ავტორი: ალექსანდრე კვახაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

29 ოქტომბერს დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში ისრაელის საწინააღმდეგო გამოსვლები დაიწყო. რამდენიმე ათასი განრისხებული ადამიანის ჯგუფი შეიჭრა ადგილობრივ აეროპორტში ისრაელიდანმომავალი მგზავრების მოსაძებნად. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა და ძირითადი ინციდენტები ეფექტურად აღკვეთა ადგილობრივმა პოლიციამ, მოვლენებმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. პალესტინის აფრიალებული დროშებით ხელში დაღესტნელი მომიტინგეების კადრებმა  მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო და პარალელები ღაზის სექტორში მიმდინარე კონფლიქტთან გაავლეს.

 

ქრონოლოგია

დაღესტანში არეულობებს თავისი წანამძღვრები ჰქონდა. ისრაელის საწინააღმდეგო სენტიმენტებიდა ებრაელებთან დაკავშირებული შეთქმულების თეორიები დიდი ხანია ვრცელდება კავკასიაში დამოიცავს ისლამისტურ სპექტრსა და რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილ ადამიანებს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს განწყობა ბოლო 30 წლის განმავლობაში არ გამოვლენილა დაღესტანში მცხოვრები მთის ებრაელების მცირე რაოდენობის  პოგრომების  ან მათ წინააღმდეგ რაიმე ფართომასშტაბიანი ძალადობის სახით.

როდესაც ღაზაში ურბანული ბრძოლები დაიწყო, ჩრდილოეთ კავკასიის სოციალურმა მედიამ ხმამაღლა დაუჭირა მხარი პალესტინას. დაღესტანში საპროტესტო მოვლენებს წინ უძღოდა დეზინფორმაციის ტალღა სოციალურ ქსელებში. ერთი გავრცელებული ჭორის მიხედვით, თითქოს ისრაელის ლტოლვილები ცდილობდნენ ისრაელიდან გაქცევას და ჩრდილოეთ კავკასიაში დასახლებას. ამ დეზინფორმაციამ უბიძგა ადგილობრივ აქტივისტებს, რომ ეთნიკური ებრაელი ლტოლვილების სავარაუდო შედინების წინააღმდეგ დარაზულიყვნენ.

ვითომდა გადმოსახლების წინააღმდეგ პირველი დემონსტრაცია გაიმართა 28 ოქტომბერს ჩერკესკში, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის დედაქალაქში. შემდგომში სამიზნე გახდა ებრაული ეროვნულ-კულტურული საჯარო ცენტრი ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკში. პარალელურად, დაღესტნის დიდ ქალაქ ხასავიურტში ადგილობრივებმა ალყა შემოარტყეს სასტუმრო „ფლამინგოს“, რადგან თითქოს იქ იმყოფებოდა პირი, რომელიც „ებრაელს ჰგავდა“. მოგვიანებით გაირკვა, რომ იქ ებრაელები არ იმყოფებოდნენ. ამ მოვლენების კულმინაცია იყოერთი დღის შემდეგ მაჰაჩყალაში დაწყებული არეულობები. აღსანიშნავია, რომ ჭორები დამოწოდებები მობილიზაციის შესახებ ვრცელდებოდა კრემლის საწინააღმდეგო სხვადასხვა კავკასიურ ტელეგრამ-არხებით, მათ შორის Utro Dagestan-ით. ადგილობრივმა სამართალდამცავმაორგანოებმა მიიღეს ზომები ამ საპროტესტო აქციების წინააღმდეგ, დააკავეს აეროპორტის არეულობის მონაწილე 100-ზე მეტი ადამიანი, ხოლო სხვა რესპუბლიკებში არაძალადობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზატორები დაარწმუნეს შეეწყვიტათ თავიანთი საქმიანობა. ერთ-ერთიყველაზე მკაცრი ზომები მიიღეს ჩეჩნეთში კადიროვის ადმინისტრაციამ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის გახსნით დაემუქრა მათ, ვინც ამგვარი საპროტესტო აქციების მოწყობას ცდილობდა.

 

შესაძლო მიზეზები

არსებობს მთელი რიგი მიზეზები, რამაც ხელი შეუწყო ამ საპროტესტო მოვლენებს. უპირველესყოვლისა, ეს არის მუსლიმთა სოლიდარობა. ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმი მოსახლეობა ღაზაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ისრაელის ძალების მიერ პალესტინელი ხალხის ჩაგვრად აღიქვამს. მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის სურათები მხოლოდ ამძაფრებს ამ განწყობებს. აღსანიშნავია, რომ პალესტინის მიმართ სოლიდარობა თითქმის საყოველთაოა ჩრდილოეთ კავკასიაში, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლებაშიც. მაგალითად, რამზან კადიროვმა გააკეთა რამდენიმე განცხადება, სადაც დაგმო ისრაელის ჯარები და გამოხატა მხარდაჭერა პალესტინის მიმართ. უფრო მეტიც, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებმა სიმბოლურად იმოქმედეს დადააბინავეს პალესტინელი ლტოლვილების მცირე რაოდენობა.

ამ ყველაფერს ისიც უწყობს ხელს,  რომ ჩრდილოეთ კავკასიის საზოგადოება მოწყვლადია ჭორებისა და დეზინფორმაციის გავრცელების მიმართ. რეგიონში დამოუკიდებელი მედია შეზღუდულია. ვინაიდან რუსული სახელმწიფო მედიის საშუალებით ყოველთვის არ ხდება სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენის საკმარისად გაშუქება, ადგილობრივები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, დამატებით ინფორმაციას ეძებენ ინტერნეტში. შესაბამისად, მოსახლეობის დიდი ნაწილი ეყრდნობა სოციალური მედიის პლატფორმებს, როგორიცაა TikTok-ი ან Telegram-ი.

