ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი |
თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ადვილი, მაგრამ 2020 წლის ზაფხულიდან მათ შორის დაძაბულობამ საგრძნობლად მოიმატა. თუ 2020 წლის ივნის-ივლისში მხარეები ერთმანეთს ძირითადად აია-სოფიას მუზეუმის მეჩეთად გადაკეთების საკითხს ედავებოდნენ, აგვისტო-სექტემბერში დაპირისპირების კერამ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და ეგეოსის ზღვაში გადაინაცვლა. ამ „სივრცეში“ კი ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული არაერთი მოუგვარებელი საკითხი არსებობს – კვიპროსის პრობლემა, საზღვაო ეკონომიკური ზონების (შესაბამისად, იქ არსებული ბუნებრივი რესურსების) გამიჯვნის პრობლემა, 12 კუნძულისა და საჰაერო სივრცეების საკითხი, დაუსახლებელი პატარა კუნძულების კუთვნილების ამბავი და სხვა. ამას ემატება ბოლო პერიოდში გახშირებული საბრძოლო რიტორიკა ორივე ქვეყანაში, რაც ქმნის პატარა ინციდენტების დიდ სამხედრო ესკალაციაში გადაზრდის საშიშროებას და, თავის მხრივ, რეგიონულ უსაფრთხოებას (და მათ შორის საქართველოსაც) სერიოზულ საფრთხეებსა და გამოწვევებს უჩენს. სიტუაციის ესკალაცია ჯერ კიდევ არ იყო ჩამცხრალი აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა, როდესაც ოფიციალურმა ანკარამ, 10 აგვისტოდან მოყოლებული, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში რამდენჯერმე გამოაცხადა ე.წ. Navtex-ის (გაფრთხილება გემებისთვის) ზონები იმ მიზნით, რომ იქ ჩაატარებდა სასარგებლო წიაღისეულის (ბუნებრივი აირი) მარაგების კვლევის სამუშაოებს, იმ საზღვაო სივრცეში, რომელსაც საბერძნეთი თავისად მიიჩნევს. ეს Navtex-ები და სამხედრო წვრთნები სექტემბერშიც გაგრძელდა. საგულისხმოა, რომ თურქეთმა ჯერ კიდევ 2019 წლის 27 ნოემბერს ლიბიის სარაჯის მთავრობასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, გაიმიჯნა ორი ქვეყნის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონები ხმელთაშუა ზღვაში. თურქეთი აცხადებს, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მას ახალ საზღვაო საზღვრებში ბუნებრივი რესურსების მოპოვების უფლებაც ენიჭება. მაგრამ ეგვიპტეს, საბერძნეთსა და კვიპროსს უკანონოდ მიაჩნიათ ეს ხელშეკრულება და თვლიან, რომ შელახულია მათი ეროვნული ინტერესები. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობს ოფიციალური ათენი, რომელიც აცხადებს, რომ სწორედ მისი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ხარჯზე ცდილობს თურქეთი გაფართოებას. თურქეთი და საბერძნეთი ერთი და იმავე საზღვაო სივრცეს მიიჩნევენ თავისად. ოფიციალურმა ათენმა ამ კონფლიქტში პარიზის მიმხრობაც შეძლო, რომელიც ბოლო პერიოდში ისედაც ეჭვის თვალით უყურებს ხმელთაშუა ზღვაში ანკარის პოზიციების გაძლიერებას. შედეგად, საფრანგეთმა ღიად დაუჭირა მხარი საბერძნეთს და რეგიონში სერიოზული სამხედრო ძალაც (ავიამზიდი „შარლ დე გოლი“ და სამხედრო ავიაცია) გაგზავნა, რითაც შეცვალა სამხედრო ბალანსი, რომელიც მანამდე აშკარად თურქეთის მხარეს იყო. აღსანიშნავია, რომ ანკარაში ნაკლებად ითვალისწინებენ დასავლეთის შეშფოთებას და საკუთარი დღის წესრიგის მიხედვით მოქმედებენ. თურქეთში სახელმწიფოებრივ დონეზეა აყვანილი სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი ადმირალის – ჯემ გურდენიზის მიერ წამოყენებული ე.