „ზეინაბიუნის“ მებრძოლები. ეს იქნება გამოცდილი, პროფესიონალი მებრძოლებისგან შემდგარი შენაერთი, რომელსაც, სავარაუდოდ, ეყოლება თავისი საკუთარი დაზვერვა, კონტრდაზვერვა და სპეცოპერაციების ქვედანაყოფი. ეს ნიშნავს, რომ ეს დაჯგუფება ირანის სპეცსამსახურების დავალებით მომავალში შეძლებს ტერორისტული ოპერაციების განხორციელებას არამარტო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც კი, რაც მას გლობალური მნიშვნელობის საფრთხედ აქცევს. მისი სახელიც ცხადყოფს, რომ ამ სპეცშენაერთის საქმიანობას წარმართავს ირანის „გუშაგთა კორპუსის“ სპეცშენაერთი „ალ-ყუდსი“,რომლის მეთაურიც იყო ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი. დიდი ალბათობით, ამ სამხედრო დაჯგუფების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იყო ისრაელთან და აშშ-თან ბრძოლა. ამ ფონზე მოსალოდნელია, რომ ირანის სპეცსამსახურების დახმარებით ეს დაჯგუფება აქტიურად ჩაებას ნარკოტიკების საერთაშორისო ბიზნესში და დაფინანსების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ გაიხადოს. ამას გვაფიქრებინებს ის, რომ ნარკოტიკების წარმოებასა და ტრანსპორტირებაში უკვე აქტიურად არიან ჩართული ირანის „გუშაგთა კორპუსი“ (განსაკუთრებით, სპეცშენაერთი „ყუდსი“), სირიის ასადის რეჟიმი და ლიბანური „ჰეზბოლა“.სირიის ტერიტორიაზე არსებულ ქარხნებში აწარმოებენ სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკს, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია უზარმაზარი შემოსავლის მომტანად მიჩნეული კაფტაგონი.
საყურადღებოა, რომ ირანის „გუშაგთა კორპუსის“ინიციატივითა და ორგანიზებით ნარკოტიკების დამამზადებელი ქარხნები გაიხსნა ერაყის ტერიტორიაზეც. ამაში ერაყელი შიიტების ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰეზბოლას ბრიგადებს“ აქტიურად ეხმარება „გუშაგთა კორპუსის“ სპეცშენაერთის, „ალ-ყუდსის“ უშუალო კურატორობით მოქმედი ლიბანური „ჰეზბოლა“, რომლის წევრებსაც ნარკოტიკების ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე მიტანა და ევროპის ქვეყნების მიმართულებით მათი შემდგომი ტრანსპორტირება ევალებათ. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ჯერ კიდევ 2020 წელს „ჰეზბოლამ“ იტალიაში 15 ტონა კაფტაგონის შეტანა სცადა. თუმცა, 2024 წელს ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანში დაწყებული სამხედრო მოქმედებების გამო „გუშაგთა კორპუსისა“ და „ჰეზბოლას“ ნარკობიზნესს სერიოზული პრობლემები შეექმნა და მისი წევრები ამჟამად აქტიურად ცდილობენ, რომ მათი მხრიდან ევროპის მიმართულებით ნარკოტრაფიკი კი არ შეჩერდეს, არამედ გაფართოვდეს კიდეც.
აქვე საინტერესოა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, ირანის „გუშაგთა კორპუსი“ და ლიბანური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლა“ სირიაში, შაირათის აეროდრომზე, რუს სამხედროებს ირანული დრონების მართვასაც ასწავლიან.როგორც უკრაინელი მზვერავები ამბობენ, რუსებთან ერთად მომზადებას გადიან სირიელი დაქირავებული მებრძოლები, რომლებსაც კრემლი უკრაინაში გადასროლას და საბრძოლო მოქმედებებში გამოყენებას უპირებს. არაა გამორიცხული, რომ სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა უკრაინის მიერ სირიელი ოპოზიციონერებისათვის სამხედრო დახმარების გაწევა,რამაც თავისი წვლილი შეიტანა ბაშარ ასადის რეჟიმის ჩამოგდებაში. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს უკრაინული მხარე ოფიციალურად უარყოფს. ამ პროცესების ფონზე ირანულ სპეცსამსახურებს და სამხედრო სტრუქტურებს სირიაში დიდი პრობლემები შეექმნათ, რასაც ის ექსტრემალური ვითარებაც ადასტურებს, როგორშიც მათ სირიის ტერიტორია დატოვეს.
