უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელისუფლება განიხილავს ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ მიღებას – 20 თებერვალს კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა პარლამენტის ბიუროში, ხოლო მისი მიღება, ყველაზე გვიან, აპრილშია მოსალოდნელი. კანონპროექტის ინიციატორებისა და მხარდამჭერების თანახმად, კანონი მიზნად ისახავს ქართველი ხალხისთვის „გამჭვირვალობის“ უზრუნველყოფას, მისი მიღების შემთხვევაში კი, თითქმის ყველა არასამთავრობო (რომელშიც შედიან უნივერსიტეტები, პროფკავშირი რომელიც ათასობით დასაქმებულს აერთიანებს, უამრავი სამედიცინო და საგანმანათლებლო ორგანიზაცია), მედია ორგანიზაცია და მედიაორგანიზაციის (მათ შორის ციფრულის) მეპატრონე ვალდებული იქნება დარეგისტრირდეს „უცხოური გავლენის აგენტად“, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაეკისრებათ ათიათასობით ლარის ჯარიმა.
ჩვენს ბლოგში წარმოვადგენთ ყველა იმ მთავარ კითხვაზე პასუხს, რაც თითოეულმა მოქალაქემ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით უნდა იცოდეს:
1. ვინ და რატომ შექმნა პირველად „აგენტების“ კანონი?
„აგენტების“ კანონპროექტი შინაარსობრივად და სულისკვეთებით იმეორებს 2012 წელს პუტინის მიერ რუსეთში მიღებულ კანონს: ორივე კანონი მოითხოვს „უცხოური გავლენის აგენტების“ „რეესტრის“ შექმნას და ითვალისწინებს ათიათასობით ლარის ჯარიმას, თუ სუბიექტი უარს განაცხადებს თავი მიიჩნიოს „აგენტად“. ზუსტად იგივეა კანონპროექტის ინიცირების საბაბიც.
პირველად პუტინის „აგენტების“ კანონი მიიღეს 2012 წელს, ზუსტად მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პუტინის ხელში ხელისუფლების ჩაგდება გააპროტესტეს. პუტინის ეს კანონი ყოველწლიურად მკაცრდებოდა და რამდენიმე წელიწადში ამ კანონის საფუძველზე ხელისუფლება უკვე ციხეში აგზავნიდა ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებს „ფეისბუკზე“ განთავსებული კრიტიკული პოსტების გამო.
სულ რაღაც ნახევარი წლის წინ, 2022 წლის ივნისში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 75 რუსული არასამთავრობოს სასარგებლოდ და დაადგინა, რომ „აგენტების შესახებ“ პუტინისეული კანონი უხეშად არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს და რუსეთს დააკისრა კომპენსაცია უფლებადარღვეული არასამთავრობოების სასარგებლოდ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 2023 წლის 20 თებერვალს ინიცირებული ანალოგიური კანონი იმეორებს იმავე შინაარსს და სინამდვილეში პუტინის კანონის ანალოგს წარმოადგენს, საქართველოში ამ კანონის ინიციატორები საზოგადოებას არწმუნებენ, რომ კანონი შთაგონებულია თითქმის ერთი საუკუნის წინ ფაშიზმის წინააღმდეგ მიღებული ამერიკული კანონით, სახელწოდებით “FARA”. მოგვიანებით, მასობრივი კრიტიკის საპასუხოდ, „ხალხის ძალამ“ გადათქვა თავდაპირველი გეგმა და გამოაცხადა უშუალოდ FARA-ს გადმოთარგმნა. თუმცა, იმთავითვე ნათელი იყო, რომ FARA სულ სხვა საუკუნეში, სხვა კონტექსტში შექმნილი კანონია და, რაც მთავარია, სრულიად სხვა შინაარსის. FARA ეხება იმ უცხოურ ძალებს, ვინც ხელისუფლებისგან ფარულად ემსახურებიან უცხო ქვეყნის, საზიანო ინტერესებს (რისთვისაც საქართველოში უკვე 20 წელია არსებობს კანონი ლობისტური საქმიანობის შესახებ, რომელსაც ისედაც არავინ იყენებს).
2.ვის შეეხება კანონი და რა ელის „აგენტად“ მიჩნეულ სუბიექტს?
