ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი – აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
2018 წლის 20 იანვარს ანკარამ მოკავშირე FSA-სთან („თავისუფალი სირიის არმია“) ერთად აფრინის რეგიონში დაიწყო სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“, რითაც სირიაში მიმდინარე კონფლიქტი ახალ ფაზაში შევიდა. თუ აქამდე მხარეები ე.წ. „proxy“-ების (მოკავშირეები ადგილზე) საშუალებით ბრძოლას ამჯობინებდნენ, ახლა უკვე გაიზარდა დაინტერესებული ქვეყნების კონფლიქტში პირდაპირი ჩართვის ხარისხი – სიტუაცია ახლოსაა ისეთ მდგომარეობასთან, რასაც ჰქვია „ყველა ყველას წინააღმდეგ“. აქედან გამომდინარე, ანკარამ ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით ვერ შეძლო ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა მოეპოვებინა.
სამხედრო ოპერაციის ჩატარების მიზეზები
ანკარის მიერ ჩრდილოეთ სირიის აფრინის რეგიონში სამხედრო მოქმედებების დაწყება მოსალოდნელი იყო რამდენიმე მიზეზის გამო:
- სირიაში ბოლო თვეების განმავლობაში პოზიციებს კარგავდნენ თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციური ძალები. სანაცვლოდ, მდ. ევფრატის დასავლეთით ძლიერდებოდა რუსეთისა და ირანის მოკავშირე ასადის რეჟიმის, ხოლო მდ. ევფრატის აღმოსავლეთით – აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი პროქურთული ძალების პოზიციები. იქმნებოდა საფრთხე, რომ ანკარა სირიაში სერიოზული დასაყრდენის გარეშე დარჩენილიყო. ანკარისთვის ერთადერთ რეალურ დასაყრდენს წარმოადგენდა 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის მარტის ჩათვლით პერიოდში მის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაცია „ევფრატის ფარის“ შედეგად დაკავებული დაახლოებით 2000 კვ. კმ. ტერიტორია, რაც მთელი სირიის მხოლოდ 1,08 %-ია და არ წარმოადგენს რეალურ ბერკეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან. ანკარას რჩებოდა განცდა, რომ სირიასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში შეიძლება „თამაშგარე მდგომარეობაში“ აღმოჩენილიყო;
- თურქეთი სირიაში მოქმედ, ძირითადად ქურთებით დაკომპლექტებულ YPG-ს („სახალხო თავდაცვის ნაწილები“) განიხილავს ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ PKK-ის („ქურთისტანის მუშათა პარტია“) ფილიალად/გაგრძელებად. ამიტომ თურქეთში შიშობენ, რომ ქვეყნის გარშემო იქმნება ტერორისტული სარტყელი, რასაც ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევენ და ყველანაირად ცდილობენ წინ აღუდგნენ მას. ანკარაში განსაკუთრებით მწვავედ აღიქვამენ იმ ფაქტს, რომ ამ საქმეში ჩართულია მათი მთავარი მოკავშირე ნატოში – აშშ, რომელიც სირიაში ეყრდნობა და დიდი რაოდენობით იარაღს აწვდის სწორედ YPG-ს;
- თურქეთში ცხოვრობს დაახლოებით 3,5 მილიონი სირიელი ლტოლვილი, რაც უამრავ პრობლემას ქმნის ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ანკარაში იმედოვნებენ, რომ აფრინის ოპერაციის შედეგად შესაძლებელი გახდება თურქეთ-სირიის საზღვრის გასწვრივ ე.წ. „უსაფრთხოების ზონის“ ჩამოყალიბება, სადაც მოხდება ლტოლვილების დასახლება.
ამასთან, სამხედრო ოპერაციის დაწყების თაობაზე თურქეთის გადაწყვეტილება დააჩქარა 2018 წლის იანვრის შუა რიცხვებში აშშ-ის განცხადებამ, რომ პროქურთული ძალების მონაწილეობით გეგმავს რეგულარული სამხედრო დანაყოფების ჩამოყალიბებას სირიის ტერიტორიაზე.
ოპერაციის მიმდინარეობა
აფრინის ოპერაციაში პირველივე დღიდან აქტიურად ჩაერთო თურქული სამხედრო ავიაცია. იქ კი საჰაერო სივრცეს რუსეთი აკონტროლებს, რომელსაც არაფერი მოუმოქმედებია თურქული სამხედრო ავიაციის წინააღმდეგ. თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ ოპერაციის დაწყებას წინ უსწრებდა თურქეთის გენშტაბის უფროსის, ჰულუსი აქარის ვიზიტი მოსკოვში, ცხადია, რომ მხარეებს შორის შედგა გარკვეული სახის გარიგება. არსებობს მოსაზრება, რომ მოხდა აფრინის რეგიონის „გაცვლა“ იდლიბის პროვინციაში, რომელსაც ოპოზიცია და „ალ-ქაიდასთან“ აფილირებული ორგანიზაცია HTS-ი („ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“) აკონტროლებენ. ამ მოსაზრებას ისიც აძლიერებს, რომ ბოლო პერიოდში ასადის რეჟიმის ძალებმა და მისმა მოკავშირეებმა საკმაოდ დიდი ტერიტორია დაიკავეს იდლიბის პროვინციაში.
ამის მიუხედავად, ცხადია, რომ სირიასთან დაკავშირებით მხარეებს შორის ბევრია შეუთანხმებელი მომენტები. მაგალითად, ამ მხრივ საგულისხმოა, რომ:
– მოსკოვის მოკავშირე დამასკომ უფლება მისცა მანბიჯსა და მდ. ევფრატის აღმოსავლეთში ბაზირებულ YPG-ის დამხმარე ძალებს გაევლოთ ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და დახმარებოდნენ აფრინის კანტონს თურქეთის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლებში;
– 5 თებერვალს იდლიბის რეგიონში რუსული ავიაგამანადგურებლის ჩამოგდების შემდეგ თურქეთი იძულებული გახდა 4 დღით შეეწყვიტა საკუთარი ავიადარტყმები აფრინში, რამაც შეაფერხა თურქეთის შეიარაღებული ძალებისა და FSA-ის წინსვლა ხმელეთზე. აღსანიშნავია, რომ რუსეთი 1 წლის წინ ოპერაცია „ევფრატის ფარის“ მიმდინარეობისასაც სხვადასხვა მეთოდით აფერხებდა თურქული ნაწილების წინსვლას ჩრდილოეთ სირიაში;
– თურქეთმა ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ პარალელურად, ე.წ. „ასტანის პროცესის“ ფარგლებში შესაქმნელი „დეესკალაციის ზონის“ ჩამოყალიბების მიზნით, იანვარ-თებერვალში 2 სამხედრო კოლონა გააგზავნა იდლიბის პროვინციაში. ორივე კოლონა დაიბომბა: ერთი – ასადის რეჟიმის, მეორე კი – ირანისა და მისი მომხრე სამხედრო შენაერთების მიერ.
ეს მაგალითები კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად მყიფეა სირიაში არსებული სიტუაცია და მიღწეული შეთანხმებები.
ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ უკვე მოჰყვა მსხვერპლი, მათ შორის – სამოქალაქოებშიც: დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა ასეულობითაა. ეს ციფრი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მხარეები საბრძოლველად არიან განწყობილი და არ ჩანს კონფლიქტის უახლოეს ხანში მოგვარების პერსპექტივა.
ამასთან, საყურადღებოა, რომ ანკარას სურს დაწყებული სამხედრო ოპერაციის გაფართოება მთავარი ქურთული ანკლავის, ჯერ – მანბიჯის, შემდეგ კი – მდ. ევფრატის აღმოსავლეთის მიმართულებით (ცალკეული შეტაკებები უკვე მოხდა მანბიჯის რაიონში). ეს რეგიონი კი, აფრინისგან განსხვავებით, ვაშინგტონის არაოფიციალური პატრონაჟის ქვეშ იმყოფება, რასაც ბევრი ირანის შეკავების სტრატეგიის ნაწილად განიხილავს. სწორედ აქაა განლაგებული აშშ-ის სამხედრო ბაზები. შესაბამისად, ვაშინგტონი არ ჩქარობს გასვლას და აპირებს მის დაცვას.
