ავტორი: ლაშა გამჯაშვილი

 

ევროპარლამენტის ბოლო არჩევნებში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა მემარჯვენე ფლანგის მიმართულებით, ევროსკეპტიკოსი ნაციონალისტების მატებითა და ძირითადი (მეინსტრიმის) პარტიების უმნიშვნელო შემცირებით. ეს ცვლილება ევროპარლამენტში შეიძლება გამოწვევად იქცეს სხვადასხვა პოლიტიკის ამოცანებისა და ინიციატივებისთვის, რაც პოტენციურად იმოქმედებს ევროკავშირის უნარზე, გადაჭრას ისეთი მწვავე საკითხები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, თავდაცვის სფეროშითანამშრომლობა, რუსეთ-უკრაინის ომი, ევროკავშირის გაფართოება, სავაჭრო შეთანხმებები და შიდა რეფორმა. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა გავლენას ახდენს ევროპარლამენტში მემარჯვენე ფლანგისკენ გადახრის ბოლოდროინდელი ცვლილება ევროკავშირის პოზიციაზე საქართველოს დემოკრატიის რეგრესთან დაკავშირებით.

 

ევროპულ პრინციპებთან შესაბამისობა

საქართველოში დემოკრატიისთვის მიმდინარე ბრძოლამ გარდამტეხ მომენტს მიაღწია, როდესაც ევროკავშირი გახდა იმედის შუქურა ათიათასობით მომიტინგე მოქალაქისთვის, რომლებიც აპროტესტებდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მზარდ ავტორიტარიზმს. „უცხოური აგენტების“შესახებ რუსული ტიპის კანონის  მიღებამ ქართველების დიდი შეშფოთება გამოიწვია, აღიქვეს რა ეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისა და ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის ტრაექტორიისთვის პირდაპირ საფრთხედ.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ანარეკლია კრემლის დამთრგუნველი ტაქტიკისა რუსეთში, რომ ჩაეხშო განსხვავებული აზრი. ეს კანონი ავალდებულებს ორგანიზაციებს და პირებს, რომლებიც უცხოეთიდან მნიშვნელოვან დაფინანსებას იღებენ, საკუთარი თავი უცხოური ინტერესების გამტარებელ სუბიექტებად გამოაცხადონ. კანონის ვრცელი და ბუნდოვანი ბუნება, ასევე ფინანსური ანგარიშგების მძიმე მოთხოვნები სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში.

დემოკრატიაზე ამ თავდასხმის საპასუხოდ საქართველოს მოქალაქეებმა მობილიზება შეძლეს. მათ აღმართეს ევროკავშირის დროშა და გააჟღერეს ევროკავშირის ჰიმნი, როგორც ევროპული ღირებულებების ერთგულების სიმბოლო. ორი თვის განმავლობაში საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა მთელი ერი, დემონსტრანტები ჯიუტად მოითხოვდნენ „რუსული კანონის“ გაუქმებას და გამოხატავდნენ ევროკავშირის ერთგულებას. დაახლოებით 200 000 ადამიანი შეიკრიბა ევროპის დღის აღსანიშნავად, რათა ეჩვენებინა კანონის საწინააღმდეგო საკუთარი პოზიცია. ცხადი გახდა, რომ მათთვის ევროკავშირი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ პოლიტიკური გაერთიანება – ის პერსპექტიული მომავლის ოპტიმიზმის საწინდარია.

