2016 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პანელური დისკუსია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები – რა იგეგმება კრემლის კულუარებში?“.
დისკუსიას უხელმძღვანელა სტრატეგიული კვლევების ცენტრის თავმჯდომარემ ირაკლი მენაღარიშვილმა, ხოლო მოხსენებითი სიტყვით გამოვიდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი მამუკა კომახია და GIPA-ს პროფესორი თორნიკე შარაშენიძე.
მომხსენებლებმა ისაუბრეს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონებში კრემლის პოლიტიკის ფორმირების შესახებ, ასევე თუ როგორ იყენებს კრემლი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, როგორც ეფექტური საგარეო-პოლიტიკურ იარაღს საქართველოზე ზეწოლისთვის.
მამუკა კომახიამ იმსჯელა იმის შესახებ, თუ რომელი სახელმწიფო უწყებები და საჯარო მოხელეები ქმნიან და ახორციელებენ კრემლის პოლიტიკას საქართველოსთან, განსაკუთრებით კი, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ დაკავშირებით.
დისკუსიას ესწრებოდნენ ფონდის სხვადასხვა სასწავლო კურსის მონაწილეები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
დისკუსიის დასასრულს გაიმართა საინტერესო დისკუსია მომხსენებლებსა და აუდიტორიას შორის.