ავტორი: დავით შატაკიშვილი, კონტრიბუტორი ანალიტიკოსი, ამერიკული უნივერსიტეტი, ვაშინგტონი

თურქეთში გასული წლის მაისში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ახალი სამთავრობო ეკონომიკური გუნდი წარმოადგინა. ხაზინისა და ფინანსთა მინისტრად მან მეჰმეთ შიმშექი დაინიშნა, ხოლო ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად ­- ჰაფიზე გაიე ერქანი, რითაც გაცხადდა, რომ თურქეთს ერდოღანის მიერ გატარებული არატრადიციული მაკროეკონომიკური პოლიტიკიდან ტრადიციულ მოდელზე გადართვა ჰქონდა განზრახული. ცვლილებების მთავარი მიზანი იყო რეკორდულად გაუფასურებული ეროვნული ვალუტა და მზარდი ინფლაცია. ახალი ეკონომიკური გუნდის გადაწყვეტილებით, რამდენჯერმე გაიზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რამაც 45%-ს მიაღწია, თუმცა ინფლაციის შეკავება 9 თვის შემდეგაც ვერ მოხერხდა. მიმდინარე წლის თებერვალში კი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ჰაფიზე გაიე ერქანმა თანამდებობა დატოვა, მიზეზად თავის წინააღმდეგ აგორებული რეპუტაციის შემლახავი კამპანია დაასახელა. მის ნაცვლად მისივე მოადგილე ფათიჰ კარაჰანი დაინიშნა, რომელიც ბოლო 5 წელიწადში ცენტრალური ბანკის მეექვსე ხელმძღვანელია. საინტერესოა განვიხილოთ თურქეთში არსებული ეკონომიკური კრიზისი და მიმდინარე წლის პროგნოზები. აღსანიშნავია, რომ მარტის ბოლოს თურქეთში ჩანიშნულია მუნიციპალური არჩევნები, მზარდი ინფლაცია და გაუფასურებული ვალუტა კი ერდოღანის წინააღმდეგ მუშაობს.

 

ახალი ეკონომიკური გუნდის გადაწყვეტილებები

გასული წლის მაისიდან, ერქანის ხელმძღვანელობით, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8-ჯერ გაზარდა, ჯამში, 3 650 საბაზო პუნქტით. ბოლო გადაწყვეტილება კი 25 იანვარს გამოქვეყნდა, როდესაც რეფინანსირების განაკვეთი კიდევ 250 საბაზო პუნქტით, 45%-მდე, გაიზარდა. ამასთან, შემსუბუქდა გარკვეული სახის საბანკო რეგულაციები და დაიწყო მუშაობა ლირაში დენომინირებული დეპოზიტების გაუფასურებისგან დაცვის მექანიზმებზე. ასევე, ცენტრალურმა ბანკმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ეროვნული ვალუტის კრიზისის გამო საბანკო სისტემიდან გასული უცხოური ვალუტის ბანკებში დაბრუნებას შეუწყოს ხელი, რაც მიუთითებს ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაციისა და გაუმჯობესების მცდელობებზე, ქვეყნის ბანკებში უცხოური ვალუტის მოზიდვის გზით, რომლის მიზანიც ეროვნული ვალუტის გაძლიერება და სავალუტო რეზერვების შევსებაა.

მიმდინარე წლის 3 თებერვალს თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ჰაფიზე გაიე ერქანმა თანამდებობა დატოვა და მისი ადგილი მისმა მოადგილემ – ფათიჰ კარაჰანმა დაიკავა.  ამას საჯაროდ გამოეხმაურა ქვეყნის ფინანსთა მინისტრიც და აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკის ახალ პრეზიდენტს მთავრობის ეკონომიკური გუნდის სრული ნდობა და მხარდაჭერა აქვს, ასევე აქვს ნდობა იმ ეკონომიკური პროგრამის მიმართ, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. ფათიჰ კარაჰანმა განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი იქნება ფასების სტაბილურობა და ძლიერ გუნდთან ერთად გააგრძელებს ძალისხმევას ინფლაციის ტემპის შემცირების უზრუნველსაყოფად, რაც ნიშნავს, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინფლაციის მოთოკვამდე გაგრძელდება. მისივე თქმით, ცენტრალური ბანკი აკვირდება ინფლაციასთან დაკავშირებულ მოლოდინსა და ფასების დინამიკას, რაც მათ ნებისმიერი უარყოფითი სცენარის შემთხვევაში მყისიერი მოქმედების საშუალებას მისცემს.

