კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
23 ნოემბერს ევროპარლამენტმა მოისმინა ხორვატი ევროპარლამენტარის, ტონინო პიკულას ანგარიში „ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგიის შესახებ“ და ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო შესაბამისი რეზოლუციის ტექსტი.
რეზოლუციაში ევროპარლამენტის დეპუტატები ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიას, ასევე საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს მოუწოდებენ, შეიმუშაონ ისეთი ქმედითი მიდგომები, რომლებიც ერთი მხრივ, დააჩქარებს და ხელს შეუწყობს ევროკავშირის გაფართოების პროცესს და, მეორე მხრივ, წევრობის მსურველი ქვეყნებისთვის უფრო მომთხოვნსა და მიზანმიმართულს გახდის ამ პროცესს. გაზრდილი და მეტად დაკონკრეტებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ევროპარლამენტის შეთავაზებაა, გაიზარდოს კანდიდატი ქვეყნების რეფორმების ხელშეწყობის დაფინანსება, პოლიტიკური და ტექნიკური მხარდაჭერა.
რეზოლუციაში გაფართოების პროცესის გამარტივების მიმართულებით გადასადგმელ სავარაუდო ნაბიჯად მოიაზრება კანდიდატ ქვეყანასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრის შემოღება. ევროპარლამენტის რეკომენდაციით, ასევე საჭიროა მოიხსნას კონსენსუსის აუცილებლობა მოლაპარაკებების ცალკეული თავების გახსნა-დახურვის გადაწყვეტილებებზე. როგორც ცნობილია, ასეთ გადაწყვეტილებებზე ამ დროისთვის არსებული ექსკლუზიური კონსენსუსის წესის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა კონკრეტული ქვეყნისთვის, კერძოდ, ჩრდილოეთ მაკედონიისთვის ჯერ კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭება, ხოლო შემდგომ მასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება. ერთ შემთხვევაში, ქვეყანას პრეტენზიას საბერძნეთი უყენებდა, ხოლო მეორეში კი –ბულგარეთი, მაშინ, როდესაც ყველა სხვა წევრი ქვეყანა მხარს უჭერდა დადებით გადაწყვეტილებას. ორივე შემთხვევაში საკითხის არსი წმინდად ორმხრივი ურთიერთობების სიბრტყეში მოიაზრებოდა და რეალურად კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან კავშირი არ გააჩნდა.
რეზოლუციაში კვლავ ხაზგასმულია ახალი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში კოპენჰაგენის კრიტერიუმების გამოყენების აუცილებლობა და ე.წ. ევროკავშირის ინტეგრაციული შესაძლებლობის ფაქტორის გათვალისწინება. ეს ბოლო „კრიტერიუმი“ მოგვიანებით, ორიათასიან წლებში, დაემატა 1993 წელს მიღებულ კოპენჰაგენის კრიტერიუმებს და პრაქტიკული კუთხით გაართულა გაფართოების პროცესი, რადგან ითვალისწინებს იმ გარემოებას, თუ რამდენად აქვს კონკრეტული მომენტისთვის ევროკავშირს ახალი წევრების ინტეგრაციისთვის საჭირო ეკონომიკური და ინსტიტუციური შესაძლებლობები.
ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია შეიცავს მნიშვნელოვან მოწოდებას, რომ ევროკავშირში შიდა რეფორმებზე მიმდინარე დისკუსიებში ჩაერთონ კანდიდატი სახელმწიფოებიც. აქვე ევროკავშირს მოუწოდებენ, რომ დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან გაგრძელდეს რეგულარული სამიტების ჩატარება. ევროპარლამენტარების აზრით, აუცილებელია იმის დემონსტრირება, რომ ევროკავშირი რჩება მზარდ გაერთიანებად და ღიაა ისეთი ქვეყნების მისაღებად, რომლებიც მისებრ პატივს სცემენ დემოკრატიულ ფასეულობებსა და იზიარებენ ევროკავშირის დამფუძნებელი შეთანხმებების სულისკვეთებას. მათი აზრით, დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გაწევრიანების პროცესში წინსვლა, მხოლოდ სათანადო „დამსახურების“ შესაბამისად უნდა ხორციელდებოდეს.
რეზოლუციაში მხარდაჭერილია გაწევრიანების პროცესისთვის შემუშავებული ახალი მეთოდოლოგია, რომელიც რეფორმების პირობითობას მჭიდროდ უკავშირებს კანდიდატი ქვეყნებისთვის ტექნიკური და ფინანსური დახმარების ინსტრუმენტებს. ამავე დროს, რეზოლუცია მოითხოვს პროცესის ზედამხედველობაში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართვას.