თურქეთი
ჩვენი ინტერესი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ, როგორც თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა, ბოლო ხანებშიმკვეთრად გააქტიურდა კონტაქტები ირანის სპეცსამსახურებსა და ე.წ. ქურთისტანის მუშათა პარტიას(PKK) შორის. კერძოდ, ირანის „გუშაგთაკორპუსი“ ამ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობილ პარტიას სხვადასხვა შეიარაღებით ამარაგებს. ჩვენს ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ თუ აქამდე ირანის სპეცსამსახურები და არმია ქურთული „PKK-ის“ განშტოება „РJАК“-ის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ახლა, პირიქით, ირანი ცდილობს, რომ გუშინდელი მტერი შეირიგოს და მასთან აქტიურად ითანამშრომლოს. აქ საინტერესოა ისრაელის თემაც, რადგან ეთნიკური ქურთებით დასახლებულ რეგიონებში მას ტრადიციულად კარგი პოზიციები აქვს. ისმის შეკითხვა–რამდენადაა თელ-ავივისთვის მისაღები, რომ ირანის სპეცსამსახურების გავლენა „ქურთისტანის მუშათა პარტიაზე“ ასე ძალიან გაიზარდოს?რა თქმა უნდა, მიუღებელია.ასეთი ბრძოლებში, ტერორისტულ საქმიანობაში, დივერსიებსა და ომებში გამოცდილი ტერორისტული ორგანიზაციის რესურსი ირანის ხელში ისრაელს საკმაოდ დიდ საფრთხეს შეუქმნის. იმ რეალობაში, როცა ირანის სპეცსამსახურები პალესტინურ „ჰამასთან“,„ისლამურ ჯიჰადთან“და „პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტთან“ მჭიდროდ თანამშრომლობენ, „PKK“-ის ირანის მხარეზე თუნდაც დროებით გადასვლა უდავოდ მოუმატებს ისრაელს თავის ტკივილს. ჩვენი მოსაზრებით, ებრაელები ირანელების ქმედებების საპირწონედ, სავარაუდოდ, შეეცდებიან, რომ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, აგრეთვე, სირიის, ერაყისა და ირანის ტერიტორიებზე არსებულ ე.წ. ქურთულ რეგიონებში სადაზვერვო საქმიანობა კიდევ უფრო გააძლიერონ, რადგან მათ წინააღმდეგ რისკფაქტორები მოიმატებს. ჯერერთი,საფრთხის წინაშე დგება ქურთებით დასახლებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი საკმაოდ მსხვილი ებრაული დიასპორა, მეორე –ისრაელს იქვე, ენერგეტიკულ სფეროში, სერიოზული ბიზნესი აქვს და იმასაც პრობლემები შეექმნება.
ისრაელი
საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში ირანის სპეცსამსახურები ძალიან აქტიურად მუშაობენ ისრაელის მოქალაქეების გადაბირებასა და მათი გამოყენებით სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებაზე. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში ირანის „გუშაგთა კორპუსი“ ისრაელის მოქალაქეებს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის განსახორციელებლადაც იყენებს. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ 2024 წლის აგვისტოში ისრაელის კონტრსადაზვერვო სამსახურმა „შაბაქმა“ და პოლიციის ანტიტერორისტულმა სამმართველომ „ლახავ-433“-მა დააპატიმრეს ისრაელის ქალაქ აშკელონის მკვიდრი მოტი (მორდეხაი) მამანი, რომელიც ირანის სადაზვერვო სტრუქტურებმა გადაიბირეს და ერთი მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ ისრაელის უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის, „შაბაქის“ უფროსის რონენ ბარისა და ექს-პრემიერის ნაფტალი ბენნეტის ლიკვიდაცია დაავალეს. ამავე კონტექსტში საგულისხმოა, რომ ამა წლის ოქტომბერშივე ისრაელის სპეცსამსახურებმა გამოავლინეს და ირანის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს ქალაქ თელ-ავივის მკვიდრს, უკრაინიდან რეპატრიირებულ ისრაელის მოქალაქე ვლადიმერ ვერხოვსკის.ისრაელის „შაბაქის“ ინფორმაციით, აღნიშნული პირი ირანისათვის ფულადი ანაზღაურების (როგორც აშშ დოლარში, ისე კრიპტოვალუტაში) სანაცვლოდ აგროვებდა სადაზვერვო ინფორმაციას, ახორციელებდა სტრატეგიული ობიექტების ფოტო-ვიდეოგადაღებას და აპირებდა ისრაელელი მეცნიერის ლიკვიდაციას.
