სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის კირილ რამაფოსას, ინდოეთის პრემიერ მინისტრის, ნარენდრა მოდის, ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ბრაზილიის ჟაირ ბოლსონაროს ფაილი, გადაღებული BRICS-ის სამიტზე 2019 წლის 14 ნოემბერს ბრაზილიაში. © სერხიო ლიმა, AFP

 

ავტორი: ალექს პეტრიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი

 

ახალი გეოპოლიტიკური სეზონი აგვისტოს ბოლოს გაიხსნა ბრიქსის (BRICS – ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთს და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას) სამიტით, რომლის მიმართ ინტერესი ვლადიმერ პუტინის ჩასვლა/ვერ ჩასვლამ თვეებით ადრე გააძლიერა. მოგეხსენებათ, რომ სამხრეთ აფრიკა რომის სტატუტის წევრია და ის ვალდებულია საერთაშორისო სისხლის სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერი აღასრულოს. მიუხედავად იმისა, რომ (ჩემი აზრით და არა მხოლოდ) პუტინი მაინც არ აპირებდა წასვლას იოჰანესბურგში სამიტში მონაწილეობის მისაღებად,  გარკვეული უხერხულობა მაინც  შეიქმნა, პირველ რიგში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელმძღვანელობისთვის. მოკლედ, საბოლოოდ გადაწყდა, რომ სამიტზე სერგეი ლავროვი ჩავიდოდა. საერთო (საოჯახო) ფოტოს ნამდვილად აფუჭებდა 4 ლიდერის გვერდით საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო.

აღსანიშნავია, რომ სამიტმა სულ სხვა საკითხებითა და გადაწყვეტილებებით მიიქცია ყურადღება. კერძოდ, გადაწყდა, რომ 2024 წლის იანვრიდან ბრიქსი გაფართოვდება და მას შეუერთდებიან არგენტინა, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, საუდის არაბეთის სამეფო და არაბთა გაერთიანებული საემიროები. ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა არგენტინას ლობირებდა, ხოლო სამხრეთ აფრიკის ლიდერი სირილ რამაფოსა – ეგვიპტეს და ეთიოპიას, მაგრამ უფრო საინტერესოა, რომ ერთ გაერთიანებაში ისტორიული მოწინააღმდეგეები ირანი და საუდის არაბეთის სამეფო აღმოჩნდნენ. ექსპერტების და ანალიტიკოსების დასკვნით, გაერთიანების გაფართოება და ბრიქს+-ად გარდაქმნა, ერთი მხრივ, გარკვეული სიგნალია, რომ ორგანიზაცია ძლიერდება და ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის საპირწონე პლატფორმად ყალიბდება. თუმცა, მეორე მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი ძველი წევრები – ინდოეთი და ჩინეთი – ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ერთად იბრძოლონ აშშ-ს გლობალური ლიდერობის შესასუსტებლად. აგრეთვე, რთულად წარმოსადგენია, რომ მიუხედავად საუდის არაბეთის სამეფოსა და აშშ-ს შორის გაცივებული ურთიერთობებისა, ერ-რიადი თეირანთან მაინც არ ითანამშრომლებს აშშ-ს ინტერესების საწინააღმდეგოდ და ისედაც, მათ შორის ურთიერთობების რეალურად ნორმალიზება განჭვრეტად ახლო მომავალში არარეალისტურია. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რამდენი ახალი წევრიც შეემატება, იმდენი ახალი აზრი და პოზიცია იქნება. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება ან თუნდაც საბოლოო დეკლარაციის შეთანხმება სულ უფრო და უფრო გართულდება. ასე რომ, როგორც იტყვიან, გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

სამიტზე ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ბრიქს+-თვის პოტენციური ერთი ვალუტის შემოღებაზე გაკეთდა, თუმცა ამ საკითხის გადაწყვეტაც ჯერ კიდევ ძალიან ბუნდოვანია და ამ ეტაპზე უპირატესობა ეროვნულ ვალუტებში ვაჭრობას ენიჭება, რაც არის დოლარზე დამოკიდებულების შემცირების მორიგი (ჩემი აზრით უპერსპექტივო) მცდელობა. მსგავსად ინდოეთ-რუსეთის ვაჭრობისა, ინდოეთი ასევე გეგმავს რუპიებით საუდის არაბეთის ნავთობის შესყიდვას. თუმცა, სერგეი ლავროვმაც კი ჯერ კიდევ მაისში ინდოეთში ვიზიტის დროს ღიად განაცხადა, რომ არის გარკვეული პრობლემები ინდოეთთან რუპიებით ვაჭრობის საკითხებში, რის შესახებაც საქმის კურსში არის ინდოეთის ხელმძღვანელობა.

