საქართველოში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა და პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, დასავლეთს ღიად დაუპირისპირდა. ივანიშვილის მიერ გაჟღერებული „შეთქმულების თეორიის“ თანახმად, მის წინააღმდეგ „გლობალური ომის პარტია“ იბრძვის, რომელიც მასზე ზეწოლას ახდენს, რომ საქართველომ რუსეთს „მეორე ფრონტი“ გაუხსნას და ამით ქვეყანა ომში ჩაითრიოს. ივანიშვილისა და მისი მხარდამჭერების თქმით, სწორედ ამის გამო ისჯება ივანიშვილი, რომლის წინააღმდეგაც დასავლეთს პრაქტიკულად უკვე დაწესებული აქვს სანქციები.
2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ივანიშვილი დასავლეთსა და რუსეთს შორის ბალანსის დაცვას მეტ-ნაკლებად ახერხებდა, უკრაინაში ომის პირობებში კი, ამგვარი პოლიტიკური მანევრისთვის სივრცე შეიზღუდა. ივანიშვილი, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ უკრაინაში ომი როგორც არ უნდა დასრულდეს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საკმარისი გავლენის ბერკეტები ექნება საქართველოზე ზეწოლისათვის. მოვლენების ასეთი განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს პარტნიორებს დასავლეთში, რომლებიც რუსეთთან ფაქტობრივად ომში არიან, დაუპირისპირდეს და ურთიერთობა „დაალაგოს“ რუსეთთან და/ან დაბალანსების მიზნით ახალი პარტნიორებიც (მაგ., ჩინეთი) მოძებნოს.
ივანიშვილის/„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ პროდასავლური კურსის ფორმალური დეკლარირების მიუხედავად, აშკარაა, რომ საქართველოსა და დასავლეთის მოკავშირეობას ბზარი გაუჩნდა. ამის შესახებ ღიად ლაპარაკობენ დასავლეთში. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებასა და ოფიციალური თბილისის გახშირებულ ანტიდასავლურ რიტორიკასა და ნაბიჯებს დასავლეთის ქვეყნების რეაგირება უკვე მოჰყვა, კერძოდ:
- 6 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „რუსულ კანონზე“ პასუხისმგებელ თუ თანამონაწილე რამდენიმე ათეულ პირს სავიზო სანქცია დაუწესა.
- 27 ივნისს ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს დასკვნა დაამტკიცეს, რომელშიც „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატეს საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. მათი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად „ფაქტობრივად შეჩერებულია“.
- 5 ივლისს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა საქართველოში დაგეგმილი სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ განუსაზღვრელი ვადით გადადების შესახებ გაავრცელაგანცხადება.
- 9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, ევროკავშირმა გაყინა საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს დახმარება და შემდგომი ზომები განიხილება, რომლებიც ქვეყანაში ვითარების შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განხორციელდება“.
- 10 ივლისს გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი ანტიდასავლური გადაწყვეტილებების გამო გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ნებისმიერი ახალი ფინანსური ვალდებულება საქართველოს მიმართ. 11 ივლისს საქართველოსთვის დახმარების შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმაც.
- 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შემდეგ პირველად ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, რომელიც მოკავშირე სახელმწიფოების მეთაურებმა 10 ივლისს მიიღეს, არ შეიცავს ფორმულირებას, რომ „საქართველო გახდება ალიანსის წევრი, ხოლო წევრობის სამოქმედო გეგმა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი იქნება“.
როგორც ჩანს, ეს დასავლეთის მხრიდან მხოლოდ პირველი ნაბიჯებია და ამ მიმართულებით უფრო მეტ ისეთ გადაწყვეტილებებს უნდა ველოდოთ, რაც საქართველო-დასავლეთის ურთიერთობაში ბზარს გააღრმავებს.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები თავის გამოსვლებში ევროკავშირში გაწევრიანების სამიზნე წლად 2030 წელს აცხადებენ, მათი ქმედებები და გადაწყვეტილებები მიანიშნებს, რომ ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსის რევიზიის პროცესი მიმდინარეობს და ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარიც მხოლოდ დროებითი მანევრია, რადგან ამ ეტაპზე მოსახლეობის უმრავლესობა, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების ნაწილიც, მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს.
საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილების „ლეგიტიმაციისთვის“ „ქართულ ოცნებას“ ძლიერი არგუმენტი სჭირდება. სწორედ ერთ-ერთ ასეთ „რკინის“ არგუმენტად შეიძლება გამოდგეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირების სანაცვლოდ პროდასავლურ საგარეო-პოლიტიკურ კურსზე უარის თქმის გადაწყვეტილება. „ცრუ დილემა“ – დასავლეთი თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – მალე შეიძლება ღიად დაისვას ქართული საზოგადოების წინაშე. საინტერესოა, რომ ეს საკითხი უკვე განიხილება ოკუპირებულ რეგიონებშიც, სადაც ლაპარაკობენ მოსკოვსა და თბილისს შორის შესაძლო გარიგებაზე, ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სახელმწიფოთაშორისი კავშირის კონფედერაციის მოდელზე, როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტზე.
რისი „სჯერა“ ივანიშვილს/„ქართულ ოცნებას“?
თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში ივანიშვილი მუდმივად გვარწმუნებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით შეიძლება და ის, რაც ხდება ამ მიმართულებით, არა რუსეთის, არამედ საქართველოს წინა ხელისუფლებების მცდარი პოლიტიკის ბრალია. ხელისუფლებაში ყოფნის პირველივე წელს, 2013 წელს, ივანიშვილმა ღიად განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა და ოკუპაცია: „მე არ მგონია და ვერ ვიჯერებ, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა და ოკუპაცია, მე ამის არ მჯერა. რაც მოხდა და განვითარდა, ამის ანალიზს ახლა არ დავიწყებ. ძალიან ბევრი გაუგებრობა იყო ორივემხრიდან. და ეს არ არის თანხვედრაში რუსეთის სტრატეგიასთან“.
ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ინიციატორად მიხეილ სააკაშვილსა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიიჩნევენ, ბოლო გამოსვლებში კი, უკვე წამქეზებლად – დასავლეთს და ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ პრაგმატული პოლიტიკის, „სტრატეგიული მოთმინებისა“ და მოსკოვის არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით შეძლებენ. „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობის პერიოდში, ამ მხრივ, პროგრესი ჯერ არ შეინიშნება, უფრო პირიქით, რუსეთის გავლენა ოკუპირებულ რეგიონებში სულ უფრო იზრდება. თუმცა, ამის მიუხედავად, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, მიმდინარე პროცესები გვაფიქრებინებს, რომ ივანიშვილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით „გადამწყვეტი სვლის“ გასაკეთებლად ემზადება, მაგრამ ამისთვის, ივანიშვილის ხედვით, საჭირო იქნება საგარეო პოლიტიკაში დასავლური ვექტორის გადახედვა, რადგან მხოლოდ ამ პირობით შეიძლება რუსეთი დათმობაზე წავიდეს და თბილისს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაეხმაროს.
ღია ტექსტებით ამ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლები არ ლაპარაკობენ, მაგრამ არაერთი მინიშნებაა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის „მსხვერპლის“ გაღებაა საჭირო. ეს „მსხვერპლი“ კი შესაძლოა პროდასავლური საგარეო-პოლიტიკური ვექტორი იყოს, რომელმაც, „ქართული ოცნების“ აზრით, ქვეყანას რეალური შედეგები არ მოუტანა და უფრო პირიქით, ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანების შესახებ ფუჭი დაპირებებით ქვეყანა „ღია კარში“ ამყოფა და რუსეთის აგრესიის ობიექტად აქცია.
ვინ რა და როდის თქვა?
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი ყოველთვის იყო პოლიტიკური ლიდერების გამოსვლებისა თუ საარჩევნო პროგრამების ნაწილი. თუმცა, ბოლო თვეებში ხელისუფლების მხრიდან აქცენტი კეთდება ორ საკითხზე: დასავლეთთან მზარდი დაპირისპირების მიუხედავად, 2030 წელს „ქართული ოცნება“ ევროკავშირის წევრობის დაპირებას იძლევა და მიანიშნებს, რომ ევროკავშირში საქართველო გაერთიანებული (აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად) შევა.
ბოლო პერიოდში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მინიშნება ივანიშვილმა 29 აპრილს, ე.წ. საყოველთაო სახალხოშეკრებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, გააკეთა, როდესაც განაცხადა – „გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობასგადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა… თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო, ევროკავშირის წევრი საქართველო, გაერთიანებული და გამთლიანებული საქართველო, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად ავიხდენთ“.
