რამდენიმე დღის წინ POLITICO-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა აშშ-ის ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის (Ben Hodges) სტატია, რომელიც ეძღვნებოდა პოლონეთის ტერიტორიაზე აშშ-ის მუდმივი სამხედრო კონტინგენტის განთავსებას და ამ იდეის ავკარგიანობას. აღნიშნული სტატია იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის არა მხოლოდ საკუთრივ პოლონეთ-ნატო-აშშ ურთიერთობებს განიხილავს რუსეთთან მიმართებაში, არამედ ასევე პირდაპირ მოიხსენიებს საქართველოს და საქართველოს, როგორც ნატოში გაწევრიანების, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების ორიგინალურ მოდელს გვთავაზობს.
საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი, მიუხედავად ჯერ კიდევ 2008 წელს ბუქარესტში მიღებული დაპირებისა, არ არის მარტივი ნატოსთვის და ერთგვარ თავისტკივილადაც იქცა. ეს მარტივად აიხსნება იმ გარემოებით, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის და საქართველო სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევს თავსებადობისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით, ნატოს აღარ რჩება რაიმე მექანიზმი, რომლითაც მოხდებოდა, ერთი მხრივ, საქართველოს პოლიტიკური წახალისება, ხოლო, მეორე მხრივ, მისი რეალური დაახლოება ალიანსთან ან გაწევრიანების პროცესის ინიცირება. შექმნილია ვითარება, როცა ალიანსში გაწევრიანების პრაქტიკული განზომილება მოწყვეტილია პოლიტიკურ გადაწყეტილებას და მათ შორის ბმა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. თუ აქამდე და სხვა კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით PARP-ისა IPAP-ის პროგრამების წარმატებით შესრულება დღის წესრიგში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP-ის) ამოქმედებას ითვალისწინებდა, საქართველოს შემთხვევაში ახალი დამატებითი მექანიმზის ‘არსებითი პაკეტის’ (SNGP) წარმატებით შესრულებაც ხსენებული ავტომატიზმის გარანტიას (იხ. გრაფიკული სურათი) ვერ იძლევა.
ამრიგად, ნატო ვერ იძლევა გაწევრიანების მკაფიო და სწრაფ დაპირებას, როგორიც ეს MAP-ი იქნებოდა და ამავე დროს, არც რაიმე სხვა ახალი პრაქტიკული და აუცილებელი მექანიზმის შეთავაზება შეუძლია გაწევრიანების დაჩქარების გასასამართლებლად. ამასთან ერთად, ალიანსი აცნობიერებს ამ ვითარების აბსურდულობას, ისევე, როგორც პრაქტიკული და პოლიტიკური განზომილებების დაკავშირებისა და ამით საქართველოს მიმართ გაზრდილი პასუხისმგებლობის ჩვენების აუცილებლობას. მით უფრო მნიშვნელოვანია ალიანსის ივლისის სამიტი, რომელიც სწორედ საქართველოს მიმართ პასუხისმგებლობის გამო ალიანსის ნდობის გამოცდად გადაიქცევა.
ბენ ჰოჯესი თავის სტატიაში აღიარებს, რომ რუსეთი მუდმივად სდებდა ბრალს ნატოს მისი ვითომდა სამხედრო რკალში მოქცევის გეგმების გამო და, შესაბამისად, ყოველთვის განიხილავდა მის საზღვრებთან ახლოს მუდმივ საფუძველზე ნატოსა და აშშ-ის ძალების განლაგებას, როგორც პროვოკაციას. იგივე პრინციპი მოქმედებს საქართველოსთან მიმართებით. შესაბამისად, გენერალი კონტრპროდუქტიულად მიიჩნევს რუსული პარანოიის ხელშეწყობას და ამით საკუთრივ ალიანსის წევრებს შორის უკვე არსებული უთანხმოების დამატებით გაღვივებას. და თუ საკუთრივ ნატოს წევრ-სახელმწიფოს ტერიტორიაზე (პოლონეთი) აშშ-ის ჯარების მუდმივი განლაგება სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემას წარმოადგენს, მით უფრო არარეალურია ამ იდეის განხორციელება საქართველოსთან დაკავშირებით. ამავე დროს გენერალი გვთავაზობს ორიგინალურ გამოსავალს, რომელიც როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული განხორციელების თვალსაზრისით სავსებით რეალურია და მრავალი დადებითი მხარე აქვს.
