ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
2014 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში რუსეთის ფედერაციამ განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ გაეუქმებინა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან, მის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გამო, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (იხ.: https://ria.ru/world/20140910/1023547655.htm). ამ განცხადებას არანაირი ქმედება არ მოჰყოლია. რაღაც მიზეზით, რუსეთის მთავრობამ ჩათვალა, რომ საქართველოსთან სავაჭრო თანამშრომლობის გართულებისათვის შესაფერისი დრო არ იყო, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ მსგავსი არაფერი მოხდება.
სავსებით ვეთანხმებით მათ შეფასებებს, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაუქმება დიდი ტრაგედია არ არის მაშინ, როცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესები კვლავაც ძალაშია, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, რომ რუსეთს კანონებთან დაკავშირებული საკითხები დიდად არასდროს ანაღვლებდა. ამავე დროს, თქმაც არ სჭირდება, რომ რუსეთის მთავრობისათვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მრავალმხრივი ჩარჩო ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსთან.
მიუხედავად ამისა, წარმოგიდგენთ რამდენიმე საკითხს, რომლებზეც ღირს დაფიქრება.
პირველი. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ნიშნავს, რომ არ არის არანაირი საბაჟო გადასახადი საქონლისათვის, რომელიც წარმოშობილია ერთი ქვეყნის საბაჟო სივრცეში და რომლის დანიშნულების ადგილიც მეორე ქვეყნის საბაჟო სივრცეა. არ არსებობს არანაირი უთანხმოება ერთი ქვეყნის მიერ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ქონის შესახებ სხვადასხვა ჯგუფებთან. არსებობს გარკვეული საკითხები საბაჟო რეგულაციებთან და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა დარეგულირებაც მარტივია, თუ, რა თქმა უნდა, არსებობს ნება პოზიტიური შედეგის მიღწევისა. ევროკავშირ-საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება არანაირ საფრთხეს არ უქმნის რუსეთის ფედერაციას. პირიქით, რუსი ინვესტორების მიერ საქართველოში იურიდიულ პირებად დარეგისტრირებულ კომპანიებს შეუძლიათ ისარგებლონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიერ მინიჭებული პრეფერენციებით ევროკავშირის ბაზარზე ისევე, როგორც ნებისმიერ ინვესტორს ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლია იმავეს გაკეთება. ეს ასევე ეხება ჩინეთის მიმზიდველ ბაზარსაც, იქიდან გამომდინარე, რომ 2017 წლის 13 მაისს ხელი მოეწერა საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც, სავარაუდოდ, ძალაში შევა მომდევნო წლის დასაწყისში (იხილეთ: http://mfa.gov.ge/News/saqartvelosa-da-chinets-shoris-tavisufali-vachrobi.aspx?CatID=5). ყველა ეს ფაქტორი ხელს უწყობს საქართველოსთან ვაჭრობის მიმზიდველობას. შესაბამისად, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაუქმების შესახებ რუსეთის სავარაუდო გადაწყვეტილება წმინდა პოლიტიკური ხასიათისაა.