არსებული ფორმულირებით, კანონი მოიცავს „არასამთავრობოებს“ (უნივერსიტეტების, საგანმანათლებლო, კვლევითი, სამედიცინო ორგანიზაციების უმრავლესობა, მათ შორის პროფკავშირიც, ე.წ. „არასამთავრობოს“ ფორმითაა რეგისტრირებული), მედიას და მედიის მესაკუთრე კერძო კომპანიებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონი ეხება თითქმის ყველა მოქალაქეს, პირდაპირ თუ ირიბად. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ათასობით „არასამთავრობო“ ორგანიზაცია, რომელთა უდიდესი ნაწილი შესაძლოა არ იყოს პოპულარული და ცნობადი, თუმცა, ეს ორგანიზაციები ყოველდღიურად ემსახურებიან ასობით ათას მოქალაქეს: აშენებენ სკოლებს, საბავშვო ბაღებს, მოქალაქეებს უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევენ, უტარებენ უფასო მამოგრაფიულ და სხვა სამედიცინო გამოკვლევებს და ა.შ. ოფიციალური სტატისტიკით, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს, საქართველოში დასავლური დონორებისგან მიღებული დაფინანსება შემდეგ საჭიროებებს ხმარდება:
- „ეკონომიკური ზრდა“ (რომელიც მოიცავს საავტომობილო/სარკინიგზო ტრანსპორტისთვის, კერძო სექტორის განვითარებისთვის, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, კომუნიკაციებისა და ვაჭრობის განვითარებისთვის გამოყოფილ სახსრებს) – 60%
- „ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება“ (რომელიც მოიცავს ელექტროენერგიის წარმოებას, წყალმომარაგება-სანიტარიას, გარემოს დაცვას, ნარჩენების მართვას) – 24.3%
- „სოციალური კეთილდღეობა“ (რომელიც მოიცავს სოფლის განვითარებას, მულტისექტორულ სწავლებას, ჯანმრთელობას, სოციალურ სერვისებს, საშუალო განათლებას, ურბანულ განვითარებას, პროფესიულ განვითარებას, უმაღლეს განათლებას, დასაქმების პოლიტიკას, სკოლამდელ/დაწყებით განათლებას, კულტურას) – 5.2%
- „დემოკრატიული მმართველობა“ (რომელიც მოიცავს საჯარო მმართველობას, კორუფციასთან ბრძოლას, საკანონმდებლო და მართლმსაჯულების, სამოქალაქო სექტორის განვითარებას, კონფლიქტების თავიდან აცილებას, ადამიანის უფლებებს, გენდერულ თანასწორობას) – 4.3%
- „ადამიანური კაპიტალის განვითარება“ (განათლება, პროფესიული მომზადება, სკოლამდელი სწავლა, საშუალო და უმაღლესი განათლება) – 2%.
ერთ ბლოგში შეუძლებელია ჩამოვთვალოთ ყველაფერი, რასაც დასავლეთის დაფინანსებული გრანტებით არასამთავრობოები აკეთებენ და ამაზე ცალკეც დავწერთ, თუმცა მანამდე სულ რამდენიმე მაგალითი უნდა მოვიყვანოთ: საბავშვო ჰოსპისები, სეისმოლოგიური კვლევის ცენტრი, სამედიცინო დახმარება (მაგალითად, ცე ჰეპატიტის პროგრამა), რომელზეც ათასობით ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული, სუფთა სასმელი წყალი, საბავშვო ბაღები, გზა, უძველესი ეკლესიების რეაბილიტაცია-შენარჩუნება – ყოველდღიური საბაზო საჭიროებებისა და ეროვნული მემკვიდრეობის თითქმის ყველა სფეროში, რაც კი გვაქვს, კეთდება სწორედ დასავლური დაფინანსებით, მათ შორის, არასამთავრობოების მუშაობით. ამ დაფინანსების გარეშე ქვეყანაში საგრძნობლად გაუარესდება თითოეული მოქალაქის ცხოვრების ხარისხი.
აგენტებად გამოცხადების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად დაბრკოლდება ზემოჩამოთვლილი და მსგავსი საქმიანობები და საფრთხე შეექმნება მოქალაქეების საბაზო მომსახურებას/სერვისებს.
3.სად და როგორ გავიგო ვინ და რისთვის აფინანსებს „არასამთავრობოებს“ საქართველოში?
დასავლეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ისედაც აკმაყოფილებენ გამჭვირვალობის მოთხოვნებს, რადგან მათ უამრავ მოთხოვნას უყენებს როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო ნორმები. გრანტების კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, „გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის, (…) ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს. გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით“. თავის მხრივ, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განმარტებით, განვითარებადი ქვეყნებისთვის დაფინანსების გაცემა უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის განვითარებას და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას.
