ავტორი: თეონა ლავრელაშვილილუვენის უნივერსიტეტის მკვლევარი

 

არჩევნების ღამეს ბრიუსელში უხალისო განწყობა იყო. ევროპეისტები შფოთავდნენ პოპულისტური ძალების შესაძლო აღმავლობის გამო, რაც არ მოხდა, თუმცა საზეიმოც ბევრი არაფერი ყოფილა.

კარგი ამბავი ის არის, რომ ევროპარლამენტის არჩევნებმა ახალი იმპულსი შეიძინა. 1979 წელს ჩატარებული პირველი პირდაპირი არჩევნების შემდეგ ამომრჩეველთა აქტივობა სულ უფრო და უფრო  მცირდებოდა. 2019 წელს კი, წინა არჩევნებთან შედარებით, ამომრჩეველთა მონაწილეობა თითქმის 9%-ით გაიზარდა. ეს დადებითი ტენდენცია აჩვენებს, რომ ხალხი კვლავაც არის დაინტერესებული ევროპით  და შეინიშნება ევროპელი დემოსის გამოღვიძება, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნებს აღარ მოიაზრებს „მეორე რანგის“ არჩევნებად. კიდევ ერთი კარგი სიახლე ის არის, რომ პოპულისტები და ნაციონალისტები თავშეკავებით იყვნენ  და ისტერია, დაკავშირებული  პროევროპულ და ანტიევროპულ პოპულისტურ ძალებს შორის არსებულ იდეოლოგიურ განხეთქილებასთან, დასრულდა.

ცუდი კი ისაა, რომ ევროკავშირი გაურკვევლობაში დარჩა არა დანაწევრების – ბოლოს და ბოლოს მთავარ პარტიებს შეუძლიათ უმრავლესობა უზრუნველყონ, არამედ მზარდი განხეთქილების გამო, რომელიც არსებობს წევრ სახელმწიფოებში, სადაც ევროპის მომავლის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებია. ევროკავშირის საბჭოს ახალ წყობაშიც უფრო დელიკატური გახდება შეთანხმებების მიღწევა. ცხადია, პოლიტიკურ გარემოზე გავლენას პოპულისტებიც ახდენენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი აღზევება არ მოხდა, ადგილების წილი 20%-დან 25%-მდე მაინც გაზარდეს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ იტალია, დამფუძნებელი წევრი სახელმწიფო, ევროკავშირის პრინციპებს სულ უფრო შორდება და ნატალი ტოჩის სიტყვებით რომ ითქვას, „ეროვნული მარგინალიზაციის გზა აირჩია“. იტალიაში პირველ ადგილას სალვინის ულტრამემარჯვენე ლიგის პარტია გავიდა. სალვინი საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან, უნგრეთსა და პოლონეთთან ერთად, ევროკავშირის თამაშის წესების ცვლილებას აანონსებს. მარინ ლე პენის გამარჯვება, მიუხედავად მცირე ზღვრისა,  ევროკავშირის რენესანსის მაკრონის ხედვის შესუსტებაზე მიანიშნებს მაშინ, როცა ბრიტანეთში ფარაჟი კვლავ ყურადღების ცენტრშია. ბელგიაში არჩევნების ღამე „შავი კვირა“ აღმოჩნდა – ნაციონალისტურმა, სეპარატისტულმა და ანტიიმიგრანტულმა პარტიამ, “Vlaams Belang” (ფლამანდიის ინტერესი), სამი არჩევნები მოიგო (რეგიონული, ფედერალური და ევროპული). ამ ტიპის პარტიების აღზევება გვიჩვენებს, რომ პოლიტიკური ტაბუების პერიოდი დასრულდა და ხალხი ულტრამემარჯვენეობის ღიად ჩვენებას არ ერიდება.

ეს ტენდენციები კვლავ ადასტურებს, რომ ევროპაში პოლიტიკური აქტივობა მუდმივად იცვლება. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ არ უნდა შეგვეშალოს ცალკეული ქვეყნების შედეგებში ევროპული ტენდენციების ამოცნობა. მაგალითად, თუ გერმანელი და ფრანგი მოქალაქეებისათვის მწვანე პოლიტიკაა მიმზიდველი, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას სხვა მიმართულებები უფრო აინტერესებს. ამომრჩევლების პრეფერენციები ფრაგმენტულია, რაც თავის მხრივ რეგიონულ დაყოფასა და ევროკავშირში არსებულ უთანასწორობას წარმოაჩენს.

რას ნიშნავს ევროპარლამენტის არჩევნები საქართველოსთვის?

პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ ევროპარლამენტში ძალის ახალი ბალანსია. უმრავლესობა, რომელსაც 40 წლის განმავლობაში კონსერვატორული მემარჯვენე-ცენტრისტული EPP (ევროპის სახალხო პარტია) და PES (ევროპის სოციალისტების პარტია) იყოფდნენ, დასრულდა. მოსალოდნელია უფრო ფართო კოალიციების შექმნა, ლიბერალებისა და მწვანეების ჩართვით. საქართველოსთვის გამოწვევა შეიძლება იყოს ის, რომ შეთანხმებები და გადაწყვეტილებები ქვეყნისთვის სპეციფიკური საკითხებისა და საგარეო ურთიერთობების (აღმოსავლეთ პარტნიორობა) შესახებ უფრო კომპლექსური და ხანგრძლივი იქნება. ქართველმა დიპლომატებმა თავიანთი მოლაპარაკებების სტრატეგიები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს უნდა მოარგონ. თუმცა ეს  ძალისხმევა ამაო იქნება, თუ ეროვნული პოლიტიკური პარტიები თანაშრომლობას  არ დაიწყებენ. დროა, წამყვანმა ქართულმა პარტიებმა ეროვნულ დონეზე მოახერხონ საგარეო პოლიტიკური მიზნის გარშემო რესურსები გაერთიანება, რათა მოხდეს სტრატეგიული ინტერესების ლობირება და ევროპარტიების (პარტიები ევროკავშირის დონეზე) თანამდებობის პირების, ევროპარლამენტის წევრებისა და რელევანტური პოლიტიკური ფიგურების ყურადღების შენარჩუნება.

საქართველოს ამბიციის დონე იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ ვინ მიიღებს ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობებს. აქ კი მთავარი კითხვაა:  მომავალი ევროკომისია იქნება პოლიტიკური თუ ტექნიკური? თუ კომისიის პრეზიდენტი Spitzenkandidaten-ის (წამყვანი კანდიდატი) პროცედურით იქნება არჩეული (რაც ნიშნავს, რომ ევროპული საბჭო კანდიდატს ევროპარლამენტის შედეგების გათვალისწინებით წამოაყენებს), კომისია პოლიტიკურ ინსტიტუტად ჩამოყალიბდება, რომელსაც შეეძლება მხარი დაუჭიროს მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, პარტნიორობის ახალ ფორმატებს. თუკი  საბჭო ამ პროცედურის უარყოფას გადაწყვეტს, პრეზიდენტს ევროპული საბჭო წარადგენს წევრი ქვეყნების მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან. ეს კი ფაქტობრივად ნიშნავს ევროკავშირის სამთავრობათაშორისო  ღერძის  გაძლიერებას  და ძალის ბალანსს წევრი სახელმწიფოებისაკენ მიმართვას, რომლებიც გაფართოების დღის წესრიგის მიმართ დიდი  ენთუზიაზმით არ გამოირჩევიან. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშში ევროკომისია ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციით გამოვიდა. მიუხედავად ამისა, როგორც ევროკომისიის გენერალური მდივანი მარტინ სეილმაიერი კერძო საუბრებში ადასტურებს, ივნისში დაგეგმილი სამიტის შედეგი ამ მიმართულებით ნულოვანი იქნება, ვინაიდან წევრი სახელმწიფოებისათვის გაფართოება არ არის აქტუალური. ბუნებრივია, სამეზობლო პოლიტიკის დღის წესრიგის წინსვლის მიზნით აუცილებელი იქნება როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის ძლიერი უმაღლესი წარმომადგენლის, ისე გაფართოებითა და სამეზობლო პოლიტიკით დაინტერესებული კომისრის ყოლა.

უახლოეს პერიოდში კი ევროკავშირს მოუწევს შიდა გამოწვევებთან გამკლავება, მათ შორის საკუთარი პოზიციის პოვნა პოპულისტებთან და მწვანე მოძრაობებთან მიმართებით. ამასთან, საქართველომ არ უნდა იგრძნოს თავი უყურადღებოდ მიტოვებულად. პოლიტიკურმა  ელიტებმა ვიწრო პარტიული ინტერესების უგულებელყოფის გზით უნდა მიაღწიონ კონსენსუსს, რათა შექმნან მყარი სტრატეგია სამოქალაქო საზოგადობის ჩართულობით, ქვეყნის ეროვნული ინტერესების განვითარებისათვის და მოახერხონ სტრატეგიული კომუნკაციის არხების გაფართოება, როგორც ევროკავშირის, ასევე წევრი სახელმწიფოების დონეზე.