საინტერესოა, რომ ოქტომბერშივე დაფიქსირდა ასეთივე ფაქტი ისრაელის ქალაქ რამათ განას მკვიდრი ვლადისლავ ვიქტორსონის შემთხვევაშიც, როცა ის და მისი ორი ნაცნობი, მათ შორის მისი მეგობარი ქალი ანა ბერნშტეინი, ირანის სპეცსამსახურებთან კავშირში ამხილეს და შესაბამისი ბრალდებაც წაუყენეს. ჩვენი მოსაზრებით, თავისი მასშტაბებით და მნიშვნელობით კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს ცხრა აზერბაიჯანელი ებრაელის დაპატიმრების ფაქტი. საინტერესოა,რომ პირველ ეტაპზე დააპატიმრესშვიდი მათგანი,ხოლო შემდგომში მათ მალევე დაემატათ კიდევ ორი. ჩვენი განსაკუთრებული ინტერესი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ამ ჯაშუშური ქსელის წევრები ორი წლის განმავლობაში აგროვებდნენ სადაზვერვო ინფორმაციას, ახორციელებდნენ სტრატეგიული, სამხედრო და სპეცობიექტების ფოტო-ვიდეო გადაღებას და მას ირანის დაზვერვას გადასცემდნენ. ამით მათ „ჰამასთან“ და „ჰეზბოლასთან“ ომის პერიოდში ისრაელის თავდაცვისუნარიანობას რეალურად სერიოზული ზიანი მიაყენეს, რადგან ისინი ისრაელის სპეცსამსახურებმა ოდნავ დაგვიანებით გამოავლინეს. ირანის სპეცსამსახურების მიერ გადაბირების შემთხვევათა სიმრავლე გვაფიქრებინეს, რომ საკმაოდ მაღალია ისრაელის ტერიტორიაზე მათი შეღწევა. თუმცა, ისრაელის სპეცსამსახურები მათი დესტრუქციული ქმედებების გასანეიტრალებლად ძალისხმევას არ იშურებენ.
აშშ
იქიდან გამომდინარე,რომ ირანი აშშ-ს, ისრაელთან ერთად, თავის მთავარ სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ განიხილავს, ირანის სპეცსამსახურები ცდილობენ,რომ ოკეანის გაღმა მდებარე სახელმწიფოში სადაზვერვო პოზიციები გაიძლიერონ. ამას ისიც ადასტურებს, რომ მარტო მიმდინარე 2024 წელს ირანული სპეცსამსახურების აგენტურის საქმიანობის ორი რეზონანსული შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, 2024 წლის 12 ივლისს აშშ-ის გფბ-მ დააპატიმრა პაკისტანის მოქალაქე ასიფ მერჩანტი, რომელიც აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების ლიკვიდაციის მიზნით აშშ-ის ტერიტორიაზევე ქილერის მოძებნას ცდილობდა. ამერიკულმა სპეცსამსახურებმა დაადგინეს, რომ ის ირანის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა. გარდა ამისა, ირანის სპეცსამსახურებმა აშშ-ში გაზრდილი, ირანში დაბადებული ფარჰად შაქერი გადაიბირეს, რომელიც ადგილობრივ მოქალაქეებთან, ქალაქ ნიუ-იორკის მკვიდრ კარლაილ რივერასთან და ჯონათან ლოუდჰოლტთან ერთად ასევე დონალდ ტრამპისა და მისი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ლიკვიდაციის გეგმის შემუშავებასაც ცდილობდა.დიდი ალბათობით, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ დონალდ ტრამპის ხელისუფლების მიერ „გუშაგთა კორპუსის“ გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის გამო ირანის სპეცსამსახურები სამაგიეროს გადახდას ცდილობენ. თან არის სარწმუნო ინფორმაცია, რომ ტრამპი გაპრეზიდენტებისთანავე ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას გეგმავს, განსაკუთრებით, ნავთობის სფეროში. ეს კი ირანის რეჟიმს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. შესაბამისად, ირანისთვის დონალდ ტრამპი ყველანაირად მიუღებელია და მისი სპეცსამსახურების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენს.