იმ პერიოდში პარლამენტში ე.წ. „რუსული კანონის“ მიღების პროცესი მიმდინარეობდა და დასავლეთის მხრიდან სულ უფრო გახშირდა გაფრთხილებები, რომ ხელისუფლებას კანონპროექტი უკან გაეწვია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ნაბიჯს შეიძლება სანქციები და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება მოჰყოლოდა. ამ ფონზე, 24 მაისს საქართველოს პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, სავალან მირზოევმა, აქამდე ყველაზე მკვეთრი განცხადება გააკეთა, სადაც გამოჩნდა, რომ ხელისუფლება „არჩევანის“ წინაშეა. მან თქვა: „არაერთხელ მქონია ამერიკაში წასვლის შესაძლებლობა, როგორც პარლამენტის წევრს, არც ვიზის პრობლემა მექნებოდა, მაგრამ არასდროს მქონია სურვილი, ამერიკა მენახა. რატომ? იმიტომ, რომ მე სხვა სურვილები მაქვს, სხვაგან მინდა მოგზაურობა და ეს „სხვაგან“ ჩვენი აფხაზეთი დასამაჩაბლოა. ჰო, მანჰეტენზე გასეირნებას, სოხუმის ქუჩებში სეირნობა მიჯობს … მე, საქართველოში დაბადებულ დაგაზრდილ აზერბაიჯანელს, ძალიან მინდა აფხაზეთში, ილორის სალოცავის ნახვა, სურათებით და გადმოცემით ვიცი, რომსაოცრებაა, იმაზე დიდი საოცრება, ვიდრე სურათებში ჩანს. ჰოდა, მოვითმენთ, ავიტანთ, სანქციებსაც, მუქარებსაც… აფხაზეთისთვის, სამაჩაბლოსთვის, საქართველოსთვის!“
ივანიშვილის პათოსი 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეზე სიტყვით გამოსვლისას გაიმეორა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ: „ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლისთავზე – 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანიდა ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“.
მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა კობახიძემ 21 ივნისს ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმიმიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას: „ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და დარწმუნებულივართ, რომ ჩვენი პოლიტიკით, საბოლოო ჯამში, იქნება შესაძლებელი საქართველოს ოცნების ახდენა, ქართველებისოცნების ახდენა და საქართველო იქნება ერთიანი და მთლიანი სახელმწიფო“.
ამ თემაზე ისაუბრა კობახიძემ 29 ივნისს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დროსაც: „ჩვენ გვაქვს ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანა – სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება… მჯერა, რომ 2030 წლამდე ჩვენ ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად და ერთად შევალთ ევროკავშირში, ერთად გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა“. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა დაასახელა.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტექსტში საინტერესოა ერთი დიალოგი, რომელიც ივანიშვილთან დაკავშირებულ ბიზნესმენ დავით ხიდაშელისა და პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ (და ამავე დროს საქართველოს პარლამენტისტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე) გია ვოლსკის შორის დაფიქსირდა.შეხვედრის (შეხვედრა 5 მარტს თბილისში, საქართველოს პარლამენტის გვერდით მდებარე კაფე „მელოგრანოში“, გაიმართა) ჩანაწერი 7 მარტს გავრცელდა, სადაც ხიდაშელი ვოლსკის ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობებისაღდგენაზე ესაუბრება. ხიდაშელმა ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით კონფედერაციაც ახსენა. სწორედ კონფედერაციაა ის სიტყვა, რომელსაც არ ახსენებენ საქართველოში, თუმცა კონფედერაციის თემას განიხილავენ რუსულ მედიასა და ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტექსტში.
რუსეთის რეაგირება და საუბრები კონფედერაციაზე
საქართველოში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურნენ რუსეთშიც. ასევე რუსულ მედიაში გახშირდა სტატიები კონფედერაციის საკითხზე, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად განიხილება.
27 მაისს კობახიძის განცხადებაზე კომენტარი გააკეთეს რუსეთის ფედერაციის საბჭოში. საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ საქართველო თავად არის დამნაშავე აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დაკარგვაში. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის აზრით კი, ახლა მთავარია კობახიძემ „რუსული კანონი“ მიიღოს, დანარჩენი კი მხოლოდ მსჯელობაა. მან საქართველოს გაერთიანების იდეას „ეშმაკის ნაკარნახები“ უწოდა.
