ავტორი: ნინო მაჭარაშვილი
გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის 2 სექტემბერს თურქეთმა ოფიციალურად მიმართა BRICS-ს გაწევრიანების თაობაზე. ბლოკთან შეერთების სურვილი თურქეთის ოფიციალურ პირებს აქამდეც გამოუთქვამთ. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ალიანსში გაწევრიანების ინტერესი ჯერ კიდევ 2018 წლის ივლისში გამოხატა და BRICS-ის სამიტზე დასასწრებად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასაც კი ეწვია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ანკარის რიტორიკისა და ქმედებების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ თურქეთმა საბოლოოდ გადაწყვიტა BRICS-ისთვის გასაწევრიანებლად მიემართა. შეგახსენებთ, რომ BRICS ეკონომიკური ბლოკია, რომელიც 2009 წელს დააარსეს ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა და ჩინეთმა. მალევე ალიანსს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაც შეუერთდა. 2024 წელს კი BRICS-ი გაფართოვდა და ისეთი სახელმწიფოებიც მოიცვა, როგორებიცაა: ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული ემირატები.
მართალია, ბლოკში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა დიდია, თუმცა თურქეთის განაცხადი განსაკუთრებით საგულისხმოა, რადგან წინააღმდეგობრივია. ბოლო პერიოდში დასავლეთთან ხშირი უთანხმოების მიუხედავად, თურქეთი მაინც ნატოს წევრ სახელმწიფოდ რჩება. BRICS-ი კი საკუთარ თავს დასავლეთის დომინირებული საერთაშორისო წესრიგის ალტერნატივად აცხადებს, იმ წესრიგისა, რომლის დაცვაც ნატოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა. BRICS-ში გაწევრიანების შემთხვევაში, თურქეთი იქნება ნატოს წევრი პირველი სახელმწიფო იმ ალიანსში, სადაც რუსეთი და ჩინეთი, ავტორიტარული რეჟიმის მქონე სახელმწიფოები, დომინირებენ.
ამ ბლოგში მოკლედ ვიმსჯელებთ, თუ 1. რატომ სურს თურქეთს ბრიკსში გაწევრიანება? და რა განვითარება შესაძლოა ჰქონდეს თურქეთის BRICS-ით დაინტერესებას?
თურქეთის BRICS-ში გაწევრიანების მიზეზები
ბოლო ათწლეულია თურქეთი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აქტიურად ცდილობს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოებას. შესაბამისად, ზოგადად, თურქეთის BRICS-ში გაწევრიანების სურვილი შესაძლოა აღვიქვათ, როგორც ანკარის ტაქტიკური ნაბიჯი დასავლელ პარტნიორებთან პოლიტიკურ ვაჭრობაში საკუთარი წონის გასაზრდელად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი ცალსახად პოლიტიკური თამაშის ნაწილია, BRICS-ის მიმართ თურქეთს რამდენიმე მკვეთრად გამოკვეთილი სტრატეგიული ინტერესიც აქვს:
- ეკონომიკური – სიახლეს აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ გლობალური ეკონომიკის ცენტრი დასავლეთიდან არადასავლურ სამყაროში გადადის. ამის ფონზე თურქეთი ცდილობს დივერსიფიკაცია მოახდინოს სავაჭრო და საინვესტიციო კავშირებზე, განსაკუთრებით BRICS-ის წევრებს შორის. თურქეთი-BRICS-ის ვაჭრობის მოცულობა 2013 წლიდან 2023 წლამდე 74.3 მლრდ დოლარიდან 121.3 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. ცხადია, მნიშვნელოვანი წილი რუსეთთან და ჩინეთთან ვაჭრობას ერგო. თურქეთის ვაჭრობამ ამ ორ სახელმწიფოსთან 2023 წელს 105 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ვაჭრობის 17%-ია. თურქეთს რუსეთთან ამ დრომდეც მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა, რაც კიდევ უფრო გაღრმავდა. ჩინეთი კი მისთვის მეტი ინვესტიციების მოზიდვის, მათ შორის, სხვადასხვა სფეროში (ენერგეტიკა, ტელეკომუნიკაციები, ინფრასტრუქტურა, მწვანე ტექნოლოგიები და სხვა) მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობაა. ინტერესი რომ ორმხრივია, ადასტურებს ის ფაქტიც, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია BYD დათანხმდა თურქეთში 1 მლრდ დოლარის მწარმოებელი ქარხნის აშენებას. ასევე, თურქეთის ვაჭრობისსამინისტრომ 2022 წელს დაამტკიცა „შორეული ქვეყნების სტრატეგია“, რომლის მიზანია სავაჭრო ურთიერთობების ზრდა ისეთ ეკონომიკებთან, რომლებიც თურქეთიდან საშუალოდ 8500 კმ-ითაა დაშორებული. ეს სტრატეგია ცხადია მოიცავსგლობალური სამხრეთის ისეთ დიდ ეკონომიკებს, როგორიცაა ჩინეთი, ბრაზილია და ინდოეთი.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ BRICS-ი, საშუალოდ, გლობალური მშპ-ის 36-37%-ს აწარმოებს, ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით თურქეთისათვის ევროკავშირი მაინც მთავარ პარტნიორად რჩება. BRICS-ის მიმართ ინტერესის გამოხატვით, სავარაუდოდ, თურქეთი ცდილობს ორმაგი თამაშით საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების პოლიტიკის გაგრძელებას. რასაც ამ დრომდეც ეფექტურად აკეთებდა. მაგალითად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ თურქეთმა ერთი მხრივ, გააორმაგა სავაჭრო და ენერგეტიკულ ურთიერთობები მოსკოვთან, მეორე მხრივ კი მხარი დაუჭირა უკრაინას იარაღის მიყიდვით, თავდაცვის ინდუსტრიაში პარტნიორობითა და შავ ზღვაზე რუსეთი ფლოტის წვდომის შეზღუდვით.
