ავტორი: ვასილ ღლონტი
2024 წლის 24 მაისს ყირგიზეთის დედაქალაქმა ბიშკეკმა „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ წევრი ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებისა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელთა საბჭოს რიგით 54-ე შეხვედრას უმასპინძლა. ამ საინტერესო და საყურადღებო ღონისძიებას ალა-არჩას სახელმწიფო რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების კომიტეტის უფროსი კამჩიბეკ ტაშიევი ხელმძღვანელობდა, თუმცა, სხდომაზე სიტყვით ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ მზარდი საფრთხეების გამო სპეცსამსახურების როლის გაძლიერების აუცილებლობა, მუშაობის გაუმჯობესება, კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობა და ერთობლივი ძალისხმევა დსთ-ში შემავალი სახელმწიფოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სხდომის მონაწილეებმა ორგანიზებული დანაშაულის, საერთაშორისო ტერორიზმის, რელიგიური ექსტრემიზმისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიმუშავებდნენ უსაფრთხოების და ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში ინფორმაციის გაცვლის გაუმჯობესების გზებს, მათ შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მონაცემთა ბაზის ფარგლებში, რომელიც მოქმედებს ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ბაზაზე.
ამ ფონზე, სხდომის მიმდინარეობის პროცესში განსაკუთრებული აქტიურობითა და დასავლეთის საწინააღმდეგო განცხადებებით გამოირჩეოდა რუსეთის წარმომადგენლობა, ფსბ-ის უფროსის ალექსანდრე ბორტნიკოვისა და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის სერგეი ნარიშკინის შემადგენლობით.
ჩვენს ბლოგში შევეცდებით „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ წევრი ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებისა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელთა საბჭოს აღნიშნულ სხდომაზე ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებების განხილვა და ანალიზი წარმოვადგინოთ.
რუსული დელეგაციის განცხადებები
ბიშკეკში გამართული „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ წევრი ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებისა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელთა საბჭოს შეხვედრა გვაფიქრებინებს, რომ რუსეთის ხელისუფლება და მისი სპეცსამსახურები დასავლეთის პოლიტიკურ-ეკონომიკურ, ფინანსურ, სამხედრო წრეებთან და სპეცსამსახურებთან დიდი და ღია დაპირისპირებისათვის ემზადებიან, რაც საქართველოს პოლიტიკური ელიტისთვის სერიოზული განსჯის საგანი უნდა გახდეს. რუსული მხარის განზრახვაზე მიგვითითებს რუსული სპეცსამსახურების ხელმძღვანელების მიერ გაკეთებული ანტიდასავლური განცხადებები, რომლებიც გარკვეულწილად ინდიკატორებად უნდა განვიხილოთ. რუსული მხარის მიერ გაჟღერებული თემებიდან ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას, რა თქმა უნდა, იქცევს სამხრეთ კავკასიასა და „ფერად რევოლუციებთან“ დაკავშირებული საკითხები. ჩვენი შეფასებით, რუსეთი ვერაფრით ეგუება, რომ შეიძლება პოსტსაბჭოთა სივრცეზე, მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რესპუბლიკებზე საკუთარი გავლენა დაკარგოს. შესაბამისად, არსებული პოზიციების შენარჩუნებისა და უფრო გაძლიერების მიზნით კრემლი ამ ორ მნიშვნელოვან რეგიონზე პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სამხედრო ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. დიდი ალბათობით, რუსეთი აამოქმედებს საკმაოდ წარმომადგენლობით გავლენის აგენტურას, რომელიც მას ჰყავს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე დიდ ბიზნესსა და ამ რეგიონების ქვეყნების საზოგადოებების სხვადასხვა ფენებში. არაა გამორიცხული, რომ კრემლის ამ ქმედებებმა მთელ რიგ სახელმწიფოებში,მათ შორის საქართველოში შიდაპოლიტიკური დაპირისპირება გამოიწვიოს.
