ავტორი: ვასილ ღლონტი, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი, დაზვერვის ანალიტიკოსი

 

შესავალი

ბოლო ათი წლის განმავლობაში ირანის სპეცსამსახურები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ძალიან გააქტიურდნენ. ისინი ხშირად იყენებენ თავისივე გადაბირებულ აზერბაიჯანისა თუ უცხოეთის მოქალაქეებს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. ბოლო ხანებში ირანის სპეცსამსახურების განსაკუთრებულ სამიზნე ისრაელის მოქალაქეები არიან, რასაც ადასტურებს ბოლო ხანებში რაელის საელჩოზე თავდასხმის გახშირებული შემთხვევები. აზერბაიჯანისა და ისრაელის სპეცსამსახურების წარმატებული კონტრქმედებების შედეგად, აღკვეთილ იქნა ირანის სპეცსამსახურების კურატორობი მოქმედი ირანისა და ავღანეთის მოქალაქეების მხრიდან ტერაქტების განხორციელების მცდელობები. ჩვენი წერილის მიზანია განვიხილოთ და გავაანალიზოთ, თუ რამ განაპირობა ირანის სპეცსამსახურების ბოლოდროინდელი გააქტიურება აზერბაიჯანში და რატომ ცდილობენ ისინი ასე დაჟინებით ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული აქტების ჩატარებას.

 

ირანის სპეცსამსახურების საქმიანობა, მიზნები და გეგმები აზერბაიჯანში ისრაელთან დაპირისპირების ფონზე

ჩვენი შეფასებით, 2023 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში არსებულ ისრაელის საელჩოზე გახშირებული თავდასხმები, ერთი შეხედვით, თითქმის მთლიანად ჯდება ირან-ისრაელის გლობალური დაპირისპირების დიდ სურათში. იმ ფონზე, როცა ბოლო წლების განმავლობაში ირანის სპეცსამსახურები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლობის, რელიგიური დაწესებულებების, ებრაული კულტურის ცენტრებისა და ზოგადად ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების განხორციელებას ცდილობენ, აზერბაიჯანში მომხდარი ინციდენტები, წესით, გამონაკლისად არ უნდა ჩაითვალოს, თუმცა, რეალურად, ამ შემთხვევაში სრულიად განსხვავებულ და განსაკუთრებულ მოვლენასთან გვაქვს საქმე.

კერძოდ, აზერბაიჯანი უშუალოდ ესაზღვრება ირანს, რომელთანაც მას როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო საზღვარი აქვს. რახან ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო დოქტრინაში ისლამური რევოლუციის იდეების ექსპორტი დიდი როლს ასრულებს, მისი მმართველი რეჟიმი მუსლიმური მოსახლეობის მქონე აზერბაიჯანს ამის გამო ერთერთ ძირითად მიმართულებად განიხილავს. ეს კი, რა თქმა უნდა, ჩვენი მეზობელი სამხრეთკავკასიური სახელმწიფოსთვის სერიოზულ საფრთხეს და გამოწვევას წარმოადგენს, რადგან მრავალმილიონიან ირანს იდეოლოგიურად მომზადებული, მრავალრიცხოვანი, კარგად შეიარაღებული/ეკიპირებული სამხედრო სტრუქტურები და ძლიერი სპეცსამსახურები ჰყავს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ირანელების მსგავსად, შიიტური ისლამის მიმდევარია და ირანის ხელისუფლებას მათ შორის საკუთარი რელიგიური იდეოლოგიის გავრცელებისთვის საჭირო გარკვეული ბაზისიც აქვს.

ჩვენს მოსაზრებას 2015 წლის 26 ნოემბერს აზერბაიჯანის სოფელ ნარდარანში მომხდარი ინციდენტიც ადასტურებს, როცა პოლიციასა და ირანული სპეცსამსახურების კონტროლქვეშ არსებული ორგანიზაცი „მუსლიმური ერთობის“ წევრებს შორის მომხდარი შეტაკების დროს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის პოლიციელებიც, დაიღუპნენ. ჩვენს ყურადღებადამატებით ის გარემოებაც იქცევს, რომ ნარდარანი ეთნიკურად სპარსელებთან ახლოს მდგომი ხალხით, პროირანულად განწყობილი და რელიგიურობით გამორჩეული შიიტი თათებითაა დასახლებული. ამ გარემოებამ დიდად იმოქმედა იმაზე, რომ ბაქოდან 25-30 კმ მანძილის დაშორებით მდებარე, ლამის ბაქოს გარეუბნად მიჩნეული ეს სოფელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე  ირანის რეჟიმის თავისებურ პლაცდარმად და ციტადელად იქცა. დედაქალაქთან ასეთი სიახლოვე მას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს, რადგან ირანის სპეცსამსახურებს შეუძლიათ რაიმე რეზონანსული პროვოკაცია უშუალოდ ბაქოშიც კი მოაწყონ.  ეს კი უდავოდ შეიცავს გარკვეულ რისკებს.