- გეოპოლიტიკური – თურქეთის გეოპოლიტიკური შეხედულებები დასავლეთისგან დაშორებულია და უფრო მეტად BRICS-ის ხედვებთანაა ახლოს. ამის დასამტკიცებლად გამოდგება მსოფლიო პოლიტიკის ბოლო ორ უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე – უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და 2. ისრაელ-ჰამასის ომზე – ანკარის პოზიციის გახსენებაც. ის აშკარად უფრო ახლოს იყო BRICS-თან, ვიდრე აშშ-სა და ევროკავშირთან. გეოპოლიტიკურად, ალიანსში გაწევრიანება თურქეთისათვის არის გლობალური სამხრეთის სახელმწიფოებში თანამოაზრეების პოვნისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა. ამასთან, BRICS განსაკუთრებით „მიმზიდველი“ გახდა ერდოღანისათვის მას შემდეგ, რაც ის 2024 წელს გაფართოვდა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებიც მოიცვა.
ამასთან, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების საკითხის გაყინვა დამატებითი გეოპოლიტიკური ფაქტორია თურქეთის BRICS-ში გაწევრიანებისთვის. 2000-იანი წლების დასაწყისში ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებამ განაპირობა თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებები. ევროკავშირი იყო პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ორიენტირი. თუმცა, ბოლო პერიოდში ევროკავშირის პოლიტიკის გატარება არა მხოლოდ ხელისუფლებისათვის, არამედ ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა. მეორე მხრივ, დღესდღეობით თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების იმედი ფაქტობრივად არ არსებობს. როგორც ევროკავშირის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, ამის მიზეზი დემოკრატიული უკუსვლა და კანონის უზენაესობის რეგრესია. BRICS-ი კი ამ ეტაპზე, თურქეთისათვის ყოველგვარი „იძულებების“ და თავს მოხვეული დღის წესრიგების გარეშე, ახალი პარტნიორული ურთიერთობების შესაძლებლობაა.
თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა თურქეთი BRICS-ს აღიქვამდეს დასავლეთთან ურთიერთობის ალტერნატივად. უფრო მეტად ალიანსით დაინტერესება შესაძლოა იყოს ერთდროულად დასავლეთთან და არადასავლურ სამყაროსთან ურთიერთობით სტრატეგიული ავტონომიის შენარჩუნების შესაძლებლობა. ერდოღანის პოსტდასავლური ნარატივიგაძლიერებულია, თურქეთის პოლიტიკურ სპექტრში დასავლეთის ავტორიტეტი დაკნინებულია და მიიჩნევა, რომ სტრატეგიული ავტონომიურობა არის თურქეთის პოლიტიკური წონის გაზრდის შესაძლებლობა. თუმცა, ცალსახაა, რომ თურქეთის ინსტიტუციური კავშირები დასავლეთთან მჭიდროა. ის ნატოს წევრი და ევროკავშირის საბაჟო კავშირის ნაწილია. ამიტომ საინტერესოა, რა განვითარება შესაძლოა ჰქონდეს თურქეთის BRICS-ით დაინტერესებას.
