ავტორი: გელა ხმალაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი
ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში შეიჭრნენ, გარკვეულ პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში გაჩნდა მოლოდინი, რომ ხანგრძლივი და მომქანცველი საომარი მოქმედებებით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური ხასიათის პრობლემები რუსეთს ადრე თუ გვიან მიიყვანს პოლიტიკურ კრიზისამდე. მათი ვარაუდით, ამ კრიზისის ერთ-ერთ ყველაზე სავარაუდო შედეგად უნდა იქცეს რუსეთის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სეპარატისტული განწყობების წახალისება. გამოითქმება ვარაუდი, რომ პერსპექტივაში სეპარატისტული მოძრაობების აქტივობამ უნდა მოამზადოს პოლიტიკური საფუძველი რუსეთის ფედერაციაში დეკოლონიზაციის პროცესის დასაწყებად.
ასეთ პოტენციურ არეალად მიიჩნევენ ჩრდილოეთ კავკასიის და ვოლგა-ურალის რეგიონებში არსებულ ფედერალურ სუბიექტებს. ამგვარი ვერსიის დასასაბუთებლად, პირველ რიგში, საჭიროა პასუხი გაეცეს კითხვას, ამ რეგიონებში რამდენად არსებობს სეპარატისტული მოძრაობის დაწყებისთვის აუცილებელი პოლიტიკური საფუძვლები და სოციალური ბაზა.
საინტერესოა, სეპარატიზმის პერსპექტივა განვიხილოთ თათრეთის რესპუბლიკის მაგალითზე, რადგან რუსეთის ფედერაციის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სხვა სუბიექტებთან შედარებით ამ რესპუბლიკაში, ერთი შეხედვით, თითქოს ყველაზე მაღალია პოლიტიკური სეპარატიზმის ალბათობა შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
– თათრები წარმოადგენენ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნოსს ეთნიკური რუსების შემდეგ.
– თათრებს აქვთ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიული გამოცდილება ყაზანის სახანოს სახით, განსხვავებით რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები სხვა ეთნიკური უმცირესობებისგან, რომელთაც ამგვარი ისტორიული მეხსიერება და გამოცდილება არ გააჩნიათ.
– თათრეთის რესპუბლიკა, სხვა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ჩამორჩენილი და დეპრესიული რეგიონებისგან განსხვავებით, ეკონომიკურად რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და თვითკმარი რეგიონია. ასეთ წარმატებას რამდენიმე მომენტი განაპირობებს, რასაც ქვემოთ უფრო დეტალურად შევეხებით.
საჭიროა უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ, ჩამოთვლილი ფაქტორები თუ წარმოადგენენ საკმარის პირობას სეპარატისტული მოძრაობის დასაწყებად. აგრეთვე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენად არის ეთნიკურად თათარი პოლიტიკური ელიტა და საზოგადოების უმრავლესობა მზად, იყოს პრინციპული და თანმიმდევრული ამ პოლიტიკური იდეის რეალიზაციისთვის.
ბრძოლა იდენტობისა და სუვერენიტეტისთვის
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თათრეთის რესპუბლიკამ რთული და რუსეთის ფედერაციის სხვა სუბიექტებისგან განსხვავებული გზა გაიარა. საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებიდან თათრეთში ფართოდ გაიშალა ეროვნული მოძრაობა მოთხოვნით, რომ მაშინდელ რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში შემავალი თათრეთის ავტონომიური რესპუბლიკა გამხდარიყო საბჭოთა კავშირის მეთექვსმეტე მოკავშირე რესპუბლიკა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იანი წლების დასაწყისიდან, შეიცვალა თათრეთის ეროვნული მოძრაობის მიზნები და მოთხოვნა გადაიზარდა რუსეთიდან გამოყოფასა და სრულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაში. თათარი საზოგადოებისთვის სიმბოლურ და საკრალურ თარიღად იქცა 15 ოქტომბრის – რუსეთის ჯარის მიერ ყაზანის აღებისას დაღუპული თათარი მეომრების ხსოვნის დღის აღნიშვნა. იმავე პერიოდში შეიქმნა ნაციონალური იდეოლოგიის გამომხატველი პოლიტიკური ორგანიზაციები, რომელთაგან ყველაზე მრავალრიცხოვანი და გავლენიანი იყო სრულიად თათართა საზოგადოებრივი ცენტრი, თათრეთის ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია და თათარი ხალხის მილი-მეჯლისი.