მეორე. განხილვებისას საერთოდ არ ფიგურირებს ევრაზიის საბაჟო კავშირი (რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი). შეთანხმებას (ამიერიდან მოვიხსენიებთ, როგორც უბრალოდ „შეთანხმებას“) ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო კოდექსის შესახებ (ამიერიდან მოვიხსენიებთ, როგორც უბრალოდ „კოდექსს“) ხელი მოეწერა 2017 წლის 11 აპრილს მოსკოვში (იხ.:https://docs.eaeunion.org/docs/ru-ru/01413569/itia_12042017). მას აქვს სამი დანართი, როგორც განუყოფელი ნაწილი, რომლებითაც უქმდება ათეულობით საერთაშორისო შეთანხმება და ოქმი, რომლებსაც ხელი მოეწერა კოდექსის ძალაში შესვლის მოლოდინში. წევრ ქვეყნებში მიმდინარე რატიფიკაციის პროცესის მიხედვით, კოდექსი დიდი ალბათობით ძალაში შევა მომავალი წლის დასაწყისში, როგორც გაცხადდა 2017 წლის 11 ოქტომბერს მოსკოვში ჩატარებული ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომის დროს (იხილეთ:http://www.eurasiancommission.org/ru/nae/news/Pages/14_11_17.aspx). კოდექსი ძალიან სერიოზული დოკუმენტია, რომელიც შედგება 1,169 გვერდისა და ორი დანართისაგან, რომლებიც მთლიანად მოიცავენ საბაჟო საკითხების მთელ სფეროს და არეგულირებენ ხელმომწერი ქვეყნების საბაჟო საქმიანობის ყველა მიმართულებას. ის მოიცავს ევრაზიის ეკონომიკური კომისიაზე (ამიერიდან მოვიხსენიებთ, როგორც უბრალოდ „კომისიას“) მითითებებს, როგორც ინსტიტუტისა, რომელსაც დავალებული აქვს კოდექსის დებულებების აღსრულების მართვა. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის რეგულაციების მიხედვით, კომისია არის ზენაციონალური ინსტიტუტი, რომლის პასუხისმგებლობებიც მოიცავს საერთაშორისო თანამშრომლობის მრავალ სფეროს და რომელიც აღჭურვილია ინსტრუმენტების შთამბეჭდავი მრავალფეროვნებით. კომისიას პასუხისმგებლობის ბევრი სფერო აქვს, მათ შორის მაკროეკონომიკა, კონკურენცია, ენერგეტიკის პოლიტიკა და სხვა. სხვა საკითხებთან ერთად, კომისიის სამუშაო სფეროში შედის ასევე მესამე ქვეყნებთან სავაჭრო რეჟიმების დაწესება (იხ.:http://www.eurasiancommission.org/ru/Pages/about.aspx).
მესამე. თუ რუსეთი საბაჟო კავშირის წევრია, მის საგარეო ვაჭრობის რეჟიმს უნდა არეგულირებდეს შესაბამისი ზენაციონალური ინსტიტუტი, რომელიც, ამ შემთხვევაში, კომისიაა. ანალოგიურად, მაგალითად, გერმანიის საგარეო ვაჭრობის რეჟიმს არეგულირებს ევროკავშირის კომისია. გერმანიას არ შეუძლია დააწესოს ან გაწყვიტოს ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსთან – ეს ყველაფერი ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთანაა მოლაპარაკებული. შესაბამისად, რუსეთთან, ბელარუსთან, ყაზახეთთან, ყირგიზეთთან და სომხეთთან სავაჭრო რეჟიმების შესახებ საქართველომ მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს კომისიასთან, კერძოდ კი, ბატონ ტიგრან სარქისიანთან, რომელიც საბჭოს თავმჯდომარეა, ან ბატონ მუკაი კადირყულოვთან, რომელიც საბჭოს წევრია (მინისტრი) საბაჟო თანამშრომლობის საკითხებში (იხ.:http://www.eurasiancommission.org/ru/act/chairman/Pages/default.aspx). ეს უკვე აღარ არის ორმხრივი ურთიერთობების სფერო. თუკი მოგვიწვევენ ცალკე მოლაპარაკებების საწარმოებლად, ეს ნიშნავს, რომ რეალურად საბაჟო კავშირი არ არსებობს. რადგან, თეორიულად, ასეთი მიდგომის შესაძლებლობის გათვალისწინებით, სხვადასხვა ქვეყანას შეუძლია დაამყაროს სხვადასხვა სავაჭრო რეჟიმი საქართველოსთან, საკუთარი ინტერესების მიხედვით. მაგალითად, სომხეთი, გასაგები მიზეზების გამო, უფრო დაინტერესებულია საქართველოსთან ვაჭრობის განვითარებით, ვიდრეზოგ სხვა პარტნიორთან საბაჟო კავშირში.
