ავტორი: მარიამ ხახუტაიშვილი

 

2023 წლის შემოდგომაზე ყარაბაღის რეგიონზე აზერბაიჯანის კონტროლის აღდგენის შემდეგ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ პროცესში აზერბაიჯანი სასაზღვრო ზოლში დამატებითი ტერიტორიების დაკანონებას ცდილობს. სომხეთის მიერ 19 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება, დაუბრუნოს აზერბაიჯანს ოთხი სასაზღვრო სოფელი, რომლებსაც 1990-იანი წლებიდან აკონტროლებდა, ორ მეზობელ ქვეყანას შორის საზღვრის საბოლოო დელიმიტაცია-დემარკაციისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, თუმცა კითხვებს ბადებს რეგიონში სტაბილურობის დამყარებასთან დაკავშირებით.

რატომ გადაწყვიტა სომხეთმა, დაუბრუნოს საზღვრისპირა სოფლები აზერბაიჯანს, რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებისა და დასავლეთთან კავშირების გაძლიერების ფონზე? რა გავლენას ახდენს ეს ნაბიჯი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პერსპექტივაზე?

აზერბაიჯანის მოთხოვნები: დაძაბულობის ახალი კერა თუ სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობა?

19 აპრილის ისტორიულ შეთანხმებამდე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩიხში იყო შესული მეტწილად იმის გამო, რომ აზერბაიჯანი დაჟინებით მოითხოვდა სომხეთის კონტროლქვეშ მყოფი რვა სასაზღვრო სოფლის გადაცემას. ამის საპასუხოდ, სომხეთი, საბოლოო ჯამში, აზერბაიჯანისთვის ოთხი დასახლებული პუნქტის დაბრუნებას დათანხმდა, რის შედეგადაც ორ დაპირისპირებულ სახელმწიფოს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა გაჩნდა.

1990-იან წლებში, ყარაბაღის პირველი ომის დროს,  ზემოხსენებულ სოფლებზე სომხეთის კონტროლის დამყარება შემთხვევითი არ ყოფილა. ამ სოფლებს სომხეთისთვის დღემდე მნიშვნელოვანი სტრატეგიული და ეკონომიკური ფუნქცია აკისრიათ. მაგალითად, სოფელი ბაიღანის აირიმი, რომელიც საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარეობს, M16/H26 გზატკეცილით თბილისსა და ერევანს აკავშირებს. სწორედ ამ გზაზე გადის, ასევე, რუსეთიდან მომავალი „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალური გაზსადენი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და სომხეთის დამაკავშირებელი სხვა მარშრუტებიც არსებობს. რაც შეეხება კარკის ექსკლავს, ის M2/E117 გზატკეცილით ერევანს სამხრეთ სომხეთთან აკავშირებს და სომხეთსა და ირანს შორის მთავარი სავაჭრო არტერიის ფუნქციას ასრულებს. საზღვრისპირა სოფლების მაცხოვრებლები პროტესტს გამოთქვამენ, რადგან აზერბაიჯანთან საზღვრის საბჭოთა პერიოდის კონფიგურაციის შესაბამისად დელიმიტაცია-დემარკაცია მათ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომას ართმევს და ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან პირდაპირ კავშირს უზღუდავს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილება, წავიდეს ამ საკითხში დათმობაზე აზერბაიჯანთან, სამართლებრივად ეფუძნება 1991 წლის ალმათის დეკლარაციას, რომელმაც, სხვა შეთანხმებებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების საზღვრების დადგენაში. პროცესის კარტოგრაფიულ საფუძველს კი წარმოადგენს უახლესი ტოპოგრაფიული რუკები, საბჭოთა კავშირის პერიოდის იურიდიული ბაზისით.

უახლოეს მომავალში შესაძლოა მოლაპარაკებათა დღის წესრიგში ე.წ. „ზანგეზურის დერეფნის“ საკითხიც დადგეს. ამ დერეფნის მეშვეობით ბაქო თავის ექსკლავთან, ნახიჩევანთან, დაკავშირებას შეძლებს სომხეთის სამხრეთ რეგიონის, სიუნიკის, გავლით. სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი დერეფნის წინადადება რსებითად მილიტარიზებულ ზონას გულისხმობს, რასაც ოფიციალური ერევანი ეწინააღმდეგება და მას სუვერენიტეტის დარღვევად მიიჩნევს.

ამ ეტაპზე სომხეთის მხრიდან დათმობას რამდენიმე მიზეზი აქვს, კერძოდ:

  • ოფიციალური ერევანი ხედავს კონფლიქტის მოგვარებისა და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას აზერბაიჯანთან;
  • ნიკოლ ფაშინიანის სურვილია, თავიდან აირიდოს აზერბაიჯანთან ახალი დაძაბულობა მომავალში, ქვეყნის შიგნით სავარაუდო დესტაბილიზაციის მიუხედავად;
  • ამავდროულად, სომხეთი ამცირებს დამოკიდებულებას რუსეთზე და ცდილობს დასავლეთთან ურთიერთობების განვითარებას.

 

სომხეთის კონსტიტუციის ცვლილება: აზერბაიჯანის მხრიდან ზეწოლა

სომხეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დგას – კონსტიტუციის ცვლილება. პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი, „ახალი გეოპოლიტიკური გარემოებების“ გათვალისწინებით, მხარს უჭერს სრულიად ახალი კონსტიტუციის მიღებას, რითაც რეგიონში სომხეთის პოზიციის გაძლიერებას ვარაუდობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ინიციატივა მოკლებულია დეტალებს, მან უკვე გამოიწვია დებატები პოლიტიკურ წრეებში. სომხეთში გავრცელებული ვარაუდის თანახმად, შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ტექსტიდან ტერმინ „არცახის“ ამოღებას გულისხმობს, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან ფაშინიანის მთავრობაზე ზეწოლის შედეგია.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საზრუნავი სხვა დოკუმენტიცაა – სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელიც მიღებულ იქნა საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1990 წელს, და შეიცავს მინიშნებას რეზოლუციაზე „სომხეთის სსრ-ისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანების შესახებ“. ალიევის გადმოსახედიდან, სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ეს ჩანაწერი მიუღებელია აზერბაიჯანისთვის. ამიტომ, სომხეთის კონსტიტუციის ცვლილებასთან ერთად, ალიევის მოთხოვნა სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებულ ნარატივსაც ეხება.

როგორც ჩანს, აზერბაიჯანი, როგორც სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების წინაპირობას, დაჟინებით მოითხოვს სომხეთისგან, რომ არ ჰქონდეს პრეტენზია ყარაბაღის რეგიონზე. ისტორიული ჩანაწერებისა და კონსტიტუციური ჩარჩოს გადაფასება რთული საკითხია სომხეთისთვის და მნიშვნელოვან გამოწვევებთან არის დაკავშირებული. ამგვარი ცვლილებები, მიუხედავად იმისა, რომ, ფაშინიანის თანახმად, პროგრესსა და მშვიდობას ისახავს მიზნად, ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის რისკსაც შეიცავს.

ამჟამად სომხეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოძრაობა „ტავუში სამშობლოსთვის“, რომელიც 9 მაისს დაიწყო პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს. ამ დემონსტრაციების გავლენა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებზე, ისევე, როგორც შიდა სტაბილურობაზე ყურადღების ცენტრში რჩება.

სომხეთის საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციის ცვლილება

სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ევროკავშირმა და აშშ-მ კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა სომხეთის დასავლეთთან დაახლოების ბოლოდროინდელი პოლიტიკის მიმართ. 5 აპრილს ბრიუსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ამ უკანასკნელებმა პირობა დადეს, რომ სომხეთს 270 მილიონი ევროს ფინანსურ დახმარებას გაუწევდნენ. თანხების გამოყოფა მიზნად ისახავს სომხეთის დახმარებას  როგორც ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ რეაბილიტაციაში, ასევე რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებაში. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის თანახმად, ქვეყნის შიგნით ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებასაც განიხილავენ, რაც სომხეთის მხრიდან საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილებად შეიძლება აღვიქვათ.

ყარაბაღის რეგიონის დაკარგვის შემდეგ სომხეთის ნდობა რუსეთის, როგორც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორის მიმართ, სერიოზულად შეირყა. სომხეთმა ჯერ კიდევ 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ განახორციელა გარკვეული ცვლილებები საგარეო პოლიტიკაში. თუმცა, აზერბაიჯანთან ომში დამარცხება ის მიჯნა იყო, რომლის შემდეგაც სომხეთის საგარეო პოლიტიკის გადახედვა და პრიორიტეტების ხელახალი განსაზღვრა დაიწყო. ეს შეიძლება ჩაითვალოს სომხეთის სტრატეგიული მიმართულების ცვლილებად დასავლეთისკენ და ევროკავშირის სახით პარტნიორის შეძენის მცდელობად აზერბაიჯანის სამხედრო უპირატესობის დასაბალანსებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ სომხეთმა შეაჩერა მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ოდკბ). სომხეთი აღარ ენდობა რუსეთს, როგორც მოკავშირეს, რადგან მოსკოვმა არაერთხელ გაუცრუა იმედები. ერევანი ამჟამად ალტერნატივად დასავლეთს ხედავს და აცნობიერებს, რომ მოსკოვზე დამოკიდებულებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მის უსაფრთხოებაზე, აქედან გამომდინარე, სომხეთი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სტრატეგიის შეცვლის საჭიროებას ხედავს.

სომხეთის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილებას გარკვეული რისკები ახლავს. კრემლი სომხეთის ევროკავშირთან დაახლოებას გამოწვევად მიიჩნევს, რომელიც რეგიონში გავლენის სფეროს შეუზღუდავს. თუმცა, ერევანსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის მიუხედავად, რუსეთი კვლავ რჩება ლიდერად სომხეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვაში, რომელიც 2023 წელს 7,3 მილიარდ აშშ დოლარს აღემატებოდა, ხოლო 2024 წლის იანვარში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 93%-ით გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული ერთ-ერთი რეზოლუცია გმობს აზერბაიჯანის აგრესიას ყარაბაღის მიმართ და ბაქოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს, ევროკავშირსა და სომხეთს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარება არ ნიშნავს ბრიუსელის მზადყოფნას, უსაფრთხოების გარანტიები მისცეს სომხეთს აზერბაიჯანთან ახალი კონფლიქტის შემთხვევაში.

დასკვნა

19 აპრილის შეთანხმებით სომხეთმა და აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს წინ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციისკენ. ამ შეთანხმებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ის აღადგენს საზღვრებს, რომლებიც არსებობდა საბჭოთა კავშირის დაშლის დროს, რასაც სამართლებრივი საფუძველი ექნება, ალმათის დეკლარაციის სახით.

აღნიშნული შეთანხმება გზას უხსნის ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის ოთხი საზღვრისპირა სოფლის დაბრუნება გადამწყვეტი ეტაპია ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში. სავარაუდოა, რომ შემდეგი ეტაპი მოიცავს დისკუსიებს სოფელ არწვაშენის სომხეთისთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომელიც ანკლავური სოფელია და აზერბაიჯანის კონტროლქვეშაა 1990-იანი წლებიდან.

სომხეთის მზადყოფნა, განმუხტოს ხანგრძლივი დაძაბულობა აზერბაიჯანთან, მიუხედავად ქვეყნის შიგნით არსებული წინააღმდეგობისა, შეგვიძლია მივიჩნიოთ პრაგმატულ მიდგომად, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია ახალი კონფლიქტის თავიდან აცილების სურვილით. შეთანხმების მისაღწევად აუცილებელი იყო, ორივე მხარე დათანხმებულიყო სოფლების დაბრუნებას სუვერენიტეტის ურთიერთაღიარების ფარგლებში. ერევნის გადაწყვეტილება, გადასცეს სოფლები აზერბაიჯანს, განპირობებულია შიდა და გარე ფაქტორების ერთობლიობით. ეს აგრეთვე განპირობებულია სომხეთის სურვილით, შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება და გააძლიეროს ეკონომიკური მედეგობა და უსაფრთხოება დასავლეთთან, კერძოდ, ევროკავშირთან ურთიერთობის გააქტიურებით.

აქედან გამომდინარე, სომხეთის საგარეო პოლიტიკასა და კონსტიტუციაში ცვლილებებიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც ნაბიჯები აზერბაიჯანთან დიალოგისა და კომპრომისის მიღწევისკენ, რამაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმებას შეიძლება ჩაუყაროს საფუძველი. ამავდროულად, ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას თან ახლავს დაბრკოლებები რუსეთისგან, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ რთულ გეოპოლიტიკურ რეალობას, რომლის წინაშეც სომხეთი დგას. დიდ სირთულეს წარმოადგენს სომხეთის რუსეთთან ღრმად ფესვგადგმული კავშირების გაწყვეტა, განსაკუთრებით, უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ეკონომიკურ სფეროებში. ამრიგად, სომხეთის საგარეო პოლიტიკის ტრაექტორიის შეცვლა ადვილი ამოცანა არ იქნება.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვართან დაკავშირებით მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმების მიუხედავად, გადაუჭრელ პრობლემად რჩება რეგიონული კომუნიკაციების გახსნა. სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანი კვლავ მოითხოვს თავისი დასავლეთის რეგიონების დაკავშირებას ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან სპეციალური სტატუსის მქონე დერეფნით, ხოლო სომხეთი ეცდება, ეს გზა თავისი სუვერენიტეტის ფარგლებში დაიტოვოს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საბოლოო ნორმალიზაციისთვის სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი იქნება.