ჩვენი ყურადღება პირველ რიგში მიიქცია რუსეთის ფსბ-ის უფროსის, ალექსანდრე ბორტნიკოვის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომელშიც მან ყოფილ სსრკ-ში შემავალ და ამჟამად კი დამოუკიდებელ რესპუბლიკებში დასავლეთის ქვეყნების უშუალო კურატორობით ე.წ. ფერადი რევოლუციების ახალი ტალღა დააანონსა. მისი ტრადიციული ანტიდასავლური რიტორიკა, რომ „დასავლეთის პოლიტიკური ცენტრები პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებისგან პარალელური ხელისუფლების შექმნას ცდილობენ, რომლებსაც შემდგომში რევოლუციების, შიდაპოლიტიკური კრიზისებისა და მასობრივი არეულობების დროს არსებული ხელისუფლებების ჩასანაცვლებლად გამოიყენებენ“, ჩვენთვის რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა განაცხადი, რომ „დასავლეთი ამისათვის აქტიურად გამოიყენებს გავლენის აგენტურას, არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციურ პარტიებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებს“, უკვე საყურადღებო და დამაფიქრებელია.
სავარაუდოდ, ასეთი მკვეთრი და პროვოკაციული განცხადებებით ბორტნიკოვი ე.წ. პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქმედ ხელისუფლებებს ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ რეპრესიული ზომების გატარებისაკენ უბიძგებს. სავარაუდოდ, ასეთი წამაქეზებელი განცხადებების მიზანს დამოუკიდებელ სახელმწიფოებში, მათ შორის საქართველოში, შიდაპოლიტიკური ვითარების დაძაბვა, მასობრივი არეულობების გამოწვევა და სამოქალაქო ომის ინსპირაციაც კი წარმოადგენს. ამ ფონზე, შესაძლებელია, რომ კრემლი საქართველოს ხელისუფლებისა და მთავრობის მხარდაჭერის მოპოვებას შეეცადოს. მითუმეტეს, იმ ახალ რეალობაში, როცა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, მიიღეს რა არადემოკრატიული, „რუსული კანონი“ და ამის გამო მათ საერთაშორისო სანქციები დაუწესდათ, ეს ალბათობა კიდევ უფრო პროგნოზირებადი გახდა. ამ კონტექსტში, აღნიშნული კანონის მიღებისადმი კრემლის ადმინისტრაციის ღია მხარდაჭერაც გვაფიქრებინებს, რომ რუსეთი საქართველოში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობების გაღრმავება/გაუმჯობესებას ვარაუდობს.
აქვე, ამ კონტექსტში, ჩვენთვის საყურადღებოა ჩვენს მეზობელ სომხეთში მიმდინარე პროცესები, რომლებშიც კრემლი ასევე აქტიურად ერევა. იმის გამო, რომ სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ ქვეყნის განვითარების პროდასავლური მოდელი აირჩია და ევროსტრუქტურებში გაწევრიანება დააანონსა, რუსეთი სომხეთთან ღია კონფრონტაციაში შევიდა და სომხეთიდან საკონსულტაციოდ დროებით საკუთარი ელჩიც კი გაიწვია. არაა გამორიცხული, რომ კრემლთან აფილირებულმა სომხეთში მოქმედმა დესტრუქციულმა ძალებმა კონტრრევოლუცია მოაწყონ და პრემიერ-მინისტრ ნიკოლა ფაშინიანის ჩამოგდება სცადონ.