საფრთხეები და რისკები
- იმის გამო, რომ სირიაში მოიმატა დაინტერესებული ქვეყნების (აშშ, რუსეთი, ირანი, თურქეთი, ისრაელი და ა.შ.) კონფლიქტში პირდაპირი ჩართულობის ხარისხმა, გაიზარდა მათ შორის ცალკეული ინციდენტების რისკი, რაც ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს მსხვილმასშტაბიან კონფრონტაციაში;
- აფრინის სამხედრო ოპერაცია და მისი გაფართოების პერსპექტივა ყველაზე მეტად ძაბავს ჩვენი ორი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ისა და თურქეთის, ისედაც რთულ ურთიერთობას. ეს კი შესაძლოა ნეგატიურად აისახოს მთელი რეგიონის, მათ შორის საქართველოს, უსაფრთხოებაზეც. მოსკოვი ყველანაირად შეეცდება თურქეთი წააქეზოს მანბიჯის მიმართულებით ოპერაციის დასაწყებად, რათა გაზარდოს თურქულ-ამერიკული კონფრონტაციის შანსი;
- აფრინის ოპერაციის დროში გაწელვისა და მსხვერპლის რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში გამორიცხული არაა თურქეთში გაჩნდეს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიური სახის პრობლემები. ასევე მოსალოდნელია საპასუხო ქმედებები თურქეთის წინააღმდეგ. ეს შეიძლება იყოს როგორც პარტიზანული მოქმედებების დაწყება, ისე PKK-ის ან მასთან აფილირებული ორგანიზაციების მხრიდან უწინდელივით ტერაქტების მოწყობა თურქეთის დიდ ქალაქებში. ჯერჯერობით კი აფრინის ტერიტორიიდან პერიოდულად იბომბება თურქეთის ქალაქები ქილისი და რეიჰანლი, რასაც უკვე მოჰყვა მსხვერპლი;
- რამდენადაც ანკარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აფრინის ოპერაციის წარმატებით დასრულება, იზრდება მისი მოსკოვზე, როგორც სირიის მომავლის განმსაზღვრელ აქტორზე, დამოკიდებულების ხარისხი, რაც არ შედის საქართველოს ინტერესებში;
- ასადის რეჟიმისა და რუსეთის მიერ იდლიბის პროვინციაში გააქტიურებული სამხედრო მოქმედებების შედეგად ოპოზიციამ დაკარგა ამ მიმართულებით მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების თითქმის ნახევარი. მოსახლეობის უმრავლესობა ტოვებს საცხოვრებელს და თურქეთისკენ მიემგზავრება. ეს კი ახალ თავსატეხს უჩენს როგორც თურქეთს, ისე ევროპულ ქვეყნებს;
- მოსახლეობასთან ერთად იდლიბის პროვინციაში პოზიციებს ტოვებენ და თურქეთში გადასვლას ცდილობენ „ალ-ქაიდასთან“ აფილირებული HTS-ის მებრძოლები. ისინი აქ თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობენ, რადგან ბოლო პერიოდში თურქეთში ინტენსიური ტარდება რეიდები რადიკალი სალაფისტების დაკავების მიზნით. შესაბამისად, ტერორისტები შეეცდებიან სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, გადმოსვლას, როგორც ეს იყო ჩატაევის რაზმის შემთხვევაში. ცხადია, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მოუწევთ განსაკუთრებული სიფხიზლის გამოჩენა, რათა ახალმა ტერორისტულმა ჯგუფებმა ვერ შეძლონ ქვეყანაში შემოღწევა და პრობლემების შექმნა. მით უმეტეს, რომ საქართველოში ამ დაჯგუფებასაც ჰყავს საკუთარი მომხრეები.
დასკვნა
არაერთი სამშვიდობო მოლაპარაკებისა და შეთანხმების მიუხედავად, ზოგადად სირიის კონფლიქტი შორსაა მოგვარებისგან, რადგან არ აღმოფხვრილა მისი გამომწვევი მიზეზები (დაპირისპირება დიდ ქვეყნებს შორის, შიდა ეთნოკონფესიური დაპირისპირება, ალავიტური უმცირესობის მიერ სუნიტური უმრავლესობის მართვა, რეპრესიული მმართველობის ფორმა, კორუფციის მაღალი დონე და გაუმართავი ეკონომიკური მოდელი). შესაბამისად, შენარჩუნებულია ყველა ის საფრთხე, რაც წლების განმავლობაში თან ახლდა სირიის კონფლიქტს: ტერორიზმი, რელიგიური რადიკალიზმი, შეუწყნარებლობა, ლტოლვილთა ნაკადები და ა.შ.
საქართველოს ისევე, როგორც ყველა პატარა ქვეყანას, ნაკლები ბერკეტი და საშუალება აქვს იმოქმედოს სირიის პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში შესაძლებელია, მეტი სიფხიზლის გამოჩენა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.