 

ინფლაცია და ეროვნული ვალუტა

თურქული ლირა 2018 წლიდან განიცდის დევალვაციას, თუმცა მისი გაუფასურების ტემპი განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ დაჩქარდა. იმ პერიოდში ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის შესაკავებლად თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არატრადიციული ეკონომიკური პოლიტიკა აირჩია და იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო ამკაცრებდა მონეტარულ პოლიტიკას, მან რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა, რამაც ლირის გაუფასურება და სწრაფად მზარდი ინფლაცია გამოიწვია. ეს, ცხადია, მოსახლეობაში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა, რაც 2023 წლის არჩევნების წინ ერდოღანს წამგებიან პოზიციაში აყენებდა. ინფლაციასთან გასამკლავებლად ტრადიციული მონეტარული პოლიტიკის გატარება მისთვის ასევე არ იყო პოლიტიკურად მიზანშეწონილი, რადგან ეს შეანელებდა ეკონომიკას და რეცესიის რისკებსაც გაზრდიდა. ამიტომ, მისი გადაწყვეტილებით, ცენტრალურმა ბანკმა უცვლელად, 8.5%-ზე, შეინარჩუნა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და სავალუტო რეზერვებით ლირის დაცვის დავალებაც მიიღო. მიზანი იყო, რომ საერთაშორისო სავალუტო აუქციონზე ლირის შეძენით შეენარჩუნებინათ ეროვნული ვალუტის სტაბილურობა, რაც დაახლოებით 1 დოლარის ღირებულების 20 ლირის ფარგლებში მოქცევას გულისხმობდა. ეს მიდგომა მოკლევადიან პერიოდში ეფექტიანია, თუმცა საკმაოდ „ძვირი ჯდება“, რაშიც ცენტრალურმა ბანკმა დაახლოებით 8 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა.

მიმდინარე წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 64.9% შეადგინა. ბოლო პერიოდში კი ყველაზე მაღალი ინფლაცია თურქეთში 2022 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა, რამაც 85%-ს გადააჭარბა, ეს კი ქვეყნისთვის უკანასკნელი 24 წლის განმავლობაში მიღწეული მაქსიმუმია. როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ფასების ზრდის ტემპი შედარებით შემცირებულია, თუმცა მაინც მაღალ ნიშნულზე რჩება. 2023 წლის მაისის არჩევნების შემდეგ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, ინფლაცია მაინც მზარდი იყო, რამაც გასული წლის პიკს დეკემბერში მიაღწია, როდესაც ფასები, საშუალოდ, 64.7%-ით გაიზარდა.

 

წყარო: თურქეთის სტატისტიკის სამსახური

თურქეთის ცენტრალური ბანკი მიმდინარე წლის მეორე ნახევრამდე ინფლაციის შემცირებას არ ელოდება, ხოლო 2024 წლის ბოლოსთვის ინფლაციის 36%-მდე კლებას ვარაუდობს, რაც 5%-იან სამიზნე მაჩვენებელზე 7-ჯერ მეტია. რაც შეეხება მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზს, იგი 2024 წლის ბოლოსთვის თურქეთში ინფლაციის 46%-მდე შემცირებას ელოდება.

რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, მიმდინარე წელს ლირამ ახალი ანტირეკორდი დაამყარა, როდესაც ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 30.5 თურქულ ლირას გადააჭარბა. როგორც გრაფიკიდან ჩანს, ბოლო 2 წელიწადში ლირა განსაკუთრებით გაუფასურდა და ყოველთვიურად ახალ ანტირეკორდს აღწევდა. ეროვნული ვალუტის დევალვაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაუძლეველი ინფლაცია და ქვეყნის მიმართ ინვესტორების განწყობების გაუარესებაა.

 

წყარო: თურქეთის ცენტრალური ბანკი

რატომ ვერ ხერხდება ინფლაციის შეკავება?

