ავტორი: დავით  შატაკიშვილი

 

მიმდინარე წლის 24 ივნისს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 28 თვის შემდეგ ძალაშია დასავლეთის მიერ მოსკოვის მიმართ დაწესებული უპრეცედენტო მასშტაბის სანქციები, რომელიც ეხება ისეთ მნიშვნელოვან სექტორებს, როგორებიცაა ენერგეტიკა, ფინანსური ინსტიტუტები, ინფრასტრუქტურა, წარმოება, საგარეო ვაჭრობა და სხვა. სამწუხაროდ, მასშტაბურ შემზღუდველ ზომებს კრემლის მხრიდან ჯერჯერობით არ მოჰყოლია ომის დასრულების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა ეკონომიკურად რუსეთი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ამასთან, მეორე მხრივ, მან შეძლო სანქციებთან ადაპტაციაც, საკუთარი სანქცირებული პროდუქციისთვის ალტერნატიული საექსპორტო ბაზრების მოძიებაც და პარტნიორი ქვეყნების დახმარებით, როგორც სანქციების გვერდის ავლა, ასევე კრიტიკული მნიშვნელობის საწარმოო კომპონენტების მიღებაც. საინტერესოა, განვიხილოთ ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტი და მისი პოტენციური შედეგები, რომელიც პირველად მოიცავს რუსული თხევადი გაზის სანქცირების კომპონენტს.

 

რას მოიცავს სანქციების ახალი პაკეტი?

ახალი ენერგეტიკული შეზღუდვების მიხედვით, ევროკავშირი კრძალავს საკუთარ ტერიტორიაზე მესამე ქვეყნებისთვის რუსული ბუნებრივი თხევადი გაზის (LNG) გადატვირთვის მომსახურებას, რაც მოიცავს როგორც გემიდან გემზე, ასევე გემიდან პორტში ოპერაციებს. აღსანიშნავია, რომ ეს შეზღუდვა არ ეხება ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტს და ვრცელდება მხოლოდ მესამე ქვეყნებში რეექსპორტზე. ევროკომისიისვე განცხადებით, იგი ამ პროცესს გაუწევს აქტიურ ზედამხედველობას და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელებს ცვლილებებს. გარდა ამისა, ევროკავშირი კრძალავს ახალ ინვესტიციებს, საქონლისა და საწარმოო ტექნოლოგიების მიწოდებასა და სერვისს, რუსეთში მიმდინარე LNG პროექტებისთვის, როგორებიცაა Arctic LNG 2 და Murmansk LNG.

ევროკავშირი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს ევროპულ ე.წ. „დედა კომპანიებს“ (კორპორაციები, რომლებიც ფლობენ სხვადასხვა კომპანიების აქტივების 50%-ზე მეტს და უფლება აქვთ მიიღონ გადაწყვეტილებები ისე, რომ გავლენა იქონიონ შვილობილი კომპანიების ოპერაციებზე), რომლებმაც უნდა აკონტროლონ, რომ საკუთარი შვილობილი კომპანიები არ იყვნენ ჩართული სანქციებით აკრძალულ საქმიანობაში. ამასთან ერთად, ევროპულ სამხედრო კომპანიებს მესამე ქვეყნებთან საბრძოლო იარაღით ვაჭრობისას ევალებათ მიჰყვნენ ე.წ. „სათანადო შესწავლის მექანიზმებს“, რათა შეაფასონ და დაადგინონ მესამე ქვეყნების მხრიდან აღნიშნული იარაღის რუსეთისთვის მიყიდვის რისკები და იმოქმედონ შესაბამისად. გარდა ამისა, ევროპულმა კომპანიებმა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში კომერციულ პარტნიორებს გადასცემენ სამრეწველო ცოდნას საბრძოლო იარაღის დასამზადებლად, უნდა გაამკაცრონ ხელშეკრულების პირობები, რაც უნდა მოიცავდეს რუსეთისთვის ასეთი ცოდნის გადაცემის შეზღუდვას.

სანქციების მე-14 პაკეტის მიხედვით, ევროკავშირმა გადაწყვიტა აკრძალოს რუსეთის ფინანსური შეტყობინებების სისტემის (SPFS) გამოყენება, რომლის შექმნაც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა SWIFT-ის ალტერნატივად ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის კომპანიებს არ ექნებათ უფლება განახორციელონ ფინანსური ტრანზაქციები კონკრეტულ სუბიექტებთან SPFS-ის გამოყენებით. გარდა ამისა, ევროკავშირი კრძალავს ტრანზაქციებს გარკვეულ საკრედიტო და ფინანსურ ინსტიტუტებთან, ასევე კრიპტოაქტივების პროვაიდერებთან, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან ისეთი სახის ტრანზაქციებში, რაც მოიცავს ორმაგი დანიშნულების საქონლით, იარაღითა და სხვა საბრძოლო მასალით ვაჭრობასა და შესაბამის ანგარიშსწორებას.