წ. „ცისფერი სამშობლოს“ დოქტრინა, რომელიც თურქეთის საზღვაო სივრცის, ძირითადად, საბერძნეთის ხარჯზე გაფართოებას გულისხმობს. თურქეთის ე.წ. „ცისფერი სამშობლოს“ დოქტრინის ამსახველი რუკა, რომელიც საბერძნეთის კუნძულებსაც „ყლაპავს“. ამასთან, საგულისხმო ფაქტია, რომ თურქეთის მმართველ პარტიასთან კოალიციაში მყოფმა „ნაციოანლისტური მოძრაობის პარტიის“ (MHP) ლიდერმა დევლეთ ბაჰჩელიმ 29 აგვისტოს განაცხადა, რომ 12 კუნძულის თემა (იგივე დოდეკანესის არქიპელაგი, რომელიც შედგება 12 დიდი და 150-ზე მეტი პატარა კუნძულისგან. ეს კუნძულები იტალიამ ოსმალეთს გამოსტაცა 1912 წელს და 1947 წელს საბერძნეთს გადასცა), „თურქი ერის მოუშუშებელი ჭრილობაა“. ბაჰჩელისვე შეფასებით, აღნიშნული კუნძულები ათენს „უკანონოდ“ გადაეცა და საჭიროა გადაიხედოს მათი სტატუსი. კუნძულების საბერძნეთისთვის გადაცემას თურქეთის კონსერვატიული და პროისლამური ძალები ათწლეულების განმავლობაში ეროვნული ინტერესების შელახვად და პოზიციების დათმობად მიიჩნევდნენ. მათ არასოდეს მოსწონდათ ლოზანის ხელშეკრულება (რითაც დადგინდა თურქეთ-საბერძნეთის საზღვარი), რომელსაც ათათურქის (შესაბამისად, ქემალისტების) მემკვიდრეობად მიიჩნევენ. ამგვარად, თურქეთმა არაპირდაპირი გზით ლოზანის ხელშეკრულებისა და, შესაბამისად, მეზობელი ქვეყნის (რომელიც ამავე დროს ნატოში მისი მოკავშირე და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა) საზღვრების გადასინჯვის საკითხი დააყენა. წითელი ფერით აღნიშნულია იტალიის მიერ 1947 წელს საბერძნეთისთვის გადაცემული კუნძულები, რომელთა კუთვნილების საკითხი სათუოდ აქცია ერდოღანის კოალიციურმა მოკავშირემ. როგორც აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების შემთხვევაში, ბევრმა მიმომხილველმა ამ საკითხთან დაკავშირებითაც გამოთქვა ვარაუდი, რომ მმართველი ძალა შესაძლოა ემზადებოდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის და ამ ნაბიჯით კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩევლების ხმათა კონსოლიდაციას ცდილობდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე არჩევნების გადმოწევის საკითხი არ განიხილება და, შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ერდოღანმა იმოქმედა არა იმისთვის, რომ ერთხელ მოეგროვებინა ქულები, არამედ იმისთვის, რომ გრძელვადიან დღის წესრიგში არსებული კიდევ ერთი საკითხი წამოწეულიყო წინა პლანზე. თურქეთის ეს პოლიტიკა შეშფოთებას იწვევს ევროკავშირში, რომელიც, ბუნებრივია, წევრი ქვეყნის (საბერძნეთის) მხარეს იჭერს. ევროპულ დედაქალაქებში სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები ანკარის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მიღების აუცილებლობის შესახებ. ა.