2017 წლის 13 თებერვალს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ორგანიზებით ახალქალაქის რეგიონულ ოფისში გაიმართა დისკუსია ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის თემაზე „სახელმწიფო და მოქალაქე“.
დისკუსიას უძღვებოდა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი თინა ხიდაშელი.
აუდიტორიასა და მომხსენებელს შორის აქტიური მსჯელობა გაიმართა სახელმწიფოს მნიშვნელობის, რაობისა და ფუნქციის, სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებების, ორმაგი მოქალაქეობისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.
საჯარო ლექცია-დისკუსია ჩატარდა ფონდის მიერ ორგანიზებული სალექციო შეხვედრების ფარგლებში, რომელიც ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებს ეთმობა. ლექციები გამიზნულია ხელი შეუწყოს ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პროფესიული შესაძლებლობების ზრდას, ქართული სახელმწიფოს შესახებ მათი ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, და ეროვნული ინტეგრაციის პროცესის პოპულარიზაციას თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად. ამ ტიპის შეხვედრები დაეხმარება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო ცვლილებებისა და გაძლიერების პროცესებში.\