ავტორი: ნინო ჩანადირი

 

2024 წლის ივნისის დასაწყისში ევროპარლამენტის არჩევნები ჩატარდა. არჩევნებს თან ახლდა- დიდი ცნობისმოყვარეობა ევროკავშირის შიგნით თუ გარეთ. კითხვა იყო, რამდენად შეძლებდნენ ცენტრის ძალები საკმარისი ძალაუფლების შენარჩუნებას, რომ არ მომხდარიყო ევროკავშირის ჩამოყალიბებული პოლიტიკური გზისა და პრიორიტეტების ცვლილება, თუ არჩევნები გამარჯვებას უფრო რადიკალურ ძალებს მოუტანდა, რაც უკანასკნელ წლებში ეროვნული ტენდენციების ასახვა იქნებოდა?  როდესაც შედეგები ცნობილი გახდა, ნათლად გამოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოპულისტებმა, განსაკუთრებით ულტრამემარჯვენე ფლანგიდან, იმაზე მეტი ხმა მოიპოვეს, ვიდრე 2019 წლის არჩევნებში, ცენტრის ძალებმა, როგორიცაა „ევროპელი ხალხის პარტია“(EPP), რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, და სხვებმა შეძლეს არჩევნებში გამარჯვება, რამაც შესაძლებელი გახადა ევროკავშირის პოლიტიკური კურსის და პრიორიტეტების შენარჩუნება, განსაკუთრებით, ევროპულ უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ, როგორიც, მაგალითად, უკრაინის საკითხია.

წყარო: Politico (https://www.politico.eu/europe-poll-of-polls/european-parliament-election/)

გამოწვევები ეროვნულ დონეებზე საფრანგეთი ყურადღების ცენტრში

ეროვნულ დონეებზე პოპულისტი, ულტრამემარჯვენე პარტიების წარმატება უფრო ხილული იყო. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა საფრანგეთში, სადაც „ეროვნული გაერთიანების პარტიამ“ (RN) ხმების 31.5% მოიპოვა, რითაც უკან ჩამოიტოვა პრეზიდენტ მაკრონის პარტია (Renaissance 15,2%) და პირველი ფრანგული პარტია გახდა, რომელმაც 1984 წლის შემდეგ ხმების 30%-ზე მეტი მიიღო.  ვითარების საპასუხოდ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა, მოტივით, რომ ხელი შეუწყოს სამომავლოდ ულტრამემარჯვენეების გამარჯვების რისკების შემცირებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მაკრონი უპირისპირდება როგორც უკიდურეს მემარჯვენე, ასევე მემარცხენე ძალებს,  მათ ხედავს რადიკალებად, ვისაც არ შეუძლია საფრანგეთისთვის შესაფერისი პროექტების განხორციელება. არჩევნების შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა და სულაც არ გაიმეორე საფრანგეთში ევროკავშირის არჩევნების ტენდენცია, სადაც მონაწილეობაეროვნულ დონეზე 51.5% იყო.  თუ ხმის მიცემის პირველი რაუნდი RN- ისთვის წარმატებული იყო, სადაც მან პირველი ადგილი დაიკავა ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობით, მეორე რაუნდი, რომელიც 7 ივლისს ჩატარდა დასრულდა იმით, რომ მემარცხენე ალიანსმა ადგილების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა, თუმცა არასაკმარისი მთავრობის გარანტირებულად ფორმირების შესაძლებლობისთვის.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ შრომა ალიანსების ჩამოყალიბებისთვის შეინარჩუნებს მნიშვნელობას.

საფრანგეთი არ ყოფილა ერთადერთი. შეშფოთება გავრცელდა გერმანიაზეც, სადაც „ალტერნატივამ გერმანიისთვის“ (AfD), რადიკალურმა პარტიამ, ცნობილმა სკანდალებით „SS“-ზე, ნაცისტების გასამხედროებულ ძალაზე, გაურკვეველი შეხედულებებისა თუ რუსეთის მიმართ სიმპათიების გამო, მეორე ადგილი მოიპოვა ევროპულ არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატების შემდეგ და უკან ჩამოიტოვა სოციალ-დემოკრატები (ოლაფ შოლცის პარტია). შედეგები გასაკვირი იყო, თუმცა ამან ვერ გადაფარა საფრანგეთის შემთხვევა, რადგან გერმანიაში „პირველადგილოსანი“ EPP-ის ჯგუფის წევრი პარტია გახდა, ნაკლებად რადიკალური ხედვებით, ვიდრე AfD ან ფრანგული RN. AfD ცნობილია სკეპტიკური დამოკიდებულებითუკრაინის მხარდაჭერის საკითხისა და პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ. ის მხარს უჭერს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას.

