ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

 

ქურთები, რომელთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა გათვლებით, 30-40 მილიონის ფარგლებშია, რჩებიან ერთ-ერთ იმ მრავალრიცხოვან ხალხად, რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთარი სახელმწიფო.

ქურთული სახელმწიფოს არარსებობა განპირობებულია როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორებით: კლანურ-ტომობრივი, ლინგვისტური, რელიგიური, იდეოლოგიური დაქსაქსულობა და ურთიერთქიშპი, არასახარბიელო საერთაშორისო გარემო, ზღვაზე გასასვლელის არარსებობა, ძლიერი სახელმწიფოების მიერ მათი შიდა დაპირისპირების გამოყენება. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ისტორიულად ქურთებში ისევე, როგორც მთელ აღმოსავლეთში დიდი ხნის განმავლობაში უცხო იყო ერი-სახელმწიფოს კლასიკური (დასავლური) გაგება და იდენტობის განსაზღვრის უმთავრეს ფაქტორად თემური (კონფესიური) კუთვნილება გვევლინებოდა.

 

მოკლე ისტორია

I მსოფლიო ომის შემდეგ დაიშალა ოსმალეთის იმპერია. შედეგად, ქურთები 4 სახელმწიფოში (თურქეთი, ირანი, ერაყი და სირია) აღმოჩნდნენ გაფანტული. დღეს თურქეთში – დაახლოებით 15 მილიონი, ირანში – 8 მილიონი, ერაყში – 5,5 მილიონი, ხოლო სირიაში 1,7 მილიონი ქურთი ცხოვრობს. ერთი შეხედვით შესაძლოა პარადოქსულადაც ჟღერდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ერაყისა და სირიის შედარებით მცირერიცხოვანმა ქურთულმა მოსახლეობამ უფრო მეტი უფლებების მოპოვება შეძლო, ვიდრე მათმა ნათესავებმა თურქეთსა და ირანში. ამის მიზეზი ისაა, რომ თურქეთსა და ირანს სახელმწიფოებრიობის (და შესაბამისად, პოლიტიკური სიტუაციის მართვის) დიდი ტრადიციები აქვთ, ხოლო ერაყი და სირია შედარებით ახალი და არასტაბილური ქვეყნები არიან, სახელმწიფოებრიობის ნაკლები გამოცდილებით.

დღეს ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი ჩრდილოეთ ერაყის ქურთისტანია. აქ მცხოვრები ქურთები, არნახული რეპრესიების, ასიმილაციისა და ჩაგვრის (სადამ ჰუსეინის რეჟიმმა ქურთების წინააღმდეგ ქიმიური იარაღიც კი გამოიყენა) მიუხედავად, ათწლეულების განმავლობაში იბრძვიან საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის. მათ ათწლეულების განმავლობაში ჰპირდებოდნენ განსაკუთრებულ უფლებებს, თუმცა დე ფაქტო ავტონომიას მხოლოდ 1991 წლის ოქტომბერში მიაღწიეს, როდესაც აშშ-ის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული საერთაშორისო კოალიციასთან დამარცხებული სადამ ჰუსეინი იძულებული გახდა რეგიონიდან გაეყვანა საკუთარი სამხედრო ნაწილები. დე იურედ ავტონომია კი გაფორმდა მხოლოდ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ, 2005 წელს მიღებული კონსტიტუციით. თუმცა, ერაყში არსებული შიდაპოლიტიკური დაპირისპირება და არასტაბილურობა არ იძლეოდა ავტონომიურობის რეალურად ამოქმედების საშუალებას. ამას დაერთო „დაეშის“ (იგივე ISIS) მიერ ერაყის ცენტრალური, სუნიტებით დასახლებული ნაწილის დაკავებაც, რის გამოც ერაყის ქურთისტანი ტერიტორიულადაც მოსწყდა ცენტრალურ ხელისუფლებას. სამაგიეროდ, მისმა შეიარაღებულმა ძალებმა, ე.წ. „ფეშმერგამ“, შეძლო „დაეშის“ წინსვლის შეჩერება. ამასთან, 2014 წლის 12 ივნისს დაიკავა ნავთობით მდიდარი სადავო ტერიტორიები (მათ შორის ქ. ქირქუქი და შემოგარენი), რითაც კიდევ უფრო გაიზარდა მისი დამოუკიდებლობის ამბიციები.

