ავტორი: დავით შატაკიშვილი

 

მიმდინარე წლის 1 თებერვალს ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 10%-იანი, ხოლო კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც 4 თებერვლიდან შევიდა ძალაში (თუმცა, შემდგომ, მექსიკისა და კანადის ლიდერებთან საუბრის შემდეგ, მათთან ტარიფების ამოქმედება 1 თვით შეაჩერა). ტრამპის ნაბიჯებს სამივე ქვეყნისგან მოჰყვა კრიტიკა და საპასუხო ტარიფების შესახებ გადაწყვეტილებები. ტრამპმა გადასახადების გაზრდა დაუკავშირა გაზრდილ იმიგრაციას, ფენტანილის კონტრაბანდასა და  აშშ-ის სავაჭრო დეფიციტს. იგი ევროკავშირის ქვეყნებსაც დაემუქრა მსგავსი ტარიფების დაწესებით. მისი თქმით, ევროკავშირი არ იღებს ამერიკულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, ავტომობილებს, ენერგორესურსებს და შესაბამისად ამერიკას ევროპასთან დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვს, რაც 2023 წლის მონაცემების მიხედვით, 158 მილიარდ ევროს შეადგენს. საინტერესოა განვიხილოთ რა პოზიციები აქვთ მხარეებს, რა გავლენას მოახდენს ტარიფები აშშ-ის ეკონომიკაზე და როგორ არის შესაძლებელი მოვლენების შემდგომი განვითარება.

 

მხარეთა პოზიციები

 

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა მექსიკის, კანადისა და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების მიზეზებთან დაკავშირებით შემდეგი განმარტება გააკეთა: „ნომერი პირველი მიზეზი არის ხალხი, ვინც შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, ასე საშინლად და ამდენი… მეორე არის ნარკოტიკები, ფენტანილი და ყველაფერი, რაც შემოვიდა ქვეყანაში… და მესამე არის უზარმაზარი სუბსიდიები, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ კანადასა და მექსიკას თავიანთი დეფიციტის შესავსებად“. ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი მრჩევლის განცხადებით, ეს ტარიფები არის არა სავაჭრო ომი, არამედ „ბერკეტი, მოლაპარაკებების საწარმოებლად“.

 

კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს თქმით, თეთრი სახლის ქმედებებმა კანადა და შეერთებული შტატები გაერთიანების ნაცვლად, დააშორა. მან განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, აშშ-დან 155 მილიარდ დოლარამდე ღირებულების იმპორტზე საპასუხო 25%-იან ტარიფებს დააწესებს, მათ შორის ალკოჰოლსა და ხილზე. ტრუდოს თქმით, კანადელი ხალხი ფიქრობს, რომ უღალატეს და შეახსენა ამერიკელებს, რომ კანადის ჯარები მათ გვერდით იბრძოდნენ ავღანეთში, დაეხმარნენ უამრავი კრიზისის დროს სწრაფ რეაგირებაში, მათ შორის კალიფორნიის ტყის ხანძრებისა და ქარიშხალი კატრინას დროს.

 

მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის, განცხადებით კი, ისინი კატეგორიულად უარყოფენ თეთრი სახლის ცილისწამებას, თითქოს მექსიკის მთავრობას კრიმინალურ ორგანიზაციებთან აქვს კავშირები. მისივე თქმით, თუ შეერთებული შტატების მთავრობასა და მის სააგენტოებს სურდათ ებრძოლათ ფენტანილის სერიოზულ მოხმარებასთან საკუთარ ქვეყანაში, მათ შეეძლოთ შეწინააღმდეგებოდნენ ნარკოტიკებით ვაჭრობას მათივე დიდი ქალაქების ქუჩებში, რასაც ისინი არ აკეთებენ და ასევე შეეჩერებინათ ამ უკანონო ვაჭრობიდან მიღებული ფულის გათეთრება, რამაც მათსავე მოსახლეობას მიაყენა უდიდესი ზიანი.

 

3 თებერვალს, ტრუდოსა და შეინბაუმთან საუბრის შემდეგ, დონალდ ტრამპა კანადისა და მექსიკისთვის დაწესებული ტარიფები 1 თვით შეაჩერა, ჩინეთის ტარიფები კი ძალაში შევიდა. კანადის პრემიერმა ტრამპს 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების გეგმა გააცნო, რომელიც ფენტანილის ნაკადების შესამცირებლად კანადა-აშშ-ის საზღვრის კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს. მექსიკის პრეზიდენტმა კი ტრამპს პირობა მისცა, რომ საზღვრის კონტროლის გასამკაცრებლად, ნარკოტიკების მიმოქცევისა და არალეგალ მიგრანტთა ნაკადების შესამცირებლად მექსიკა-აშშ-ის საზღვარზე 10 000 სამხედროს გაგზავნის.

