2017 წლის 26 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ახალქალაქის რეგიონულ ოფისში გაიმართა საჯარო ლექცია-დისკუსია ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის თემაზე „ცვლილებები ევროპაში – საერთაშორისო ურთიერთობის აქტუალური საკითხები“.
დისკუსიას უძღვებოდა რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი 2009-2013 წწ.-ში გიორგი ბადრიძე. მან ისაუბრა ევროპაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, რომლებიც გარკვეულ გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, კერძოდ, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ე.წ „ბრექსიტი“, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და სხვა.
ღონისძიება ჩატარდა ფონდის მიერ ორგანიზებული სალექციო შეხვედრების ფარგლებში. ლექციები იმართება პერიოდულად, ძირითადად ეთმობა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებს და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პროფესიული შესაძლებლობების ზრდას, ქართული სახელმწიფოს შესახებ მათი ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, და ეროვნული ინტეგრაციის პროცესის პოპულარიზაციას თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად. ამგვარი შეხვედრები ეხმარება ეთნიკურ უმცირესობებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო პროცესებში.