 

დღევანდელობა – რეფერენდუმი და მისი შედეგები

ერაყის ქურთისტანის რეგიონულმა მთავრობამ, არაერთი სირთულის მიუხედავად, 2017 წლის 25 სექტემბერს ცალმხრივად მაინც ჩაატარა მრავალჯერ გადადებული რეფერენდუმი დამოუკიდებლობის თაობაზე, სადაც მონაწილეთა 92,7%-მა მხარი დაუჭირა რეგიონის ერაყისგან გამოყოფას. რეფერენდუმის გამართვა არ ნიშნავდა დამოუკიდებლობის ავტომატურად გამოცხადებას. ადგილობრივი ხელისუფლება რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით გეგმავდა მოლაპარაკებების დაწყებას ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებასა და მეზობელ ქვეყნებთან. ამასთან, ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტი მასუდ ბარზანი რეფერენდუმის ჩატარების გზით იმედოვნებდა დაკარგული პოპულარობის გაზრდას ქურთ ამომრჩევლებში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარე საფრთხეების მიუხედავად, რომელსაც ერთი შეხედვით, ქურთების კონსოლიდაციისთვის უნდა შეეწყო ხელი, მათში ყოველთვის ძლიერი იყო პოლიტიკური ფრაგმენტაცია. თუ ერაყის ქურთისტანის ერბილის გუბერნიაში მემარჯვენე ორიენტაციის „ქურთისტანის დემოკრატიული პარტია“ (KDP) დომინირებს, სულაიმანიეს პროვინციას მემარცხენე მიმართულების „ქურთისტანის პატრიოტული კავშირი“ (PUK) აკონტროლებს. ხოლო თურქეთთან, ირანთან და სირიასთან მოსაზღვრე ჩრდილოეთ ერაყის პროვინციებში ძლიერია ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული მარქსისტული მიმართულების „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) პოზიციები. მათ შორის დაპირისპირება არაერთხელ გადაზრდილა დიდ სისხლისღვრაში. დღესაც KDP და PUK ერთმანეთს ღალატსა და უცხო სახელმწიფოთა ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ, როდესაც საუბარია ა.წ. 16 ოქტომბერს ირანის მიერ ზურგგამაგრებული ერაყის შეიარაღებული ძალებისა და შიიტური „ჰაშდ ალ-შააბის“ დაჯგუფების მიერ ქ. ქირქუქის თითქმის უბრძოლველად დაკავებაზე.

ერაყის ქურთისტანის რეგიონულმა მთავრობამ რეფერენდუმის ჩატარებით შეძლო პატრიოტიზმის ტალღის აგორება და დამოუკიდებლობის იდეის გარშემო სხვადასხვა ძალის გაერთიანება, მაგრამ აშკარად ვერ გათვალა გარე აქტორების მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება რეფერენდუმის მიმართ. თავი რომ დავანებოთ ზემოხსენებული რეფერენდუმის იდეისადმი ერაყის ცენტრალური ხელისუფლების მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას, ბარზანიმ გადაიკიდა აწ უკვე ყოფილი პარტნიორები თურქეთისა და ირანის სახით, რომლებიც მეტად მგრძნობიარენი არიან ქურთული საკითხის მიმართ. ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებას სოლიდარობა გამოუცხადეს სხვა არაბულმა ქვეყნებმა და რუსეთმაც.

 

 

ერაყელი ქურთების უმთავრესმა მოკავშირე ვაშინგტონმაც კი შექმნილ სიტუაციაში ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირა მხარი – მას არ სურს „ერაყის პროექტის“ ჩავარდნა. შტატებში შიშობენ, რომ ქურთისტანის გამოყოფის შემთხვევაში შესაძლოა დაემხოს ერაყის ახლანდელი მთავრობა ჰაიდერ ალ-აბადის მეთაურობით და ბაღდადში ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ რადიკალმა შიიტურმა ძალებმა, რომლებიც სრულად მოექცევიან ირანის გავლენის ქვეშ.

ისრაელი აღმოჩნდა რეგიონის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით ღიად უჭერს მხარს ერაყელი ქურთების სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ. თუმცა, ერბილში კარგად ათვითცნობიერებენ, რომ ძლიერი, მაგრამ არა უშუალო მეზობლის მხარდაჭერა საკმარისი არ იქნება თურქეთ-ირანის მიერ უკვე დაწესებული სანქციების (ჩაიკეტა საჰაერო სივრცე, შეიზღუდა ქურთისტანის ნავთობის გადაქაჩვა ნავთობსადენით) შესაჩერებლად, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაიზარდოს სრულ სახმელეთო ბლოკადაშიც.

ამიტომ ერაყის ქურთისტანის ხელისუფლება 25 ოქტომბერს გამოვიდა რეფერენდუმის შედეგების შეჩერების (მაგრამ არა გაუქმების) ინიციატივით. აღსანიშნავია, რომ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ერაყის ცენტრალური ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეებისთვის და გაგრძელდა შეტევები „ფეშმერგას“ პოზიციებზე.

