ავტორი: თეკლა გაბრიჭიძე
შესავალი
2024 წელი მსოფლიოში ყველაზე დიდი საარჩევნო წელია – 64-ზე მეტი ქვეყანა წელს არჩევნების წინაშე დგას. მათ შორისაა ევროპარლამენტის არჩევნებიც, ზენაციონალურ დონეზე, რომელიც 6-9 ივნისს არის დაგეგმილი და რომელშიც 400 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მისცემს ხმას და აირჩევს 720 წევრს, რომლებიც ევროკავშირის ერთადერთი პირდაპირ არჩეული ინსტიტუციის წარმომადგენლები იქნებიან. 2019 წელს არჩევნებში მონაწილეობის აქტივობამ მაქსიმალურ 50.6%-ს მიაღწია, რაც ნაწილობრივ ახალგაზრდების უფრო მასობრივმა ჩართულობამ გამოიწვია. მას შემდეგ ევროპაში არსებითი ცვლილებები მოხდა – COVID-19-ის პანდემია, ეკონომიკური კრიზისები და სამეზობლოში გეოპოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომმა წარმოქმნა.
ამ ფონზე, თანაც ესწრაფვის რა ევროკავშირი რომ გააძლიეროს თავისი გლობალური გავლენა, ევროპარლამენტის არჩევნების მნიშვნელოვნება მხოლოდ გაიზარდა. ჩვენი მიზანია სტატიაში წარმოვადგინოთ ევროპარლამენტის მნიშვნელობა და როლი ევროკავშირის ინსტიტუციურ ჩარჩოებში, ასევე არჩევნების პოტენციური შედეგი და მისი გავლენა ევროკავშირის სტრატეგიასა და პოლიტიკაზე.
ევროპარლამენტის მნიშვნელობა
1962 წელს დაარსებულმა ევროპარლამენტმა 1992 წელს მაასტრიხტის ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი ძალაუფლება მოიპოვა. ის გადაიქცა ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ მხარედ და საბჭოსთან ერთად თანაკანონმდებელი გახდა. დღეს, ჩვეულებრივი საკანონმდებლო პროცედურის საშუალებით, პარლამენტი საბჭოსთან თანამშრომლობს და ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხების 95%-ზე იღებს გადაწყვეტილებას. მისი როლი სცილდება კანონმდებლობის ფარგლებს და მოიცავს ზედამხედველობის ფუნქციებს, როგორიცაა კომისიის პრეზიდენტისა თუ ევროკავშირის ბიუჯეტის დამტკიცება და ევროკავშირის ინსტიტუტების ზედამხედველობა.
ევროკავშირის ინსტიტუციურ ჩარჩოებში კომისია წარმოადგენს საზოგადოების ლოგიკას, საბჭო ასახავს წევრი სახელმწიფოების ინტერესებს და ევროპარლამენტი მოიცავს და ახორციელებს დემოკრატიულ პრინციპებს. ასეთი წყობა ხაზს უსვამს ევროპარლამენტის არჩევნების მნიშვნელობას და დემოკრატიის ლაკმუსის ქაღალდია კავშირისთვის.
მარჯვნიდან მოსალოდნელი ბიძგი
ევროპარლამენტის მოახლოებული 2024 წლის არჩევნები, როგორც ჩანს, მემარჯვენე იდეოლოგიებისკენ მიმართულ ტენდენციას ავლენს მთელი ევროკავშირის მასშტაბით. პოპულისტური რადიკალური მემარჯვენე პარტიები მამოძრავებელ ძალას იძენენ, ხოლო მემარცხენე ცენტრის და მწვანე ფრაქციების მხარდაჭერა იკლებს. მთავარი პარტიები, როგორიცაა ევროპის სახალხო პარტია (EPP) და სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი (S&D), სავარაუდოდ, საარჩევნო გამოწვევების პირისპირ აღმოჩნდებიან. მოსალოდნელია, რომ პოპულისტური მემარჯვენე ჯგუფები, როგორიცაა იდენტობა და დემოკრატია (ID) და ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR) გავლენას მოიპოვებენ. ევროსკეპტიკური პოპულისტური მოძრაობების დომინირებას ვარაუდობენ რამდენიმე მთავარ წევრ სახელმწიფოში, რომელთა შორისაც არიან ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი და სლოვაკეთი.
ევროპარლამენტის ორი ძირითადი პოლიტიკური ჯგუფი, ევროპის სახალხო პარტია (EPP) და სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი (S&D), კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ისინი ადვოკატირებას უწევენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და მხარს უჭერენ ევროკავშირის გაფართოების მცდელობებს, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ სამეზობლოში. ისინი ყურადღებას ამახვილებენ დემოკრატიის ხელშეწყობაზე, კანონის უზენაესობის დაცვასა და რეგიონში ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობაზე.
ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენე ფრაქციები იყოფა ორ პოლიტიკურ ჯგუფად, რომლებიც ძირითადად ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR) უფრო უკრაინის, გაფართოების და ნატოს მომხრეები არიან. ისინი ეთანხმებიან ევროკავშირის პოზიციას რუსეთთან მიმართებით და არიან „ანტიპუტინისტები“. მეორე მხრივ, პარტიას „იდენტობა და დემოკრატია“ (ID) ხედვა უფრო რუსეთისკენ აქვს მიმართული და აკრიტიკებს დასავლეთის ჩართულობას და უკრაინისათვის დახმარების გაწევას რუსეთ-უკრაინის ომში. ECR მოიცავს სახელგანთქმულ პარტიებს, როგორიცაა იტალიის ძმები, ესპანეთის Vox, პოლონეთის კანონი და სამართლიანობა (PiS) და საფრანგეთის Reconquete!. ID ჯგუფში შედის საფრანგეთის ეროვნული გაერთიანება (RN), იტალიის პარტია ლიგა, გერმანიის AfD, ავსტრიის FPO და გეერტ ვილდერსის PVV და თავისუფლების პარტია ნიდერლანდებიდან.
არსებობს პროგნოზი, რომ კოლექტიური პოპულისტური ზენაციონალური პარტიები ადგილების რაოდენობას 157-მდე გაზრდიან, Fidesz-ის პოტენციური მხარდაჭერის გათვალისწინების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ევროპარლამენტში 705 ადგილიდან მხოლოდ 135 უკავია. მემარჯვენეების რიცხვის ასეთმა პოტენციურმა ზრდამ შესაძლოა ევროპარლამენტში კოალიციის ჩამოყალიბება გამოიწვიოს, რომელიც პოტენციურად მოიცავს ქრისტიან დემოკრატებს, კონსერვატორებს და რადიკალურ მემარჯვენე ევროპარლამენტარებს. პოლიტიკურ დინამიკაში ამ ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ძალაუფლების ბალანსზე და შეაფერხოს ევროკავშირის ძალისხმევა, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. შედეგად, მან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ევროკავშირის მწვანე შეთანხმებას და შეანელოს წარმატება მისი წმინდა ნულოვანი მიზნების მისაღწევად. გარდა ამისა, კოალიციის შექმნის გარეშეც კი, ბრიუსელში პოპულისტური ძალაუფლების უმნიშვნელო ზრდამ შეიძლება შექმნას გამოწვევები, განსაკუთრებით, უკრაინის დახმარების მიმართულებით. პოპულისტი ლიდერების გაძლიერება მისცემთ მათ საშუალებას დათესონ განხეთქილება და შეასუსტონ დასავლური სოლიდარობა უკრაინის მიმართ, რაც უფრო მეტ ხმას მოუტანს პრორუსულ, ანტიდასავლურ ევროსკეპტიკოსებს კავშირში და უფრო ფართოდ – დასავლურ ალიანსში.
დასკვნა
ევროპარლამენტის მოახლოებული არჩევნები გარდამტეხი მომენტია ევროპული პოლიტიკისა და მისი მომავლისათვის. სავარაუდოდ, მოსალოდნელი შედეგებიდან გამომდინარე, 2024 წლის ივნისის შემდგომ ევროპარლამენტმა შესაძლოა მნიშვნელოვნად გადაიწიოს მემარჯვენეებისკენ. მაშინ, როდესაც პარლამენტის პირდაპირი გავლენა საგარეო პოლიტიკაზე შეზღუდულია, პოტენციური პოლიტიკური ალიანსები, რომლებიც წარმოიქმნება არჩევნების შემდეგ და მათი გავლენა წევრ სახელმწიფოებთან შიდა დისკუსიებზე, დიდ გავლენას მოახდენს ევროკომისიის და ევროსაბჭოს მხრიდან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მართვის შესაძლებლობაზე.
მომავალ ევროპარლამენტს შეუძლია შეაფერხოს მწვანე შეთანხმების შემდეგი ეტაპისთვის საჭირო კანონმდებლობის განხორციელება, რომელიც პოლიტიკურად მგრძნობიარეა და შეიძლება გავლენა იქონიოს ევროკავშირის კლიმატის სუვერენიტეტზე. გარდა ამისა, პარლამენტს შეუძლია მიიღოს უფრო მკაცრი პოზიცია ევროკავშირის სუვერენიტეტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მიგრაცია, გაფართოება და უკრაინის მხარდაჭერა. ამან შესაძლოა შეზღუდოს ეროვნული მთავრობების პოზიციები ევროსაბჭოში, რადგანაც არჩევნები, სავარაუდოდ, წარმოქმნის შიდა დებატებს და გავლენას მოახდენს მათ პოზიციებზე.
საბოლოო ჯამში, 2024 წლის 6-9 ივნისს ევროპელი მოქალაქეები განსაზღვრავენ ევროკავშირის მომდევნო ხუთი წლის პოლიტიკურ ტრაექტორიას, რასაც უდიდესი გავლენა ექნება მისი მიმართულების გეზსა და პრიორიტეტებზე.