ავტორი: ალექსი პეტრიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი

 

გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ ჰამასის მიერ ისრაელის სახელმწიფოს არსებობის ისტორიის მანძილზე არნახული სისასტიკით ჩადენილი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მსოფლიო კიდევ უფრო მეტად შეიცვალა; ფაქტია – არა  უკეთესობისკენ. სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაერთიანებების რეაქციების, მიღებული გადაწყვეტილებების, განხორციელებული ნაბიჯების და, ზოგადად, პოზიციონირების შემდეგ კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ უკრაინელების ბრძოლას, თავისუფალი სამყაროს ერთიანობას, სწრაფ და კოორდინირებულ მოქმედებას სასიცოცხლო მნიშვნელობა არა მხოლოდ უკრაინისთვის ჰქონდა; ისევე, როგორც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონისთვის; არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპისთვის; არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ გლობალური მსოფლიო წესრიგისთვის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.

შესაძლოა, დღეს კიდევ არიან ევროპაშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და, ზოგადად, დემოკრატიულ სამყაროში ადამიანები, ექსპერტები, ანალიტიკოსები, დიპლომატები და პოლიტიკოსები, ვისაც სჯერა, რომ ამ ორ ომს შორის კავშირი ხელოვნურია; რომ ბრძოლას ზაპოროჟიეს რეგიონის დასახლება ვერბოვეს გასათავისუფლებლად თუ ღაზის სექტორში ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის გასანადგურებლად არაფერი აქვს საერთო უსაფრთხოებასთან შვეიცარიის ალპებსა და ბალატონის ტბაზე უნგრეთში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე კალიფორნიაში და კოპაკაბანაზე ბრაზილიაში. ეს ხალხი ან ძალიან გულუბრყვილო და გაუცნობიერებელია, ან სირაქლემას დიდი ტრფიალია, ან ავტოკრატიის შენიღბული თუ უკვე ფაქტობრივად ნიღაბჩამოხსნილი გულშემატკივარია.

დიახ, დამთხვევა ნამდვილად იყო, მაგრამ ძალიან სიმბოლური კი გამოდგა კადრები, როდესაც პუტინი და სი ძინპინი ერთად შედიან სხდომათა დარბაზში სარტყლისა და გზის ინიციატივის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავ სამიტზე, ხოლო თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბაიდენი ჩადის ისრაელში. ვლადიმერ პუტინს, სი ძინპინს, კიმ ჩენ ინს და აიათოლა ჰამენეის ერთი ხაზი აქვთ ისრაელის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, ხოლო პრეზიდენტ ბაიდენს, რიში სუნაკს, ოლაფ შოლცს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და იენს სტოლტნებერგს – მათგან სრულიად საპირისპირო.

ზუსტად ასეა გავლებული ხაზი უკრაინის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაშიც. პრეზიდენტი ბაიდენი კიევშიც ჩავიდა, ისევე, როგორც დემოკრატიული სამყაროს პრაქტიკულად ყველა ლიდერი. პრინციპში, პირველად უკრაინის ფრონტის ხაზზე გამოჩნდა იმ დიდი ბრძოლის კონტურები, რომელზეც ჯო ბაიდენი თავისი პრეზიდენტობის პირველივე საათებიდან საუბრობდა – დემოკრატიები vs ავტოკრატიები. ისრაელში ეს კონტურები კიდევ უფრო ცხადი და მკაფიო გახდა (იმედია, სხვებთან ერთად, თავად ისრაელის ხელისუფლებისთვისაც). შეიძლება, ვინმეს ამის აღიარება უჭირდეს, მაგრამ ეს რეალობაა: პრობლემა ცდება ცალკე აღებულ უკრაინაში მიმდინარე ომს, აგრეთვე ისრაელის ბრძოლას ტერორის წინააღმდეგ და საფრთხეს დემოკრატიული ტაივანისთვის. ეს ყველაფერი ერთი, გლობალური დიდი სურათის შემადგენელი ნაწილებია. ახლა იკვეთება პასუხი კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამ სურათის სახელწოდება იყოს: „დემოკრატიები VS ავტოკრატიები: გადამწყვეტი ბრძოლა“.

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ამ დრომდე ერთი-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა, სადაც მან ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ახლა მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს მომავალი თაობების ბედ-იღბალს. მან აგრეთვე ზედმიწევნით ზუსტად გაავლო პარალელი ვლადიმერ პუტინსა და ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასს შორის და დასახა საერთო მიზანი: თუ არ შევაჩერებთ პუტინს და ტერორისტებს ახლა, ისინი განაგრძობენ ბოროტმოქმედებას და დარტყმებს მიაყენებენ სხვა დემოკრატიებს ხვალ. რა თქმა უნდა, კარგად გააზრებული იყო გზავნილი გონივრულ ინვესტიციასთან დაკავშირებით. დახმარების ბიუჯეტი, ჯამში, 100 მილიარდი დოლარი, რომელსაც პრეზიდენტი ბაიდენი ითხოვს უკრაინისთვის, ისრაელისთვის და აშშ-ის საზღვრებზე უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, შემთხვევით არ არის ერთ პაკეტში გაერთიანებული. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ აშშ-ის საშინაო პოლიტიკაში სერიოზული რყევებია და კიდევ უფრო ძლიერი „შტორმების“ მოლოდინიც არსებობს მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში. ჩემი მოკრძალებული აზრით, სწორედ ეს რყევები იწვევს დიდ ტალღებს დანარჩენ სამყაროში და მათთან გამკლავება იქნება განმსაზღვრელი მსოფლიოს მომავლისთვის.

თუმცა, არის სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც.  მართალია, პრეზიდენტმა ბაიდენმა თავის ისტორიულ გამოსვლაში მიმართა ამერიკელ ხალხს და ამერიკელ პოლიტიკოსებს, მაგრამ ადრესატები არა მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეები იყვნენ. მის გზავნილებს ყურადღებით უსმენდნენ როგორც პეკინში, მოსკოვში, ფხენიანსა და თეირანში, ისე ბრიუსელში, ლონდონში, ბერლინსა და პარიზში.

აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, იაპონია, სამხრეთი კორეა, ნორვეგია, ევროპული კავშირი ((ჯერჯერობით) მინუს ერთი) – აქ, პრინციპში, ყველაფერი გარკვეულია. ავტოკრატების და დიქტატორების კვარტეტთან და მათ „ლეიტენანტებთან“ (ლუკაშენკა, ასადი) დაკავშირებით ასევე ყველაფერი ცხადია, მაგრამ… რა ვუყოთ, რომ ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების როლი, როგორებიც არიან მაგ., თურქეთი ან საუდის არაბეთი და ერთ დროს აშშ-ის უპირობო მოკავშირე სხვა არაბული ქვეყნები, რომელთა მიმართ თავისუფალ სამყაროში დემოკრატიის ხარისხის კუთხით, რბილად რომ ვთქვათ,  შეკითხვები და პრობლემები აქვთ? მეორე მხრივ, მიზეზთა გამო კარგა ხანია უკვე აღარ არის ისე, რომ ერთი მეგობრული ზარით მეფესთან, შეიხთან თუ პრეზიდენტთან ნებისმიერი საკითხი წყდებოდეს და ღია, ღრმა და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა გარანტირებული იყოს. ჯერ ერთი, ყველაფერი გაძვირდა და მეორეც ერთი, არის რაღაცები, რაც შეიძლება გადაულახავიც კი იყოს (მაგ., ზოგიერთ მუსლიმურ ქვეყანას უჭირს ისრაელის მხარდაჭერა ტერორისტული ორგანიზაციების და მათ უკან მდგომი სახელმწიფოების წინააღმდეგ  რელიგიური, კულტურული და ისტორიული სპეციფიკიდან გამომდინარე). მშვიდობა, კეთილდღეობა, სტაბილურობა ყველას უნდა, მაგრამ გააჩნია, რის ფასად და როგორ.

კიდევ უფრო მეტად აქტუალურია და, შესაძლოა, გადამწყვეტიც, თუ რას იტყვის და რას მოიმოქმედებს ასეთი ტურბულენციის პირობებში გლობალური სამხრეთი? ვინ დადგება გლობალური ჩრდილოეთის მხარდამხარ, ვინ გადგება განზე და ვინ საერთოდაც შეუერთდება ე. წ. ბოროტების ღერძს? მაგ., ინდოეთს, შესაძლოა, აქვს თავისი სერიოზული პრობლემები ჩინეთთან, სულ მცირე, არ უხარია რუსეთის ომი უკრაინაში, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის უპირობოდ მხარს დაუჭერს აშშ-ს და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებს ავტოკრატიებთან ბრძოლაში.