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა მტკიცედ გმობს და ეწინააღმდეგება თეთრი სახლის ნაბიჯს და მიიღებს აუცილებელ საპირისპირო ზომებს თავისი ლეგიტიმური უფლებებისა დასაცავად. შედეგად, ჩინეთმა შეერთებული შტატებიდან იმპორტირებულ გათხევადებულ ბუნებრივ აირსა და ქვანახშირზე 15%-იანი, ხოლო ნედლ ნავთობზე 10%-იან ტარიფი დააწესა. დამატებით 10%-იან ტარიფს დაექვემდებარება ამერიკული ავტომობილების იმპორტიც. გარდა ამისა, ჩინეთი აპირებს აშშ-ის დამატებითი საბაჟო გადასახადების გამო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივლოს. მათივე განცხადებით, ჩინეთმა ფენტანილთან დაკავშირებული მედიკამენტების, როგორც კონტროლირებადი ნივთიერებების რეგულირება 2019 წელს დაიწყო  და  შეერთებულ შტატებთან ერთად ნარკოტიკებთან ბრძოლის კუთხით აქტიურად იმუშავა.

 

მექსიკის, კანადისა და ჩინეთის გარდა, 1 თებერვალს ტრამპმა ევროკავშირის წინააღმდეგ მომდევნო თვეებში ტარიფები დააანონსა, თუ ევროპა ამერიკულ ნავთობსა და ბუნებრივ აირს არ შეიძენს. მისი განცხადებით ევროკავშირმა უნდა შეავსოს საკუთარი უზარმაზარი დეფიციტი შეერთებულ შტატებისგან ნავთობისა და გაზის ფართომასშტაბიანი შესყიდვით. გარდა ამისა, ტრამპის თქმით, ევროპა საკმარისად არ ყიდულობს აშშ-ისგან. აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიუროს მონაცემებით, 2023 წელს ევროკავშირმა აშშ-ში 502 მილიარდი ევროს ღირებულების საქონლის ექსპორტი განახორციელა, რაც მისი მთლიანი ექსპორტის თითქმის 20%-ია, ეს კი ამერიკას ევროგაერთიანების სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორად აქცევს. რაც შეეხება აშშ-ის ექსპორტს ევროპაში, 2023 წლის მონაცემებით ეს 344 მილიარდი ევრო იყო, ხოლო ევროკავშირთან აშშ-ის სავაჭრო დეფიციტმა 158 მილიარდი ევრო შეადგინა.

 

დონალდ ტრამპმა ტარიფები „საერთაშორისო გადაუდებელი ეკონომიკური უფლებამოსილების აქტის“ მიხედვით დააწესა. ეს არის თითქმის 50-წლიანი კანონი, რომელიც პრეზიდენტს აძლევს უფლებამოსილებას დააწესოს სანქციები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ. ამგვარად, პრეზიდენტს აქვს უფლება დააწესოს ტარიფები კონგრესის თანხმობის გარეშე, როდესაც საქმე ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას, აშშ-ის წარმოების დაცვას ან ეროვნული საგანგებო სიტუაციას. ასე რომ, არსებობს ბევრი მიზეზი, რაც ტარიფების წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას ართულებს.

 

ტარიფების შესაძლო გავლენა ეკონომიკაზე

 

ეკონომისტების ნაწილის ვარაუდით, ტრამპის ნაბიჯები ზრდის რისკებს, რომ ზიანი მიადგეს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და გაიზარდოს ინფლაცია. მათი განმარტებით, მექსიკასა და კანადაზე 25%-იანი, ხოლო  ჩინურ საქონელზე 10%-იანი ტარიფების დაწესებამ შესაძლოა 2025 წელს აშშ-ის ეკონომიკური წარმოების 1.5%-ით, ხოლო 2026 წელს 2.1%-იანი შემცირება გამოიწვიოს. აშშ-ის ეკონომიკა, განსაკუთრებით, წარმოების სექტორი, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მექსიკურ, კანადურ და ჩინურ საქონელზე (მაგ., ავტომობილების ნაწილები, ელექტრონიკა, ნედლეული). მაღალი ტარიფები გაზრდის წარმოების ხარჯებს, რაც ნიშნავს უფრო გაძვირებულ საქონელსა და შემცირებულ მოგების მარჟას ბიზნესსექტორისთვის. მეორე მხრივ, ამ ქვეყნების საპასუხო სატარიფო ნაბიჯები ზრდის ამერიკული კომპანიების რისკებს, რომლებიც გარე მოთხოვნაზე არიან დამოკიდებული, მაგალითად, სოფლის მეურნეობის, ავტომობილებისა და ტექნოლოგიების სექტორები, რაც პოტენციურად ამცირებს აშშ-ის გლობალურ კონკურენტუნარიანობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ტარიფების დაანონსებისთანავე ბირჟებზე მოიმატა გაზის და ნავთობის ფასმა. Goldman Sachs-ის უახლესი პროგნოზის თანახმად, მიმდინარე წელს ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 78 დოლარამდე, ხოლო 2026 წელს 73 დოლარამდე გაიზრდება, მაშინ, როდესაც წინა პროგნოზის მიხედვით, მათი ფასების ზრდა, შესაბამისად, 76 და 71 დოლარამდე იყო ნავარაუდევი.