სანქციების ამ პაკეტში პირველად ევროკავშირმა გადაწყვიტა გარკვეული სახის გემებს, რომლებიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებიან, აუკრძალოს ევროკავშირის პორტებში შესვლა ან მომსახურების მიღება. ეს შეზღუდვა გავრცელდება იმ გემებზე, რომლებიც ახდენენ რუსეთისთვის სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებას, მოპარული უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვას და თხევადი ბუნებრივი აირის კომპონენტების ტრანსპორტირებას. გარდა ამისა, აკრძალვა მოიცავს ტანკერებს, რომლებიც შედიან რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში და რუსეთს ეხმარებიან ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების მიერ დაწესებული ნავთობის ფასის ზედა ლიმიტის თავიდან არიდებაში, რომელიც ბარელზე 60 აშშ დოლარითაა განსაზღვრული.

სანქციების ახალი პაკეტის მიხედვით, ევროკავშირი აფართოებს რუსული თვითმფრინავებისთვის ფრენის აკრძალვის ზომებს, რომელიც უკვე შეეხება კერძო და ჩარტერულ ფრენებს. ამასთან ერთად, ევროკავშირი აფართოებს რუსეთთან საგზაო ტრანსპორტირების შეზღუდვებს, რომელიც უკვე მოიცავს იმ ევროპულ სატრანსპორტო კომპანიებს, რომელთა 25%-ზე მეტი წილიც რუსეთის მფლობელობაშია.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ბრძოლის მხარდაჭერისთვის ევროკავშირმა დამატებით 61 კომპანია დაასანქცირა, რაც ექსპორტზე დამატებით შეზღუდვებს ნიშნავს. ამ კომპანიების ნაწილი განლაგებულია მესამე ქვეყნებში, როგორებიცაა ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სავაჭრო შეზღუდვების თავიდან აცილებაში და ისეთი კრიტიკული მნიშვნელობის მასალების მიღებაში, რომლებიც გამოიყენება საავიაციო სექტორსა და რუსეთის სხვა სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად. ევროკავშირმა ასევე გააფართოვა ევროკავშირიდან რუსეთში ექსპორტზე არსებული შეზღუდვები, რასაც დაემატა ქიმიური ნივთიერებები, პლასტმასები, მთხრელი მანქანები და სხვადასხვა სახის ელექტრომოწყობილობები. ასევე დაწესდა დამატებითი შეზღუდვები რუსეთიდან ევროკავშირში ჰელიუმის იმპორტზე, რაც რუსეთისთვის შემოსავლის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.

თხევადი გაზი პირველად ევროკავშირის სამიზნეში

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება დაახლოებით ორი მესამედით შეამცირა, თუმცა განაგრძო რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) იმპორტი და რეექსპორტი. გასულ წელს რუსული თხევადი გაზის ყველაზე დიდი მოცულობა საფრანგეთმა, ბელგიამ და ესპანეთმა შეიძინეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსული LNG ევროკავშირის გაზის მოხმარების მხოლოდ 5%-ს შეადგენს, თანხობრივად ეს კრემლისთვის გადახდილი დაახლოებით 8.2 მილიარდი ევროა. გრაფიკი 1-ზე მოცემულია რუსული თხევადი ბუნებრივი აირის 2021-2023 წლების ყოველთვიური საექსპორტო მაჩვენებლები ევროკავშირის ქვეყნებში.

 

გრაფიკი 1.