მეოთხე. ფაქტია, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობისათვის წარმატებაც და გამოწვევაც რუსულ ბაზარზე ექსპორტის შთამბეჭდავი ზრდაა. რუსული ინსტიტუტები სუსტია, ექვემდებარება პოლიტიკურ ზეწოლას და, შესაბამისად, პირდაპირ ატარებს პოლიტიკურად დამუხტულ გადაწყვეტილებებს. ეს ნათლად გამოვლინდა 2006 წლის მარტის რუსული ემბარგოს დროს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც რატიფიცირებული იყო როგორც რუსეთის დუმის, ისე საქართველოს პარლამენტის მიერ. აღნიშნული შეთანხმება მოიცავდა დავების გადაწყვეტის მექანიზმებსაც საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად (იხ.:http://base.spinform.ru/show_doc.fwx?rgn=23995). მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელისუფლებამ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ცალმხრივად გამოიყენა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება ემბარგოს შესახებ. საქართველო არ არის ერთადერთი მაგალითი რუსეთის ამგვარი საქციელისა. პოლიტიკური ხელშეკრულებებისა და ეკონომიკური შეთანხმებების დარღვევა რუსული სტრუქტურების ჩვეულებრივი დამოკიდებულებაა ხელმოწერილი და რატიფიცირებული საერთაშორისო დოკუმენტების მიმართ. ამ მხრივ, რუსეთის ფედერაციის ნებისმიერ მეზობელს, ბელარუსიდან დაწყებული და იაპონიით დამთავრებული, შეუძლია გაიხსენოს მაგალითები თავისი საკუთარი გამოცდილებიდან.
მეხუთე. ლეგალური არგუმენტები რუსი ჩინოვნიკებისათვის ბევრს არაფერს ნიშნავს. თუ რუსეთს სურს ვინმეს დასჯა და აქვს ამის საშუალება, ის ამას გააკეთებს. ამჟამად რუსეთის მიდგომა საქართველოსთან ვაჭრობისადმი უფრო ფრთხილი და სამართლებრივად კორექტულია. ეს მისასალმებელი პროგრესია, თუმცა ჩვენი საკუთარი ისტორიული გამოცდილება სათუოს ხდის ამ მიდგომის მდგრადობას.
დასკვნები. რუსეთთან სავაჭრო საკითხებზე კამათს აზრი არ აქვს. ჩვენ დავხარჯავთ რესურსებს და საპასუხოდ ვერ მივიღებთ ვერანაირ გარანტიას. ჩვენ მათ უნდა მივცეთ საშუალება მიიღონ გადაწყვეტილაბა და იმოქმედონ შესაბამისად. რუსეთთან უფრო პრეფერენციული ვაჭრობა ნიშნავს უფრო მეტ ექსპორტს, რაც კარგია. რუსეთთან უფრო ნაკლები ვაჭრობა ნიშნავს ნაკლებ დამოკიდებულებას არამდგრად ბაზარზე, რაც კიდევ უფრო უკეთესია. რუსეთის მთავრობას გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ საქართველოსთან ვაჭრობის შესაძლო შეფერხება:
- შეასუსტებს ქართველი მეწარმეებისა და ექსპორტიორების ილუზიებს;
- გაზრდის ქართული ექსპორტის კონკურენტუნარიანობას; ჩვენი ღვინის ექსპორტიორებს მოუწევთ ისწავლონ ფრანგ, ესპანელ და იტალიელ მეღვინეებთან კონკურენცია, არა მხოლოდ რუსულ ბაზარზე, არამედ სხვაგანაც. ეს გაზრდის ჩვენი ექსპორტიორების შესაძლებლობას ჩაერთონ კონკურენციაში ევროკავშირის ბაზარზე;
- კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ რუსული ბაზარი მიმზიდველი, თუმცა რისკიანია;
- შეასუსტებს ქართველი ექსპორტიორების დამოკიდებულებას ბაზარზე, რომელიც მიმზიდველია, თუმცა არამდგრადი;
- ხელს შეუწყობს ქართველი ექსპორტიორებისათვის ბაზრების დივერსიფიკაციას, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების, ჩინეთთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან უკვე არსებული და აშშ-სთან მომავალი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გათვალისწინებით;
- შეამცირებს რუსეთის შესაძლებლობას გავლენა მოახდინოს საქართველოზე (რაც უფრო ადრე, მით უკეთესი);
- საქართველოს დაუმკვიდრებს უკეთეს ადგილს შრომის საერთაშორისო დანაწილების სისტემაში.