ავტორი: ანდრეას უმლანდი, ანალიტიკოსი, სტოკჰოლმის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი (SCEEUS), შვედეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (UI)

 

რუსეთის ექსტრემისტული მემარჯვენეების როლი უკრაინაში მოსკოვის გენოციდური ექსპანსიის გამოწვევაში

მოსკოვის ბოლოდროინდელი საგარეო პოლიტიკის საფუძვლების კვლევისას იკვეთება ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, ეპატაჟური რუსი იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი. გრძელი წვერით, ჟღერადი ხმითა და ექსტრავერტის პიროვნული თვისებებით, ტელეგენური დუგინი ადვილად ერგება არქეტიპულ წარმოდგენებს რუსი ფილოსოფოსების შესახებ. ის სხვადასხვაგვარია სხვადასხვა აუდიტორიასთან – შეუძლია იყოს თანამედროვე დოსტოევსკიც თუ მემარჯვენე ტროცკიც, მართლმადიდებელი ბერიც, მეორე რასპუტინიც და ალტერნატიული ტოლსტოიც.

მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს სინამდვილეში დუგინის ფენომენს? ის მართლაც გამორჩეული ფილოსოფოსია? რამდენად ორიგინალურია მისი იდეები? არის ის კრემლის მთავარი იდეოლოგი? და თუ არა – მაშინ რატომ იმსახურებს ამდენ ყურადღებას?

დუგინი არის ერუდირებული პოლიგლოტი, რომელსაც თავისუფლად შეუძლია რამდენიმე ენაზე აზრის გადმოცემა. ის კარგად იცნობს სოციალურ თეორიას, ეზოთერულ ლიტერატურას და ნორმატიულ ფილოსოფიას. მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობა მოიცავს სხვადასხვა მიდგომას სამუელ ჰანტინგტონის ცივილიზაციონიზმიდან დაწყებული ალისტერ კროულის სატანიზმამდე; ულტრამემარცხენე სინდიკალიზმიდან ულტრამემარჯვენე ტრადიციონალიზმამდე; მტკიცე რეაქციული პრინციპებიდან ცალსახა არაკონფორმისტულ იდეებამდე.

დუგინს მიიჩნევდნენ კონსერვატორად, მარქსისტად, იმპერიალისტად, ფუნდამენტალისტად, გეოპოლიტიკოსად და ა.შ. ამ იარლიყების უმეტესობა, მართალია, ასე თუ ისე, შეესატყვისება, მაგრამ არც მაინცდამაინც  ზუსტია. საკუთარი იდეოლოგიის სახელდებისას თავად დუგინი, რუსეთში თუ რუსეთს გარეთ მკითხველების ინტერესის გასამძაფრებლად, ამკვიდრებს ისეთ ახალ სიტყვათშეთანხმებებს, როგორიცაა „ნეოევრაზიანიზმი“ ან „მეოთხე პოლიტიკური თეორია“. ამასთან, დუგინი არის ქარიზმატული ლექტორი და მოსაუბრე. კონფერენციებზე, ტოქშოუებსა და ინტერვიუებში ის წარმოდგება, როგორც გამჭრიახი, მჭევრმეტყველი და გულისხმიერი პიროვნება. დუგინი გულწრფელად აღიარებს საკუთარ  ნიჰილისტურ განწყობებს, ღიად ღაღადებს მსოფლიო ანტილიბერალურ რევოლუციას, გამუდმებით ლაპარაკობს არსებული საერთაშორისო წესრიგის დასასრულზე და მზადაა ყოველ ჯერზე დაადასტუროს უკიდეგანო ზიზღი დასავლეთის მიმართ.

1990-იან წლებში დუგინს არ ეუხერხულებოდა თავი ფაშისტადაც კი ეჩვენებინა. ის გამუდმებით აქებდა გერმანიის ნაციზმის წარმომადგენლებსა და მოკავშირეებს, თუმცა ბოლო დროს დუგინი თავს იკავებს საჯაროდ გამოხატოს ისტორიული ევროპული ფაშიზმისადმი თანაგრძნობა – ის ახლა ანტიფაშისტად წარმოდგება.

ბოლო 35 წელიწადში დუგინმა და მისმა სხვადასხვა ანალიტიკურმა ცენტრმა აურაცხელი რაოდენობის ტექსტები გამოსცეს. ორგანიზაციამ „Dugin & Co“ სხვადასხვა ენაზე ათეულობით წიგნი გამოუშვა, გამოაქვეყნა ასეულობით სტატია და გააკეთა ათასობით წერილობითი, ვიდეო და აუდიო განცხადება, მრავალფეროვან რუსულ და უცხოურ მედიასაშუალებებში, საჯარო ღონისძიებებსა თუ სოციალურ ქსელებში. დუგინის პოპულარობა უფრო მეტად  განსაზღვრა მისი შრომების წარმოუდგენელმა რაოდენობამ, განცხადებებისა და თარგმანების აურაცხელმა სიმრავლემ და არა მათმა შემოფარგლულმა სიღრმემ, უცნაურმა შინაარსმა თუ საეჭვო ხარისხმა.

ამჟამად დუგინი მთელ მსოფლიოში აღიქმება, როგორც რუსეთის თანამედროვე პოლიტიკური აზროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. დუგინი, მისი საჯარო ყველგანმყოფობის, საომარი დისკურსისა და ორატორული ოსტატობის დამსახურებით, ბევრი დამკვირვებლის თვალში იქცა რუსული იმპერიალიზმის აღორძინებისა და მოსკოვის ანტიდასავლური შემობრუნების მთავარ, და არა ერთ-ერთ,  სულისჩამდგმელად. ბოლო 15 წლის განმავლობაში დუგინს ეძახდნენ „პუტინის ტვინს“ და მსოფლიოს „ყველაზე სახიფათო ფილოსოფოსს“.  მიუხედავად ამ ყველაფრისა, რთულია განისაზღვროს, რა როლი აქვს დუგინს კრემლის ახალი აგრესიის ინსპირაციაში, ანუ რუსეთ-უკრაინის ომში. დუგინი,  განსხვავებით იმისგან, როგორც ხშირად წარმოადგენენ, არც ინტელექტუალური სიახლის შემქმნელი ფილოსოფოსია და არც კრემლთან პირდაპირი წვდომის მქონე იდეოლოგი. მას მოსწონს ორივე ეს როლი და მისი რუსი და არარუს მიმდევრებიც მას მიიჩნევენ ღრმა მოაზროვნედ, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს კრემლთან. უცნაურია, რომ ამ წარმოდგენებს ზოგიერთი მისი კრიტიკოსიც ეთანხმება.

დუგინის ფილოსოფიური დასკვნები და პოლიტიკური იდეები არის სხვადასხვა ძველი, არარუსულენოვანი, ანტირაციონალური და ანტიინდივიდუალისტური ფილოსოფიური დისკურსების რუსული თარგმანები თუ ხელახალი ფორმულირებები. ვინც იცნობს კლასიკურ გეოპოლიტიკას, ინტეგრალურ ტრადიციონალიზმს, საერთაშორისო ოკულტიზმს, გერმანულ კონსერვატიულ რევოლუციას, ფრანგულ პოსტმოდერნიზმს, ევროპულ ახალ მემარჯვენეებსა და სხვა ალტერნატიული სკოლების ნააზრევს, დუგინის მოსმენისას  აუცილებლად ექნება  „დეჟავიუ“. იმ მკითხველმა კი, ვინც არ იცნობს დუგინის ომამდელ, ომის დროინდელ და ომის შემდგომ შთაგონებას, შესაძლოა იგი აღიქვას ჭეშმარიტ რუს ფილოსოფოსად. თუმცა, რასაც ის აცხადებს, განსაკუთრებით, თავის  „ნეოევრაზიანიზმსა“ თუ „მეოთხე“ თეორიაში, მეტწილად დასავლეთის მოძულე საკამათო თეორეტიკოსებისა და ფილოსოფოსების გადმოღებაა. დუგინის ნიჰილისტური ფანტაზიის, ფაშისტური წარმოდგენებისა და ტოტალიტარული გეგმის დომხალი ბევრ არაფერ ახალს არ შეიცავს მათთვის, ვისაც არარუსული ულტრანაციონალიზმი, ანტიდემოკრატია და ანტილიბერალიზმი უსწავლია.

 

ასევე მცდარი წარმოდგენაა, თითქოს დუგინს გავლენა ჰქონდეს რუსეთში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე. რა თქმა უნდა, არის ხალხი ვლადიმერ პუტინის გარემოცვიდან,  მაგალითად, მისი დიდი ხნის კოლეგები კა-გე-ბე-დან – ვიქტორ ჩერკესოვი და ვლადიმერ იაკუნინი, ვინც დუგინის ნაწერების მიმართ გამოხატეს დოკუმენტურად დადასტურებული ინტერესი. საყურადღებოა, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში პუტინის „სახელგანთქმულმა“ ხელქვეითმა, უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პეტრუშევმა ჰელფორდ მაკინდერის გეოპოლიტიკური იდეები ახსენა. შესაძლოა, პეტრუშევმა ბრიტანელი გეოგრაფის შესახებ სწორედ დუგინისგან შეიტყო, რომელმაც ეს სადავო დასავლელი მეცნიერი რუსეთში 1990-იან წლებში გახადა პოპულარული. მაკინდერი მე-20 საუკუნის დასაწყისში ამტკიცებდა, რომ სწორედ ის, ვინც აკონტროლებს მსოფლიოს ე.წ. ცენტრს, ე.ი. დაახლოებით რუსეთის ფედერაციის დღევანდელ ტერიტორიას,  მართავს მსოფლიოს.

წარსულში დუგინის ყველაზე ექსტრემისტული განცხადებები სწორედ დღევანდელი კრემლის პროპაგანდისტების რიტორიკას ასახავს.  2014 წელს დუგინმა სკანდალურ ვიდეოგამოსვლაში რუსებს მოუწოდა: „მოკალით, მოკალით მოკალით“ უკრაინელები. 2015 წელს ის ამტკიცებდა: „ომი – ჩვენი სამშობლოა, ჩვენი სტიქიაა, ჩვენი ბუნებრივი და მშობლიური გარემო, სადაც უნდა ვისწავლოთ, თუ როგორ ვიარსებოთ შედეგისმომცემად და ძლევამოსილად“. დუგინის სხვა ძველი განცხადებები თავის დროზე ასეთივე აღმაშფოთებელი იყო, თუმცა დღეს ეს ისეთი გასაკვირი აღარ არის. ამასთან, არ არის საჭირო გადაჭარბება ფილოსოფოსის დისკურსისა და კრემლის რიტორიკის მზარდი თანხვედრის ინტერპრეტირებისას, განსაკუთრებით, 2022 წლიდან. ეს მზარდი დაახლოება თვალნათლივ ჩანს, მაგრამ არ კმარა იმის სამტკიცებლად, რომ დუგინის იდეებსა და პუტინის პოლიტიკას შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს. ბოლო ათწლეულებში დუგინმა დაამტკიცა, რომ ბევრ მკვლევარზე უკეთ გრძნობს, საითკენ მიდის პოსტსაბჭოთა რუსეთი. ის უფრო იყო ამ ტენდენციების წინასწარმეტყველი,  ვიდრე წამხალისებელს.

რაშიც დუგინმა და მისმა მიმდევრებმა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული წვლილი შეიტანეს, არის რუსული მედიისა და ინტელექტუალური დისკურსის მოწამვლა მანიქეიზმის, კონსპიროლოგიური და ესქატოლოგიური იდეებით. მათმა მონათხრობმა რუსეთთან დასავლეთის საუკუნოვან მტრობაზე, ტრადიციულ სახმელეთო და ლიბერალურ საზღვაო ძალებს შორის გარდაუვალ საბოლოო ბრძოლაზე, მტრულად განწყობილი საგარეო ძალების მიერ რუსული საზოგადოების კონტროლზე და ა.შ. მართალია, ირიბად, თუმცა მაინც შეუწყო ხელი პუტინის რეჟიმისა და პოლიტიკის რადიკალიზაციას. ამ გზაზე დუგინს და მის მიმდევრებს ათობით სხვა რეაქციონერი, ფაშისტი, რასისტი და ულტრანაციონალისტი რუსი მწერალი და კრიტიკოსი დაეხმარა.

მათ ერთად შექმნეს რაღაც ისეთი, როგორიც გერმანულმა ე.წ. კონსერვატიულმა რევოლუციამ ომის პერიოდში ვაიმარის რესპუბლიკაში გააკეთა. პარტიებზე, პოლიტიკოსებზე, ბიუროკრატებსა და დიპლომატებზე პირდაპირი ზემოქმედების ნაცვლად, მათ ჩამოაყალიბეს ისეთი ატმოსფერო, რომელშიც ძალადობრივი რეპრესიები და შეიარაღებული გარე აგრესია ბუნებრივად აღიქმება.

დუგინის იდეებს სიტყვა-სიტყვით მხოლოდ რამდენიმე რუსი ხელმძღვანელი პირი თუ იმეორებს. კიდევ უფრო ნაკლებს აქვს წაკითხული მისი წიგნები. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ დუგინის ადრეულ ფაშისტურ განცხადებებს, რუსი ოფიციალური პირების მხოლოდ მცირე ნაწილი აღიარებდა, რომ ამ იდეებმა მათზე შთაბეჭდილება მოახდინა. მიუხედავად ამისა, რუსულმა რადიკალურმა მემარჯვენე ჯგუფებმა მთლიანობაში მაინც შეძლეს გადამწყვეტი როლი შეესრულებინათ 2007 წელს რუსეთის ანტიდასავლურ ტრანსფორმაციაში, 2014 წელს უკრაინაში შეჭრასა და 2022 წელს ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებაში. სამ ათწლეულზე მეტია დუგინი და მსგავსი მემარჯვენეები გამუდმებით გამოთქვამენ ღიად იმპერიალისტურ, რადიკალურად ნაციონალისტურ და პარანოიდულ ანტიდასავლურ იდეებს.

15 წლის წინ, როდესაც პუტინმა რუსეთის დასავლეთის წინააღმდეგ შემობრუნება გამოაცხადა, როდესაც დაახლოებით 10 წლის წინ  ყირიმის ანექსია მოახდინა, ხოლო თითქმის ორი წლის წინ  მასშტაბური ომი დაიწყო,  ბევრ რუსს არ დასჭირვებია იმის ახსნა, თუ რატომ ჩაიდინა ეს მისმა ქვეყანამ. რუსეთის რადიკალურმა მემარჯვენეებმა, მათ პატრიარქად წოდებულ დუგინთან ერთად, ამისთვის რუსულ საზოგადოებაში ნიადაგი უკვე დიდი ხნით ადრე შეამზადეს.

რუსეთი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ბოლოდროინდელ ევროპულ მაგალითს შორის – მეორე იყო სერბეთი 1990-იან წლებში – სადაც ქვეყნის ულტრამემარჯვენეებმა დიდი წვლილი შეიტანეს დიდი ომის დაწყებაში. რა თქმა უნდა, საბჭოთა უშიშროების ოფიცრებმა, რომლებიც ხელისუფლებაში პუტინს კუდში მოჰყვნენ, საუკუნის დასაწყისში მთავარი როლი შეასრულეს რუსეთის იმპერიული დაპყრობების დაგეგმვაში საქართველოსა და უკრაინაში. მიუხედავად ამისა, მათ ამის გაკეთება მხოლოდ სოციალურ ატმოსფეროში შეეძლოთ, რომელიც მხარს უჭერდა ან, ყოველ შემთხვევაში, ხელს არ უშლიდა უცხოურ ავანტიურიზმს. 1980-იანი წლების ბოლოდან დუგინმა და მისმა თანაშემწეებმა ისევე, როგორც მთლიანად რუსმა ულტრამემარჯვენეებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ასეთი ატმოსფეროს შექმნაში.