2023 წლის 11 დეკემბერს რონდელის ფონდში გაიმართა „ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის“ სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია და ახალი ნაკადის საზეიმო მიღება.
ღონისძიებაზე პროგრამის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა და რონდელის ფონდის პრეზიდენტმა ეკატერინე მეტრეველმა.
“შეერთებული შტატების საელჩო ნამდვილად მოხარულია, რომ მხარს უჭერს რონდელის ფონდს ამ პროგრამის განხორციელებაში, რომელიც აერთიანებს პროფესიონალებს სამინისტროებიდან, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისგან, რათა დაეხმარონ ეროვნული უსაფრთხოების საზოგადოების ჩამოყალიბებას აქ, საქართველოში, – განაცხადა ელჩმა, – მე თვითონ მივიღე მონაწილეობა მსგავს პროგრამაში შეერთებულ შტატებში და დავინახე, რა სარგებელი აქვს კარიერული პროფესიონალების გაერთიანებას და მათთვის შესაძლებლობის მიცემას, იფიქრონ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე. ჩემი აზრით, ეს ის ხალხია, ვინც გააგრძელებს საქართველოში იმ ინსტიტუტების მშენებლობას, რომლებიც ასე მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ყველა კურსდამთავრებულს ვუსურვებ წარმატებებს, ხოლო ახალ სტუდენტებს – შესანიშნავ წელიწადს, სადაც თქვენ ნამდვილად შექმნით კავშირს, რომელიც, ვფიქრობ, ფასდაუდებელი იქნება საქართველოსთვის“.
“მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა მივესალმო კურსდამთავრებულებს და სასწავლო პროგრამის ახალ ნაკადს ელჩ დანიგანთან ერთად. პროგრამა აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რამაც საშუალება მოგვცა გვყავდეს კურსდამთავრებულთა მე-19 ნაკადი.” – აღნიშნა ეკატერინე მეტრეველმა, – “პროგრამა შექმნილია საქართველოს საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების ცოდნისა და უნარების გასამდიდრებლად. ერთწლიანი პროგრამის განმავლობაში სტუდენტები იძენენ ცოდნას უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკაში, რაც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული და მდგრადი განვითარებისთვის. ამ სულისკვეთებით, მსურს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა აშშ-ის ელჩს, აშშ-ის საელჩოს საქართველოში და ამერიკელ ხალხს საქართველოს თავისუფლების, მედეგობისა და სტაბილურობის მხარდაჭერისთვის.”
„ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამას“ რონდელის ფონდი 2001 წლიდან ახორციელებს. მისი მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების მომზადება უსაფრთხოების სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში კარიერის გასაგრძელებლად.
სასწავლო პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს ცოდნის გაღრმავებას ანალიტიკურ მეთოდებში, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის საკითხებში და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ უნარ-ჩვევების შეძენა-გაღრმავებას, რაც აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების პროცესის წარმატებით წარმართვისთვის. პროგრამის სასწავლო კურსებს უძღვებიან ქართველი და ამერიკელი სპეციალისტები.
პროგრამა ხორციელდება ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.