ვინაიდან საქართველოს მოსალოდნელი ავტორიტარიზმის აჩრდილთან უწევს ბრძოლა, ევროკავშირის პარლამენტის არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ევროკავშირის პასუხი საქართველოს რთულ ვითარებაზე, მისი, როგორც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველის სანდოობის ლაკმუსის ტესტი იქნება. ისტორიული პრეცედენტები აჩვენებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ავტორიტარულ ტენდენციებთან ბრძოლაში არალიბერალური პოლიტიკის წინააღმდეგ ძლიერი და ერთიანი პოზიციის ეფექტურობას, რომელიც გამყარებულია სადამსჯელო ზომების ხელშესახები საფრთხით. და პირიქით, ამბივალენტურობამ და პირობების დუნედ შესრულებამ მხოლოდ გააძლიერა ავტორიტარული რეჟიმები. ევროკომისიის და პარლამენტის შემადგენლობა დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პოზიციას. ისეთი კრიტიკული მიზნები, როგორიცაა გაფართოება და საგარეო ქმედება, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ევროკავშირის მიდგომის განსაზღვრაზე იმ კანდიდატი ქვეყნების მიმართ, როგორიცაა საქართველო. ევროკავშირში ულტრამემარჯვენე ფრაქციების აღზევება საფრთხეს უქმნის ავტორიტარიზმთან ბრძოლის მცდელობებს, რასაც მოწმობს უნგრეთის ზეგავლენა კომისიის პოზიციაზე. უფრო მეტიც, ევროპარლამენტის უფლებამოსილება, შეაფერხოს გაწევრიანების მოლაპარაკებები და მხარი დაუჭიროს სანქციებს, ხაზს უსვამს მის გადამწყვეტ როლს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მემარჯვენე პარტიების აღზევებამ შეიძლება ამ ეტაპზე საფრთხე შექმნას და სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი პრობლემები გამოიწვიოს, პანიკის საფუძველი არ არის. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოიპოვა გამარჯვება, როდესაც მისმა პარტიამ (ევროპის სახალხო პარტია – EPP) მიიღო ყველაზე მეტი ადგილი პარლამენტში (184). მისი წარდგენა ევროკომისიის სათავეში მეორე ვადით არის სტაბილურობის ძალიან საჭირო სიგნალი. არჩევნების შედეგები ცხადყოფს, რომ მემარჯვენე ცენტრისტული EPP, მემარცხენე-ცენტრისტული სოციალისტების და დემოკრატების (S&D) და ლიბერალური Renew/განახლების ჯგუფი კვლავ სამ უმსხვილეს დაჯგუფებას წარმოადგენენ პარლამენტში. ამ დომინანტური პარტიებიდან აირჩევენ მთავარ ოფიციალურ პირებს და შარლ მიშელის შემცვლელს – ანტონიო კოსტას, პორტუგალიის ყოფილ სოციალისტ პრემიერ-მინისტრს. კოსტა არის გამოცდილი და პატივცემული პოლიტიკოსი და მოლაპარაკებების წარმმართველი, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს მემარცხენე ფრთის ჯგუფები გადამწყვეტი საკითხების გარშემო. უფრო მეტიც, რუსეთის ქმედებებზე უკომპრომისო რეაგირების ყველაზე ძლიერი მომხრე ევროკავშირში, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, სავარაუდოდ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პირველი ხელმძღვანელი გახდება, ხოლო რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით იქნება არჩეული. ამ პარტიებსა და პოლიტიკურ ლიდერებს აქვთ ევროკავშირის ისეთ კრიტიკულ საკითხებზე თანამშრომლობის დიდი გამოცდილება, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება, იმიგრაცია და გაფართოება. ისინი ლიბერალურ შეხედულებებს იზიარებენ და ადვოკატირებას უწევენ ევროკავშირის გაფართოებას.

დომინანტური პარტიები შეიძლება მიჩნეული იყვნენ საქართველოს მხარდამჭერებად სხვადასხვა კრიტიკულ სფეროებში იმის უზრუნველყოფით, რომ საქართველომ უნდა გაატაროს რეფორმები და სამომავლოდ იბრძოლოს სრულუფლებიანი წევრობისთვის. ზოგადად, ასეთმა პოზიციამ შეიძლება დაარწმუნოს განმცხადებელი ქვეყნები ძირითადი პოლიტიკის შენარჩუნებაში და იმაში, რომ მყისიერი მკვეთრი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.

 

მემარჯვენეებთან დაკავშირებული პრობლემები

 

ევროკავშირის შიგნით მემარჯვენე პოლიტიკური სუბიექტების მზარდი გავლენა სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს. ეს ქმნის ისეთი ავტორიტარული რეჟიმების ლეგიტიმაციის რისკს, როგორიც „ქართული ოცნებაა“ და აფერხებს ევროკავშირის შესაძლებლობას, გადამწყვეტი ბრძოლა აწარმოოს საარჩევნო და ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, საფრთხე ექმნება ევროკავშირის, როგორც დემოკრატიული ნორმებისა დაპრინციპების მტკიცე დამცველის რეპუტაციას გლობალურ დონეზე. ამ თემის უფრო ღრმად და ნათლადგამოსაკვლევად უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნებმა საგრძნობლად შეასუსტა საფრანგეთის პრეზიდენტისემანუელ მაკრონის „განახლების“ პარტიის გავლენა. ოდესღაც მთავარმა მოთამაშემ მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა, რომელიც იმდენად საზიანო იყო შიდასახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, რომმაკრონმა შედეგების გამოცხადებიდან მეორე დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამოითხოვა.