დეზინფორმაცია ჩრდილო კავკასიელების ისტორიული მეხსიერების თანამდევია. რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ რეგიონში კავკასიის ხალხებმა გადაიტანეს არაერთი დეპორტაცია, იძულებითი გადასახლება და ეთნოდემოგრაფიული ლანდშაფტის ცვლილება. ამრიგად, ებრაელთა პოტენციური განსახლების შესახებ ჭორებს და დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების გაფართოებას, შესაძლოა, ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობაში გამოეწვია ეთნონაციონალისტური განწყობები და თავდაცვის ინსტინქტი აემოქმედებინა.

აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთის პოლიტიკამ ჰამასის მიმართ ხელი შეუშალა ხელისუფლების პრევენციულ რეპრესიულ ზომებს. განსხვავებით ალ-ქაიდასა თუ ISIS-ის შემთხვევებიდან, რუსეთის ხელისუფლებამ ჰამასი არ შეიყვანა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში. უფრო მეტიც, ჰამასისლიდერები არაერთხელ იყვნენ ვიზიტით რუსეთში. ამრიგად, რუსეთსა და ჰამასს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩრდილოეთ კავკასიის მაცხოვრებლები ამმოძრაობის ღიად მხარდაჭერას არ აღიქვამენ უკანონოდ.

 

 

ხელისუფლების გამოწვევები

ჩრდილოეთ კავკასიაში ისრაელის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებმა რუსეთის ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების აღელვება გამოიწვია. ცენტრალურმა ხელისუფლებამგააცნობიერა, რომ ერთი შეხედვით მშვიდი და წყნარი რესპუბლიკებში სპონტანური, ძალადობრივი მობილიზაციის პოტენციალია. ჩრდილოეთ კავკასიაში აქტიური მუსლიმი ახალგაზრდების კონტროლი სულ უფრო რთული ხდება. ასეთივე სპონტანურმა პროტესტმა იჩინა თავი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის მამაკაცი მოქალაქეების მობილიზების დროსაც. უფრო მეტიც, საპროტესტო აქციებმა ეთნიკურად და რელიგიურად განსხვავებულ რეგიონებში შესაძლოა გამოიწვიოს ცენტრალური ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება.

ისრაელის საწინააღმდეგო პროტესტებმა ასევე გამოავლინა  ადგილობრივ ელიტებში არსებული მოწყვლადობა – მათ უწევთ ლავირება ცენტრალურ ხელისუფლებასა და აქტიურ მუსლიმ ახალგაზრდებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ კადიროვის ადმინისტრაცია ინარჩუნებს უნარს პრევენციულად ჩაახშოს საპროტესტო მოძრაობის ნებისმიერი გამოვლინება აბსოლუტური ძალისადა ტოტალიტარული კონტროლის გამოყენებით, იგივე არ ითქმის სხვა რესპუბლიკებზე. კორუფციაში ჩაძირულ ადგილობრივ ელიტას არ გააჩნია მყარი მორალური საყრდენი მოსახლეობაში, ხოლო ალტერნატიული პოლიტიკური თუ ისლამური ძალები პრაქტიკულად ჩუმად იყვნენ რესპუბლიკებში თითქმის ათი წლის განმავლობაში. ეს ვაკუუმი პოლიტიკურ სპექტრში ქმნის პირობებს სპონტანური საპროტესტო მოვლენებისთვის, რომლებიც შესაძლოა კონტროლიდან გამოვიდეს. საშინაო საკითხების გარდა, ისრაელის საწინააღმდეგო პროტესტებმა შესაძლოა ძირი გამოუთხაროს ადგილობრივ ელიტასა და კრემლის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ურთიერთობებს. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტაში ეთნიკური ებრაელების საკმაოდ დიდი რაოდენობაა, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მეთაურებს არა აქვთ იმის ფუფუნება, რომ თავიანთ რეგიონებში ისრაელის საწინააღმდეგო განწყობებს არ გაუმკლავდნენ. გარდა ამისა, ასეთმა მოვლენებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რუსეთ-ისრაელის ურთიერთობებს, განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის ომში ისრაელის ნეიტრალიტეტის ფონზე.

 

დასკვნა

მთლიანობაში, ჩრდილოეთ კავკასიაში ისრაელის წინააღმდეგ დემონსტრაციებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა რეგიონის არასტაბილური ბუნება. უკრაინასთან მიმდინარე ომისა და გაძლიერებული შიდა კონტროლის მიუხედავად, რეგიონს კვლავ აქვს მობილიზაციის პოტენციალი. გარდა ამისა, ამ მოვლენებმა დაგვანახა , რომ ჩრდილოკავკასიელი ხალხი გლობალური ისლამური სამყაროს განუყოფელი ნაწილია და ახლო აღმოსავლეთში მომხდარი მოვლენები რეგიონზეც აისახება. და ბოლოს, კონტროლირებადი მედია გარემოს არსებობისა და ალტერნატიული საზოგადოებრივი ხმების არარსებობის მიუხედავად, სოციალური მედია იძლევა ინფორმაციის (ან დეზინფორმაციის) ეფექტურად გავრცელების საშუალებას, რასაც რეგიონში მობილიზაციის განხორციელების პოტენცია აქვს.