თურქეთის ეკონომიკის ტრადიციული მოდელისკენ მოტრიალებამ ინფლაციის შეკავებისა და ეროვნული ვალუტის გამყარების იმედი გააჩინა. თუმცა, ამ კუთხით ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებები მაინც გააკრიტიკეს. ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.5%-დან 15%-მდე გაიზარდა, რაც, ევროპის სტანდარტებით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, ექსპერტების ნაწილის ვარაუდით, დაახლოებით 55%-იანი ინფლაციის პირობებში, 15%-იანი რეფინანსირების განაკვეთი არ არის საკმარისი. სწორედ ცენტრალური ბანკის დაგვიანებული გადაწყვეტილებებით ხსნიან ფაქტს, რომ ბოლო 9 თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა ინფლაციის მოთოკვა. როდესაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი იზრდება, იგი საჭიროებს გარკვეულ დროს, რათა მისი ეფექტი აისახოს ეკონომიკაზე. თუმცა, თურქეთის შემთხვევაში ვერც დრო აღმოჩნდა საკმარისი ფაქტორი ინფლაციის შესაკავებლად და არც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის შემდგომი ტემპი და ტენდენცია, რომელსაც ექსპერტების ნაწილი საკმაოდ დაგვიანებულად აფასებს. ეს კი აჩენს ვარაუდს, რომ შესაძლოა  ცენტრალური ბანკის მიერ საწყის ეტაპზევე მიღებული უფრო მკაცრი და რადიკალური გადაწყვეტილებები უფრო ეფექტიანი ყოფილიყო.

ეკონომისტების ნაწილის აზრით, ინფლაციის კიდევ ერთი მასტიმულირებელი ფაქტორია თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილება მინიმალური ხელფასის ზრდის თაობაზე. გასული წლის დეკემბერში მინიმალური ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობა 17 002 ლირამდე გაიზარდა, რაც იმავე წლის ივლისთან შედარებით, თითქმის 27%-ით მეტია. ცხადია, ერთი მხრივ, ბიზნესსექტორისთვის ეს ზრდის წარმოების ისედაც გაზრდილ  ხარჯებს, რაც პროდუქტისა თუ მომსახურების ფასების ზრდას იწვევს, ხოლო, მეორე მხრივ _ გაზრდილი ხელფასები ზრდის მსყიდველუნარიანობასა და, შესაბამისად, მოთხოვნას, რაც ინფლაციის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ მხრივ ასევე გასათვალისწინებელია ეკონომიკური სუბიექტების ინფლაციასთან დაკავშირებული მოლოდინი, რაც ფასების საერთო დონის ზრდის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

 

ინფლაციის მართვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა და სამთავრობო ხარჯების მართვაა. როგორც ვიცით, პრეზიდენტი ერდოღანი ცნობილია სუბსიდირებით, განსაკუთრებით – წინასაარჩევნო პერიოდში. ეს კი, თავის მხრივ, ზრდის მოსახლეობაში ფულის მასას და, შესაბამისად, მოთხოვნას, რაც ასევე იწვევს ინფლაციას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ქვეყნის მიმართ ინვესტორების განწყობების გაუარესება, რომლებიც საბაზრო მოლოდინის შესაბამისად იღებენ სხვადასხვა გადაწყვეტილებას, რაც ხშირ შემთხვევაში ასევე არის ინფლაციის მთავარი წყარო. ამ მხრივ ასევე უდიდეს როლს ასრულებს ეროვნული ვალუტის შეუქცევადი დევალვაცია, რომელიც ზრდის იმპორტის ხარჯებს, რაც აძვირებს პროდუქტსა თუ მომსახურებას და ამცირებს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას.

 

***

2023 წლის თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტ ერდოღანის მიერ დანიშნული ტრადიციული მაკროეკონომიკური პოლიტიკის მომხრე ახალი სამთავრობო ეკონომიკური გუნდის 9-თვიანი მუშაობის შემდეგ არა თუ მოხერხდა ინფლაციის მოთოკვა, არამედ მას ჯერჯერობით მზარდი ტენდენცია ახასიათებს და თან შეუქცევადი პროცესი გახდა ეროვნული ვალუტის მკვეთი დევალვაცია. ცხადია, 3-წლიანი ორნიშნა ინფლაციისა და რეკორდულად გაუფასურებული ლირის აღდგენას გარკვეული დრო სჭირდება და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიმართ მყისიერი შედეგების მოლოდინი გადაჭარბებულია. როგორც მოსალოდნელია, ახალი მმართველის პირობებშიც თურქეთის ცენტრალური ბანკი მიმდინარე წელსაც შეინარჩუნებს მონეტარული პოლიტიკის მაღალ განაკვეთს, ინფლაციასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინია და წლის ბოლოსთვის მისი შემცირებაა ნავარაუდევი. გარდა ამისა, ცენტრალურ ბანკს, რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გარდა, მოუწევს სხვადასხვა ზომის მიღებაც, რაც ეროვნული ვალუტის დაცვაზე, სავალუტო რეზერვების გაზრდასა და საბანკო სექტორის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე იქნება ორიენტირებული. ვნახოთ, რა პერიოდში შეძლებს მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევას თურქეთი, რომლის სტაბილურობაც არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.