საყურადღებოა, რომ ირანელი მზვერავები აშშ-ის ტერიტორიაზე შეღწევას საკმაოდ იოლად ახერხებენ. მეტიც, ისინი გადაბირების პროცესსაც წარმატებით ახორციელებენ, თუმცა მათი სპეცოპერაციები აშშ-ის ტერიტორიაზე ყოველთვის წარუმატებლად მთავრდება, რაც ამერიკული სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო სტრუქტურების მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. საგულისხმო დეტალი: „გუშაგთა კორპუსი“ თავისი სადაზვერვო-დივერსიული მისიებისთვის გადასაბირებლად ყურადღებით არჩევს კანდიდატურებს, რომელთა შორის უკვე აშშ-ის მოქალაქეებიც კი არიან. ეს ნიშნავს, რომ ირანის რეჟიმის სპეცსამსახურები გლობალურად, საკმაოდ მაღალ პროფესიულ დონეზე მუშაობენ, რაც ცივილიზებული სამყაროსათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
დასკვნა
უდავო ფაქტია,რომ ირანის სპეცსამსახურები ცდილობენ ახლო აღმოსავლეთში პოზიციები გაიძლიერონ. ამისათვის ისინიე.წ. „შიიტური წინააღმდეგობის ღერძში“ შემავალი ლიბანის, სირიის, ერაყისა და იემენის ტერორისტულ ორგანიზაციების რესურსს იყენებენ. მეტიც,ირანი თავისი სპეცსამსახურების დახმარებით ცდილობს, რომამ ღერძის შესაძლებლობები კიდევ უფრო გააფართოოს და მასში სუნიტებით დაკომპლექტებული„ჰამასი“, „ისლამური ჯიჰადი“ და „პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტი“ ჩართოს.
საყურადღებოა ირანის სპეცსამსახურების საქმიანობის გააქტიურება ქურთებით დასახლებული, ნავთობით მდიდარი რეგიონების მიმართულებით, სადაც ისრაელს ენერგეტიკაში თავისი ინტერესები აქვს. საფიქრებელია, რომ ირანი ამ ტერიტორიებზე თავისი პოზიციების გაძლიერებით ისრაელს ენერგეტიკულ-ეკონომიკური ბლოკადის მოწყობას უპირებს.ზოგადად, ისრაელი რჩება ირანის რეჟიმისა და მისი სპეცსამსახურების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ და ამ მხრივ მოსალოდნელია მათი დაპირისპირების შემდგომი გამძაფრება, რასაც სირიაში ასადის რეჟიმის ჩამოგდებისთანავე ისრაელის მიერ ირანთან დაკავშირებული სამხედრო ობიექტების დაბომბვის ფაქტიც ადასტურებს. ჩვენი მოსაზრებით, აგრეთვე გაგრძელდება ირანის და აშშ-ის სპეცსამსახურების ურთიერთდაპირისპირება.საფიქრებელია, რომ ირანის სპეცსამსახურები მომავალშიც შეეცდებიანისრაელისა და აშშ-ის ტერიტორიაზე შეღწევას, მათი მოქალაქეების გადაბირებასა და დივერსიების/ტერაქტების განხორციელებას. ამ ფონზე შესაძლებელია, რომ ეს დაპირისპირება იმ ქვეყნებშიც გავრცელდეს, სადაც აშშ-ის ინტერესები მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი ან სადაც ებრაული დიასპორა არსებობს და ფუნქციონირებს. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ირანის სპეცსამსახურები საქართველოშიც გააქტიურდნენ. მითუმეტეს, რომ მსგავს პრეცედენტს ადრეც ჰქონია ადგილი.