სწორედ ამიტომ და სხვა ქვეყნების ირგვლივ არსებული გარემოებების გათვალისწინებითაც, ვფიქრობ, რომ ახლა მთავარი ბრძოლის ხაზი სწორედ გლობალურ სამხრეთში გადის. გასაგებია, რომ აშშ კვლავინდებურად მსოფლიოს მთავარი შუქურაა; გასაგებია, რომ აშშ-ის ეკონომიკურ და სამხედრო ძლიერებას ჯერ კიდევ ჩამორჩება ამჟამად ეკონომიკური და ფინანსური პრობლემების მქონე ჩინეთი; გასაგებია, რომ რუსეთის ეკონომიკა ნელ-ნელა, მაგრამ მყარად სუსტდება. ის სულ უფრო მეტად ჩინეთის კეთილგანწყობაზე, ნავთობის და გაზის იაფად (იუანებში) შესყიდვაზე, რაკეტებისთვის ჩინური მიკროჩიპების და ნახევარგამატარების და (კიმ ჩენ ინის მეშვეობით/მონაწილეობით) რაკეტების და ჭურვების მიწოდებაზე ხდება დამოკიდებული, თუმცა, აშშ-ის და ევროპის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ზემოხსენებული გადამწყვეტი ბრძოლისთვის ინდოეთისა და ინდონეზიის, ბრაზილიისა და პაკისტანის, ზოგადად, აფრიკის კონტინენტის როლი და მნიშვნელობა აშკარად გაზრდილია.

ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა სარტყლისა და გზის ინიციატივის (სგი) საიუბილეო სამიტზე. ადრე თუ ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ევროპის ჩართულობას სგი-ს პროექტებში და, შესაბამისად, სამიტებში მონაწილეობას, ახლა ევროპიდან პირველი პირების დონზე წარმოდგენილები იყვნენ დემოკრატიული ევროპის „თეთრი ყვავი“ ვიქტორ ორბანი  და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდერ ვუჩიჩი. პირველი ნატოს და ევროპული კავშირის წევრია და ბოლო პერიოდია მხოლოდ პრობლემებს უქმნის ევროატლანტიკურ სივრცეს, მეორე კი ცდილობს ევროპული გაერთიანების წევრი გახდეს, მაგრამ ვერ/არ უსხლტება ვლადიმერ პუტინის გავლენებს. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი, სავარაუდოდ, შეგნებულად სამიტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ეწვია პეკინს. ასეა თუ ისე, სამიტზე დამსწრეთა მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩინეთი საიუბილეო სამიტს არცთუ საუკეთესო ეკონომიკურ ფორმაში შეხვდა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილ უაღრესად დაძაბულ  ვითარებას ფაქტობრივად პუტინთან უნისონში გამოეხმაურა ისრაელის კრიტიკით და პალესტინის მხარდაჭერით.

ჯო ბაიდენმა თავის გამოსვლაში ყველას დაანახა, რომ მისი ადმინისტრაცია ამ გლობალურ, შესაძლოა, გადამწყვეტ ბრძოლაში უკან დახევას არ აპირებს. ვაშინგტონში გამართულ აშშ-ევროპული კავშირის სამიტზე ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებებიდანაც აშკარად ერთსულოვნება გამოსჭვიოდა. მაგალითად, ევროკომისიის პრეზიდენტის უსრულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპულმა კავშირმა 90 მილიარდი ევროს დახმარება გაუწია უკრაინას და აპირებს მომავალშიც დაეხმაროს 50 მილიარდი ევროს ოდენობით, რათა უკრაინას ჰქონდეს სტაბილური და მყარი მხარდაჭერის განცდა. აგრეთვე, მხარეები ერთსულოვანი იყვნენ ისრაელის მხარდაჭერასა და ჰამასის მიერ ჩადენილი სასტიკი ტერორისტული თავდასხმის დაგმობაში და მათ საერთო ძალისხმევაში, რომ არსებული სამხედრო დაპირისპირება არ გადაიზარდოს ფართო რეგიონული კონფლიქტში.

ამ ყველაფრის ფონზე ძალიან საინტერესო და საყურადღებოა აშშ-ევროპული კავშირის ერთობლივი განცხადება, რომელიც ყველა მნიშვნელოვან თემას ეხება (1 წინადადებით საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული მხარდაჭერის შესახებაც არის საუბარი). რა თქმა უნდა, ცალკე თავად არის გამოტანილი ურთიერთობა ჩინეთთან. ტექსტში გამოყენებული „უორდინგი“ აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ყველა მხარის პოზიციები იქნა გათვალისწინებული. კერძოდ, არსებული პრობლემების და გამოწვევების ხსენების ფონზე საკმაოდ დიდი აქცენტია ჩინეთთან თანამშრომლობის და მასთან მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. ტექსტში ჩინეთთან მიმართებით არ არის გამოყენებული ისეთი დამკვიდრებული ტერმინიც კი, როგორიც არის „სისტემური მოწინააღმდეგე“. როგორც ჩანს, ავტოკრატიების წინააღმდეგ დემოკრატიების გადამწყვეტი ბრძოლისთვის თავისუფალ სამყაროში მოსამზადებელი სამუშოები ჯერ კიდევ გრძელდება და ბევრი რამ კიდევ მოსაგვარებელი და შესათანხმებელი იქნება.