წ. 24-25 სექტემბერს ევროკავშირში საგანგებო სამიტის ჩატარებაა დაგეგმილი, სადაც განხილული იქნება თურქეთისთვის სანქციების დაწესების საკითხი. აღსანიშნავია, რომ სანქციებთან დაკავშირებით კონსენსუსი ჯერჯერობით მიღწეული არაა. უფრო მკაცრი ზომების მომხრეები არიან საფრანგეთი, საბერძნეთი, კვიპროსი და ავსტრია, ხოლო უფრო ზომიერი პოზიცია უკავიათ გერმანიას, ესპანეთსა და იტალიას. შედარებით დაბალანსებული პოზიცია აქვს ვაშინგტონს, რომელსაც არ აწყობს დაპირისპირება ნატოს შიგნით. ამიტომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიასა და კორონას წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, სიტუაციის განმუხტვის მიზნით სატელეფონო მოლაპარაკებები გამართა თურქ და ბერძენ ლიდერებთან. მეორე მხრივ, ისიც საყურადღებოა, რომ ვაშინგტონმა იარაღის ემბარგო მოუხსნა კვიპროსის რესპუბლიკას, რითაც გამოჩნდა, რომ შექმნილ სიტუაციაში მან უფრო ბერძნული მხარე დაიჭირა. მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა რუსეთმაც. თუმცა მოსკოვმა, ამავე დროს, 8-22 და 17-25 სექტემბრისთვის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სასროლო წვრთნების ჩატარების შესახებაც განაცხადა. წვრთნები ჩატარდება თურქული Navtex-ის ზონების გვერდით (ზოგან მოიცავს კიდეც მას), რაც, ანკარის დასავლეთთან დაპირისპირების ფონზე, მოსკოვის ერთგვარ მხარდაჭერად აღიქმება. ამრიგად, ბევრს მიაჩნია, რომ მიუხედავად მოსკოვსა და ანკარას შორის არსებული არაერთი შეუთანხმებელი საკითხისა, სიტუაცია გარკვეულწილად მაინც დაემსგავსა დაახლოებით 100 წლის წინანდელ სურათს, როდესაც ბოლშევიკურმა რუსეთმა დიდი დახმარება გაუწია დასავლეთის ძალების წინააღმდეგ მებრძოლ ქემალისტურ თურქეთს. იასამნისფერი – თურქეთის მიერ გამოცხადებული Navtex-ის ზონები, ვარდისფერი – რუსეთის მიერ გამოცხადებული წვრთნების (სროლების) ზონები, 2020 წლის სექტემბერი.
თურქეთ-საბერძნეთის დაძაბულობა და საქართველო ოფიციალურ თბილისს თურქეთ-საბერძნეთის ბოლო დაპირისპირების საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია, რაც გასაგებიცაა – საქართველოს ინტერესებში არ შედის მის ორ მოკავშირე ქვეყანას შორის კონფლიქტის დაწყება. ჩანს, რომ თბილისი ამ საკითხთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტისკენ იხრება. ამის მიუხედავად, არსებობს არაერთი ნიუანსი, რის გამოც სამეზობლოში მიმდინარე დაძაბულობა მაინც უარყოფითად აისახება ჩვენს ქვეყანაზე. მას შემდეგ, რაც ევროპულმა ქვეყნებმა საბერძნეთს დაუჭირეს მხარი, ანკარასა და მოსკოვში გამოჩნდა, მართალია, ფრთხილი, მაგრამ მაინც ერთმანეთთან დაახლოების ნიშნები. აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის მიერ თურქეთის მხარდასაჭერი სასროლო წვრთნების შესახებ განცხადებას საინტერესოდ გასცეს პასუხი ანკარაში: „ცისფერი სამშობლოს“ დოქტრინის ავტორმა და თურქეთის ხელისუფლებასთან საკმაოდ დაახლოებულმა ყოფილმა ადმირალმა ჯემ გურდენიზმა პროსახელისუფლებო CNN Türk-თან ინტერვიუში წამოაყენა იდეა, რომ რადგან, მისივე თქმით, რუსეთსა და თურქეთს დასავლეთი „უტევს“, მხარეებმა ერთმანეთთან დაახლოება დაიწყონ და ამ მიზნით მოსკოვმა ცნოს ე.წ. „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა“, სანაცვლოდ კი ანკარამ აღიაროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. „დამოუკიდებლობა“. აღსანიშნავია, რომ მანამდე მსგავსი მოწოდებით ასევე გამოვიდა თურქეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პარტია „სამშობლოს“ ლიდერი დოღუ ფერინჩექი, რომელიც სოხუმსაც კი ეწვია.
დასკვნები:
|