ამ ფონზე, ასევე შემაშფოთებელია ლუბიანკის შეფის ის სიტყვები, რომ „შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს რუსეთის პარტნიორების წინააღმდეგ სანქციების საფარქვეშ სურთ დაამყარონ სრული კონტროლი დსთ-ში სავაჭრო და ფინანსურ ოპერაციებზე, რათა შეძლონ ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში შემავალი ნებისმიერი სახელმწიფოს ეკონომიკის ჩამოშლა“. მისი მოსაზრებით, ამისათვის ისინი დსთ-ის ქვეყნებზე ახორციელებენ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ზეწოლას და ცდილობენ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატის დაწესებას. ჩვენი მოსაზრებით, ბორტნიკოვის ასეთი ტიპის პროვოკაციული განცხადებები ადასტურებს, რომ კრემლი და ლუბიანკა დიდი ეჭვით უყურებენ ოდესღაც საბჭოთა იმპერიაში შემავალი, ამჟამად დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენულ უფლებას, ითანამშრომლოს NATO-სა და ევროკავშირში მყოფ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ეს ეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს. დიდი ალბათობით, რუსეთის ხელისუფლებას ეშინია, რომ დსთ-ის ქვეყნები საქართველოსა და უკრაინის მაგალითს მიბაძავენ, რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი პოლიტიკური გაერთიანების რიგებს დატოვებენ, ხოლო პერსპექტივაში ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებასაც კი შეეცდებიან. ჩვენი აზრით, კრემლის ასეთი შიში მთლად უსაფუძვლოც არაა, რადგან მისი პოლიტიკური ორბიტიდან გასული უკრაინა და საქართველო სწორედ ასე მოიქცნენ. დაახლოებით ამავე გზას ადგანან მოლდავეთი და სომხეთი.
რუსეთის გადადგმულ გაუაზრებელ ნაბიჯებში გამორჩეულია უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი, რომელმაც მსოფლიოს დღის წესრიგი დიდი ხნით შეცვალა და გლობალურ პროცესებზე დიდი ზეგავლენა იქონია. ამასთან დაკავშირებით ჩვენს ინტერესს იქცევს ბორტნიკოვის მიერ ამავე სხდომაზე გაკეთებული განცხადება, რომ „რუსეთის არმიასთან ბრძოლის მიზნით მიმდინარეობს უცხოეთის მოქალაქე დაქირავებული მებრძოლების გადასროლა უკრაინაში, რასაც ხელმძღვანელობენ NATO-ს წევრი ქვეყნების სპეცსამსახურები, ხოლო მოლდოვაში იგივე საერთაშორისო ძალები მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ“. ჩვენი შეფასებით, უკრაინა-მოლდოვის თემისადმი ლუბიანკის შეფის ასეთი გამორჩეული ინტერესი სხვა მიზეზებთან ერთად იმითაცაა განპირობებული, რომ უკრაინასთან ომის გამო რუსეთი ვერ ახერხებს მოლდოვის სეპარატისტული რეგიონთან, ე.წ. დნესტრისპირეთის რესპუბლიკასთან პირდაპირი სახმელეთო კავშირის დამყარებას. ეს ფაქტი კრემლის დიდ შეშფოთებას იწვევს, რადგან მოლდოვას „მოსარჯულებლად“ საჭირო ბერკეტი ომის გამო ხელიდან გამოეცალა. ჩვენი მოსაზრებით, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რისთვისაც რუსეთს უკრაინის ოდესის ოლქის დაპყრობა სურს ისიცაა, რომ ეს მას დნესტრისპირელ სეპარატისტებთან პირდაპირი კავშირის აღდგენაში დაეხმარება, ხოლო შემდგომში, საჭიროების შემთხვევაში, მოლდოვის ოკუპაციაშიც წაადგება. ჩვენი შეფასებით, რუსეთის სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთი საკვანძო და ძირითადი მიზანია ევროკავშირთან პირდაპირი სახმელეთო კავშირის დამყარება და მასთან საზღვრის ქონა. მოსალოდნელია, რომ ამისათვის კრემლი უკრაინისა და მოლდოვის მთლიან ოკუპაციას შეეცდება.