თურქეთის BRICS-ში გაწევრიანების პერსპექტივები
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ თურქეთმა BRICS-ს გაწევრიანების თაობაზე ოფიციალურად უკვე მიმართა და ერდოღანი ვლადიმერ პუტინის, რუსეთის პრეზიდენტის, მოწვევით ბრიკსის მე-16 სამიტსაც დაესწრო. როგორ ცნობილია, ალიანში გაწევრიანება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ თავად ბლოკი მოიწვევს რომელიმე სახელმწიფოს. როგორც ჩანს, ჯერჯერობით BRICS-ი გაფართოებას არ აპირებს. როგორც სერგეი ლავროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, განაცხადა, ამ ეტაპზე პრიორიტეტული ახალი წევრების ინტეგრაციაა. აქვე აღსანიშნავია, რომ ბლოკში გასაწევრიანებლად საჭიროა ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა, ანუ კონსენსუსი. ინდოეთი კი პაკისტანთან ახლო ურთიერთობების გამო BRICS-ში თურქეთის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. თუმცა, შესაძლოა, ეს დამაბრკოლებელი გარემოება სულაც არ აღმოჩნდეს, რადგან ბლოკის შიგნით უთანხმოებები 2024 წლის გაფართოებაზეც არსებობდა, რაც საკმაოდ ეფექტურად გადაიჭრა. შესაბამისად, შესაძლოა თურქეთი BRICS-ის წევრად მაინც ვიხილოთ. თუმცა, ცხადია ეს ყველაფერი პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გახდება.
იმის მიუხედავად, გაწევრიანდება თუ არა თურქეთი BRICS-ში, ალიანსით დაინტერესება უკვე წარმოადგენს თურქეთის გეოპოლიტიკურ ნაბიჯს. ახლა საინტერესოა, რა რეაქცია ექნება დასავლეთს ამ ნაბიჯზე: არ შეიმჩნევს და ჩვეულებრივ ურთიერთობას გააგრძელებს თურქეთთან თუ მკაცრად განსაზღვრავს, რომ BRICS-ის წევრობა დასავლური ინსტიტუტების მიმართ თურქეთის ვალდებულებებს არ შეესაბამება?
მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა თურქეთის BRICS-ით დაინტერესება აღიქვას ანკარასთან ურთიერთობების გადახედვის მანიშნებლად. როგორც ჰაქან ფიდანმა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აღნიშნა, თურქეთი BRICS-ით არ დაინტერესდებოდა, ის რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გამხდარიყო. თურქეთი ევროპისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პარტნიორია, რადგან მას შეუძლია უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურის შექმნაში. ასევე, გააძლიეროს ევროპის სამრეწველო პოლიტიკა ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირების გზით და სხვა.
რეგიონში BRICS-ის წევრობით დაინტერესებული სახელმწიფოების გამოჩენა არასახარბიელოა საქართველოსთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ალიანსთან შეერთებით აზერბაიჯანიც არის დაინტერესებული. ამასთან, ცალსახაა, რომ ორივე სახელმწიფოს მთავარი მოტივის მიმცემი რუსეთია. სწორედ პუტინის ვიზიტებს მოჰყვა ალიანსით ანკარისა და ბაქოს დაინტერესება. როგორც ჩანს, BRICS არის ახალი მექანიზმი მოსკოვის ხელში რეგიონში გავლენების გასაზრდელად.
შეჯამება
ამრიგად, თურქეთის BRICS-ით დაინტერესება გასაკვირი არ არის თურქეთში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე. ანკარას ალიანსში გაწევრიანების ორი გამოკვეთილი მიზანი აქვს: 1. ეკონომიკური – გლობალური სამხრეთის დიდ ეკონომიკებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან სავაჭრო კავშირების გაძლიერება და 2. გეოპოლიტიკური – დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმართვა და სტრატეგიული ავტონომიის მიღწევა. ამასთან, შეიძლება ითქვას, რომ BRICS-ში გაწევრიანების სურვილი არის თურქეთის „შურისძიება“ ევროკავშირის მიმართ წლების განმავლობაში გაწევრიანების პროცესის გაჭიანურების გამო. მაგრამ, მიუხედავად კონკრეტული ინტერესებისა, თურქეთის BRICS-თან დაახლოება უფრო მეტად ერდოღანის მიერ წარმართულ აზარტულ თამაშს ჰგავს, რომლის მიზანი ანკარისათვის რაც შეიძლება მეტი სარგებლის მოტანაა.
თურქეთის BRICS-ში გაწევრიანების საკითხი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული როგორც თავად ალიანსზე, ისე დასავლეთზე. როგორც ვნახეთ, ანკარას BRICS-ში მიღებაზე, ბლოკის წევრებს შორის არაერთსულოვანი დამოკიდებულებაა. ინდოეთი მოწინააღმდეგეა. წინააღმდეგობის გადალახვას კი გარკვეული პოლიტიკური საფასური ექნება. ამასთან, როგორი ურთიერთობები ჩამოყალიბდება თურქეთს BRICS-თან, მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა ფსონს ჩამოვა დასავლეთი. კერძოდ, გადახედავს თუ არა ევროკავშირი თურქეთთან ურთიერთობებს და შეცვლის თუ არა დამოკიდებულებას. ამ ეტაპზე, დასავლეთის პოზიცია უცნობია. თუმცა, თურქეთი მისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ამიტომ სავარაუდოა, რომ ურთიერთობის შენარჩუნებისთვის მას ფსონებისა და კომპრომისების გაზრდა მოუწევს.