 შეიძენენ თუ არა ულტრამემარჯვენეები ძალაუფლებას ევროკავშირში?

სხვა ქვეყნები, წარმატებული ულტრამემარჯვენე პარტიებით, იყვნენ იტალია, სადაც პრემიერ-მინისტრ მელონის პარტიამ მოიპოვა წარმატება, ავსტრია, სადაც ულტრამემარჯვენე ძალები უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებულ სიმპათიებს იკრებენ ეროვნულ დონეზე და, ტრადიციულად, უნგრეთი, სადაც ორბანის პარტიამ (Fidesz) არჩევნები მოიგო, თუმცა ეროვნულ დონეზე ბოლო ორ ათწლეულში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. ულტრამემარჯვენეები ევროპულ პარლამენტში დაახლოებით 156 ადგილს ფლობენ, თუმცა ახლა მთავარი კითხვაა, შეძლებენ თუ არა ისინი კოორდინირებულ მუშაობას ევროკავშირის პოლიტიკაში ცვლილებების მოსახდენად. ამ კითხვაზე პასუხი რთულია, რადგან ისინი ერთმანეთისგან რიგ საკითხებზე პოზიციებით განსხვავდებიან. ერთი მაგალითი უკრაინის თემაა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გახდა არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ ეროვნულ დონეებზეც. როგორც უკვე ითქვა, AfD, რომელიც ევროპარლამენტში იქნება, რუსეთთან მოლაპარაკებებს უჭერს მხარს, ხოლო RN-მა პროკრემლისტურ რიტორიკაში ცვლილებები შეიტანა და ეცადა დაბალანსებას. პარტიის ახალგაზრდა ლიდერი ჯორდან ბარდელა (რომელიც პრემიერმინისტრობის კანდიდატად მოიაზრება პარტიის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში) რუსეთს საფრთხედ მიიჩნევს როგორც ევროპისთვის, ისე საფრანგეთისთვის და აცხადებს, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, თუმცა იარსებებს წითელი ხაზები უკრაინისთვის ისეთი შესაძლებლობების მიწოდებაში, რაც რუსულ ქალაქებზე თავდასხმის შესაძლებლობას იძლევა, რათა ესკალაცია თავიდან იქნეს აცილებული. მათთვის წითელი ხაზია უკრაინაში ფრანგი სამხედროების გაგზავნაც. კიდევ ერთი მაგალითია „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (ECR) – იტალიის პრემიერ-მინისტრ მელონის პარტია. პარტიამ ევროპარლამენტში მყარი ადგილი მოიპოვა. პარტია საკუთარ თავს აღწერს, როგორც კონსტრუქციულ მემარჯვენე-ცენტრისტ ძალას, რომელსაც სურს ევროკავშირში რეფორმები და ერი სახელმწიფოების მეტად გაძლიერება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ECR უმეტესად პოზიციონირებს, როგორც უკრაინის მხარდამჭერი, თავად მელონი კი საკმაოდ ხმამაღალია ანტირუსულ რიტორიკაში. უკანასკნელი მაგალითი მოიცავს მის შეფასებას პუტინის სურვილისა და შეთავაზებებს მოლაპარაკებების თაობაზე, რასაც მელონიმ უწოდა პროპაგანდა, რომელიც მხოლოდ იმას გვთავაზობს, რომ „უკრაინამ დატოვოს უკრაინა“.

