ავტორი: ლუკა ჩიტიანი

შესავალი

2024 წლის 8 თებერვალს ტაკერ კარლსონმა, Fox news-ის ყოფილმა ტელეწამყვანმა, მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან ჩაწერა ინტერვიუ. ჟურნალისტის მოსკოვში ჩასვლამ თავიდანვე გამოიწვია აჟიოტაჟი. გავრცელდა კარლსონის ფოტო, ოპერის თეატრში გადაღებული და ამ ყველაფერმა გააჩინა განცდა, რომ ტაკერი, სხვა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისგან განსხვავებით, კრემლის კეთილგანწყობით სარგებლობდა და, შესაბამისად, იმთავითვე იყო მოლოდინი, რომ პუტინთან ინტერვიუში არც კრიტიკული კითხვები იქნებოდა და ეს უფრო პუტინისთვის საკუთარი პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელების საშუალება იქნებოდა.

მართლაც, ინტერვიუში თითქმის არაფერი ახალი არ თქმულა. ეს უფრო იყო უკვე გავრცელებული და სხვადასხვაგან გაფანტული პროპაგანდისტული ნარატივების გაერთიანება და ერთ სისტემაში თავმოყრა. ფაქტობრივად, გაჟღერდა ყველა გზავნილი, რომლის პუტინის პირით გავრცელებაც სტრატეგიულად მომგებიანი იქნებოდა. ჩვენ შევეცდებით ბლოგში მიმოვიხილოთ ის საკითხები, რომლებიც პუტინმა მანიპულაციისთვის გამოიყენა, გავაანალიზოთ ამ მანიპულაციის ხასიათი და ის დაფარული მიზნები, რომლებმაც კრემლს ინტერვიუს ჩაწერისკენ უბიძგა.

ისტორიით მანიპულირება

რუსეთის პრეზიდენტისთვის ისტორიით მანიპულირება და ფაქტების დამახინჯება უკვე ტრადიციადაა ქცეული. შესაბამისად, ინტერვიუს საკმაოდ დიდი ნაწილი დაეთმო ისტორიაზე ლაპარაკს და მის გაყალბებას. სწორედ აქ გაჟღერდა ახალი ტყუილი, რომ პოლონეთი კოლონიზატორია. რასაკვირველია, პოლონეთზე ასეთ ნეგატიურ კონტექსტის, ასეთი ცრუ გზავნილის გავრცელება პოლონეთის მიერ უკრაინისთვის გაწეულ უზარმაზარ დახმარებას უკავშირდება. პოლონეთი არა მხოლოდ ფინანსურად და შეიარაღებით ეხმარება უკრაინას, არამედ არის ლოჯისტიკური ჰაბიც დასავლეთის დახმარების უკრაინაში გადატანისთვის. ასევე საყოველთაოდ ცნობილია რუსეთთან პოლონეთის სავსებით გამართლებული და ლოგიკური ნეგატიური დამოკიდებულება. ინტერვიუში პუტინი ჰიტლერის გამართლებამდეც კი მივიდა, როცა თქვა, რომ „პოლონეთი საკუთარი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა“ და „ჰიტლერს ომის დაწყების გარდა არაფერი დარჩენოდა“.

ინტერვიუში პუტინის უსაფუძვლო ბრალდებებს მალევე გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. პოლონელები შეეხნენ არა მხოლოდ მათი ქვეყნის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას, არამედ უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებსაც.

უკრაინის სუვერენიტეტის უარყოფა

ცხადია, პუტინი განაგრძობს უკრაინის სახელმწიფოებრიობის უგულებელყოფას. იგი არ ევრომაიდნის აქციების შედეგებს აღიარებს და არც იანუკოვიჩის ბრძანებით სნაიპერების მიერ დახოცილ მოქალაქეებს ახსენებს. 2014 წელს განვითარებულ მოვლენებს პუტინი იმ საფრთხეებს უკავშირებს, რომლებიც ყირიმს ემუქრებოდა და ასევე უკრაინაში ნატოს ბაზების არსებობით ხსნის. გარდა იმისა, რომ ეს ინფორმაცია ერთმნიშვნელოვნად არ შეესაბამება სიმართლეს, ორივე საბაბი განეიტრალებულია პოლონეთის საგარეო სამინისტროს გამოხმაურებითაც. პუტინისთვის იმდენად მიუღებელი უკრაინის დამოუკიდებლობა, რომ ინტერვიუს ბოლოს სერიოზულად, სენტიმენტებით სავსე ტონით აღნიშნა, რომ გულის სიღრმეში, „სულიერად“, უკრაინელები თავს რუსებად მიიჩნევენ. ამის მაგალითად კი მოიყვანა ანეკდოტი, თითქოს უკრაინელები ბრძოლისას იძახიან, რომ რუსები არასდროს ნებდებიან. რასაკვირველია, უკრაინელი მებრძოლები დასავლეთის დახმარების გარეშეც თავდადებით იბრძოდნენ რაოდენობრივად ბევრად მეტი მტრის წინააღმდეგ. შესაბამისად, ნებისმიერი ლაპარაკი თუ დასკვნა, რომ დასავლეთის დირექტივების გარეშე უკრაინელები მეგობრულად მიიღებდნენ რუსეთს, არ შეესაბამება რეალობას. პუტინი ინტერვიუს დროს აქტიურად ცდილობდა საკუთარი თავის უძლეველ ლიდერად წარმოჩენას. უფრო მეტიც, იგი ცდილობდა დამაჯერებლად გამოეთქვა აზრი, რომ კიევის დაკავება რუსული ჯარის ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული. უბრალოდ, თითქოს მათვე არჩიეს, რომ მშვიდობიანად გადაეჭრათ კონფლიქტი“ და მოლაპარაკებების დროს კიევთან მყოფი ჯარი „შუბლზე მიდებული იარაღივით არ გამოჩენილიყო“.

ცხადია, ის, რომ კიევი დღეს თავისუფალია, მხოლოდ უკრაინელთა გმირული თავდადების შედეგია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ლოჯისტიკურმა პრობლემებმაც, რომლებიც რუსულ არმიას შეექმნა. კიევის დაკავება თავიდანვე რუსების სტრატეგიული მიზანი იყო, სწორედ ამას ემსახურებოდა მათი ბლიცკრიგიც. შესაბამისად, კიევის პოზიციებიდან უკან დახევა სწორედაც რომ არ ყოფილა რუსული არმიის ნებაყოფლობითი სვლა.

ხვრელები ნარატივში

ინტერვიუ გაჯერებულია ურთიერთგამომრიცხავი გზავნილებით. პუტინი კვლავაც ჯიუტად არ აღიარებს, რომ ომი მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა თითქმის ოთხასი ათასი ჯარისკაცი დაკარგ. პარალელურად, იგი ამბობს, რომ 2022 წელს „ოპერაცია“ სწორედ ომის დასასრულებლად დაიწყო. მეორე მხრივ, აცხადებს, რომ მათი მიზანი უცვლელია უკრაინის „დენაციფიკაცია“, თან ამავდროულად ამბობს, რომ მზად არის მშვიდობიანი მოლაპარაკებების დასაწყება, თუმცა ომის მოსურნეები ხელს უშლიან მშვიდობიანი პროცესის დაწყებას. შემდეგ იმასაც ამბობს, რომ თუ დასავლეთი დახმარებას შეწყვეტს, „ყველაფერი ერთ კვირაში დასრულდება. რა თქმა უნდა, რუსული ელიტისთვის რეალობის დამახინჯება სულაც არ არის სიახლე, თუმცა 2-საათიან მონაკვეთში ამდენი ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის განცხადების გაკეთება შესაძლოა ნეგატიურად აისახოს პროპაგანდის დამაჯერებლობაზე.

