ავტორი: ალექს პეტრიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
14 დეკემბერს, დილით, როდესაც ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროპული კავშირის ლიდერები შეიკრიბნენ, ვერავინ ამბობდა თამამად, რომ ევროპული კომისიის რეკომენდაცია უკრაინასთან, მოლდოვასთან, საქართველოსა და ბოსნია ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით მიღებული იქნებოდა ერთხმად. დიახ, აქ სიტყვა „ერთხმად“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას და შინაარს იძენს, ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ, ევროპულ კავშირში გადაწყვეტილება კონსენსუსის წესით, ანუ ერთხმად მიიღება. ყურადღების ცენტრში იყო ერთადერთი ქვეყნის – უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომლის განცხადებები ყველაფერზე მეტყველებდა, გარდა იმისა, რომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღებოდა. როგორც ერთმა ევროპელმა ელჩმა პირად საუბარში დამიდასტურა, მას (ორბანს) ძალიან უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და, შესაძლოა,ამიტომაც ატეხა ამხელა ამბავიო. შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც ყოფილიყო, თუმცა სამიტამდეც და უშუალოდ მისი მიმდინარეობისას ინტენსიურად ლაპარაკობდნენ ორბანის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე: ის მზად იყო უკრაინისთვის 50–მილიარდიანი ევროს დახმარებაზე დათანხმებაზე უნგრეთისთვის ევროპული კავშირის მიერ გამოყოფილი 30 მილიარდი ევროს „გალღობის“სანაცვლოდ.
სამიტამდე ერთი დღით ადრე გავრცელდა ცნობები, რომ ევროპული კავშირი თანხმა იყო უნგრეთისთვის 10,2 მილიარდ ევროზე ბლოკის მოხსნისთვის, თუკი უნგრეთი დათანხმდებოდა უკრაინის ევროპულ კავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, უკრაინისთვის 2024-2027 წლებში 50 მილიარდის გამოყოფას და ევროპული კავშირის სანქციების მე-12 პაკეტის დამტკიცებას. სხვათა შორის, ამ ცნობას ნეგატიურად შეხვდნენ თავად ევროპულ კავშირში. მთელი რიგი ევროპარლამენტარები გამოვიდნენ ძალიან სერიოზული კრიტიკით ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ხოლო ბელგიის პრემიერ–მინისტრმა ალექსანდერ დე კროომ ყველაზე ხისტი კომენტარი გააკეთა: „აქ არ არის უნგრული ბაზარიდა გადაწყვეტილებები ფულზე არ იყიდება“. სხვათაშორის, დე კროომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც საკმაოდ მკვახე განცხადება გააკეთა ორბანის მისამართით, მაგრამ მაშინვე უკან დაიხია – უმჯობესი იქნებოდა, ეს არ მეთქვაო.
მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, აგრეთვე ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი. საბოლოო ჯამში, გამოსავალი სწორედ კანცლერმა შოლცმა გამონახა. ეს ხმამაღლა არ თქმულა, მაგრამ პროცესში ჩართული დიპლომატები ერთხმად ადასტურებენ (ანონიმურად), რომ სწორედ შოლცმა საკუთარი წარსული პარტიული გამოცდილებიდან გამოიყენა ეს ილეთი და ორბანს კენჭის ყრის დროს დარბაზის დატოვება შესთავაზა, რაც სამართლებრივი კუთხით, რა თქმა უნდა, შესწავლილი იყო და პრობლემას არ წარმოადგენდა გადაწყვეტილების მისაღებად. ასეც მოხდა: წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ვიქტორ ორბანმა დატოვა დარბაზი და 26წევრმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ამას მოჰყვა ორბანის განცხადებები, ფბ– და ტვიტერ–სტატუსები, რომ მას არ სურდა გამხდარიყო ამ არასწორი გადაწყვეტილების თანამონაწილე და ა.შ. გარდა ამისა, ორბანმა დაბლოკა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხი, თუმცა აღნიშნა, რომ ამას დამატებითი დამუშავება სჭირდება და ევროპული კავშირის ლიდერები უნდა დაუბრუნდნენ ამ საკითხს ახლო მომავალში. ნიდერლანდების უკვე წარმავალმა პრემიერ–მინისტრმა რუტემ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ევროპელი ლიდერები ახალი წლის შემდეგ ძალიან მალე შეიკრიბებიან და ამ საკითხს გადაწყვეტენ. ევროპელი დიპლომატებიც (ანონიმურად) ასევე ადასტურებენ, რომ დახმარების საკითხი, სავარაუდოდ, იანვარში გადაწყდება, უბრალოდ, ორბანისთვის ყველაფერზე ერთდროულად დათანხმება ძალიან რთული იქნებოდა.
