ავტორი: თათა გელაშვილი
2024 წლის 28 თებერვალს მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, ადგილობრივი კონგრესის ასობით წარმომადგენელი შეიკრიბა და დახმარებისთვის რუსეთს მიმართა. მიზეზად მოლდოვის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა და თავისუფლების შეზღუდვა დასახელდა. მალევე მსგავსი განცხადებები გაკეთდა მოლდოვის კიდევ ერთ ავტონომიურ რეგიონში, გაგაუზიაში, რომლის პრორუსულად განწყობილმა ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს კიშინიოვისგან დაცვის თხოვნით მიმართა.
მოლდოვა, რამდენადაც მის ორ რეგიონს რუსეთი „მფარველობს“, ისეთი მნიშვნელოვანი საფრთხეების წინაშე დგას, როგორიცაა შიდა დაძაბულობის ზრდა და ევროკავშირთან ურთიერთობის დინამიკის არევა. ჩვენს ბლოგში განვიხილავთ მოლდოვის რეგიონებში, დნესტრისპირეთსა და გაგაუზიაში, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რუსეთის მოტივებს, არსებულ საფრთხეებსა და მოლდოვის მხრიდან რეაგირებას, რის საფუძველზეც შევაფასებთ, თუ რამდენად აფერხებს ამ ორ რეგიონში შექმნილი დაძაბულობა მოლდოვის ევროინტეგრაციას.
დნესტრისპირეთი
მოლდოვა-რუსეთს შორის ურთიერთობების ესკალაციის ახალი პერიოდი თებერვლის ბოლოს დაიწყო. ვითარება დაიძაბა მოლდოვის რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, რომელიც არ არის აღიარებული გაეროს არცერთი წევრი ქვეყნის მიერ და სადაც რუსეთს 1500-მდე სამხედრო მოსამსახურე ჰყავს განლაგებული. დნესტრისპირეთის კონგრესის განცხადებით, მოლდოვის ხელისუფლებამ, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლით, ძირი გამოუთხარა რეგიონის ეკონომიკას და მკვეთრად გააუარესა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ კიშინიოვმა გააუქმა საბაჟო-საგადასახადო შეღავათები დნესტრისპირეთში რეგისტრირებული ბიზნესებისთვის. თუკი მანამდე სეპარატისტული რეგიონის ბიზნესმენები ექსკლუზიურად სარგებლობდნენ ევროკავშირიდან იმპორტზე საგადასახადო შეღავათებით, ამიერიდან მათ გადასახადების გადახდა მოუწევთ როგორც ტირასპოლისთვის, ისე კიშინიოვისთვის. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს თანაბარი პირობების შექმნას ყველა ეკონომიკური სუბიექტისთვის მოლდოვის მასშტაბით, რაც უზრუნველყოფს სამართლიან კონკურენციას და იგი მიმართული იყო სახელმწიფო საზღვრებზე კონტროლის დამყარებისკენ. დნესტრისპირეთში საბაჟო გადასახადების გამკაცრებით მოლდოვა აძლიერებს თავის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, პოზიციას და განამტკიცებს ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ სწრაფვას, რაც სავაჭრო რეგულაციებისა და საბაჟო პროცედურების დაცვას მოითხოვს.
გაგაუზია
დნესტრისპირეთში შექმნილ დაძაბულ ვითარებას მოლდოვის სხვა რეგიონის, გაგაუზიის, ლიდერის რუსეთში ვიზიტი მოჰყვა. ევგენია გუცული 2024 წლის 6 მარტს ქ. სოჭში გამართული გლობალური ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში ვლადიმერ პუტინს შეხვდა და მოლდოვის მთავრობის მიერ რეგიონის ავტონომიის შეზღუდვის შესახებ ესაუბრა. გუცულმა უკრაინა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) მოლდოვის ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მხოლოდ „ზღაპარია“. პუტინმა მხარდაჭერა აღუთქვა გაგაუზიის ლიდერს რეგიონის უფლებებისა და პოზიციების საერთაშორისო ასპარეზზე დაცვაში და დაჰპირდა, რომ გაეროს ყურადღების ცენტრში მოაქცევდა მოლდოვის მიერ გაგაუზი ხალხის უფლებების დარღვევის საკითხს. პუტინმა გუცულს ისეთ ეკონომიკურ შეღავათებზეც ესაუბრა, როგორიცაა რეგიონის წვდომა რუსულ ბაზარზე და მისთვის ბუნებრივი აირის შემცირებულ ფასებად მიწოდება. რუსეთის პრეზიდენტი გაგაუზიის ლიდერს ავტონომიურ რესპუბლიკაში რუსულენოვანი სკოლების მხარდაჭერასაც დაჰპირდა. საგანმანათლებლო დახმარების ეს ინიციატივა კულტურული ინტეგრაციის გაღრმავების მცდელობაა, რაც მოლდოვის ავტონომიურ რეგიონსა და რუსეთს შორის მჭიდრო კავშირებს გააჩენს. ასეთი პოზიციონირებით პუტინმა გაგაუზიის ავტონომიის დამცველის როლი მოირგო, რაც დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს მოლდოვის ხელისუფლებას.