დაკავებულთა გაცვლა

პუტინი „შეწუხებული“ ლაპარაკობდა იმაზე, თუ როგორ დააკავეს დასავლეთში რუსეთის „პატრიოტი“, FSB-ის კილერი ვადიმ კრასიკოვი, რომელმაც გერმანიაში მოკლა ზელიმხან ხანგოშვილი – ჩეჩნეთის ომის ერთ-ერთი ლიდერი. ნიშანდობლივია, რომ ხანგოშვილი საქართველოს მოქალაქე იყო. პუტინმა მკვლელობის საბაბად კრასიკოვის პატრიოტული სულისკვეთება დაასახელა, თუმცა Bellingcat-ის გამოძიების თანახმად, ხანგოშვილის მკვლელობის უკან FSB-ის ელიტარული დანაყოფი „V“ (ყოფილი Vympel) დგას. სწორედ კრასიკოვში მოითხოვა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტის – ევან გერშკოვიცის გაცვლა პუტინმა. აღსანიშნავია, რომ ინტერვიუში გერშკოვიცის შემოყვანაც გამიზნული იყო. კარლსონს არც ინტერვიუმდე და ინტერვიუს შემდეგ ჩაწერილ მოკლე ვიდეოებში არც კი უხსენებია რუსეთში ჟურნალისტების შევიწროება და დევნა. იგი ორივე ზემოხსენებულ შემთხვევაში და თვით ინტერვიუს დროსაც აქტიურ დისკრედიტაციას უწევდა დასავლურ მედიას. ეთანხმებოდა პუტინის ბრალდებას, რომ მედიების უმრავლესობა მართულია დასავლური ფინანსური ინსტიტუციების მიერ (პოპულარული შეთქმულების თეორია). მან ინტერვიუს დასასრულს მოულოდნელად წამოჭრა გერშკოვიცის განთავისუფლების საკითხი. თუმცა კარლსონისთვის მთავარი არგუმენტი არა გერშკოვიცის უდანაშაულობა და დაუსაბუთებელი რეპრესიები იყო, არამედ მისი ასაკი. ცხადია, ეს კითხვაც პუტინის სასარგებლოდ შეტრიალდა, ერთი მხრივ, პუტინს მიეცა საშუალება რამდენიმე წუთის განმავლობაში, მართალია, კონკრეტული არგუმენტების გარეშე, მაგრამ მაინც ესაუბრა გერშკოვიცის „დანაშაულებზე“, მეორე მხრივ კი, ზემოხსენებული გაცვლის საკითხი წამოეჭრა.

მანიპულირება ციფრებით

კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტია პუტინის მხრიდან ეკონომიკური მონაცემებით მანიპულირება. ჯერ კიდევ დეკემბერში გავრცელდა განცხადება, რომ სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა ზრდას განაგრძობს და ევროპაში ყველაზე დიდ, ხოლო მსოფლიოში მეხუთე ყველაზე დიდ ეკონომიკად ყალიბდება. საინფორმაციო ომის ფარგლებში რუსების მიერ გავრცელებული პროპაგანდისტული გზავნილების სპეციფიკა ისაა, რომ გზავნილი თითქმის არასდროს არის მხოლოდ ტყუილი. ამ გზავნილების საფუძვლის პოვნა ნაწილობრივ შესაძლებელია რეალობაში. სწორედ ამ პრინციპით იყენებენ პუტინი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები ეკონომიკური წარმატების გასაზომად მშპ-ის მსყიდველობითი უნარის პარიტეტს (PPP). მსყიდველობითი უნარის პარიტეტი არის სხვადასხვა ვალუტის გათანაბრების მეთოდოლოგია. ის იძლევა უფრო სიღრმისეულ სურათს ფარდობით მონაცემებზე, მაგალითად, ცხოვრების სტანდარტზე, თუმცა ვერ იქნება ზუსტი სურათის მომცემი აბსოლუტურ მონაცემებზე, როგორიცაა ეკონომიკის ზომა. შესაბამისად, პუტინს მოუწევს შეეგუოს, რომ რუსეთის ეკონომიკა მე-11 ადგილზეა. ამავდროულად, სწორედ ასეთი კრიტერიუმის საფუძველზე აცხადებს პუტინი ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე დიდ ეკონომიკად, რასაც კვლავ ზემოხსენებულ ხარვეზამდე მივყავართ. რეალურად, 2022 წლის მონაცემებით, მხოლოდ ამერიკას უფრო დიდი ეკონომიკა აქვს, ვიდრე ჩინეთს, რუსეთსა და ირანს ერთად აღებულს და დაახლოებით 5 ტრილიონი დოლარი კვლავ თავისუფალი რჩება.