რადგანაც ულტრამემარჯვენე პარტიებს შორის განსხვავებებია, პოტენციალი იმისა, რომ მათ ძლიერად იმოქმედონ ევროპარლამენტის სცენაზე, დამოკიდებულია მათი თანამშრომლობის უნარზე, რაც შეიძლება არ იყოს ადვილი, განსხვავებების გათვალისწინებით. ასევე მოსალოდნელია, რომ რადგანაც ცენტრმა ძალების შენარჩუნება მოახერხა, კრიტიკულ საკითხებზე ულტრამემარჯვენეების მიმართ გარკვეული ზეწოლა იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის დონეზე უწინდელი სტატუს-კვო დრამატულად არ შერყეულა, ეს არ ნიშნავს, რომ რადიკალური ძალების გაძლიერების ტენდენციები, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფლანგზე, რომლებიც პოპულისტურ რიტორიკაში განსხვავებას არ აჩვენებენ, შეუმჩნეველი უნდა დარჩეს. ტენდენცია ეროვნულ დონეებზე ევროპაში ცხადია. მხარდაჭერას იკრებენ როგორც ულტრამემარჯვენეები, ასევე ულტრამემარცხენეები. სლოვაკეთის პოპულისტი მემარცხენე ლიდერი ფიცო, ავსტრიის პროკრემლისტური „ავსტრიის თავისუფლების პარტია“ (FPÖ), რომელმაც მომავალ არჩევნებში შესაძლოა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს და ფაქტი, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში პოპულისტური, უფრო რადიკალური პარტიები არიან პოლიტიკურ სცენაზე და მონაწილეობენ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაში, ზოგიერთ ქვეყანაში კი, შვედეთის ჩათვლით, სამთავრობო კოალიციებში შედიან, აჩვენებს, რომ პოპულისტური დღის წესრიგი გავლენას ახდენს. მათ უკვე იქონიეს გავლენა ზოგიერთ თემაზე ევროკავშირის პოლიტიკაში, მაგალითად, მიგრაციის საკითხზე,  ეს გაგრძელდება და შესაძლოა დამაზიანებლად რადიკალური ხასიათი მიიღოს, თუ ცენტრის ძალები ვერ შეძლებენ მათ დაბალანსებას ეფექტურად ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ევროკავშირის დაფინანსება, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა და LGBTQI უფლებები. რისკები გაძლიერდება, თუ ისინი ადეკვატურად არ შეფასდება და ქმედებები არ განხორციელდება მათი პოლიტიკური პოზიციების დასასუსტებლად ევროკავშირის სცენაზე.

შეჯამება

როგორც ევროკავშირში არჩევნებმა აჩვენა, ამჟამინდელი დიდი იმედები პოპულისტი ძალების წარმატებებზე, უმეტესად ულტრამემარჯვენე ფლანგიდან, მნიშვნელოვნად წარმატებული არ აღმოჩნდა, რადგან ცენტრმა მოახერხა ძალების შენარჩუნება ევროსაპარლამენტო დონეზე. ულტრამემარჯვენეების ეფექტურობა პარლამენტში იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა ისინი მჭიდრო თანამშრომლობას, რაც შესაძლოა გამოწვევა აღმოჩნდეს მათი განსხვავებების გამო ისეთ ყველაზე მნიშვნელოვან  თემებზე, როგორიცაა ევროპული უსაფრთხოება და უკრაინა, ასევე – ცენტრის მხრიდან ზეწოლის უნარის შენარჩუნების  გამო. თუმცა, მათი წარმატება ეროვნულ დონეებზე შესამჩნევი იყო და ყურადღების ქვეშ დატოვა ქვეყნები, როგორიც საფრანგეთია, რადგან აისახა შიდაპოლიტიკური განვითარებაში, ვადამდელი არჩევნების სახით.ევროპის მასშტაბით რადიკალური, პოპულისტი ძალების მიერ მხარდაჭერის მოპოვების ტენდენციები შემაშფოთებელია, რადგან თუ ეს ტენდენციები გაგრძელდება ცენტრის მხრიდან მნიშვნელოვანი გამოწვევების შექმნის გარეშე, რაც ამ ძალების პოლიტიკურ პოზიციებს დაასუსტებდა, მათ შესწევთ უნარი მოიპოვონ მეტი გავლენა ევროპულ პოლიტიკაზე, ძირითადად, რადიკალური კონტექსტით, გამომდინარე მათი რიტორიკის მახასიათებლებიდან, რაც ევროკავშირისთვის, როგორც აქტორისთვის, დამაზიანებელი იქნება.