ევროკავშირის გაფართოება კვლავ იქცა საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად, განსაკუთრებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე. ევროპის ბევრ დედაქალაქში დასავლეთბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანება განიხილება, როგორც გადამწყვეტიფაქტორი ევროკავშირისა და მეზობელი რეგიონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. გამოკითხვები ცხადყოფს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისადმი საზოგადოების მხარდაჭერა ყველაზედაბალია უნგრეთში, სლოვაკეთში, საფრანგეთსა და ავსტრიაში – ქვეყნებში, სადაც ულტრამემარჯვენეპარტიებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ. პარტიები, როგორიცაა ჰოლანდიური პარტია თავისუფლებისთვის(PVV), საფრანგეთის RN, ავსტრიის თავისუფლების პარტია (FPO) და გერმანიის AfD, ზოგადადსკეპტიკურად უყურებენ ევროკავშირის შემდგომ გაფართოებას და მხარს უჭერენ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან იმიგრაციაზე კონტროლის გამკაცრებას. ლე პენის პარტიის წარმატებას, რომელმაც საფრანგეთში ხმების 31,5% მიიღო, დაემატა ისიც, რომ თავისუფლების პარტიამ ავსტრიაში მიიღო 25%-ზემეტი, ხოლო მისმა კოლეგამ ნიდერლანდებში – 17%-ზე მეტი. ნაციონალისტური გამარჯვებების ამ ტალღამბელგიის პრემიერ-მინისტრის გადადგომა გამოიწვია, მას შემდეგ, რაც მისი პარტია დამარცხდა. გერმანიაში AfD-მ მოიპოვა ხმების შესამჩნევი 16%,  ის  წინ უსწრებს კანცლერ ოლაფ შოლცის SPD-ს, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შედეგი აქვს არჩევნებში.

ეჭვგარეშეა, რომ რადიკალური პარტიების მნიშვნელოვანი წარმატება შემაშფოთებელია და შესაძლოა მომავალში მნიშვნელოვანი რისკები შექმნას. მართალია, ზოგადად ის ფაქტი, რომევროკავშირის ძირითადი პოლიტიკური პარტიები მხარს უჭერენ საქართველოს, დადებითი მოვლენაა,თუმცა უნგრეთის მთავრობის მხრიდან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერამ და პოლიტიკურმა თანხვედრამშესაძლოა პოტენციური ზიანი მიაყენოს საქართველოს პერსპექტივას და შეაფერხოს მისი გზასევროკავშირში ინტეგრაციისკენ.

 

დასკვნა

 

ევროპარლამენტის ბოლო არჩევნებში მნიშვნელოვანი ცვლილება დაფიქსირდა მემარჯვენეფლანგის მიმართულებით, ევროსკეპტიკოსი ნაციონალისტების მატებით და ძირითადი მიმართულების/მეინსტრიმ პარტიების უმნიშვნელო შემცირებით.

ისეთი პარტიების გამარჯვება, როგორიცაა მარინ ლე პენის ეროვნული მიტინგი საფრანგეთში, ისევე,როგორც ავსტრიაში, გერმანიაში, ბელგიაში, უნგრეთსა და ნიდერლანდებში მსგავსი პარტიებისა, მიუთითებს ცვალებად პოლიტიკურ ლანდშაფტზე, რამაც შეიძლება პრობლემები შეუქმნას საქართველოსევროპულ მისწრაფებებს. ამ პარტიების სკეპტიციზმმა ევროკავშირის შემდგომი გაფართოების მიმართ დაეროვნულ სუვერენიტეტზე აქცენტმა შეიძლება შეაფერხოს საქართველოს სვლა ევროკავშირისწევრობისკენ.

თუმცა, მიუხედავად აღნიშნული გამოწვევებისა, ევროკავშირის პოლიტიკურ ჩარჩოში დადებითინიშნები იკვეთება. ძირითადი პარტიები, როგორიცაა მემარჯვენე ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია(EPP), მემარცხენე ცენტრისტული სოციალისტები და დემოკრატები (S&D) და ლიბერალური ევროპულიგანახლების ჯგუფი ევროკავშირის გაფართოების იდეის ერთგულები რჩებიან და მხარს უჭერენდემოკრატიულ რეფორმებს კანდიდატ ქვეყნებში. ურსულა ფონ დერ ლაიენის, რობერტა მეცოლას დაანტონიო კოსტას ხელმძღვანელობით, ეს პარტიები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროკავშირისპოლიტიკის ჩამოყალიბებაში, რომელიც ზეგავლენას ახდენს საქართველოს მომავალზე.

მიუხედავად იმისა, რომ ევროსკეპტიკური ფრაქციების გავლენა ევროკავშირში აშკარა საფრთხეს წარმოადგენს, მნიშვნელოვანია ოპტიმისტური განწყობის შენარჩუნება. ევროკავშირის წამყვანი პარტიები კვლავაც მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ღირებულებებთან დაახლოებას და მის გზას ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ.  აღნიშნული გამოწვევების გადალახვის პროცესში დემოკრატიული პრინციპების დაცვა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა საქართველოს პროგრესისა და ევროკავშირში ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს.