დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

 

2022 წლის შემოდგომაზე ირანი ჩაერია რუსეთ-უკრაინის ომში, როდესაც მისცა რუსეთს შეიარაღება უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე შეტევებისთვის. ეს გახდა ირანის პირველი სერიოზული ჩარევა აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკაში. თუმცა, სინამდვილეში, სახელმწიფოთა შორის მიმდინარე პაექრობები აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, სადაც ირანი დიდი ხანია ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშეა, უკვე წლებია, რაც ერთმანეთთან არის დაკავშირებული – სულ მცირე, 2011 წელს სირიის ომის დაწყებიდან.

რუსეთის ხანგრძლივი კამპანია აშშ-ისა და მისი მოკავშირეების გლობალური ლიდერობის მოსაშლელად, აღმოსავლეთ ევროპის გარდა, ასევე მოიცავს აფრიკას, კარიბის ზღვის რეგიონსა და დასავლეთ ბალკანეთს. ირანი ამავე დასავლელი ოპონენტების და ასევე ისრაელის, საუდის არაბეთისა და გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედებს. გეოგრაფიული თეატრი, სადაც რუსეთიც და ირანიც არიან ძირითადი მოთამაშეები, არის ლევანტისა და ერაყისგან შემდგარი რეგიონი, რომელსაც ტრადიციულად „ნოყიერი ნახევარმთვარე“ ეწოდება.

რუსეთისა და ირანის მიზნები არ არის ერთი და იგივე. მათ შორის შეიძლება გარკვეული კონკურენციაც იყოს. თუმცა იმ ფაქტმა, რომ აშშ-ისა და მისი დასავლეთევროპელი მოკავშირეების სახით რუსეთსა და ირანს საერთო მთავარი მოწინააღმდეგეები ჰყავთ, ამ ორი ქვეყნის მრავალწლიანი ახლო თანამშრომლობა განაპირობა.

არსებობს „ნოყიერ ნახევარმთვარეში“ მოქმედი კიდევ ერთი ძირითადი მოთამაშე, რომელსაც ყველა სხვა დიდი სახელმწიფოსგან განსხვავებული მიზნები აქვს – თურქეთი. ფართო გეოპოლიტიკური მიზნების მქონე ეს ძალა აქტიურად მოქმედებს, სხვებთან კონფლიქტსა თუ თანამშრომლობაში, მის გარშემო მდებარე რამდენიმე რეგიონში, აღმოსავლეთ ევროპის ჩათვლით.

აშშ მის მოკავშირეებთან ერთად, რუსეთი, ირანი და თურქეთი არიან პაექრობისა და თანამშრომლობის ურთიერთდაკავშირებული რგოლებისგან შემდგარ სისტემაში მონაწილე მხარეები. რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო-ტექნოლოგიური თანამშრომლობის 2022 წელს დაწყებული ახალი ეტაპი მხოლოდ მორიგი აქტია ამ დიდ თამაშში.

თურქეთის ნატოს წევრობამ არ უნდა დაგვაბნიოს ამ რეალობის აღქმისას. ეს სახელმწიფო არ არის ვინმეს გეოპოლიტიკური ბანაკის წევრი. მას საკუთარი ბანაკი აქვს, რომლის ლიდერიც თავად არის. სულ მცირე, 2000-იანი წლებიდან მოყოლებული, თურქეთი მისდევს აქტიურ გეოსტრატეგიას, რომლის მიზანია საკუთარი გავლენის მაქსიმალური გაზრდა ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპასა და ბალკანეთში, მსოფლიოს ზოგ სხვა რეგიონთან ერთად.

დღეისთვის თურქეთი საკუთარ თავს  გეოპოლიტიკურად დამოუკიდებელ დიდ სახელმწიფოდ აღიქვამს. ამით იგი ჰგავს ზოგ სხვა ქვეყანას, რომლებიც ბოლო ათწლეულებში გაძლიერდნენ – ინდოეთსა და ირანს. თუმცა, გარკვეული საკვანძო ასპექტებით თურქეთი მათგან განსხვავდება.

ინდოეთი ესწრაფვის ინდოეთის ოკეანის აუზსა და სამხრეთ აზიაში გავლენას. მაგრამ მისი ეს ამბიციები შეუთავსებელია ჩინეთის ამბიციებთან, რომლის მიზანი, გახდეს გლობალური ლიდერი, მოიცავს ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონში დომინირებას. ამიტომ, მართალია, ინდოეთი უდავოდ არის საკუთარ ქმედებებში დამოუკიდებელი ძალა, მას უწევს ახლო თანამშრომლობა ჩინეთის სხვა მოწინააღმდეგეებთან – აშშ-თან, იაპონიასთან და ავსტრალიასთან.

