სათაური ენა სფერო წელი

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების რანგირება სამხედრო სიძლიერის მიხედვით

  • ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი:
  • ტიპი: პუბლიკაცია
ქართული საერთაშორისო ურთიერთობები 2023

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა No 57

 

Global Firepower-მა სხვადასხვა ფაქტორის შესწავლის შედეგად გამოაქვეყნა 2023 წლის სამხედრო სიძლიერის სია ქვეყნების მიხედვით.  

რომელი ადგილები დაიკავეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა ამ სიაში და როგორ პოზიციები აქვთ მათ ერთმანეთის მიმართ?

თურქული სატანკო ნაწილები

 

კვლევის მიხედვით, რეგიონის ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალად კვლავ თურქეთი რჩება, რომელიც წელს მსოფლიო მასშტაბით მე-11 (ნატოში კი – მე-5) ადგილზეა.

ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის სრული სურათი კი ასეთია:

 

ქვეყანა ადგილი მსოფლიო რანგირებაში ადგილი რეგიონის რანგირებაში
თურქეთი 11 1
ეგვიპტე 14 2
ირანი 17 3
ისრაელი 18 4
საუდის არაბეთი 22 5
ალჟირი 26 6
ერაყი 45 7
გაერთიანებული არაბული საემიროები 56 8
მაროკო 61 9
სირია 64 10
კატარი 65 11
ტუნისი 73 12
იემენი 74 13
სუდანი 75 14
ომანი 76 15
ქუვეითი 78 16
ბაჰრეინი 79 17
ლიბია 80 18
იორდანია 81 19
ლიბანი 111 20

 

შედარებისთვის, საქართველო მსოფლიო სიაში 85-ე ადგილზეა და ამ რეგიონის სიას რომ შევადაროთ, მე-20 ადგილზე იქნებოდა.

საინტერესოა, რომ ამ კვლევის მიხედვით, ხანგრძლივ სამოქალაქო კონფლიქტებში (რაც ფიტავს ეკონომიკასაც და მის ჯარსაც) ჩართულ სახელმწიფოებს, რომლებსაც ხშირად ვერშემდგარ ქვეყნებადაც (failed states) მოიხსენიებენ ხოლმე – ერაყს (მსოფლიოში 45-ე), სირიას (64-ე), იემენსა (74-ე) და ლიბიას (80-ე)  –საქართველოზე ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავთ.

მართალია, კვლევის მეთოდოლოგიის (რომელიც მოიცავს ისეთი ფაქტორების დათვლას, როგორებიცაა სამხედროთა რაოდენობა, ეროვნული რესურსები, ფინანსური სიტუაცია, ლოჯისტიკა, გეოგრაფია და ა.შ.) მიმართ არსებობს სპეციალისტების შენიშვნები (მაგალითად ბევრი მათგანი ამბობს, რომ ძნელდება იმ ქვეყნების რეალური სამხედრო სიძლიერის განსაზღვრა, რომლებიც ამ მომენტისთვის არ არიან ჩართული სამხედრო კონფლიქტებში), მაგრამ რადგან სხვა, ალტერნატიული მეთოდოლოგია არ არის, გვიწევს ვიხელმძღვანელოთ ზემოხსენებული კვლევის შედეგებით.

ეგვიპტის შეიარაღებული ძალები

 

ისევ ამ რეგიონს რომ დავუბრუნდეთ, საინტერესოა, რომ, კვლევის მიხედვით, ერთმანეთის ტრადიციულ მოწინააღმდეგეებს – ირანსა და ისრაელს – თითქმის თანაბარი სამხედრო ძალა აქვთ, ხოლო თეირანის კიდევ ერთი რეგიონული მოწინააღმდეგე – საუდის არაბეთი – ოდნავ ჩამორჩება ირანს.

ამასთან, საუდის არაბეთი კვლავ რჩება სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალად (და მას გაერთიანებული არაბული საემიროები მოჰყვება).

ამ კვლევის მიხედვით, ჩრდილოეთ აფრიკაში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ეგვიპტეა და მას მოსდევს ალჟირი.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კი ყველაზე სუსტი სამხედრო ძალა ბუნებრივად ლიბანია, რომელსაც უკვე წლებია აწუხებს შიდაპოლიტიკური დაპირისპირება და ეკონომიკური კრიზისი.