ავტორი: მარიამ მაჭარაშვილი
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ თითქმის ერთწლიანი დისკუსიისა და მცდელობების შემდეგ ამერიკული დახმარების პაკეტი დაამტკიცა. უკრაინის, ისრაელის და ტაივანის მხარდაჭერისთვის სპიკერ მაიკ ჯონსონის ინიციირებული ოთხი კანონპროექტის კენჭისყრა 20 აპრილს გაიმართა, რაც აშშ-სა და მსოფლიოში განხილვის აქტიური საგანი გახდა. ოთხივე მათგანი ჯონსონის ერთიანი მიდგომის ნაწილია (ე.წ. „ჯონსონის პაკეტი“), რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს მოკავშირეებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და დაძლიოს შიდა წინააღმდეგობა. პაკეტი შეადგენს უსაფრთხოებისთვის გაღებულ 95,3 მილიარდი აშშ დოლარის დახმარებას, რომლის ბედიც თვეების განმავლობაში გაურკვეველი იყო, სწორედ ულტრამემარჯვენე რესპუბლიკელთა წინააღმდეგობების გამო. ჯონსონის გადაწყვეტილება, კენჭი უყარონ დახმარების პაკეტს, ასევე საფრთხეს უქმნის მის თანამდებობას, რადგან, სულ მცირე, ორი რესპუბლიკელი უკვე დაიმუქრა, რომ წამოაყენებენ შუამდგომლობას მისი გადაყენების მოთხოვნით, მაგრამ პაკეტის მიღების შემთხვევაში, მას დემოკრატების მხარდაჭერის იმედი აქვს.
„ჯონსონის პაკეტი“ ჯამში შეადგენს 95,3 მილიარდ აშშ დოლარს, რომელიც შემდეგნაირად ნაწილდება: 1) უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილია დაახლოებით 61 მილიარდი, მაგრამ ამ თანხის მესამედზე მეტი უნდა მოხმარდეს აშშ-ის არმიაში იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგების შევსებას, 13,8 მილიარდი დოლარი კი გადაეცემა უკრაინას აშშ-დან იარაღის შესაძენად. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემებთან ერთად, ექსპერტების აზრით, უკრაინა ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებსაც მიიღებს. 2) ისრაელის მხარდაჭერისა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიზნით გამოყოფილი თანხა 26 მილიარდ დოლარზე მეტია. ჰუმანიტარულ დახმარებას ეწინააღმდეგებოდა კონსერვატორ რესპუბლიკელთა ნაწილი, თუმცა ჯონსონმა ეს ჩანაწერი მაინც დატოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დემოკრატების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდა. 3) 8 მილიარდი გამოყოფილია ტაივანის დასახმარებლად და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის მზარდი გავლენის შესაკავებლად. ასევე, TikTok-ის ჩინელ მფლობელს მისცეს ერთი წლის ვადა, რომ გაყიდოს ამერიკული აქტივები.
20 აპრილს წარმომადგენელთა პალატამ „ჯონსონის პაკეტი“ დაამტკიცა, რომელსაც რამდენიმე დღეში სენატმაც დაუჭირა მხარი. პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით კი, იგი მზადაა დოკუმენტს მაშინვე მოაწეროს ხელი, როგორც კი მას კონგრესი მიიღებს.
ამრიგად, ჩვენს ბლოგში გავაანალიზებთ, ერთი მხრივ, რესპუბლიკელთა წინააღმდეგობისა და მეორე მხრივ, ჯონსონის მიერ დახმარების პაკეტის კენჭისყრაზე დაყენების მიზეზებს.
კონგრესში უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხი თვეების განმავლობაში შეჩერებული იყო რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო. მათ პოზიციას თავისი მიზეზები ჰქონდა: ა) იზოლაციონისტ რესპუბლიკელთა შეხედულებები კიდევ უფრო გააძლიერა დონალდ ტრამპის პოზიციამ, რომ საგარეო დახმარებას უნდა ჰქონდეს „სესხის“ და არა „ჩუქების“ ფორმა. მას კითხვები გაუჩნდა უკრაინის მხარდამჭერი ნატოს წევრი მოკავშირეების მიმართ აშშ-ის ერთგულებასთან დაკავშირებით. ტრამპი მუდმივად ხაზს უსვამდა/უსვამს იმ ფაქტს, რომ შეუძლია ომი 24 საათში დაასრულოს, რითაც ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს ბაიდენის საგარეო პოლიტიკური მიდგომები. ბ) ზოგიერთი რესპუბლიკელის აზრით (ჯიმ ჯორდანი, მარჯორი ტეილორ გრინი, მეთ გეთსი), დახმარების პაკეტი მიმართული უნდა იყოს, პირველ რიგში, შიდა უსაფრთხოების გამოწვევებისკენ და ამ კუთხით აქცენტი გაკეთდა იმიგრაციაზე, აშშ-მექსიკის საზღვარზე არსებულ მდგომარეობაზე, სადაც საზღვრის უკანონო კვეთის გამო დაპატიმრებების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ უკრაინის დახმარება არასწორი იყო, რაც „აშშ-ს ბოლო ადგილზე დააყენებს.“ გ) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, აშშ-ის ამომრჩევლები შეშფოთებული არიან მექსიკის საზღვართან არსებული მდგომარეობით და მცირე ცვლილებებია უკრაინის მხარდაჭერის მხრივაც. 2023 წლის ნოემბრის Gallup-ის გამოკითხვის მიხედვით, რესპუბლიკელ ამომრჩეველთა 62%-ს სჯერა, რომ აშშ ძალიან ბევრს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად. ივნისში ეს მაჩვენებელი 50%-ს შეადგენდა. კვინიპიაკის უნივერსიტეტის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამომრჩეველთა 64% (მათ შორის რესპუბლიკელების 95%) არ ეთანხმება ბაიდენის სასაზღვრო პოლიტიკას. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვის შედეგები არ არის რესპუბლიკელთა წინააღმდეგობის მთავარი მიზეზი, ამ საკითხმა შესაძლოა გარკვეულწილად გააძლიერა მათი შეხედულებები.