საყურადღებოა გუცულის რუსეთში ვიზიტის დროს გაჩენილი სპეკულაციები მისი სამშობლოში დაბრუნებისას დაკავების შესახებ, რასაც თავად გაგაუზიის ლიდერიც გამოეხმაურა. პოლიტიკური დევნისა და ვიქტიმიზაციის ნარატივი გუცულმა საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვებისა და მოლდოვის მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა.
გუცულის განმეორებითი ვიზიტი რუსეთში 8 აპრილს გაიმართა. გაგაუზიის ლიდერმა ამჯერად ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რუსულ ბანკ „პრომსვიაზბანკთან“, რაც რეგიონის მაცხოვრებლებს რუსული „მირის“ საბანკო ბარათების გამოყენების საშუალებას მისცემს. რუსეთის საგადასახადო სისტემასთან ბმა მოლდოვის ავტონომიურ რეგიონსა და რუსეთს შორის კავშირებს კიდევ უფრო გააღრმავებს.
რუსეთის მოტივები და არსებული საფრთხეები
საინტერესოა, თუ რა სტრატეგიულ მიზნებს ისახავს რუსეთი მოლდოვის რეგიონებში დაძაბულობის შექმნით. ნათელია, რომ კრემლი დაინტერესებულია მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის შეფერხებით, ქვეყნის დესტაბილიზაციითა და დნესტრისპირეთსა და გაგაუზიაზე გავლენის გაძლიერებით.
აღნიშნული მიზნების მიღწევას კრემლი მოლდოვის 2024-2025 წლების საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის საბოტაჟით ცდილობს. ასეთ ვითარებაში კი მეტი შანსია, რომ მოლდოვაში პოლიტიკური გაურკვევლობა წარმოიშვას და შესუსტდეს მთავრობის უნარი, ეფექტურად განახორციელოს პროდასავლური პოლიტიკა.
ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაზრდილია რუსეთის ჩარევა მოლდოვის შიდა საქმეებში, რისთვისაც მოსკოვი გაგაუზიის რეგიონს იყენებს. მაგალითად, გუცულის გუნდი უკვე მართავს წინასაარჩევნო საკოორდინაციო შეხვედრებს მოლდოვის პრორუსულ პარტიებთან. გუცული აქტიურად თანამშრომლობს ისეთ ფიგურებთან, როგორიცაა მოლდოვის სოციალისტური პარტიის ლიდერი იგორ დოდონი, კომუნისტური პარტიის ლიდერი ვლადიმერ ვორონინი და პრორუსი ოლიგარქი და პოლიტიკოსი ილან შორი. აქამდე მოლდოვის პრორუსული ოპოზიცია ორ ძირითად ჯგუფად იყოფოდა: ერთ მხარეს – ვორონინი და დოდონი და მეორე მხარეს – შორი მასთან ასოცირებულ პარტიებთან ერთად. თუმცა, 22 აპრილს, მოსკოვში ვიზიტით მყოფმა მოლდოვის ოპოზიციურმა პარტიებმა გამოაცხადეს ერთობლივი საარჩევნო ბლოკის შექმნა, სახელწოდებით „პობედა“ (გამარჯვება). ალიანსი ეწინააღმდეგება მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას და მხარს უჭერს რუსეთთან მჭიდრო კავშირებს. მომავალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის კრემლის მიერ ამ ფრაქციების ერთიან საარჩევნო ალიანსში გაერთიანება მათი გამარჯვების შანსების ზრდას და მოლდოვის პოლიტიკურ ლანდშაფტში სასურველი შედეგების მიღებას ემსახურება.
ამავდროულად მოლდოვაში შიშობენ, რომ რუსეთმა ომის ახალი ფრონტის შესაქმნელად შესაძლოა გამოიყენოს სეპარატისტულ დნესტრისპირეთში არსებული ვითარება, რომლის სამიზნე უკრაინის ქალაქი ოდესა იქნება. თუმცა, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპშოიმ უარყო ვარაუდი დნესტრისპირეთში რუსეთის დამატებითი ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით და აქცენტი მოლდოვის სუვერენიტეტის სიმტკიცესა და გარე ზეწოლის მიმართ წინააღმდეგობაზე გააკეთა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მუქარის ფონზე, რომ მოლდოვამ შესაძლოა უკრაინის ბედი გაიზიაროს, რუსეთის მიერ დნესტრისპირეთის ანექსიის მოლოდინიც ჩნდება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად დნესტრისპირეთის მიერ 2006 წლის რეფერენდუმის შედეგად მოსკოვში გაგზავნილი მოთხოვნისა, რუსეთმა ამ რეგიონის ანექსიაზე უარი განაცხადა. შესაძლებელია, კრემლი მოლდოვაში გავლენის სფეროების გაძლიერებას დასჯერდეს, ნაცვლად ტერიტორიული ექსპანსიისა. ამასთან, დნესტრისპირეთს არ გააჩნია განსაკუთრებული გეოპოლიტიკური უპირატესობები, როგორიცაა ზღვაზე გასასვლელი ან მდიდარი ბუნებრივი რესურსები. თუმცა, გამორიცხული არაა, რომ დნესტრისპირეთის პოტენციური ანექსია გახდეს საფუძველი პუტინისთვის შემდგომი ტერიტორიული ამბიციების განსახორციელებლად – კერძოდ, სამხრეთ უკრაინასთან სახმელეთო კორიდორის შესაქმნელად.
ამრიგად, არსებული ვითარება ქმნის მოლდოვაში რუსეთის გავლენის ახალი პლაცდარმის და, შესაძლოა, ომის ახალი ფრონტის გახსნის რისკსაც.
მოლდოვის პოლიტიკა და საფრთხეებზე რეაგირება
მოლდოვის ხელისუფლების დიპლომატიური ჩართულობისა და თანამშრომლობის ფორმატები დნესტრისპირეთისა და გაგაუზიის რეგიონებთან ხაზს უსვამს ქვეყნის ერთგულებას რეგიონული სტაბილურობისადმი და ევროკავშირთან დაახლოების მისი მცდელობების მაქსიმიზაციას.
მოლდოვა წლების მანძილზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს დნესტრისპირეთთან “5+2 ფორმატში“, მაგრამ, რუსეთისა და უკრაინის მასში მონაწილეობის გამო, მიმდინარე ომის პირობებში, ამ ფორმატის ეფექტიანობა საეჭვო გახდა. ამავდროულად, მოლდოვა მისდევს დიალოგისა და თანამშრომლობის პოლიტიკას გაგაუზიასთან, რომლის ფარგლებში რეგიონის ავტონომია და მასში მცხოვრები უმცირესობის უფლებები კანონმდებლობითაა გარანტირებული.
გასული წლის მიწურულს პრეზიდენტმა მაია სანდუმ მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების ორეტაპიან სტრატეგიაზე ისაუბრა, რომელიც პირველ ეტაპზე მდინარე დნესტრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე, ანუ ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაკონტროლებული ტერიტორიის ევროკავშირში ინტეგრაციას გულისხმობს, ხოლო მეორე ეტაპზე მარცხენა სანაპიროს მიერთებას, რაც დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ შეიძლება მოხდეს. ეს გეგმა აჩვენებს, თუ როგორ აბალანსებს მოლდოვა ევროპასთან შეერთების სურვილსა და დნესტრისპირეთში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების აუცილებლობას. აღსანიშნავია, რომ მოლდოვის ევროკავშირში ამ მოდელით გაწევრიანება შესაძლებლად მიიჩნია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა და ამის მაგალითად მოიყვანა კვიპროსი, რომელმაც ევროპულ ბლოკში გაწევრიანება ტერიტორიული პრობლემის მიუხედავად შეძლო.
2024 წლის მარტში მოლდოვამ საფრანგეთთან ხელი მოაწერა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც მოლდოვის სამხედრო საჭიროებების შეფასებას, იარაღის კონტრაქტებზე მოლაპარაკებების დაწყებასა და მოლდოვის შეიარაღებული ძალების გადამზადებას მოიცავს. ამასთან, მოლდოვამ 2023 წელს ფრანგული კომპანია Thales-ის მიერ წარმოებული სარადარო სისტემა შეისყიდა, რაც მოლდოვის თავდაცვის დასავლური ტექნოლოგიებით მოდერნიზების მცდელობაზე მიუთითებს.
მოლდოვის მხრიდან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო გაზის იმპორტის დივერსიფიკაცია. 2023 წელს მოლდოვამ უარი თქვა რუსულ გაზის შესყიდვაზე და გაზის ევროკავშირიდან იმპორტზე გადაინაცვლა, რაც მოლდოვის მიერ რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებასა და ევროკავშირის ენერგეტიკული სტანდარტების არჩევას გულისხმობს. ეს კი რუსეთის მოლდოვაზე ზეწოლის ბერკეტებს ასუსტებს.
რამდენიმე თვის წინ მოლდოვის პრეზიდენტმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია წარადგინა, რომელიც მოლდოვაში რუსეთის ფედერაციის მიერ გატარებულ აგრესიულ პოლიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას. ცვლილებები ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკაში განსაკუთრებით აქტუალურია 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში: რუსეთის პოტენციური ჩარევა არჩევნებში უბიძგებს მოლდოვას გადამწყვეტი ქმედებებისკენ დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ქვეყანაში არსებობს შიში გასული წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სცენარის გამეორებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც რუსეთი აქტიურად ცდილობდა ქვეყნის დესტაბილიზაციას. კრემლის პროპაგანდის საპასუხოდ, მოლდოვამ აკრძალა რამდენიმე პრორუსული პარტია, მათ შორის ილან შორის პარტია „შორი“, დაბლოკა რუსეთის მიერ გაკონტროლებული მედიის ვებსაიტები და ლიცენზია შეუჩერა დეზინფორმაციის გამავრცელებელ ექვს ტელეარხს, რომლებსაც ფლობდნენ შორი და რუსეთთან დაკავშირებული, საბანკო თაღლითობის საქმეში ბრალდებული ოლიგარქი ვლადიმერ პლაჰოტნიუკი. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპშოიმ გასული წლის 5 დეკემბერს აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში (USIP) გამოსვლისას განაცხადა, რომ პარლამენტი მიიღებს ზომებს მოლდოვის სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად და აღნიშნა ისიც, რომ ილან შორის პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება აუცილებელი ნაბიჯი იყო დემოკრატიის დასაცავად. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) და სხვა ევროპული ინსტიტუტების საარჩევნო დამკვირვებლებმა მხარი დაუჭირეს მოლდოვის ქმედებებს საარჩევნო კორუფციის წინააღმდეგ, თუმცა გამოთქვეს შეშფოთება ამ შეზღუდვების მოცულობისა და დროის შესახებ.
რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის გასაუმჯობესებლად მოლდოვამ ბოლო პერიოდში ორი ძირითადი ნაბიჯი გადადგა. პირველ რიგში, პრეზიდენტმა სანდუმ შექმნა ინფორმაციული თავდაცვისა და პროპაგანდასთან ბრძოლის ეროვნული ცენტრი, სახელწოდებით PATRIOT. გარდა ამისა, მოლდოვაში გაიხსნა ევროკავშირის სამოქალაქო მისია (EUPM Moldova), რომლის მანდატი კიბერუსაფრთხოების გამოწვევებისა და უცხოური საინფორმაციო ჩარევისთვის წინააღმდეგობის გაწევას მოიცავს. მისიას ორწლიანი ვადა აქვს – 2023 წლის აპრილიდან 2025 წლის მაისამდე. ამ პერიოდში ევროკავშირის მისია ინფორმაციული თავდაცვისა და პროპაგანდასთან ბრძოლის ეროვნულ ცენტრს დამატებით დახმარებას გაუწევს ტრენინგებისა და გრანტების სახით.
დასკვნა
მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი რიგი საფრთხეების ფონზე მიმდინარეობს. პრორუსული რეგიონული ლიდერებისა და პოლიტიკური პარტიების გააქტიურება, რუსეთის პოლიტიკურ ჩარევასთან და პროპაგანდისტულ კამპანიებთან ერთად, საფრთხეს უქმნის მოლდოვის სტაბილურობასა და დემოკრატიულ პროგრესს. მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე სირთულეს მატებს ამ მოცემულობას, თუმცა მიუხედავად არსებული შიდა და გარე გამოწვევებისა, მოლდოვამ აჩვენა აშკარა პროგრესი საერთაშორისო დონეზე თუ ქვეყნის შიგნით დაწყებული ინიციატივებითა და რიგი სტრატეგიული გადაწყვეტილებებით, როგორიცაა პრორუსულ რეგიონებთან დიპლომატიური ჩართულობა, ენერგეტიკის დივერსიფიკაცია და რუსული პოლიტიკური ჩარევისა და დეზინფორმაცია/პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს ძალისხმევა, მოლდოვის ევროპული მისწრაფებების საერთაშორისო მხარდაჭერასთან ერთად, არსებული დაძაბულობის მართვისა და რისკების ესკალაციის თავიდან აცილების საფუძველია.
მიუხედავად რუსეთის აქტიური მცდელობებისა, ხელი შეუშალოს მოლდოვის ევროინტეგრაციის პროცესს, ქვეყანა ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად წარმატებით მიიწევს წინ დასახული მიზნისკენ. მოლდოვის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ეფექტიანობას, მის ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობას ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი – გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა – ადასტურებს.