2016 წლის 19 ივლისს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით ახალქალაქის რეგიონულ ოფისში გაიმართა დისკუსია ეთნიკურად სომეხი მოსახელობისთვის თემაზე – საგანმანათლებლო პოლიტიკა საზოგადოების ინტეგრაციისთვის. დისკუსიას უძღვებოდნენ საქართველოს განათლების სამინისტროს წარმომადგენლები: თამარ თოლორაია, დესპინე ქოიავა და კარინე მანუკიანი.
საჯარო ლექცია-დიკუსიაზე მომხსენებლებმა დამსწრე აუდიტორიასთან ერთად იმსჯელეს ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების გაუმჯობესების ხარისხი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის. დისკუსიაზე აღინიშნა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული საგანმანათლებლო პოლიტიკის მიზნები და ძირითადი მიმართულებები, ასევე ხაზი გაესვა ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიანი განათლების მიღების მნიშვნელობას და მათ ჩართულობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა საფეხურზე.
საჯარო ლექცია-დისკუსია ჩატარდა ფონდის მიერ ორგანიზებული სალექციო შეხვედრების ფარგლებში, რომელიც ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებს ეთმობა. ლექციები გამიზნულია ხელი შეუწყოს ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პროფესიული შესაძლებლობების ზრდას, ქართული სახელმწიფოს შესახებ მათი ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, და ეროვნული ინტეგრაციის პროცესის პოპულარიზაციას თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად. ამ ტიპის შეხვედრები დაეხმარება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო ცვლილებებისა და გაძლიერების პროცესებში.