 

მათივე ვარაუდით, აშშ-ში ინფლაცია მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 0,7%-ით, ხოლო საშუალო წლიურად 0.4%-ით გაიზრდება იმასთან შედარებით, რაც ტრამპის ახალი ტარიფების გარეშე იქნებოდა. თავის მხრივ, ინფლაციის ზრდა ფედერალურ რეზერვს აიძულებს შეინარჩუნოს რეფინანსირების მაღალი განაკვეთი, რაც ანელებს ეკონომიკის მუშაობას. გარდა ამისა, ზოგადად მაღალი გაურკვევლობა და ინფლაციური მოლოდინი უარყოფით გავლენას ახდენს ფინანსურ ბაზრებსა და ეკონომიკაზე. ეკონომისტების თქმით, პრეზიდენტ ტრამპის სურვილი, ფედერალურმა რეზერვმა შეამციროს რეფინანსირების განაკვეთი და დააწესოს ახალი ტარიფები, ერთმანეთთან შეუსაბამოა და არც ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას ემსახურება, რომელიც შეეხებოდა ხარჯებისა და ინფლაციის შემცირებასა და საშუალო კლასის წინ წამოწევას.

 

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფების საპასუხოდ პეკინმა აშშ-დან იმპორტზე დააწესა ტარიფები, რაც ამერიკული წარმოების სოიას, ლობიოსა და სიმინდს შეეხო. ამ ნაბიჯმა ამერიკელი ფერმერები მნიშვნელოვნად დააზარალა, რომლებიც ჩინეთში საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე მნიშვნელოვნად იყვნენ დამოკიდებული. მაშინ ტრამპმა მოახდინა ფერმერების სუბსიდირება, რომელთა საექსპორტო შემოსავლები ტარიფების დაწესების შემდეგ, სულ მცირე, 10 მილიარდი დოლარით შემცირდა.

 

მეორე მხრივ, ტრამპის მომხრეები ფიქრობენ, რომ ტარიფების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება არის გაბედული და აუცილებელი ნაბიჯი, ათწლეულების განმავლობაში წარუმატებელი სავაჭრო პოლიტიკის შებრუნებისა და ამერიკის საწარმოო და სოფლის მეურნეობის მრეწველობის აღდგენისკენ. თავის მხრივ, დონალდ ტრამპი არ ფიქრობს, რომ ტარიფები გამოიწვევს ფასების ზრდას. მისი განცხადებით, „ტარიფები არ იწვევს ინფლაციას. ისინი იწვევენ წარმატებას. ასე რომ, ჩვენ დიდ წარმატებას მივაღწევთ. შეიძლება იყოს დროებითი, მოკლევადიანი შეფერხებები და ხალხი ამას მიხვდება“. ტარიფების პირობებში აშშ-ის ეკონომიკის პოტენციურ სარგებლად შეგვიძლია განვიხილოთ გაძვირებული იმპორტის პირობებში ადგილობრივი წარმოების გაძლიერება და შიდა წარმოების საქონელზე მოთხოვნის ზრდა. ასევე, გრძელვადიან პერიოდში შიდა ინვესტიციებისა და ინოვაციების წახალისება, კომპანიების მხრიდან კვლევასა და განვითარებაზე დანახარჯების ზრდა, მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობა და სავაჭრო დეფიციტის შემცირება.

 

***

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი ახალი საპრეზიდენტო ვადა საკმაოდ ხისტი ნაბიჯებით დაიწყო, რაც მისივე თქმით, დაფუძნებულია  წინასაარჩევნოდ გაცემულ მისსავე დაპირებებზე, რომ განახორციელოს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკა, მნიშვნელოვნად შეზღუდოს მიგრანტების რაოდენობა, გაზარდოს აშშ-ის სავაჭრო შესაძლებლობები, დაიცვას ადგილობრივი წარმოება, დაასტაბილუროს სამომხმარებლო ფასები და შეამციროს სავაჭრო დეფიციტი. ტრამპი ფიქრობს, რომ ტარიფების დაწესება ამერიკელ ხალხს გაამდიდრებს, ხოლო ადგილობრივ წარმოებას განავითარებს. თუმცა, სავარაუდოდ, მას კარგად ესმის, რომ ტარიფების ეფექტი მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში, სავარაუდოდ, მართლაც გამოიწვევს ფასების ზრდასა და ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას, მათ შორის, რეფინანსების განაკვეთის მოსალოდნელი ზრდის ხარჯზე. თუმცა, ტრამპის მოლაპარაკებების ტაქტიკიდან გამომდინარე, არსებობს მოსაზრებაც, რომ იგი ტარიფებს მოკლევადიან პერიოდში გამოიყენებს, როგორც ბერკეტს, რომ მიიღოს არსებული პრობლემების გადაჭრის გზები იმ ქვეყნებისგან, ვის მიმართაც გარკვეული სახის უკმაყოფილება აქვს. ამგვარად, ამ ეტაპზე მისი ნაბიჯების პროგნოზირება რთულია, თუმცა ეს ასევე დამოკიდებული იქნება უახლოეს ერთ თვეში კანადისა და მექსიკის ხელმძღვანელობების მიერ ტრამპისთვის მიცემული დაპირებების შესრულებასა და ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ტრამპის შესაძლო შეხვედრის შედეგებზე.