იმას, რომ რუსეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებს ახლაც დიდი ყურადღებით აკვირდება, ამ სხდომაზე ბორტნიკოვის ის განცხადებაც ადასტურებს, რომ „დსთ-ის სამხრეთ საზღვრებთან ახლოს, ავღანეთის ტერიტორიაზე, დასავლეთის სპეცსამსახურებისა და სამხედროების კურატორობით ტერორისტების მოსამზადებელი ახალი სასწავლო ბანაკები ყალიბდება“. ამის შესახებ ის ჯერ კიდევ 2023 წელს საუბრობდა. ლუბიანკის შეფი მიიჩნევს, რომ ეს „ანგლო-საქსების მცდელობების შედეგია, რომ ცენტრალურ აზიაში ფეხი დაიმკვიდრონ და რეგიონში გავლენა მოიპოვონ“. ამ კონტექსტში გვახსენდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინის ამასწინანდელი განცხადება, რომ დასავლეთი შუა აზიის ბუნებრივი რესურსებისა და ლოჯისტიკური მარშრუტების გაკონტროლებას და ფერადი რევოლუციების საშუალებით ადგილობრივი ხელისუფლებების შეცვლას აპირებს. დიდი ალბათობით, რუსეთის პოლიტიკური ელიტა შიშობს, რომ დასავლეთმა მას, როგორც თავის დროზე აღმოსავლეთი ევროპა და ბალტიისპირეთი „წაართვა“, ისე გამოაძევებს ცენტრალური აზიიდან და სამხრეთ კავკასიიდანაც. ამ კონტექსტში ჩვენთვის საყურადღებოა, რომ ბორტნიკოვმა „თალიბანის“ ოდიოზური რეჟიმიც კი შეაქო. მისი სიტყვებით, გარე ძალები, რომ არ უშლიდეს ხელს „თალიბანი“, ქვეყანაში წესრიგს დაამყარებდა. ეს გვაფიქრებინებს, რომ რუსული მხარე მზადაა ამ ოდიოზურ რეჟიმთანაც კი ითანამშრომლოს, ოღონდ ამ რეგიონში როგორმე დასავლეთის პოზიციები დაასუსტოს.
ამ ფონზე, იმისათვის, რომ რუსეთს ცენტრალურ აზიაში ტერორისტული ორგანიზაციების შეღწევა და მათი გაძლიერება აღეკვეთა, მან თავის დროზე ირანსაც კი მისცა ტაჯიკეთში პოზიციების გამაგრებისა და სამხედრო დრონების მწარმოებელი ქარხნის აშენების საშუალება, თუმცა ამან რამდენად უშველა, რთული სათქმელია. ფაქტია, რომ მსოფლიოს ტერორისტული ორგანიზაციები სავსეა ეთნიკური ტაჯიკებითა და სხვა ცენტრალური აზიის რესპუბლიკების მოქალაქეებით, რაც, ჩვენი შეფასებით, ტაჯიკეთში არსებულმა ტოტალურმა სიღარიბემ და დაუსაქმებლობამ განაპირობა.ეს ქმნის ნოყიერ ნიადაგს იმისათვის, რომ ადამიანები ტერორისტულ საქმიანობაში, ნარკოტიკებისა და იარაღისკონტრაბანდაში ჩაებან. ამას ადასტურებს 2024 წლის 22 მარტს მოსკოვის გარეუბანში, კრასნოგორსკში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს-ჰილში“ მომხდარი მასშტაბური ტერაქტიც, რომლის შემსრულებლებადაც ოფიციალურად დასახელდნენ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური ხალიფატი-ხორასანის ვილაიეთის“ ტაჯიკი ეროვნების მებრძოლები.
ბიშკეკში გამართულ სხდომაზე ალექსანდრე ბორტნიკოვმა საყურადღებო განცხადება გააკეთა: მან დაადასტურა თავის დროზე აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ რუსული მხარისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორე, რომ ამ ტერაქტის უკან სწორედ „ისლამური ხალიფატის“ აღნიშნული ავღანურ-პაკისტანური შტო იდგა. ეს კი ნათლად გვიჩვენებს, რომ აშშ-ის სპეცსამსახურები ტერორიზმთან ბრძოლაში გაცილებით უფრო კომპეტენტური და ინფორმირებული არიან, ვიდრე რუსული სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ანტიტერორისტული სამსახურები. საყურადღებოა, რომ ბორტნიკოვმა კვლავ დაადანაშაულა უკრაინის სამხედრო დაზვერვა „კროკუს-ჰილში“ მომხდარ ტერაქტში თანამონაწილეობაში, რითაც, ფაქტობრივად, უკრაინულ მხარეს ბრალი დასდო, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ ხალიფატთან“ ჰქონდა მჭიდრო კავშირი. ჩვენი შეფასებით, რუსული მხარე ამით ცდილობს, რომ საკუთარი მოსახლეობა უკრაინელების მიმართ ნეგატიურად განაწყოს და მათ საწინააღმდეგოდ საომარ მოქმედებებში უფრო აქტიურად ჩართოს. პარალელურად, დიდი ალბათობით, ასეთი სერიოზული ბრალდების წაყენებით, რუსული სპეცსამსახურის მიზანს საერთაშორისო არენაზე უკრაინის იმიჯის შელახვაც წარმოადგენს.