სწორედ ეს სოფელი ითვლება ირანის გუშაგთაკორპუსის სპეცშენაერთის, „ალ-ყუდის, ყოფილი ხელმძღვანელის, გენერალ ყასემ სოლეიმანის და ირანის ქალაქ ყუმის რელიგიური სასწავლებლების აზერბაიჯანის მოქალაქე კურსდამთავრებულების დაარსებული ტერორისტული ორგანიზაცია ჰუსეინიუნის, ანუ ჰუსეინისტების სამშობლოდ, რომლის წევრიც ისრაელის საელჩოზე თავდასხმაშია ბრალდებული. იმის გათვალისწინებით, რომ მისი ლიდერები თოჰიდ იბრაჰიმბეილი, ორხან მამედოვი, როვშან ასადოვი და სხვები ანტიდასავლური რიტორიკითა და განწყობებით გამოირჩევიან, ირანი მათ, სავარაუდოდ, აშშ-ს, ისრაელისა და ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენებს. თუმცა მისი ძირითადი სამიზნე, რა თქმა უნდა, მაინც აზერბაიჯანის ხელისუფლებაა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ორგანიზაციის დროშა ძალიან ჰგავს ახლო აღმოსავლეთში აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ მოქმედი პროირანული პროქსი-დაჯგუფებების დროშებს, მას ირანის მიერ ჩამოყალიბებული ე.წ. შიიტური  წინააღმდეგობის  ღერძის შემადგენელ ნაწილად ქცევის სურვილი აქვს.

ამ ფონზე საინტერესოა, რომ არსებული ინფორმაციით, ირანის სპეცსამსახურებს პროირანული აზერბაიჯანული ორგანიზაციების, „მუსლიმური ერთობისა“ და „ჰუსეინიუნის“ წევრები ჯერ თეირანში გადაყავთ, შემდეგ კი სირიის დედაქალაქ დამასკოში, სადაც სამხედრო და ტერორისტულ საქმიანობას ასწავლიან. ისრაელისა და კვიპროსის სპეცსამსახურების ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად, ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერაქტების განხორციელების მცდელობების ბრალდებით,ეთნიკური აზერბაიჯანელი რუსეთის მოქალაქე ორხან ასადოვი დაპატიმრება გვიჩვენებს, რომ ირანის „გუშაგთა კორპუსი“ „ჰუსეინისტების“ ისრაელის წინააღმდეგ გამოყენებას ცდილობს. მასმედიაში არსებული ინფორმაციით, „ჰუსეინიუნის“ რიგებში 15 000-მდე მებრძოლი ირიცხება, თუმცა, სავარაუდოდ, მათი რიცხვი ძალიან გადაჭარბებულადაა შეფასებული. ამავე დროს, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ირანის სპეცსამსახურები წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად აძლიერებენ აზერბაიჯანის მოქალაქეების გადაბირების პროცესს, რაც მომავალში აზერბაიჯანის სახელმწიფოს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. ამ ფონზე საინტერესოა, რომ ჰუსეინისტების ლიდერები, თოჰიდ იბრაჰიმბეილი და ორხან მამედოვი, მიმდინარე წლის აპრილში ირანის ტერიტორიაზე დააპატიმრეს, რადგან ირანის ხელისუფლების ზოგიერთ შტოს ამ ორგანიზაციის საქმიანობის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, თუმცა ისინი საკმაოდ მალეგამოუშვეს. ის, რომ ირანის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილემ, ორგანიზაცია ბასიჯის უფროსმა ყოლამრეზა სოლეიმანიმ.. 30 ნოემბერს იბრაჰიმბეილი მედლით დააჯილდოვა, გარკვეულ ეჭვებს აჩენს. არაა გამორიცხული, რომ ირანის სპეცსამსახურები აზერბაიჯანელი ჰუსეინისტების ლიდერს რაღაცა სერიოზული პროვოკაციისთვისაც ამზადებდნენ.

