2024 წლის 14 თებერვალს რონდელის ფონდში გაიმართა დისკუსია თემაზე – „ყირიმის დეოკუპაცია და რეინტეგრაცია უკრაინაში: პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური საკითხები “.
უკრაინელმა სპიკერებმა წარმოადგინეს ხედვა და სტრატეგია, თუ როგორ მოხდება ყირიმის რეინტეგრაცია მისი დეოკუპაციის შემდეგ, ისაუბრეს პროექტებზე, კონკრეტულ პრიორიტეტებსა და მოსალოდნელ სირთულეებზე. განხილული იყო ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, სამხედრო და სამართლებრივი საკითხები, რამაც დამსწრეთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. დაისვა არაერთი კითხვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების კონტექსტიდან თუ შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის პერსპექტივიდან გამომდინარე.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ოლგა კურიშკომ, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში სერჰი კანდაუროვმა და უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ, სარაკეტო ნავის მეთაურის ყოფილმა მოადგილემ არტემ კისელოვმა. შეხვედრას უძღვებოდა რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ალექსი პეტრიაშვილი.