ამავდროულად, დასავლელი დონორებისგან დაფინანსებული პროექტების უმრავლესობას (განსაკუთრებით, მსხვილი პროექტების შემთხვევაში) მოჰყვება აუდიტის და/ან შემოწმების ვალდებულება, როგორც ერთ-ერთი სახელშეკრულებო ვალდებულება. ინფორმაცია დაფინანსებული პროექტების შესახებ მრავალ წყაროშია ხელმისაწვდომი:
- დონორების ანგარიშები – OECD-ის ვებგვერდზე;
- საქართველოს მთავრობის ანგარიშები – სახელმწიფო ბიუჯეტის ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციაში არსებული დონორთა საკოორდინაციო საბჭოს ყოველწლიური ანგარიშები;
- არასამთავრობოების ანგარიშები, რომლებიც ძირითადად ასახულია მათსავე ვებგვერდებზე.
გარდა ამისა, უკვე წლებია საქართველოს მთავრობა თავს იწონებს, რომ სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში მისი გამჭვირვალობის ხარისხი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მაგალითისთვის, საქართველოს კანონი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ“ ავალდებულებს ბანკებს მკაცრი კონტროლი განახორციელონ სხვადასხვა თანხის მიზნობრიობაზე. სწორედ ამ მიზეზების ერთობლიობით, არასამთავრობოების დაფინანსება ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე სფეროა საქართველოში.
4.ვისი მოწვევით აფინანსებენ დასავლელი დონორები „არასამთავრობოებს“ საქართველოში?
დასავლური დაფინანსების მისაღებად საქართველოს მოსახლეობის ლეგიტიმურად არჩეული ყველა დროის ხელისუფლება მუდმივად ჩაბმულია მოლაპარაკებებში და ათასობით საჯარო მოხელეს უზარმაზარი შრომის შედეგად საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი დაფინანსება განხორციელებულა. დასავლეთის დაფინანსებული ყველა პროექტი ექვემდებარება „ოფიციალური მხარდაჭერის“ პრინციპს, რომელიც ეფუძნება ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების მიერ დასავლელ პარტნიორებთან მიღებულ ორმხრივ შეთანხმებებს და არცერთი პროექტი არ ხორციელდება ამ პოლიტიკური შეთანხმებების მიღმა. მეტიც, სწორედ ამ მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 1996 წელს მიიღო კანონი „გრანტების შესახებ“, სადაც თავისით შექმნა პირობები დასავლელი დონორების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც გრანტების გასაცემად.
მეტიც, ხელისუფლებამ აღიარა დასავლელი დონორების დაფინანსების განსაკუთრებული მნიშვნელობა, როდესაც უმაღლეს სახელისუფლებო დონეზე გააფორმა ორმხრივი შეთანხმებები, დონორების მიერ გაცემულ გრანტებზე დღგ-ის გადასახადებისგან განთავისუფლების შესახებ.
5.რატომ შექმნა სახელმწიფომ პოლიტიკური და საკანონმდებლო ჩარჩო არასამთავრობოებისთვის გრანტების უფრო მარტივად მიღებისთვის და თავის მხრივ, რატომ აფინანსებენ დონორები არასამთავრობოებს?
გზების მშენებლობა და მსგავსი პროექტები გასაგებია, მაგრამ რაში სჭირდება ხელისუფლებას იმ არასამთავრობოების დაფინანსება, ვინც მასვე (ხელისუფლებას) აკონტროლებს და მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, არჩევნების სამართლიანობა და სხვა ინსტიტუციური საკითხები? რატომ აფინანსებენ დონორები საკუთარი გადასახადის გადამხდელების ფინანსებით საქართველოს არასამთავრობოებს? პასუხი მარტივია – იმისათვის, რომ დონორმა მეტი თანხა მოგვანდოს, როგორც სახელმწიფოს, და დარწმუნებული იყოს, რომ ეს თანხა ნამდვილად მიზნობრივად დაიხარჯება. დონორს აქვს ანგარიშვალდებულება საკუთარი გადასახადების გადამხდელების მიმართ და მან უნდა იცოდეს, რომ გრანტის მიმღებ ქვეყანაში ხარისხიანად მოქმედებს ყველა ის ინსტიტუცია, რომელიც პირდაპირ განკარგავს ან გავლენას ახდენს მის მიერ დაფინანსებული სიკეთის განკარგვაზე, რათა ეს სიკეთე მივიდეს საქართველოს მოსახლეობამდე და ნაცვლად ამისა არ აღმოჩნდეს, ვთქვათ, რომელიმე შეიარაღებული დაჯგუფების ხელში. ამისთვის აუცილებელია თავისუფალი სასამართლო, სამართლიანი არჩევნები, კორუფციასთან ბრძოლა, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა მრავალი საკითხი.