ინტერვიუს მიზანი და გავლენა

პუტინთან ინტერვიუში გაჟღერებული გზავნილები კარგად იყო მორგებული ამერიკულ საზოგადოებაზე, უფრო კონკრეტულად კი, კონსერვატიულად განწყობილ სეგმენტზე. პუტინმა სპეციფიკურად გამოთქვა დადებითი დამოკიდებულება რესპუბლიკელი პრეზიდენტების ტრამპისა და ბუშის მიმართ, რაც გარკვეულწილად შეიძლება აღიქმებოდეს რესპუბლიკური კანდიდატის მხარდაჭერად. ეს სულაც არ არის შემთხვევითი, ვინაიდან 2024 წლის ნოემბერში ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებია ჩანიშნული. იმის გათვალისწინებით, რომ კარლსონის მაყურებელთა უდიდესი ნაწილიც რესპუბლიკელია, ნარატივის გამიზნულ აუდიტორიამდე მიტანა ძალიან მარტივად მოხდება. მართლაც, ერთ-ერთი მონაცემით, ინტერვიუს მხოლოდ პირველ ორ საათში 20 მილიონმა ადამიანმა უყურა.

პროპაგანდის ეფექტური მუშაობისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი შინაარსი, არამედ პერიოდი, როდესაც ის ვრცელდება. ამ თვალსაზრისით, ინტერვიუს დრო მართლაც კარგად იყო შერჩეული. კონტექსტი, რომელიც ამერიკაში ხვდება გაჟღერებულ ნარატივებს, ქმნის ნოყიერ ნიადაგს დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ინფორმაციის გასავრცელებლად. ამერიკას საარჩევნო წელი უდგას, ამავდროულად, საკანონმდებლო ორგანოები ორადაა გახლეჩილი, ტეხასში დაძაბულობაა, საგარეო ჩარევების საფუძველზე აქტიურად ხდება სამოქალაქო ომის ნარატივის შექმნა და გამძაფრება. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტორიის უმრავლესობისთვის პუტინმა თავი წარმოაჩინა, როგორც მცდარ ისტორიაში ჩაკარგულმა, ვიდეოში გამოთქმული მოსაზრებები თავისუფლად იქცევა პროპაგანდის მასალის შექმნის წყაროდ, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ვიდეოში რუსეთის ძირითადი პროპაგანდისტული გზავნილები კარგადაა თავმოყრილი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ნარატივებს ავტორიტეტული პირი ავრცელებს. ეს ე.წ. „სასარგებლო იდიოტებსა“ და დეზინფორმაციის გამიზნულად გამავრცელებელ ე.წ. „ტროლებს“ მისცემს მეტ არგუმენტს თავიანთი დღის წესრიგის გასატანად. შედეგად, დიდი ალბათობით, გაიზრდება მოთხოვნა ომის დასრულებაზე, კიდევ უფრო გაჯიუტდებიან რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები და ტრამპის მხარდამჭერები.

ამერიკულ აუდიტორიაზე გათვლილი იყო გზავნილი ამერიკული დოლარის დასუსტების შესახებაც. პუტინის თქმით, სანქციების დაწესება იყო კრიტიკული შეცდომა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რადგან ამ ვალუტის გამოყენება მკვეთრად შემცირდა მსოფლიოში, შესაბამისად კი, აშშ-ც დასუსტდა. ამ არგუმენტის გასამყარებლად პუტინს მხოლოდ რუსეთის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ რუსეთში ჩინურმა იუანმა დოლარი ჩაანაცვლა. ეს გზავნილი მიზნად ისახავს ამერიკელების სანქციების საწინააღმდეგოდ განწყობას და იმ მითის გაძლიერებას, რომ სანქციები დასავლეთისთვის უფრო დამაზიანებელია, ვიდრე რუსეთისთვის. ამავდროულად, ამ ნარატივშიც იგრძნობა ზემოთ განხილული კიევის დათმობის ხასიათი. რადგან, რეალურად, რუსეთის არჩევანი არ ყოფილა დოლარს ჩამოშორება, იგი სანქციების გამო იძულებული გახდა ჩინურ იუანზე გადასულიყო. უფრო მეტიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „შაჰიდის დრონების“ შესაძენად რუსეთი იძულებული გახდა ირანისთვის ანგარიში ოქროს ზოდებით გაესწორებინა.