სავარაუდოდ, „ჰუსეინიუნის“ და „მუსლიმური ერთობის“ ორგანიზაციებზე სერიოზული იდეოლოგიური ზეგავლენა იქონია „აზერბაიჯანის ისლამურმა პარტიამ“, რომლის ბაზაც აგრეთვე ნარდარანში. მისი ლიდერი, ირანში განათლებამიღებული, ტერორიზმში დადანაშაულებული მოვსუმ სამედოვი 2023 წელს ციხიდან გამოსვლა აზერბაიჯანის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის გარკვეულ რისკებს შეიცავს.საფიქრებელია, რომ ამას ხელისუფლებაც კარგად ხვდება და შეიძლება სამედოვი კვლავ უკან, გობუსტანის ციხეში დააბრუნონ.

ინფორმაცია, რომ ჰუსეინისტებთან და სხვა პროირანულ ორგანიზაციებთან კავშირში აგრეთვე შემჩნეულია იმამ ჰომეინის წარმომადგენელი აზერბაიჯანში, ეთნიკური აზერბაიჯანელი ალი აქბარ ოჯაღნეჟადი, ირანის ხელისუფლების აზერბაიჯანის საკითხით დაინტერესების მაღალ დონეზე მიგვითითებს. ეს პიროვნება ბაქოში არსებული ირანული კულტურის ცენტრისა და იმამ ხომეინის მხარდაჭერის კომიტეტის აზერბაიჯანის ფილიალის ხელმძღვანელია, რომელიც რელიგიურ-იდეოლოგიურად ირანის მიერ აზერბაიჯანელების გადაბირების პროცესში აქტიურადაა ჩართული. ჩვენს ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ ირანული კულტურის ცენტრი მჭიდრო კავშირი პროირანულ რადიკალურ დაჯგუფებებთან ჯერ კიდევ 2011 წელს იქნა შემჩნეული. აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა მაშინ სწორედ ამ ცენტრის მიერ შექმნილი და დაფინანსებული რადიკალური შიიტური ორგანიზაცია „ჯაფარი“ ლიდერი აბგიულ სულეიმანოვი და მისი თანამოაზრეები დააპატიმრეს.

ამასთან, თუ ნარდარანის ინციდენტს კვლავ დავუბრუნდებით, თვალშისაცემი ხდება დამთხვევა, რომ ირანის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი პროვოკაცია ცოტა ხნით უსწრებდა წინ 2016 წლის 13 დეკემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ აზერბაიჯანში განხორციელებულ ისტორიულ ვიზიტს. არაა გამორიცხული, რომ ირანის „გუშაგთა კორპუსის“ მიზანს სწორედ ისრაელის მეთაურის ვიზიტის წინ აზერბაიჯანში არასტაბილური პოლიტიკური ფონის შექმნა და ისრაელის ხელმვანელობის გეგმების შეცვლა წარმოადგენდა, თუმცა ამ გარემოებამ რეალურად ვერაფერზე იქონია გავლენა და ბენიამინ ნეთანიაჰუ ბაქოს მაინც ეწვია.

ამ ვიზიტის დროს ისრაელის პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ისრაელმა აზერბაიჯანს 4, 8 მლრდ აშშ დოლარის შეიარაღება მიყიდა, სამხედრო სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობების დიდ მასშტაბებზე მიგვითითებს. ამასთან, ისრაელის მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2016-2021 წლებში ისრაელის ქალაქ ეილათის ჩრდილოეთით მდებარე ოვდას საჰაერო-სამხედრო ბაზიდან აზერბაიჯანის მიმართულებით განხორციელდა 92 გაფრენა, რომლის დროსაც დიდი რაოდენობით შეიარაღება იქნა გადატანილი.ყარაბაღის ომში ისრაელის მხრიდან აზერბაიჯანდახმარებამ იარაღითა და სამხედრო ინსტრუქტორებით, ისრაელის პოზიციები ამ ქვეყანაში ძალიან გააძლიერა, რაც თავისთავად ირანის მკვეთრ გაღიზიანებას და შეშფოთებას იწვევს. მით უმეტეს, რომ ისრაელის დახმარებით აზერბაიჯანმა  მისი მოკავშირე სომხეთი დაამარცხა, რაც ირანის სტრატეგიულ გეგმებს ეწინააღმდეგება.