ძალიან მნიშვნელოვანია განცხადება იმის შესახებ, რომ რეგიონალურმა დავებმა და კონფლიქტებმა არ უნდა დაბლოკონ კანდიდატი სახელმწიფოს გაწევრიანების პროცესი. ევროპარლამენტი მოუწოდებს ინსტიტუტებს, რომ შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი ოფიციალური მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს დავების მოგვარებას, მაგრამ ამ საქმიანობას გაწევრიანების პროცესისგან განცალკევებით აწარმოებს.
ევროპარლამენტის ამ რეკომენდაციის გათვალისწინება და მისი ხორცშესხმა უდიდეს გავლენას მოახდენს რიგი ქვეყნების ევროპულ მომავალზე. მაგალითად, სერბეთის გაწევრიანების საკითხი აღარ შეფერხდება კოსოვოსთან არსებული კონფლიქტის მოუგვარებლობის გამო. ასევე ვეღარ შეაფერხებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოუგვარებელი პრობლემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლას, ხოლო უკრაინისა თუ მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ვეღარ განიხილება წინაღობად მათი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ასეთი მიდგომის დამკვიდრების მნიშვნელობის შეფასებისთვის საკმარისია გავიხსენოთ გერმანიის ყოფილი კანცლერის განცხადებები, შიდა კონფლიქტების გამო, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შეუძლებლობასთან დაკავშირებით.
ევროპარლამენტი ღიად მოუწოდებს, რომ დაჩქარდეს იმ ქვეყნების გაწევრიანება, რომელთა სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირის შეთავაზებულ რეფორმებზე ეჭვს არ იწვევს. ამ კონტექსტში დემოკრატიულ კონსოლიდაციასთან ერთად, ასევე ნახსენებია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ კურსთან თანხვედრა, მისი სანქციების პოლიტიკის ჩათვლით. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ეხება ჩვენს პოზიციას რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე. ტექსტში დაკონკრეტებული და ხაზგასმულია, რომ სერბეთის (რომელიც უკვე გაწევრიანების პროცესის დამაგვირგვინებელ ეტაპზეა) ევროკავშირში მიღების საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს დადებითად, თუ ეს უკანასკნელი შეუერთდება ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს. როგორც ვხედავთ, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ევროპის პოლიტიკური ძალების ტონი და განწყობები მნიშვნელოვნადაა შეცვლილი.
ნავარაუდებია, რომ გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყნებისთვის შემუშავდება ინდივიდუალური საგზაო რუკები, რომელთა გამოყენება არა მარტო გაწევრიანების კრიტერიუმების დაკმაყოფილებას, არამედ ქვეყნის განვითარებასაც უზრუნველყოფს. ასეთი სახის პროგრესის საპირწონედ კანდიდატ სახელმწიფოს უნდა მიეცეს ევროკავშირის ერთიან პოლიტიკებში მონაწილეობის ფართო შესაძლებლობა, რათა მეტად ინტეგრირდეს ერთიან ბაზარში და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გაუჩნდეს წვდომა ევროკავშირის სტრუქტურულ და სექტორულ ფონდებზე. ამ მიმართულებით, ევროკავშირის ამოცანაა შეამციროს წევრი სახელმწიფოებისა და კანდიდატი სახელმწიფოების განვითარების დონეებს შორის არსებული საგრძნობი განსხვავება.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს კანდიდატი სახელმწიფოების სანქცირებისკენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაუმართლებლად აყოვნებენ დემოკრატიის, მედია-თავისუფლების, კორუფციასთან ბრძოლის, ადამიანთა უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმებს. ამავე დროს, ევროპარლამენტარები ემხრობიან იმ აზრს, რომ კანდიდატ სახელმწიფოებს უნდა მიეცეთ ევროკავშირის ინსტიტუტებში დაკვირვებისა და მათი მუშაობის პროცესში მონაწილეობის საშუალება, რათა თანდათანობით გაეცნონ და გაითავისონ კავშირის წევრი ქვეყნის როლი. ასევე საჭიროდ მიაჩნიათ, რომ გაღრმავდეს სტრუქტურული თანამშრომლობის ელემენტები კანდიდატ ქვეყნებთან ურთიერთობებში, მათ შორის, ლიდერების დიალოგი ევროპული საბჭოს შეხვედრების დროს.
როგორც ცნობილია 24 ივნისს, ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების პარალელურად, ბოსნია-ჰერცეგოვინისთვისაც შეიმუშავა ანალოგიური ხასიათის 14-პუნქტიანი რეკომენდაცია, როგორც კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების პირობა. რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ გამოსცა „მიმართვა“, რომელშიც შეაფასა ბოსნია-ჰერცეგოვინის მიერ მიღწეული წარმატება და რეკომენდაცია გაუწია ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.
23 ნოემბრის რეზოლუციაში ევროპარლამენტი გამოეხმაურა ამ ფაქტს, მიულოცა ბოსნია-ჰერცეგოვინას წინსვლა და მიმართა ევროპულ საბჭოს, რომ მოკლე ვადაში მიანიჭოს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატობა. როგორც ვხედავთ, ჩვენ ჯერ-ჯერობით ვერ მოვახერხეთ ჩვენთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულებაში სათანადო წინსვლა და, შესაბამისად, ჩვენი საკითხის განხილვა მომავალი წლისთვის გადაიდო.
ევროპარლამენტი მოითხოვს, რომ ევროკავშირი დაეხმაროს მოლდოვას უკრაინას და საქართველოს მათთვის წაყენებული პირობების შესრულებაში, მათ შორის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, კორუფციასთან ბრძოლის, დემოკრატიული კონტროლის, ადამიანის უფლებების, დეოლიგარქიზაციის მიმართულებით.
ევროპარლამენტი ასევე ამახვილებს ყურადღებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩოდან ამ სამი ქვეყნის გაფართოების ჩარჩოში გადაყვანის აუცილებლობაზე. კონკრეტულად კი მოიაზრებს, გლობალური ევროპის ინსტრუმენტის (NDICI) ნაცვლად, მათ გაწევრიანების წინა ინსტრუმენტით (IPA III) დაფინანსებაზე გადაყვანას. ამავე დროს, ის ითხოვს IPA III-ის ფონდების შესაბამისად გაზრდას, რათა მოხერხდეს ახალი ბენეფიციარების ადეკვატურად დაფინანსება.
პირობითობასთან მიმართებით ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატიული ტრანსფორმაცია ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით ცენტრალურ ადგილს იკავებს. ამ კონტექსტში პოზიტიური პირობითობა უკავშირდება ევროკავშირის პოლიტიკებში ქვეყნის უფრო აქტიურ ჩართვასა და მჭიდრო ინტეგრაციას, ხოლო ნეგატიური პირობითობა, გულისხმობს, რომ თუ ქვეყანა არ ატარებს შეპირებულ რეფორმებს, მასთან მოლაპარაკებები შეიძლება შეჩერდეს ან გადავადდეს. იგივე ეხება გაწევრიანების წინა ინსტრუმენტიდან დაფინანსებასაც.
რეზოლუციაში განსაკუთრებულადაა ხაზგასმული კანდიდატ სახელმწიფოში ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მიმართ სიძულვილის ენის, ძალადობის, დისკრიმინაციის და სხვა სახის დაუშვებელი ქცევის აღკვეთის აუცილებლობა, ასეთი ფაქტების ბოლომდე გამოძიების მოთხოვნით. ეს ეხება ასევე მედიასაშუალებებზე მფლობელობის კონცენტრაციას და მათი დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას.
დასკვნა
ევროპარლამენტის რეზოლუციის სულისკვეთება ცხადყოფს, რომ კავშირის გაფართოებაში ევროპული პოლიტიკური ძალების დაინტერესება უპრეცედენტოდ გაიზარდა. ევროპაში გაფართოების ახალი ქარი ქრის და ის ახალ შანსს სთავაზობს თავის პარტნიორ ქვეყნებს. ამავე დროს, არ დამცხრალა და კიდევ უფრო ძლიერდება ევროპელ პოლიტიკოსთა მოთხოვნა, რომ წევრობის კანდიდატებმა პატივი სცენ დემოკრატიულ ფასეულობებს, რადგან მხოლოდ ამ სულისკვეთებით გამსჭვალულ ქვეყნებს მიიღებენ ახალ წევრებად. ერთი მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანება კიდევ უფრო დიდ ძალისხმევას მოითხოვს კანდიდატი ქვეყნებისგან, ვიდრე ადრე. მაგრამ აშკარაა ისიც, რომ თავად ევროკავშირის ინსტიტუტები და წევრი ქვეყნები მზად არიან მაქსიმალურად დაეხმარონ კანდიდატ ქვეყნებს მათ წინსვლასა და განვითარებაში და, შესაბამისად, წაყენებული პირობების შესრულებაშიც. შესაძლებლობების ფანჯარა ფართოდაა გახსნილი და ხელიდან არ უნდა გავუშვათ ეს შანსი.