როგორც ამბობენ, ორბანმა „სახე შეინარჩუნა“. ვისთან? რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მის მხარდამჭერებთან, მაგრამ აგრეთვე ვლადიმერ პუტინთან, რომელმაც იმავე დღეს მიმდინარე ყოველწლიურ პრეს-კონფერენციაზე ხაზგასმით გამოყო ორბანი და სლოვაკეთის პრემიერი ფიცო ევროპული კავშირის დანარჩენი ლიდერებისგან. „ორბანი და ფიცო არ არიან პრორუსი პოლიტიკოსები, არამედ ისინი პრონაციონალური ლიდერები არიან,განსხვავებით დანარჩენი ევროპული კავშირის მეთაურებისგან, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებზე არიან დამოკიდებული“ (დაფასებაც ასეთი უნდა).
როგორც ყოველთვის, ძალიან ზუსტი იყო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გაკეთებული მთავარი აქცენტები მის ვირტუალურ მიმართვაში ევროპული საბჭოს ლიდერებისადმი. „დღეს გადაწყვეტილება ან ბრიუსელში მიიღება, ან მოსკოვში“!თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებისმიღებას უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა ევროპული კავშირისთვის, ვიდრე უკრაინისთვის ან სხვა რომელიმე ცალკე აღებული არაწევრი ქვეყნისთვის. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ს კონგრესმა, მიუხედავად პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის და პრეზიდენტ ზელენსკის ძალისხმევისა, მაინც არ განიხილა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარი დახმარების გამოყოფის საკითხი, ევროპული კავშირის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ისედაც სულ უფრო ხშირად გაიგონებთ „უკრაინით გადაღლის“ შესახებ მსჯელობებს ევროპასა და აშშ-ში. ამიტომ ვაშინგტონში შიდა პოლიტიკური დაპირისპირების შედეგად მიღებულ, უფრო სწორად, ვერ მიღებულ გადაწყვეტილებას კიდევ უფრო მეტად დაამძიმებდა ევროპული კავშირის ჩავარდნა. თანაც, ეს არ იქნებოდა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებული წარუმატებლობა, არამედ ის აუცილებლად შეეხებოდა გაფართოების პროექტს მთლიანად.
ამიტომაც იყო ევროპული საბჭოს სამიტი ასეთი ისტორიული და, შესაბამისად, ევროპულმა კავშირმაც ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო; იმდენად ისტორიული, რომ 10.2 მილიარდი ევროს უნგრეთისთვის „გალღობის“ გამო გამოთქმული კრიტიკაც კი ასატანი იყო. ორბანის გარდა, ყველა ბედნიერი იყო ბრიუსელში, კიევში, თბილისში, კიშინიოვსა და სარაევოში. თუმცა, ზეიმი გაივლის და ორბანი ისევ იტყვის „თავის სიტყვას“, როდესაც რეალურად დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან, ვინაიდან წინ ძალიან სერიოზული და შრომატევადი პროცესია და კიდევ ბევრჯერ გახდება საჭირო კონსენსუსის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება. ეს ევროპულ კავშირშიც კარგად იციან და იმასაც სრულად აცნობიერებენ, რომ გაფართოებისთვის არა მხოლოდ კანდიდატი ქვეყნები უნდა მოემზადონ, არამედ თავად ევროპული კავშირიც. ამიტომაც მიდის ინტენსიური მუშაობა საფრანგეთის და გერმანიის თაოსნობით, რომ ევროპულ კავშირში ისეთი რეფორმები გატარდეს, რომლებიც აღარავის მისცემს დანარჩენი წევრების დაშანტაჟების საშუალებას და შექმნის გამართულ მექანიზმებს ახალი წევრების შემატების გათვალისწინებით.
ვიდრე მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილებამდე მივალთ, საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 9 დათქმა, რომელთა შორის, ჩემი აზრით, მთავარია, რომ თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. რთული სათქმელია, რამდენად ზედმიწევნით შესრულდება დათქმები, მაგრამ ერთი რამ ცხადია: საქართველოში 14 დეკემბერს ძალიან ბევრმა ირწმუნა, რომ ევროპულ კავშირში გაწევრიანება მართლაც რეალობაა და არა – ვინმეს მორიგი ყალბი დაპირება ან ოცნება. შესაბამისად, მოთხოვნაც კიდევ უფრო გაიზრდება ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის მიმართ, ვინაიდან სწორედ ის არის მთავარი პასუხისმგებელი მოთხოვნების შესრულებაზე. წინ ძალიანრთული პროცესია, რომლის დროსაც ციფრებით მანიპულირება უკვე აღარავის გამოუვა. არც მხოლოდ ორბანთან „დალაგება“ უშველის საქმეს (არც 14 დეკემბერს უშველიდა, უკრაინაზე შეთანხმება რომ არ შემდგარიყო). საბოლოოდ, რომელ ძალას/ძალებსაც ექნებათ ამ კომპლექსური ეტაპის წარმატებით გავლისმტკიცე პოლიტიკური ნება, სწორედ ის ძალა/ძალები შეძლებენ საქართველოს ევროპულ კავშირში გაწევრიანების მიღწევას და ამით ქვეყნის ისტორიაში შესვლას.