ამდენად, ჯერ კიდევ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, რომ ზემოჩამოთვლილი ქვეყნები შეძლებენ დოლარის შესუსტებას და მასზე დამოკიდებულების შემცირებას.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი – სამიტზე მიწვეული იყო და დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობას იღებდა ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო. შეგახსენებთ, რომ ინდონეზია მოსახლეობის სიდიდით მეოთხეა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა აქვს გლობალურ სამხრეთში. შესაბამისად, მისი გაწევრიანება ბრიქს+-ის წევრების ინტერესებში ნამდვილად უნდა შედიოდეს. როგორც ჩანს, ინდონეზია ჯერ არ ჩქარობს გაერთიანებაში გაწევრიანებას და მხოლოდ დააკვირდება, თუ როგორ წარიმართება სხვა ახალი წევრების ინტეგრაციის პროცესი.

რომ შევაჯამოთ: გაფართოება, ცხადია, ყოველთვის დამატებით ინტერესს და სხვადასხვა სპეკულაციას იწვევს, თუმცა, ჯერ ერთი, არასწორია მოქმედი წევრი ქვეყნების და მომავალი წლის იანვრიდან შემოერთებულების ეკონომიკური მაჩვენებლების ავტომატურად დაჯამება და ამის მიხედვით დასკვნების გაკეთება; აგრეთვე, ჯერ კიდევ ძალიან ბუნდოვანია (და ასეც გაგრძელდება), ვის ექნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყველაზე მეტი გავლენა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბრიქს+ იქცეს ჩინეთისა და რუსეთის გავლენების არეალად და ინსტრუმენტად აშშ-თან გლობალურ დაპირისპირება-კონკურენციაში.

ბუნებრივია, ყურადღების ცენტრში იყო დიდი ოცეულის სამიტიც, რომელიც ნიუ-დელიში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ პუტინი საერთოდ არ იყო აქ რაიმე საერთაშორისო ნორმებით შეზღუდული, ის მაინც არ ჩავიდა ინდოეთის დედაქალაქში. ნიშანდობლივია, რომ არც ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ჩავიდა სამიტში მონაწილეობის მისაღებად. სამაგიეროდ იყვნენ პრეზიდენტი ბაიდენი და სხვა წამყვანი ეკონომიკის მქონე ოცეულში შემავალი ქვეყნების  ლიდერები. 2023 წელს ინდოეთში დაგეგმილია შუალედური, ხოლო 2024-ში –  გენერალური საპარლამენტო არჩევნები. ამიტომ, ინდოეთის პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ გაშუქების თვალსაზრისით მაქსიმალურად გამოიყენა სამიტი თავის საარჩევნო კამპანიის სასარგებლოდ. 2-დღიანი შეკრების ყურადღების ცენტრში 2 ძირითადი ამბავი მოექცა:

  • სამიტის საბოლოო დეკლარაცია – პროგნოზები საკმაოდ სკეპტიკური იყო იმასთან დაკავშირებით, რომ წევრი ქვეყნები შეძლებდნენ შეთანხმების მიღწევას უკრაინის საკითხზე, რომელთან დაკავშირებითაც დიდი ოცეულის ფარგლებში რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიცია ღიად ფიქსირდება. განსაკუთრებით ხისტი იყო მოლაპარაკებების დროს რუსეთის პოზიცია, თუმცა არსებითი სხვაობა იყო აშშ-ს და ევროპის ქვეყნების, ერთი მხრივ, და მასპინძელი ინდოეთის, ჩინეთის, ბრაზილიის და თურქეთის პოზიციებს შორის, მეორე მხრივ. მიუხედავად სკეპტიკური მოლოდინისა, შეთანხმება შედგა. ჩემი აზრით, შეთანხმების მიზეზები მომდევნო პუნქტში განხილულ მნიშვნელოვან ახალ ამბავში უნდა ვეძებოთ, თუმცა, ასეა თუ ისე, ნიუ-დელის ლიდერების დეკლარაციის მე-8 პუნქტში უკრაინის ომთან დაკავშირებით შეთანხმდა, რომ: ყველა ქვეყანამ სრულად უნდა სცეს პატივი გაეროს ქარტიის მიზნებსა და პრინციპებს; ყველა ქვეყანამ, ქარტიის შესაბამისად, თავი უნდა შეიკავოს სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნისა და ძალის გამოყენებისგან; ბირთვული იარაღის გამოყენება ან მისი გამოყენების საფრთხის შექმნა ყოვლად დაუშვებელია. ეს ტექსტი ნამდვილად ვერ იქნებოდა უკრაინისთვის მისაღები და ძალიან ჰგავს მანამდე გაკეთებულ განცხადებებსა და ინიციატივებს, რომელიც ინდოეთს, ჩინეთს და ბრაზილიას ეკუთვნოდათ.