ფაქტია, რომ ისრაელისათვის ენერგორესურსებით მდიდარი და მოსახერხებელი გეოპოლიტიკური მდებარეობის მქონე აზერბაიჯანთან სტრატეგიულ თანამშრომლობას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. დიდი ალბათობით, ისრაელის განსაკუთრებულ ინტერესს ის ფაქტი იწვევს, რომ ირანის ჩრდილოეთი ნაწილი დასახლებულია ეთნიკური აზერბაიჯანელებით, რომელთა გარკვეულ ნაწილში სეპარატისტული ტენდენციები შეინიშნება. საფიქრებელია, რომ ისრაელი ისლამური რესპუბლიკის ამ რეგიონს ირანის აქილევსის ქუსლად განიხილავს, რაც ირანის რეჟიმის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. არაა გამორიცხული, რომ ეს თემა დაკავშირებული იყოს 2023 წლის 27 იანვარს თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებულ თავდასხმასთან, რომლის უკან, დიდი ალბათობით, ირანული სპეცსამსახურები იდგნენ. ამ ტერაქტს წინ უძღოდა ირანის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში ირანული სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის შემდეგაც ირანელებმა „ისრაელის 12კაციანი საჯაშუშო ქსელის“ განადგურების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. გარდა ამისა, ირანელები ეჭვობენ, რომ ისრაელი აზერბაიჯანს და მის სამხედრო ბაზებს ირანის წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობაში აქტიურად იყენებს, რის შესახებაც დასავლურმა მედიამაც კი გამოაქვეყნა.

ამ ფონზე, 2023 წლის 30-31 მაისს ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის აზერბაიჯანში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის მიზანს, სავარაუდოდ, ირანის მოსაზღვრე აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება წარმოადგენდა. ის, რომ აზერბაიჯანს მიმდინარე ლის ივლისში ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავგალანტიც ეწვია, ორი ქვეყნის ურთიერთობებში ირანის საკითხის გააქტიურებაზე გვაფიქრებინებს. აშკარაა, რომ როგორც ისრაელი, ისე აზერბაიჯანი ირანის თემას ერთერთ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებად განიხილავს.

 

დასკვნა

ჩვენი შეფასებით, ისრაელის საელჩოს წინააღმდეგ მიმართული ირანის სპეცსამსახურების ბოლოდროინდელი დესტრუქციული ქმედებები დატერაქტების განხოციელების მცდელობები ბოლო ათწლეულის განმავლობაში აზერბაიჯანში ისრაელის პოზიციების გაძლიერების მკვეთრმა ტენდენციამ განაპირობა. იქიდან გამომდინარე, რომ ირანისათვის სამხრეთ კავკასია შავიზღვისპირეთთან, ევროპასა და რუსეთთან დამაკავშირებელ ძირითად სატრანზიტო გზაზე მდებარეობს, ასეთ მნიშვნელოვან რეგიონში სტრატეგიული მოწინააღმდეგის გავლენის მკვეთრი ზრდა მის სახელმწიფო ინტერესებსაპირისპიროა.

დიდი ალბათობით, ისლამური რესპუბლიკა ფიქრობს,რომ აზერბაიჯან-ისრაელის პოლიტიკურ  ტანდემის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა მისთვის სერიოზულ საფრთხე/გამოწვევა. იმის გათვალისწინებით, რომ ირანის რეჟიმის ერთერთ მთავარ მიზანს აზერბაიჯანის ხელისუფლებაში პროირანულად განწყობილი შიიტი რადიკალების მოყვანა წარმოადგენს, მას, რა თქმა უნდა, ისრაელის მიერ აზერბაიჯანის ძალოვანი სტრუქტურების, არმიისა და სპეცსამსახურების დახმარება და გაძლიერება არ აწყობს. მით უმეტეს, რომ ისრაელის მხარდაჭერამ აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის დაბრუნების საქმეში დიდი როლი შეასრულა. ამ პრეცედენტმა ირანის ხელმძღვანელობა ძალიან ჩააფიქრა, რადგან ამ კონფლიქტში დამარცხებული მის მიერ სტრატეგიულ პარტნიორად მიჩნეული სომხეთი გამოვიდა. ეს კი, რაღაცა კუთხით, ირანული მხარის სტრატეგიულ მარცხსაც ნიშნავს, რადგან რეგიონის დღის წესრიგში ყარაბაღის პრობლემის მოგვარების შემდეგ უკვე ე.წ. ზანგეზურის დერეფნის საკითხი დადგა. ამ საკითხთან დაკავშირებით კი ირანს ძალიან ბევრი კითხვა აქვს.

ამ ფონზე, ირანის სპეცსამსახურების მიერ აზერბაიჯანის მოქალაქეების გადაბირება, მათი სამხედრო მომზადება, ტერორისტული მეთოდების სწავლება და შემდგომში ისრაელის წინააღმდეგ გამოყენების მცდელობა გვიჩვენებს, რომ სამხრეთ კავკასიაში ირანის, აზერბაიჯანის და ისრაელის სპეცსამსახურებს შორის ფარული ომის ახალი ეტაპი დაიწყო.