საყურადღებოა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფი სერგეი ნარიშკინი სხდომის მიმდინარეობისას სრულ უნისონში იმყოფებოდა ალექსანდრე ბორტნიკოვთან და მსგავს ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებდა. თუმცა, ჩვენი ინტერესი გამოიწვია მის მიერ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ, რომელშიც მან სლოვაკეთის ამჟამინდელ ხელმძღვანელზე განხორციელებულ ტერაქტში დასავლეთის „ლიბერალური ელიტები“ დაადანაშაულა. მისი სიტყვებით, „რობერტ ფიცო მათ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის გამო არ უყვართ“.აქ საყურადღებოდ გვეჩვენა ის ფაქტი, რომ ნარიშკინმა დააკონკრეტა და დასავლეთის „ლიბერალურ ელიტებზე“ მიუთითა და არა ზოგადად დასავლეთზე.
ჩვენი შეფასებით, ალექსანდრე ბორტნიკოვისა და სერგეი ნარიშკინის სამსახურებს (კლანებს) შორის არსებული კონკურენციის მიუხედავად, რუსული სპეცსამსახურები საგარეო-პოლიტიკურ და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მსგავს ანტიდასავლურ პოზიციებზე დგანან და უნისონში არიან კრემლის ხელმძღვანელთან, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
დასკვნა
ჩვენი მოსაზრებით, დსთ-ის ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელების ბიშკეკში შეკრება მიგვითითებს, თუ როგორ დიდ ყურადღებას აქცევენ რუსეთის სპეცსამსახურები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონს. კრემლი მათ ე.წ. „რბილ მუცლად“ განიხილავს, რომელთა საშუალებითაც გარე ძალებს რუსეთის იმპერიის ინტერესებისათვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლიათ. ბოლო ხანებში მიმდინარე პროცესების ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ მოსკოვი პროდასავლურ, დემოკრატიულ ძალებს ტერორისტების დონეზე განიხილავს და მათ განეიტრალებას ცდილობს. მეტიც, კრემლს დემოკრატიული იდეების უფრო ეშინია, ვიდრე ტერორისტული ორგანიზაციებისაგან გამომდინარე საფრთხეების. ამას ადასტურებს ის რეზონანსული ნეგატიური დამოკიდებულება დემოკრატიული, პროგრესული ძალებისადმი, რასაც რუსეთის ხელისუფლება ქართული პროდასავლური ოპოზიციური სპექტრისა და სომხეთის მოქმედი ხელისუფლების მიმართ ამჟღავნებს. ამასთან ერთად, მოსკოვი,რა თქმა უნდა,ტერორისტული საფრთხითაც შეფიქრიანებულია, მითუმეტეს, კრასნოგორსკში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს-ჰილში“ მომხდარი ტერაქტის შემდეგ, თუმცა სრულიად დაუსაბუთებლად გლობალურ ტერორისტულ ორგანიზაციებს დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ მართულ და უკრაინულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ დესტრუქციულ ძალად მიიჩნევს. კრემლში ასეთი ფობიების არსებობა რუსეთის ხელისუფლების კრიზისზე მიგვანიშნებს, რაც მას კიდევ უფრო არაპროგნოზირებადსა და საშიშს ხდის.