18 ივნისს რუსულ გაზეთ „Комсомольская Правда“-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინმა, რომელიც სამინისტროში პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობებს კურირებს, აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება „მიზნად ისახავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი გზით დაბრუნებას“ და ამის ნაცვლად მან მოუწოდა საქართველოს აღიაროს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის „დამოუკიდებლობა“.
10 ივლისს სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა, ევროკავშირის მიერ 27 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რადიოსადგურ „Говорит Москва“-სთან ისაუბრა. მისი თქმით, „საუბარი არ არის იმაზე, რომ საქართველოში ანტიდასავლური ძალების მხარდაჭერის სანაცვლოდ უარს ვიტყვით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. ჩვენ ვაღიარეთ ეს ქვეყნები. მათთან ვავითარებთ ურთიერთობებს, მათთან გვაქვს სამხედრო კავშირი.“
რუსეთში ამ საკითხზე ჯერ მხოლოდ შედარებით მეორე რანგის ფიგურები ლაპარაკობენ, რომელთა განცხადებები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, „ქართული ოცნებისთვის“ ვერ იქნება იმედისმომცემი. კონფედერაციის საკითხზე უფრო ღიად საუბრობენ ექსპერტები.
27 ივნისს „Независимая газета“-ში გამოქვეყნდა დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელის, ვლადიმირ ნოვიკოვის სტატია რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობის შესახებ, სადაც განხილული იყო „სოხუმისა და თბილისის შერიგების შესაძლებლობა“. მისი თქმით, „საქართველოს რუსეთისკენ თითქოსდა შემობრუნების ფონზე დაიწყო საუბარი, რომ მოსკოვმა შეიძლება დაარეგულიროს ურთიერთობა თბილისთან ქართულ-აფხაზური კონფედერაციის შექმნის ხარჯზე“. ნოვიკოვის თქმით, „კონფედერაციის იდეა აპრილსა და მაისში რუსულ ტელეგრამარხებში გავრცელდა, რომლებიც ცნობილია თავისი ულტრანაციონალისტური პოზიციებით, რომელთა ყველაზე რადიკალური ხედვით, საქართველო ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი გახდება და შეუერთდება „ახალ რუსულ იმპერიას“. ამ ფონზე კი აფხაზეთი უნდა შეეწიროს ქართულ-რუსულ დაახლოებას“. ავტორი კითხვას სვამს, რამდენად ესმით საქართველოს ხელისუფლებას, რომ კონფედერაციის შექმნაზე რუსეთთან მორიგებით, თუ რამხელა წინააღმდეგობას შეხვდებიან აფხაზური საზოგადოებისგან.
2024 წლის 10 ივნისს „EADaily“-ში გამოქვეყნდა ალბერტ აკოპიანის (ურუმოვ) სტატია: „ერთი ქართული და ორი „ნახევრად ქართული“! საქართველოს, აფხაზეთისა და სორ (სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის) პრობლემის გასაღები“. ავტორი სტატიაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რუსეთთან დაახლოების ფონზე, ორი კონფედერაციის იდეას განიხილავს: ერთს – დამოუკიდებელი აფხაზეთის შიგნით, მეორეს – დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის შიგნით, რაც გულისხმობს კონსტიტუციურ გარდაქმნას ამ სახელმწიფოების ორი თემისგან (აფხაზურ-ქართული და ოსურ-ქართული) შემდგარ კონფედერაციად: „აფსნი – აფხაზეთის კონფედერაცია“ (ააკ) და „ალანია-სამაჩაბლოს კონფედერაცია“ (ასკ). ავტორის აზრით, ამას ყველაფერს წინ უნდა უძღოდეს თბილისის მიერ მათი აღიარება. ავტორის შეფასებით, მხოლოდ კონფედერაციული ფორმა შექმნის შესაძლებლობას აფხაზეთში ნებისმიერი რაოდენობის ქართველი ლტოლვილი დაბრუნდეს ისე, რომ აფხაზურ ერს საფრთხე არ შეუქმნას. ავტორი ახალი კონფედერაციის რუკებსაც გვთავაზობს.
რისი ეშინიათ ოკუპირებულ რეგიონებში?
საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებისა და თბილისსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის მკვეთრი გაუარესების ფონზე, ოკუპირებულ რეგიონებში გაჩნდა ეჭვი, მოსკოვსა და თბილისს შორის კომპრომისი ხომ არ მიიღწევა მათი ინტერესების საზიანოდ. რუსეთის სანდოობისადმი ეჭვები ჯერ კიდევ მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გაჩნდა, როდესაც რუსეთმა თავის სტრატეგიულ მოკავშირე სომხეთს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ომში სათანადო დახმარება არ აღმოუჩინა. ამ მხრივ განსაკუთრებით ფრთხილობენ აფხაზეთში, სადაც ცხინვალის რეგიონისგან განსხვავებით, მომავალს „დამოუკიდებელ აფხაზურ სახელმწიფოში“ ხედავენ.
სოხუმმა და ცხინვალმა კობახიძის მიერ 26 მაისს გაკეთებულ განცხადებას მყისიერად უპასუხეს. ოკუპირებული აფხაზეთისადა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო უწყებებმა ამ საკითხზე შაბლონური განცხადებები გაავრცელეს. ამ შაბლონური განცხადებების მიღმა, ოკუპირებულ რეგიონებში განსაკუთრებით შეშფოთებული არიან კონფედერაციის შესახებ გაჟღერებული იდეით, რომელსაც სოციალურ მედიაში აფხაზი და ოსი ჟურნალისტები თუ ექსპერტები აქტიურად განიხილავენ. ამ თემაზე ღიად საუბარს ერიდებიან დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, გამონაკლისი აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბაა (6 აგვისტოს დაინიშნა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად), რომელმაც 23 მაისს ვიდეოხიდ სოხუმი-მოსკოვი – „აფხაზეთი და რუსეთი ახალი გეოპოლიტიკური რეალობის კონტექსტში“ დროს გამოთქვა მოსაზრება საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის მონაწილეობით კონფედერაციის შექმნის სცენარის შესახებ. შამბას თქმით, „ექსპერტები აკეთებენ დასკვნებს, რომ საქართველო ცვლის საგარეო პოლიტიკის ვექტორს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, რომ არის გეგმები დამყარდეს გარკვეული კონფედერაციული ურთიერთობები, რომ შემდგომში რუსეთმა შეიძლება უარი თქვას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. მოსაზრება, რომ რუსეთს თითქოს სურს საქართველოსა და აფხაზეთის კონფედერაციის შექმნა, ბევრ ექსპერტს საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო გაუჩნდა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტი, მაგრამ ჩვენ ამას არ მივიჩნევთ რეალურად. ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება სხვა ფორმატი, სხვა ინტეგრაცია, დიდი სამოკავშირეო სახელმწიფო (რუსეთთან და ბელარუსთან)“.
რას უნდა ველოდოთ?
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების განცხადებები თუ ნაბიჯები ეჭვს აჩენს, რომ უახლოეს პერიოდში ხელისუფლების მხრიდან შეიძლება დაისვას საკითხი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე უარის თქმის აუცილებლობის შესახებ. „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა ჯგუფებმა/პირებმა ასეთი ნაბიჯები უკვე გადადგეს, რაც შეიძლება მიზნად ისახავდეს ივანიშვილის/„ქართული ოცნების“ მხრიდან „გადამწყვეტი სვლის“ გაკეთებამდე საზოგადოებაში განწყობების გაზომვასა და საზოგადოების შემზადებას .
ამ ეტაპზე უკვე ცნობილია, რომ 10 ივლისს საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დაფუძნდა. მოძრაობა, რომელიც დაახლოებით ერთი წლის თავზე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირებისგან შედგება. „ქართველ ხალხს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, უკეთ აღიქვას სინამდვილე, რომელიცქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებთან არის დაკავშირებული“, – ამის შესახებ ნათქვამია მოძრაობის დამფუძნებელი ჯგუფის წევრების განცხადებაში. მოძრაობის წევრებს ევროკავშირის მომავლის არ სჯერათ და მიიჩნევენ, რომ საქართველოსთვის იმ გაერთიანებაში გაწევრიანება, რომელიც შესაძლოა მალე დაიშალოს, რაციონალურ დასაბუთებას მოკლებულია.