სიტუაციას არ ცვლის არც პრეზიდენტ ბარზანის მიერ 29 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება თანამდებობის დატოვების თაობაზე, რადგან მისი შემცვლელი იგივე კლანის წარმომადგენელი იქნება.

 

საფრთხეები

  • ირანი და თურქეთი ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნას აღიქვამენ ეგზისტენციალურ საფრთხედ. ანკარასა და თეირანში შიშობენ, რომ იგი შეიძლება იქცეს ერთგვარ მაგალითად და/ან მიზიდულობის ცენტრად თურქეთსა და ირანში მცხოვრები ქურთული წარმოშობის მოქალაქეებისთვის. თეირანში კარგად ახსოვთ, რომ სწორედ მასუდ ბარზანის მამამ მუსტაფა ბარზანიმ საბჭოთა კავშირის წაქეზებით 1946 წელს ირანის ტერიტორიაზე ჩამოაყალიბა ე.წ. „მაჰაბადის რესპუბლიკა“. მართალია, ეს წარმონაქმნი უდღეური აღმოჩნდა (1 წელიწადსაც ვერ გაძლო), მაგრამ იქცა სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქურთების შეკავშირების საგულისხმო პრეცედენტად. ამიტომ ორმა ძლიერმა რეგიონულმა ძალამ – ირანმა და თურქეთმა -ერაყთან ერთად დაიწყეს შეთანხმებული მოქმედება ერაყის ქურთისტანის ხელისუფლების წინააღმდეგ;
  • ახლო აღმოსავლეთში ასევე შიშობენ, რომ ერაყის ქურთისტანი შესაძლოა იქცეს ერთგვარ „პანდორას ყუთად“ (განსაკუთრებით სახიფათო იქნება დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადება) და მის მაგალითს მიჰყვნენ სხვა უმცირესობებიც რეგიონში. ამან კი შესაძლოა ქაოსისა და უმართავი პროცესების დაწყება გამოიწვიოს;
  • არსებობს თავად ერაყში გრძელვადიანი ეთნოკონფესიური დაპირისპირების დაწყების საფრთხეც, რასაც შესაძლოა ქვეყნის კიდევ უფრო პატარა ნაწილებად დაშლა მოჰყვეს. იქ ხომ ქურთების გარდა სუნიტი არაბები, თურქომანები, ასირიელები და იეზიდებიც დაჩაგრულად გრძნობენ თავს. ეს ჯგუფები კი შესაძლოა ადვილად იქცნენ ე.წ. „Proxy“-ებად დიდი სახელმწიფოების ხელში. სწორედ ასეთმა სიტუაციამ განაპირობა თავის დროზე ქვეყნის სუნიტურ ნაწილში „დაეშის“ პოზიციების გაძლიერება;
  • მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში მოსალოდნელია მორიგი ჰუმანიტარული კატასტროფა და ლტოლვილთა ახალი ნაკადების დაძვრა როგორც მეზობელი ქვეყნების (მათ შორის საქართველოს), ისე ევროპის მიმართულებით;
  • მართალია, ერაყის ქურთისტანის პრობლემა სრულიად განსხვავდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შემთხვევებისგან, მაგრამ მაინც შესაძლებელია იგი ამ მიმართულებითაც აქციონ აქტუალურ თემად. ერაყის ცენტრალურმა ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწყო  ეთნიკური წმენდა და დეპორტაცია ქურთებს, რაც საქართველოს შემთხვევაში პირიქით მოხდა – საოკუპაციო რეჟიმები იყვნენ ამ რეგიონებში მცხოვრები ეთნიკურად ქართული მოსახლეობის განადგურებისა და განდევნის მოთავენი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კრემლი, თუ მას ამის საშუალება მიეცემა, არ დაიწყებს ერაყის ქურთისტანის მაგალითზე აპელირებას.

 

დასკვნა

რეფერენდუმის ჩატარებას ბევრი სირთულე მოჰყვა, მაგრამ ფაქტია, რომ  ერაყის ქურთისტანში დამოუკიდებლობის საკითხმა თეორიული დისკუსიიდან კონკრეტულ პროცესში გადაინაცვლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა საკითხმა გააერთიანა მანამდე ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი ქურთული პარტიები და ჯგუფები.

არსებულ სიტუაციაში ერთადერთი რეალური გამოსავალი მხარეთა შორის პოლიტიკური დიალოგია, რომელსაც მეთვალყურეობა/პატრონაჟი საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გაუწიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტი შესაძლოა გადაიზარდოს დიდ სამხედრო დაპირისპირებასა და სისხლისღვრაში, რისი მომსწრეც ახლო აღმოსავლეთი არაერთხელ გამხდარა.