წყარო: Center for Research on Energy and Clean Air (CREA)

რუსეთისთვის თხევადი გაზის ტრანსპორტირებისთვის ევროპული პორტები მნიშვნელოვანია, რომელთაც იგი იყენებს  LNG-ის არქტიკული ყინულმჭრელი გემებიდან ჩვეულებრივ ტანკერებზე გადასატანად. მაგალითად, გადაზიდვის ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, არქტიკაში არსებული Yamal LNG მეტწილად დამოკიდებულია ბელგიისა და საფრანგეთის პორტებზე, სადაც ასრულებს ზემოაღნიშნულ ოპერაციებს. Yamal LNG-სთვის კი შუალედური გაჩერებები აუცილებელია, რომ თხევადი გაზის გადატვირთვის შემდეგ მაღალსპეციალიზებული გემები დაუბრუნდნენ არქტიკულ საბადოს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა რუსული თხევადი გაზით დატვირთული გემების საკუთარ პორტებში შესვლას არ კრძალავს, ახალი სანქციები ართულებს მის გაგზავნას მესამე ქვეყნებში, მათ შორის, აზიის ისეთ მსხვილ შემსყიდველებთან, როგორებიცაა ჩინეთი და ინდოეთი. ამასთან, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ერთი მხრივ მიწოდების შეფერხება, რაც გაზრდის ფასს ან/და მიწოდება გაგრძელდეს სხვადასხვა ალტერნატიული გზით, რომელიც მაღალი დანახარჯების გამო მაინც იმოქმედებს ფასის ზრდაზე აზიის ქვეყნებისთვის.

სავარაუდოა, რომ სანქციები კიდევ უფრო გაართულებს რუსეთის გემების გადაადგილების მარშრუტებს და სპეციალიზებულ გემებს ბევრად დიდი გზის გავლა მოუწევთ. Yamal LNG-დან ტვირთების პირდაპირ აზიაში გადატანა, ცხადია, გაზრდის ტვირთისა და ლოჯისტიკის ხარჯებს. ამ კუთხით, რუსეთს აქვს რამდენიმე ალტერნატივა. მას შეუძლია გამოიყენოს მურმანსკის პორტი „გემიდან გემზე“ ოპერაციებისთვის, რათა ტვირთისგან გაათავისუფლოს მაღალსპეციალიზებული გემები და დააბრუნოს საბადოზე. ასევე, მას შეუძლია ზაფხულის პერიოდში ისარგებლოს ჩრდილოყინულოვანი ოკეანის მარშრუტით, როდესაც ყინული დნება და არასპეციალიზებულ გემებსაც შეუძლიათ საბადოზე წვდომა.

აღნიშნული სანქციებით, ცხადია, ფინანსური ზიანი ადგება ასევე ევროპულ პორტებსაც. მაგალითად, ბელგიის Zeebrugge LNG ტერმინალის მმართველ კომპანია Fluxys SA-ს აშენებული აქვს სპეციალური საცავი ავზი და გაფორმებული აქვს 20-წლიანი კონტრაქტი Yamal LNG-სთან.

2023 წელს ევროკავშირმა, ჯამში, 134 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი გაზი შეიძინა, საიდანაც რუსეთის წილი 18 მილიარდი კუბური მეტრი იყო. ევროკავშირის ენერგეტიკის მარეგულირებელთა თანამშრომლობის სააგენტოს (ACER) პროგნოზების მიხედვით, ევროპაში თხევად გაზზე მოთხოვნა სავარაუდოდ 2024 წელს მიაღწევს პიკს, რადგან არსებობს გაზზე მოთხოვნის შემცირების ტენდენცია, რაც მეტწილად გამოწვეულია გამოწვეულია ევროკავშირის დეკარბონიზაციის მიზნებით.

***

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირი და მისი მოკავშირეები ეძებენ გზებს, რათა შეზღუდონ კრემლის მიერ ენერგეტიკული რესურსების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები, საკუთარი მოსახლეობისთვის ენერგეტიკული ხარჯების ზრდის გარეშე. ამ კუთხით, ბოლო გადაწყვეტილება თხევადი ბუნებრივი აირის რეექსპორტისთვის ევროკავშირის პორტების გამოყენების აკრძალვაა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ალტერნატიულ გზებს აირჩევს რუსეთი საკუთარი თხევადი გაზის მესამე ქვეყნებისთვის მისაწოდებლად. ფასების ზრდის მხრივ ევროპაში რისკები გაცილებით ნაკლებია, რადგან იგი არ ზღუდავს რუსული თხევადი გაზის იმპორტს, ხოლო აზიის ქვეყნები ამ მხრივ შესაძლოა უფრო მოწყვლადები აღმოჩნდნენ. სანქციების მე-14 პაკეტისგან არ არსებობს მოლოდინი, რომ მას რაიმე ხელშესახები შედეგი ექნება ომის მიმდინარეობაზე, ეს არის მორიგი ნაბიჯი, რომელიც რუსეთისთვის ფინანსური ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად, თუმცა ამ თვალსაზრისითაც ნაკლებად მოსალოდნელია მასშტაბური შედეგები.