თათრეთის რესპუბლიკის იმჟამინდელი ხელმძღვანელობა მხარს უჭერდა და ახალისებდა ხსენებულ ნაციონალურ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, უწევდა მნიშვნელოვან ორგანიზაციულ და მატერიალურ დახმარებას. თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ თათრეთის რესპუბლიკის იმდროინდელმა პრეზიდენტმა მინტიმირ შაიმიევმა ნაციონალური მოძრაობა და რესპუბლიკის სუვერენიტეტის იდეა ეფექტურად გამოიყენა რუსეთის ფედერალურ ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოსახდენად. მოსკოვის ერთგვარი დაშანტაჟების შედეგი იყო, რომ ამ რესპუბლიკაში ჩატრებული პრივატიზაციის შედეგად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მსხვილი საწარმოები, პირველ რიგში ნავთობის მოპოვების და გადამუშავების სექტორში, მ. შაიმიევის კლანის ხელში აღმოჩნდა.
1994 წელს რუსეთის ფედერალურ ხელისუფლებასა და თათრეთის რესპუბლიკას შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად ამ რესპუბლიკის მმართველმა წრეებმა მოსკოვისაგან ფართო პრეფერენციები და უფლებები მიიღეს ეკონომიკური და ფინანსური რესურსების განკარგვის კუთხით. გამონაკლისის სახით, მხოლოდ თათრეთის რესპუბლიკას მიეცა უფლება არ გადაეხადა ფედერალური გადასახადი. მოსკოვიდან ასეთი დათმობების მიღების შემდეგ თათრეთის რესპუბლიკის მმართველი წრეების მხრიდან შეწყდა ნაციონალური მოძრაობის ღია მხარდაჭერა. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი ეკონომიკური მიზნების მიღწევის შემდეგ თათრეთის პოლიტიკური და ბიზნესელიტებისთვის ეროვნული მოძრაობის არსებობამ აქტუალობა დაკარგა. კონკრეტულად კი, რუსეთის ფედერალურ ხელისუფლებაზე ზემოქმედებისთვის მისი ბერკეტის სახით გამოყენების საჭიროება უკვე აღარ არსებობდა.
2010 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთში მოქმედი პოლიტიკური რეჟიმი კიდევ უფრო რეპრესიული გახდა, თათრეთის რესპუბლიკაშიც თანდათან შეიზღუდა ეროვნული იდეოლოგიის მატარებელი ორგანიზაციების საქმიანობა და შედეგად ბევრი ლიდერი ჩამოაშორეს პოლიტიკურ აქტივობას ექსტრემიზმის ბრალდებით.
ამ რეპრესიული პოლიტიკის შედეგად, თათარი ხალხის ნაციონალურმა მოძრაობამ დაკარგა აქტუალობა და პოპულარობა საზოგადოებაში. ნაციონალურმა იდეოლოგიამ ღია საჯარო აქტივობიდან გადაინაცვლა სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებსა და ინტერნეტსივრცეში. ამჟამად თათარი ნაციონალური იდეის მატარებელ პირთა მცირერიცხოვანი და მარგინალიზებული ჯგუფების მცდელობები მიმართულია თათრეთის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ, რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა სუბიექტში დისპრესიულად მცხოვრები თათარი ეთნოსის გაერთიანებისკენ საერთო ეროვნული და კულტურული იდენტობის გარშემო, აგრეთვე საჯარო სივრცესა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში თათრული ენის გამოყენების უზრუნველყოფისკენ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები 5 მილიონი ეთნიკურად თათარი მოქალაქიდან მხოლოდ 2 მილიონი ცხოვრობს საკუთრივ თათრეთის რესპუბლიკაში. დანარჩენი 3 მილიონი გაფანტულად არის განსახლებული რუსეთის ფედერაციის სხვა სუბიექტებში, სადაც ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ეთნიკური იდენტობის დაკარგვის და რუსულ კულტურულ სივრცეში მათი ასიმილაციის პროცესი.
„თათრეთის ეკონომიკური სასწაული“
თათრეთის რესპუბლიკა ეკონომიკური განვითარებით რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სუბიექტია. ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლებით მხოლოდ მოსკოვს და სანქტ-პეტერბურგს ჩამორჩება. საინტერესოა, რა განაპირობებს თათრეთის ეკონომიკურ წარმატებას, რამდენად მდგრადი და სტაბილურია მისი განვითარება, აგრეთვე, თუ არსებობს ობიექტური პირობები, რათა თათრეთის რესპუბლიკამ, რუსეთის ფედერაციისგან ჰიპოთეზური დამოუკიდებლობის შემთხვევაში, ასეთივე წარმატებით გააგრძელოს განვითარება და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა?
თავად რუსი ექსპერტები გამოყოფენ სამ მთავარ ფაქტორს, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს თათრეთის ეკონომიკის განვითარების მაღალ ტემპებზე და რამაც ეს რესპუბლიკა ყოველწლიური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთ აღიარებულ ლიდერ რეგიონად აქცია.
ნავთობის და გაზის სექტორი. რუსეთის ფედერალურ ხელისუფლებასა და ყაზანს შორის გაფორმებული ფედერალური შეთანხმების შედეგად ნავთობისა და გაზის მოპოვების და რეალიზაციის, აგრეთვე ნავთობგადამამუშავებელი სექტორებიდან მიღებული შემოსავლები თათრეთის რესპუბლიკას დარჩა. ამ მხრივ განსაკუთრებით ხელსაყრელი და წარმატებული აღმოჩნდა ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდა 2000-2010 წლებში. მოსკოვიდან ასეთი დათმობის შედეგია ის, რომ ნავთობმოპოვების და გადამუშავების დარგები ამ რესპუბლიკის მთლიანი შიდა პროდუქტის 30%-ს შეადგენს, ხოლო ამ სექტორებიდან მიღებული ყოველწლიური შემოსავლები რესპუბლიკის ბიუჯეტის ნახევარზე მეტს ავსებს.
გეოგრაფიული მდებარეობა. თათრეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადის რუსეთის ფედერაციის ევროპულ და აზიურ ნაწილებს შორის დამაკავშირებელი ყველა ძირითადი სატრანზიტო სატრანსპორტო მაგისტრალი და აქვეა განლაგებული ფედერალური მნიშვნელობის ლოჯისტიკური ცენტრები. 2015-2030 წლებში რუსეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისთვის ფედერალური ბიუჯეტიდან თათრეთის რესპუბლიკას 1.4 ტრილიონი რუბლი გამოეყო. ასევე თათრეთის ტერიტორიის გავლით მიმდინარეობს ახალი სატრანზიტო დერეფნის „ვოსტოკის“ (სამუშაო სახელწოდება – „დასავლეთი ჩინეთი – დასავლეთი ევროპა“) მშენებლობა, რომელმაც უნდა დააჩქაროს და გააადვილოს ჩინეთის დასავლეთ პროვინციებიდან და ყაზახეთიდან წამოსული სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა ევროპის ქვეყნებში.
ე. წ. თათრული ლობი. რუსეთის ფედერალური ხელისუფლების მიმართ თათრეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის კოორდინირებულმა პოლიტიკამ და მოსკოვისადმი ლოიალობამ განაპირობა ფედერალური ბიუჯეტიდან სახელმწიფო ინვესტიციების და მიზნობრივი სუბსიდიების მობილიზება ამ რესპუბლიკაში. უზარმაზარმა ფინანსურმა ნაკადებმა გამოიწვია ეკონომიკის ერთდროულად რამდენიმე (მშენებლობა, ნავთობქიმია, ქიმიური მრეწველობა, მანქანათმშენებლობა) სტრატეგიული დარგის სწრაფი განვითარება. ფედერალური საინვესტიციო პროგრამით გამოყოფილი თანხების ათვისებით თათრეთის რესპუბლიკა დღემდე ერთპიროვნული ლიდერია ფედერალურ სუბიექტებს შორის.
