2020 წლის 1 ოქტომბრიდან რონდელის ფონდში მიმდინარეობდა 11-თვიანი პროექტი „თემის ახალგაზრდების ჩართულობა პანკისსა და ხულოში“.

პროექტი მიზნად ისახავდა პანკისის ხეობასა და ხულოს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების (14-18 წლის მოსწავლეები) სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას და არაფორმალური განათლებისა და სხვადასხვა აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდას. პროექტის დახმარებით ადგილობრივი ახალგაზრდები უკეთ გაერკვნენ ქვეყანასა და საკუთარ მხარეში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, გაიუმჯობესეს ანალიტიკური აზროვნებისა და პრობლემების იდენტიფიცირების უნარი.

პროგრამა მოიცავდა სხვადასხვა ტიპის აქტივობას. ჩატარდა ლექცია-დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორიცაა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, ეროვნული უსაფრთხოება, სახელმწიფო მოწყობა და საჯარო პოლიტიკა, სამოქალაქო აქტივიზმი და მედიაწიგნიერება. პროექტის ფარგლებში ჟურნალი „ჩემი სამყაროს“ საფუძველზე ჩატარდა ვიქტორინები, საუკეთესო მკითხველებმა კი მიიღეს სხვადასხვა სახის საჩუქრები.

პროექტი ხორციელდებოდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.