 

  • მეორე სიახლემ კი ნამდვილად გააჩინა ინტრიგა – ამერიკის შეერთებული შტატებმა, ინდოეთმა, ევროპის კავშირმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, საუდის არაბეთის სამეფომ და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის თანახმად, შეიქმნება ახალი სატრანსპორტო დერეფანი – India-Middle East – Europe Economic Coridor (IMEC). დერეფანს ექნება 2 განშტოება და ზემოჩამოთვლილ ქვეყნებთან ერთად ისრაელისა და იორდანიის მონაწილეობით საგრძნობლად გაიზრდება ტვირთების გადაზიდვები სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შექმნითა და არსებული პორტების გამოყენებით. გარდა ამისა, დაგეგმილია ელექტრო და ციფრული კაბელების გაყვანა, აგრეთვე სუფთა ენერგიის განვითარებისა და გამოყენების მიზნით წყალბადის მილსადენის მშენებლობა. რა თქმა უნდა, ეს პროექტი დაუყოვნებლივ მოინათლა, როგორც ჩინეთის სარტყლისა და გზის ინიციატივის (BRI) საპირწონე. სხვათა შორის, ოქტომბერში დაგეგმილია აღნიშნული პროექტის 10 წლისთავის აღსანიშნავად სამიტის გამართვა, რომელშიც დაადასტურა მონაწილეობა ვ. პუტინმა. ის გზად, მის მეგობარ და პარტნიორ ჩრდილო კორეელ დიქტატორ კიმ ჩენ ინს ეწვევა.

ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე ყურადღება უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისკენ იყო  მიპყრობილი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გზავნილები ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომლის შემდეგაც გამოვიდა პრეზიდენტი ზელენსკი და ისაუბრა რუსეთის მხრიდან ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ მომდინარე საფრთხეებზე და უკრაინისთვის მხარდაჭერაში ერთიანობის მნიშვნელობაზე. პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე გაამახვილა ყურადღება, რომ ახლა რაიმე საუბარი შეთანხმებებზე არასწორია და აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას საკუთარი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გაეროს გენასამბლეის ფორმატში გამართული ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებიდან ნიშანდობლივი იყო აშშ-ს პრეზიდენტის ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე ცენტრალურ აზიურ 5-ეულს პირველად შეხვდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი. აქაც აშკარად იკვეთება რეგიონში გავლენებისთვის ბრძოლის კონტურები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი გაცილებით უფრო დიდი ხანია და გაცილებით მეტს აკეთებს თავისი ინტერესების ცენტრალურ აზიაში გასატარებლად. აშშ-ს ნამდვილად დაჭირდება სერიოზული ძალისხმევა ამ ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად.

ნიუ-იორკის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ს დედაქალაქში ჩავიდა. უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტმა ვაშინგტონში, გასულ წელთან შედარებით, უფრო დაბალ ემოციურ ფონზე ჩაიარა. შეხვედრებმა კანონმდებლებთან კონგრესში, შემდეგ თეთრ სახლში, მსხვილ ამერიკულ საინვესტიციო ფონდებთან და ვიზიტმა პენტაგონში კონკრეტული შედეგებიც მოიტანა. მართალია, არ გამოცხადდა შორ მანძილზე მოქმედი ატაკამსის რაკეტების გადაცემის შესახებ, მაგრამ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ატაკამსების საკითხი გადაწყდება ისევე, როგორც გადაწყდა ფ-16-ების. აგრეთვე, პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, აშშ-სთან მიღწეული შეთანხმება უკრაინაში ერთობლივად ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შეიარაღების წარმოებაზე ისტორიულია და სრულიად ახალ დონეზე აიყვანს უკრაინულ სამხედრო ინდუსტრიას.

ეს ერთთვიანი სამიტების ეპოპეა დაასრულა კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს ხმაურიანმა განცხადებამ, რომლის თანახმად კანადის ქალაქ ვანკუვერში სქხების ლიდერის მკვლელობაში მონაწილეობდნენ ინდოეთის ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები. ამის შესახებ აშშ-ს სპეცსამსახურებმა კანადელ კოლეგებს დამატებითი ინფორმაცია გაუზიარეს, ხოლო პრეზიდენტი ბაიდენი პირადად ესაუბრა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს.

თუ ბრიქს-ის სამიტზე დემოკრატიის საკითხი არ იდგა დღის წესრიგში, ეს ნამდვილად არ ნიშნავს, რომ დემოკრატიული თანამეგობრობა თვალს დაუხუჭავს ასეთ გახმაურებულ მკვლელობებს და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევას. თუმცა, იგივე ინდოეთი-შუა აღმოსავლეთი-ევროპის ეკონომიკურ დერეფნის რეალიზებაში ჩართული არიან ისეთი ქვეყნები, რომელთა ლიდერებსაც ან ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებენ, ან სასამართლო ხელისუფლების უზურპაციაში, ან სხვა ტიპის დარღვევებში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის სფეროში.

დასკვნის სახით: გლობალური გავლენებისთვის ბრძოლა კვლავ აქტიურ ფაზაშია და ახლო მომავალში უნდა ველოდოთ რეგიონული თუ სხვა ტიპის გაერთიანებების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, თუმცა არ უნდა შეიქმნას განცდა, რომ ახლო მომავალში მსოფლიო მრავალპოლარული ხდება. ამისთვის მინიმუმ 3 ზესახელმწიფოს არსებობაა აუცილებელი, თუმცა ჯერჯერობით ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის, აგრეთვე გლობალური გავლენების გათვალისწინებით, ასეთი მხოლოდ 2-ია, ვინც ქმნის პოლუსებს და ვის შორისაც მიმდინარეობს ძირითადი მეტოქეობა. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი. ასეა ახლა და ასე იქნება ახლო და საშუალო ვადიან პერსპექტივაშიც.