2021 წლის 18 იანვარს რონდელის ფონდში დაიწყო ახალი სალექციო კურსი – “თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა”. ლექციებს უძღვება დევიდ სმიტი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი და საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორი.

კურსის განმავლობაში მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ნატო და ნეიტრალიტეტი, გეოპოლიტიკა და სამხრეთ კავკასია, ჰიბრიდული და კონვენციური ომი, შავი ზღვის უსაფრთხოება და სხვა.

დევიდ სმიტი ასევე არის უფროსი მკვლევარი ვაშინგტონის პოტომაკის პოლიტიკურ მეცნიერებათა შემსწავლელ ინსტიტუტში. 2002-2006 წლებში იყო საერთაშორისო უსაფრთხოების საკონსულტაციო საბჭოს წევრი. იგი ასევე მსახურობდა არიზონას კონგრესმენის ჯონ კაილის ადმინისტრაციის შტაბის უფროსად, სენატის რესპუბლიკური ლიდერის სტრატეგიული პოლიტიკისა და შეიარაღების კონტროლის თანაშემწედ, აშშ-ის სენატის შტაბის წევრად და აშშ-ს დელეგაციების წევრად კონვენციური ძალებისა და ქიმიური იარაღის მოლაპარაკებების საკითხებში.

კურსი ტარდება „სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს რონდელის ფონდი ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების მომზადება ძალოვან სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში კარიერის გასაგრძელებლად.