1918 წლის 26 მაისს, გაზეთ „საქართველოს“ პირველ გვერდზე, მარცხენა ზედა კუთხეში, იქ, სადაც „საგულისხმო ცნობები“ იბეჭდებოდა, მხოლოდ სამი სიტყვა ეწერა – „საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა“. ეს სამი სიტყვა ყველაფერს იტევდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილების ცნობის პარალელურად, 26 მაისის „საქართველოს“ ფურცლებზე არაერთი სხვა სტატია დაიბეჭდა, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადებას უკავშირდებოდა. მათ შორის – სარედაქციო სტატია, რომლის ზემოთაც დიდი ასოებით ეწერა – „დამოუკიდებელი საქართველო აღდგა, გაუმარჯოს საქართველოს!“. იმავე ნომერში იყო სტატიები: „საქართველოს დამოუკიდებლობის წინაშე“ და რაფიელ ივანიცკის (რ. ინგილო) სტატია „ახალი გზით“, რომელიც ასე სრულდებოდა: „საქართველოს უზენაესმა პოლიტიკურმა დაწესებულებამ პარასკევ საღამოს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის უდიდეს მნიშვნელობას, შესაძლოა, ბევრი ვერც კი ჰგრძნობდეს: ეროვნულმა საბჭომ საჭიროდ დაინახა საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ გამოცხადება!“ გაზეთის ფურცლების მიღმა კი მოვლენები ასე განვითარდა: 26 მაისის დილით ამიერკავკასიის სეიმის ბოლო სხდომა გაიმართა, სადაც სიტყვით გამომსვლელების შემდეგ სოციალ-დემოკრატებმა რეზოლუცია წარმოადგინეს, რომლის მხარდაჭერის შემდეგაც ამიერკავკასიის დაშლა ოფიციალურად დადასტურდა. იმავე დღეს, სეიმის დაშლის შემდეგ, საქართველოს ეროვნული საბჭოს ისტორიული სხდომა ჩატარდა.