პუტინის კიდევ ერთი მიზანი შეთქმულების თეორიების გაძლიერება-გააქტიურება იყო. მან არაერთხელ ახსენა „ოქროს მილიარდი“ (პუტინის ერთ-ერთი საყვარელი შეთქმულების თეორია), მათი პრივილეგიები და ხაზი გაუსვა მათი ბატონობის დასრულების აუცილებლობას. აქ აქცენტი კეთდება რუსეთის გლობალური სამხრეთის ლიდერად პოზიციონირებაზე. პუტინი ინტერვიუს განმავლობაში რამდენჯერმე ჰყვება არასრულ ინფორმაციას და მინიშნებების საფუძველზე მოუწოდებს მაყურებლებს, რომ თვითონ განაგრძონ კონკრეტულად ამა თუ იმ საკითხის გამოძიება. ეს საკმაოდ გავრცელებული ტაქტიკაა შეთქმულების თეორიების დამაჯერებლობის გასამყარებლად. საგანგებოდ დაყრილი ნამცეცები მიგიყვანს განსაკუთრებულ ადგილამდე, რომლის აღმოჩენის შემდეგ ადამიანში ჩნდება განცდა, რომ მან უფრო მეტი იცის, ვიდრე მისმა გარშემომყოფებმა. ამის შემდეგ მისი გადარწმუნება და ფაქტებთან მობრუნება საკმაოდ ძნელდება. იმის გათვალისწინებით, რომ პუტინისთვის მთავარი სამიზნე აუდიტორია ტრამპის ამომრჩევლები არიან, სავარაუდოა, რომ პურის ნამცეცების ტაქტიკა ეფექტური იქნება კონსპირაციული რწმენების გაღრმავებისთვის. ბრიტანული კვლევის თანახმად, ტრამპის ამომრჩევლები უფრო მეტად არიან დაინტერესებული შეთქმულების თეორიებით, ვიდრე სხვა სეგმენტები. ამგვარად, როგორც უკვე აღინიშნა, პროპაგანდისთვის ნიადაგი მართლაც ნოყიერია.

დასკვნა

ტაკერ კარლსონის ინტერვიუ უნიკალურია, რადგან მიუხედავად მრავალი მთხოვნელისა, პუტინმა ყველა დასავლურ მედიას უარი განუცხადა შეხვედროდა. ამასთან, ეს სულაც არ მეტყველებს ამ ინტერვიუზე დადებითად. როგორც ზემოთ აღინიშნა, ინტერვიუ დაცლილი იყო კრიტიკულობისგან და პუტინისთვის პროპაგანდის გავრცელების ყველაზე მოსახერხებელ პლატფორმად იქცა. მან რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოდან თითქმის ყველა ხერხი გამოიყენა. მაგალითად, ყალბი ისტორიის თხრობა უკრაინასა და პოლონეთზე. ციფრებითა და ნარატივებით მანიპულირება გერშკოვიცის საკითხსა და ეკონომიკურ მონაცემებზე. ინტერვიუში აქტიურადაა გამოყენებული პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობის შემცველი რიტორიკა, რომელიც მორგებულია ამერიკულ საზოგადოებაზე.

პუტინის მიერ წამოყენებული მოსაზრებები, მიუხედავად მათი სიმცდარისა, ფაქტობრივად, წინააღმდეგობა არ შეხვედრია. მეორე მხრივ, პუტინმა შეძლო თავისთვის ყველაზე მოსახერხებელი აუდიტორიისთვის მიეწოდებინა საკუთარი მავნე ნარატივები. ამას გარდა, შეძლო, რომ ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყოლოდა, რაც დეზინფორმაციის ეფექტურობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი ასპექტია. ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლებისთვის არ არის აუცილებელი შექმნან გაუბათილებელი არგუმენტები, მათთვის მთავარია ბევრი ადამიანი განიხილავდეს სიცრუეს, თუნდაც ნეგატიურ კონტექსტში, რადგან საბოლოოდ იგი საზოგადოების გარკვეულ ჯგუფში დაილექება და შეამზადებს ნიადაგს უფრო მძაფრი პროპაგანდისთვის. შესაბამისად, მავნე გავლენის აქტორების მხრიდან მსგავსი პირდაპირი ჩარევის მცდელობები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საზოგადოების ინფორმაციული მედეგობის გაძლიერების აუცილებლობაზე.