ირანი ჩართულია აშშ-თან უკომპრომისო პაექრობაში. მისი მმართველი რეჟიმის საგარეო-პოლიტიკური მიზანი არის ჰეგემონია ახლო აღმოსავლეთში. ეს ამერიკელებისთვის მიუღებელია და ასე იქნება ყოველთვის. თუმცა, ეს მიზანი თეირანის რეჟიმის იდეოლოგიის საკვანძო ნაწილია. ამიტომ სანამ ეს რეჟიმი არსებობს, ეს მიზანიც შენარჩუნდება, მასთან ერთად კი შენარჩუნდება ირანულ-ამერიკული პაექრობაც.

ინდოეთისგან განსხვავებით, თურქეთი არ არის იძულებული ამერიკასთან ერთ ბანაკში იყოს, ხოლო ირანისგან განსხვავებით, ის არ არის ჩართული ამერიკასთან აურიდებელ ბრძოლაში. თურქეთის ამბიციები ახლო აღმოსავლეთში არ არის ისეთი უკომპრომისოდ ჰეგემონური, როგორც ირანული. ეს ანკარას ბევრად მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს. თურქეთის მეთოდი არის დასავლურ-რუსულ და დასავლურ-ირანულ პაექრობაში დაპირისპირებულ ბანაკებს შორის მანევრირება და ამ პროცესში საკუთარი გავლენის გასაზრდელად ყველა შესაძლებლობის გამოყენება.

თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ არაპირდაპირ (პროქსი) ომებში ჩაერთო, გარკვეული წარმატებით, სირიის იდლიბის რეგიონსა და ლიბიაში. ამ უკანასკნელ ქვეყანაში თურქებმა არ დაუშვეს, რომ რუსეთის მოკავშირე ძალებსა და ვაგნერის ჯგუფს ქალაქი ტრიპოლი აეღოთ. რუსეთისა და თურქეთის ინტერესები ერთმანეთს უპირისპირდება სამხრეთ კავკასიასა და ბალკანეთში. ამ ყველაფრის პარალელურად, თურქეთი რუსეთთან ახლო სამუშაო ურთიერთობას ინარჩუნებს. ანკარის პოზიცია და ერდოღანის კრიტიკა რუსეთის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებთან დაკავშირებით ვერ იქნება მისაღები უკრაინისა და მისი მხარდამჭერებისთვის. თუმცა, ამაზე რეაგირებისას ყველა თავშეკავებულია, რადგან ამავე დროს თურქეთი უკრაინას გარკვეულ დახმარებას უწევს, რის გამოც მასთან დაპირისპირება დაუშვებელია. თურქეთის მანევრირება ერთმანეთთან დაპირისპირებულ ყველა სხვა მხარეს აიძულებს პატივი სცენ თურქულ ინტერესებს, იმის მიუხედავად მოსწონთ მათ ანკარის საქციელი თუ არა.

მნიშვნელოვანია, რომ თამანედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკის საფუძვლები არ უკავშირდება რომელიმე ერთ პოლიტიკურ პარტიას. თუკი მმართველ პარტიას, AKP-ს, და ერდოღანს ქვეყნის სათავეში სხვა პოლიტიკოსები ჩაანაცვლებენ, ეს საერთაშორისო არენიდან ერდოღანის პერსონალურ სტილს მოაშორებდა, მაგრამ არა – თურქეთის გეოსტრატეგიისა და დამოუკიდებელი საერთაშორისო პოზიციონირების ფუნდამენტურ რეალობას. ეს უკანასკნელი, სავარაუდოდ, გრძელვადიანად შენარჩუნდება.

თურქეთის გეოპოლიტიკურ პოზიციონირებას სიცხადით უნდა შევხედოთ. უნდა ვაღიაროთ, რომ თურქეთი არის დამოუკიდებელი მოთამაშე, რომელიც არ იმყოფება მუდმივ კავშირში რომელიმე სხვა დიდ სახელმწიფოსთან. თურქეთის მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს ისეთივე პრაგმატული, როგორც თვითონ თურქეთს აქვს სხვების მიმართ. როდესაც ინტერესები ემთხვევა, საჭიროა თურქეთთან თანამშრომლობა. როდესაც არ ემთხვევა, საჭიროა ან თურქეთთან მოლაპარაკება კომპრომისული შეთანხმების მისაღწევად ან მისი შეკავება, რათა მან დიდი ზიანი არ გამოიწვიოს. ბრიტანეთისგან ან იაპონიისგან განსხვავებით, თურქეთი არ არის აშშ-ის მუდმივი მეგობარი. პეკინის, მოსკოვისა და თეირანის რეჟიმებისგან განსხვავებით, ის არ არის აშშ-ის მუდმივი მოწინააღმდეგე.

ამრიგად, თურქეთთან ურთიერთობისას მე-18 და მე-19 საუკუნეების ტიპის პრაგმატული დიპლომატია უფრო გამოსადეგია, ვიდრე ცივი ომის შავ-თეთრი (ან, უფრო, წითელ-ლურჯი) ლოგიკა.