მეორე მხრივ, გრანტის მიზნობრიობის გარდა, რატომ სურს დასავლეთს საქართველოში დაცული იყოს ადამიანის უფლებები და მოსახლეობის კეთილდღეობა? ზუსტად იმავე მიზეზით, რატომაც ისურვებდით, რომ თქვენი მეზობელი თავის ეზოში, თქვენი ეზოს გვერდით, არ ყრიდეს ნაგავს, არ სცემდეს ოჯახის წევრებს და ა.შ. სწორედ ასე ჰქვია ერთ-ერთ ძირითად პოლიტიკურ ჩარჩოს, რის საფუძველზეც საქართველო იღებს დაფინანსებას, მაგალითად, ევროკავშირისგან – „ევროპის სამეზობლოს პოლიტიკა“.
მაშ ასე, საქართველოში არასამთავრობოები ფინანსდებიან დონორებისგან საქართველოს მოსახლეობის არჩეული ხელისუფლების მოწვევით იმისთვის, რომ უფრო მეტი სიკეთე მიიღოს როგორც მთლიანად სახელმწიფომ, ისე საქართველოს მოსახლეობამ.
6.ვინ არიან კანონპროექტის ინიციატორები საქართველოში?
საინტერესოა, რომ „აგენტების“ კანონპროექტის მთავარი ინიციატორები და მხარდამჭერები წარსულში მუშაობდნენ სწორედ იმ ორგანიზაციებში, რომელთა მიერ დაფინანსებული არასამთავრობოები, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, უცხოურ აგენტებად გამოცხადდებიან. დეტალებს არ შევეხებით, ყველა ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია პარლამენტის ვებგვერდზე (რომელიც, სხვათა შორის, ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით შეიქმნა, განსხვავებით მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდისგან, რომელიც, თავის მხრივ, ევროკავშირის დაფინანსებით შეიქმნა).
7.რატომ „არასამთავრობოები“ და არა – რუსული ბიზნესი?
დაბოლოს, ისმის კითხვა: მაშინ, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2022 წლის ბოლომდე, ჯამში, რუსეთის 796’638 (თითქმის, მილიონი) მოქალაქე შემოვიდა საქართველოში, 5’990 დარეგისტრირდა ინდ. მეწარმედ და 429 შპს დაარეგისტრირეს რუსეთის მოქალაქეებმა, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით, რატომ ხედავს ხელისუფლება საფრთხეს მაინცდამაინც დასავლეთიდან კანონიერად და ლეგიტიმურად დაფინანსებულ არასამთავრობოებში?
ე.წ. „აგენტების“ პუტინისეული კანონის მიღება დამოუკიდებელი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო და დამღუპველი მოვლენაა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება. რუსეთის მაგალითმა უკვე ერთმნიშვნელოვნად გვაჩვენა, თუ როგორ მოსპო სწორედ ამ კანონმა რუსეთში არსებული მცირედი თავისუფლება: როგორც რუსული გამოცდილება გვაჩვენებს, კანონის მიღების შემთხვევაში მალევე მოსალოდნელია მძიმე ფორმის რეპრესიები თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ. გარდა ამისა, კანონის მიღება საფრთხეს შეუქმნის დონორების დაფინანსებულ მრავალ პროექტს, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეებს ყოველდღიურად მიეწოდება სერვისი. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, კანონის მიღება პირდაპირ გააუარესებს თითოეული მოქალაქის მდგომარეობას, „აგენტების“ კანონის გავლენით, სავარაუდოდ, მათ შეუჩერდებათ წვდომა სამედიცინო, საგანმანათლებლო და სხვა უამრავ სიკეთეზე – საბოლოო ჯამში, კანონი დააზიანებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ კავშირებს ევროპასთან, დააზიანებს როგორც უვიზო მიმოსვლის, ისე წევრობის შანსს და გაზრდის საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთზე.