2017 / 06 / 26

2017 წლის 26 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი)  ნინოწმინდაში ეთნიკურად სომეხი მოსახლობისთვის გამართა ლექცია-დისკუსია თემაზე – „საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირთან“.

ლექცია წაიკითხა რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა, რომელმაც დამსწრე აუდიტორიას გააცნო ზოგადად ევროკავშირის პოლიტიკა, მიმოიხილა ევროკავშირთან საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის  სხვადასხვა ასპექტები, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სხვა. მომხსენებელმა ვრცლად ილაპარაკა, თუ რას გულისხმობს ვიზალიბერალიზაცია და რა უპირატესობებით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში მიმოსვლისას.

ღონისძიება ჩატარდა ფონდის მიერ ორგანიზებული სალექციო შეხვედრების ფარგლებში. ლექციები იმართება პერიოდულად, ძირითადად ეთმობა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებს და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პროფესიული შესაძლებლობების ზრდას, ქართული სახელმწიფოს შესახებ მათი ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, და ეროვნული ინტეგრაციის პროცესის პოპულარიზაციას თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად. ამგვარი შეხვედრები ეხმარება ეთნიკურ უმცირესობებს  აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო პროცესებში.

Discussion on EU-Georgia Cooperation in Ninotsminda, June 26, 2017