საუბარია როგორც პოლონეთის, ასევე საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს ძალების როტაციული პრინციპით განლაგების მასშტაბის გაზრდაზე. ამ იდეის რევოლუციური ხასიათი შემდეგ ელემენტებს ეფუძნება:
- მოკავშირეებისთვის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება გაცილებით გაიოლებულია, რადგანაც საქმე არ ეხება ძალთა მუდმივ განლაგებას და ამ მხრივ სკეპტიკოს წევრებს ნაკლები არგუმენტი ეძლევათ.
- როტაციული ძალების შემოსვლა საქართველოში იქნებოდა მძლავრი პოლიტიკური სიგნალი რუსეთის მისამართით და ამავე დროს ალიანსის მხრიდან საკუთარი პასუხისმგებლობის აღიარება საქართველოს მიმართ.
- როტაციული ძალების პრინციპი გაცილებით უწყობს ხელს ქვედანაყოფების მაღალ საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას გადასროლის პერმანენტული რეჟიმისა და გაცილებით ინტენსიური წვრთნების გრაფიკის გამო.
- ამასთან ერთად, ალიანსი ამგვარი ძალების რაოდენობრივი და გეოგრაფიული ზონის გაფართოების სახით ხვეწს, განსაკუთრებით ლოჯისტიკური კუთხით, ძალთა სწრაფი გადასროლისა და შენარჩუნების მექანიზმებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ალიანსის აღმ. ფლანგის წევრებისთვის რუსეთის გაზრდილი საფრთხის გამო.
ლოგიკურია, რომ ბენ ჰოდჯესი როტაციული ძალების კონტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს როგორც ლოჯისტიკის, ისე დაზვერვის კომუნიკაციებისა და საჰაერო თავდაცვის კომპონენტების მნიშვნელობასა და მათი განთავსების აუცილებლობაზე, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე. მისი იდეის განვითარებით ნატოს როტაციული ძალები საქართველოში, შესაძლოა, სულაც არ იყოს ამერიკული და იყოს რომელიმე ძირითადი წევრისა, როგორიცაა გერმანია, ბრიტანეთი, კანადა ან საფრანგეთი. ამასთან, შესაძლებელია ამ ძალების კომბინირება ნატოს იმ წევრი-ქვეყნების ქვედანაყოფებთან, რომლებიც განსაკუთრებით კეთილგანწყობილი არიან საქართველოს მიმართ (პოლონეთი, რუმინეთი და ა.შ.). ამგვარი გადაწყვეტილებით, ანუ აქცენტის გაკეთებით არა-აშშ-ის ქვედანაყოფებზე, შესაძლებელია რუსული რეაქციის სიმწვავის მნიშვნელოვანი შემცირება.
რას ვიღებთ საბოლოო ჯამში (იხ. გრაფიკული სურათი)? ბენ ჰოჯესის როტაციული ძალების იდეა გვთავაზობს ნატო-საქართველოს პოლიტიკური დილემიდან ეფექტურ და პრაქტიკულ გამოსავალს. პირველ რიგში, უქმდება არსებული უფსკრული საქართველოს მიერ პრაქტიკულ განზომილებაში მიღწეულ წარმატებებსა და ნატოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას შორის საქართველოს პოლიტიკური და, რაც მთავარია, ეფექტური წახალისების შესახებ. ალიანსი პირდაპირ და დამაჯერებლად ახერხებს საკუთარი ამბიციების, საქართველოსთვის გაზრდილი მხარდაჭერისა და პასუხისმგებლობის დაფიქსირებას. ამავე დროს, რეალურად იცვლება ძალთა განლაგება რეგიონში და პრაქტიკულად გარანტირებულია ნატოს გაზრდილი კონტინგენტის ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე, რაც პოლიტიკურთან ერთად გაზრდის სამხედრო შეკავების ელემენტს და უსაფრთხოების ერთგვარი ქოლგის ფუნქციასაც შეასრულებს.
რასაკვირველია, როტაციული ძალების გეოგრაფიის და მასშტაბის გაზრდა მასში საქართველოს ჩართვით არ წარმოადგენს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP-ის) სრულ ალტერნატივას, თუმცა MAP-თან შედარებით, ამ ეტაპზე, გაცილებით ძლიერი პრაქტიკული (სამხედრო) კომპონენტი აქვს, რომელიც თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე უკვე პოლიტიკურ შედეგსაც აღწევს, რაც ორივე მხარისთვის, როგორც ალიანსის, ასევე საქართველოსთვის, მისაღებ ფორმულად იქცევა. შესაბამისად, გენერალ ჰოჯესის მოდელი ობიექტურად წარმოადგენს იმ ერთ-ერთ რეალისტურ პლატფორმას, რომელიც მისასალმებელი იქნებოდა ალიანსისა და საქართველოს ერთობლივი მუშაობის გასაძლიერებლად.