ბოლო წლებში, ერთი შეხედვით, თათრეთის რესპუბლიკა თითქოს მყარად იკავებს ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას, როგორც რუსეთის ფედერაციის ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო რეგიონი, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ამ რესპუბლიკაში ყოველწლიურად განხორციელებული ინვესტიციების 90%-ზე მეტი არა კერძო ან უცხოური, არამედ ფედერალური სახელმწიფო ინვესტიციაა – ანუ ხელისუფლების მხრიდან გატარებულმა ასეთმა პრივილეგირებულმა და პროტექციონისტურმა ეკონომიკურმა და საინვესტიციო პოლიტიკამ თათრეთის რესპუბლიკა მთლიანად გახადა დამოკიდებული რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტზე და, შესაბამისად, რუსეთის ხელისუფლების კეთილგანწყობაზე. „პოლიტიკური ფავორიტიზმი“ – ეს ტერმინი გამოიყენება რუსეთის მაღალ პოლიტიკურ წრეებში, როდესაც თათრეთის რესპუბლიკის გამორჩეულ ეკონომიკურ წარმატებებზეა საუბარი.
შესაბამისად, რუსეთში შესაძლო კარდინალური პოლიტიკური ცვლილებების შემთხვევაში, ფედერალურ ხელისუფლებას ხელთ აქვს არაერთი ეკონომიკური ბერკეტი, რათა თათრეთის რესპუბლიკაში როგორც პოლიტიკური კლასის და ბიზნესელიტების, ასევე მთლიანად საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობა, განწყობები და პრიორიტეტები დარჩეს პოლიტიკურად მოსკოვზე ორიენტირებული.
დასკვნა
როდესაც საექსპერტო წრეებში განიხილება თათრეთის რესპუბლიკაში შესაძლო სეპარატიზმის პერსპექტივა, ამ რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების პოტენციალი და დამოუკიდებელი არსებობის შესაძლებლობა, აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც ვფიქრობთ, რომ რეალურად შეუძლებელს ხდიან თათრეთის რესპუბლიკის დამოუკიდებელ განვითარებას როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე სრულფასოვანი საერთაშორისო პოლიტიკური სუბიექტის სახით, კერძოდ:
– თათრეთის რესპუბლიკას არ აქვს საერთო საზღვარი სხვა რომელიმე სახელმწიფოსთან და წარმოადგენს ტერიტორიულ ანკლავს რუსეთის ფედერაციის შიგნით.
– თათრეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა და ეკონომიკური საწარმოო რესურსი მთლიანად ინტეგრირებულია რუსეთის ფედერალურ ეკონომიკურ სივრცეში და ამ რესპუბლიკის ეკონომიკის სტაბილურობას ტოტალურად განაპირობებს ფედერალური ცენტრის კეთილგანწყობა და პროტექციონისტული პოლიტიკა.
– თათარი ეთნოსი ძლიერადაა ინტეგრირებული საერთო-რუსულ პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში. იმავდროულად, ეთნიკურად თათრების უმრავლესობა ცხოვრობს თათრეთის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ, რუსეთის ფედერაციის სხვა სუბიექტებში. ეს ფაქტორი რეალურად შეუძლებელს ხდის ამ ეთნოსის კონცენტრირებას პოლიტიკური დამოუკიდებლობის იდეის გარშემო.
ასევე მხედველობაშია მისაღები ერთი მომენტი – რუსეთში გამოკითხული პოლიტიკის ექსპერტების უმრავლესობა ინტერვიუების დროს მიიჩნევს, რომ პოსტპუტინისტურ ეპოქაში, თუკი რუსეთის ფედერაციაში დაიწყება დემოკრატიზაციის შეუქცევადი პროცესი, ფედერალურ ცენტრსა და რეგიონებს შორის ურთიერთდამოკიდებულების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, სავარაუდოდ, ეკონომიკა, კონკრეტულად კი, თავად ამ რეგიონების ეკონომიკური ინტერესები გახდება.