ამ კონტექსტში საინტერესოა, რომ პროსახელისუფლებო სატელევიზიო არხის, „იმედის“, მფლობელმა ირაკლი რუხაძემ, რომელიც თავად აშშ-ის მოქალაქეა, კონსტიტუციაში ევროინტეგრაციაზე ჩანაწერის არსებობა გააკრიტიკა. ამის შესახებ მანისაუბრა „იმედის კვირაში“, რომელიც 11 ივლისს ჩაწერეს: „ჯერ რატომ წერია იმ კონსტიტუციაში? [კონსტიტუციის 78-ე მუხლი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ.] საერთოდ სისულელეა, მე თუ მკითხავ, და არ უნდა ჩაგვეწერა…“ მან ასევე დააკნინა ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ევროპულ ინტეგრაციას ანიჭებენ“. „ხდება აპელირება იმაზე, რომ 80 პროცენტს საქართველოს მოსახლეობის უნდა ევროკავშირში შესვლა. ეს ალბათ ასეა, მაგრამ… იგივე NDI-ის კვლევებში, საიდანაც ეს ციფრები ამოვიდა, როცა ლაპარაკობენ მნიშვნელოვან საკითხებზე, მხოლოდ 2 პროცენტს მიაჩნია… მნიშვნელოვანი საკითხების სიაში რომ იყოს ეს“. მისი შეფასებით, „საქართველოს მოქალაქეებისთვის ისეთი საკითხები, როგორიცაა სიღარიბის აღმოფხვრა, ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება, ტერიტორიული მთლიანობა უფრო მნიშვნელოვანია“.
ქართული საზოგადოების მომზადება „გადამწყვეტი სვლისთვის“ საჭიროა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. „ქართული ოცნების“ ლიდერები ღიად აცხადებენ, რომ ისინი არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებენ და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვლენ. „ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ლოზუნგი – „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ“ – „ქართული ოცნების“ ახალი ცენტრალური ოფისის გახსნისა და საარჩევნო კამპანიის დაწყების დღეს, 16 ივლისს, გაჟღერდა. 26 ოქტომბრის არჩევნებს „ქართულ ოცნება“ მშვიდობასა და ომს შორის რეფერენდუმად განიხილავს. ივანიშვილის გათვლებით, მხოლოდ მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკის შედეგად შეიძლება ყველა ქართველისთვის სანუკვარი ოცნების ასრულება – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამის მისაღწევად კი შესაძლოა ქართულ საზოგადოებას „არჩევანის“ გაკეთება მოუწიოს: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას შორის.
საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, ივანიშვილის შემდეგი ნაბიჯი საგარეო-პოლიტიკური ვექტორის ფორმალური ცვლილება იქნება. პირველ რიგში, ეს შეიძლება იყოს კონსტიტუციიდან 2017 წელს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალი დებულების – 78-ე მუხლის ამოღება, რომლის თანახმადაც, „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
78-ე მუხლის ამოღებით საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ვექტორის ცვლილების პროცესი ფორმალურადაც დასრულდება. ასეთი ნაბიჯით ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობას „დაალაგებს“, უზრუნველყოფს პირად უსაფრთხოებას და რუსეთის მხარდაჭერით შეინარჩუნებს ძალაუფლებას ან უზრუნველყოფს ხელისუფლებაში ღიად პრორუსული მთავრობის მოსვლას. სანაცვლოდ, ქართული საზოგადოებისა და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის იარსებებს დაპირება და იმედი, რომ ივანიშვილის პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, 2030 წლისთვის შესაძლებელი იქნება „ქართული ოცნების“ – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
თუმცა, ივანიშვილის დაპირების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ პოლიტიკითა და რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული განწყობების გათვალისწინებით, 2030 წლისთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუსრულებელ მისიად ჩანს და უფრო ივანიშვილის მორიგ საარჩევნო „ტრიუკს“ (მსგავსი საარჩევნო „ტრიუკი“ იყო „გარეჯი საქართველოას“ პროპაგანდაც) ჰგავს, რომლის მიზანიც საგარეო-პოლიტიკური ვექტორის ცვლილების „ლეგიტიმაცია“ და არჩევნებში გამარჯვების უზრუნველყოფაა. რისი საბოლოო შედეგიც საქართველოს მიერ ევროპულ არჩევანზე უარი და ფაქტობრივად სუვერენიტეტის დაკარგვა იქნება, რაც საქართველოს რუსეთის სატელიტ ქვეყნად გადააქცევს.