2024 წლის თებერვალში აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის, ისრაელისა და სხვა მოკავშირეებისთვის 95 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას ომის პირობებში. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი არ მოიცავს აშშ-მექსიკის საზღვრის უსაფრთხოების შესახებ ჩანაწერს. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტს სენატში ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა, მაიკ ჯონსონი თავს იკავებდა სენატის კანონპროექტი წარმომადგენლობითი პალატის სხდომაზე წარედგინა და კენჭისყრაზე დაეყენებინა. მიმდინარე წლის აპრილში ჯონსონმა წარმოადგინა საკუთარი ვერსია, ე.წ. „ჯონსონის პაკეტი“, რომელიც ჯამში ოთხ ნაწილადაა დაყოფილი. ელისონ მაკმანუსის კვლევითი ორგანიზაციის ამერიკული პროგრესის ცენტრის დირექტორის შეფასებით, პაკეტის ნაწილებად დაშლის მიზეზები მარტივია: „ჩვენ ვიცით, რომ არსებობს მემარჯვენეების ფრაქცია, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის დახმარებას. ჩვენ ასევე ვიცით, რომ არის მზარდი ფრაქცია მარცხენა მხარეს, რომელიც ეწინააღმდეგება ისრაელისთვის დახმარების გაგრძელებას… ორივე ფრაქცია ერთად მნიშვნელოვანი წინაღობაა პროგრესის კუთხით, ხოლო თუ მათ გავყოფთ, გვექნება პატარა ფრაქციები, რომელთა წინააღმდეგობის გადალახვა უფრო მარტივია“.
სენატისა და ჯონსონის კანონპროექტები შინაარსობრივად ერთმანეთს ჰგავს, თუმცა მათ შორის არსებობს რამდენიმე სხვაობა. პირველი ისაა, რომ ახალი პაკეტი მოითხოვს ბაიდენის ადმინისტრაციამ კანონპროექტის ხელმოწერიდან 45 დღის განმავლობაში კანონმდებლებს წარუდგინოს „მრავალწლიანი გეგმა“, რომელიც განსაზღვრავს აშშ-ის მკაფიო სტრატეგიულ მიზნებს უკრაინაში და საჭირო რესურსების შეფასებას. მეორე სხვაობა ისაა, რომ „ჯონსონის პაკეტი“ დამატებით მოიცავს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებს, კერძოდ, სანქციებსა და პოლიტიკურ ნაბიჯებს ჩინეთის, რუსეთისა და ირანის გავლენების შესაკავებლად. ყველაზე მნიშვნელოვანი სხვაობა კი ისაა, რომ ამ უკანასკნელის მიხედვით უკრაინისთვის 9 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარება სტრუქტურირებულია, როგორც „სესხი, რომლის პატიება შესაძლებელია“. მსგავსი ჩანაწერი კი სენატის ვერსიაში არ ყოფილა. აღნიშნული გვაფიქრებინებს შემდეგს: ამ ცვლილებით ჯონსონს, ერთი მხრივ, სურდა ტრამპის მხარდამჭერი რესპუბლიკელების „გული მოეგო“ და მათი ხმები მოეპოვებინა, ხოლო მეორე მხრივ, ეს აჩვენებს აშშ-ში დახმარების პაკეტის მიღების გადაუდებელ აუცილებლობას.
აქედან გამომდინარე კი ჩნდება მეორე კითხვა, თუ რატომ გადაწყვიტა მიმდინარე წლის აპრილში ჯონსონმა დახმარების პაკეტისთვის წარმომადგენლობით პალატაში ეყარა კენჭი? ამ კითხვაზე პასუხები შეიძლება გამოიკვეთოს ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გაანალიზების შედეგად: ა) ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ თეთრმა სახლმა და სენატმა ჯონსონს დაჟინებით მოუწოდა დაემტკიცებინა ამერიკული დახმარების პაკეტი. პენტაგონის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ისრაელს სასიცოცხლოდ სჭირდება დამატებითი იარაღი; 2) როდესაც აშშ-ის დახმარება უკრაინისადმი შეჩერდა, უკრაინელების პოზიცია ბრძოლის ველზე გაუარესდა, განსაკუთრებით, არასაკმარისი საბრძოლო მასალისა და შემცირებული საჰაერო თავდაცვის რაკეტების ფონზე. CIA-ის დირექტორის უილიამ ბერნსის თქმით „რეალურია რისკი, რომ უკრაინელები შესაძლოა ბრძოლის ველზე 2024 წლის ბოლოსთვის დამარცხდნენ [დამატებითი დახმარების გარეშე]“; ევროპულ სახელმწიფოთა რესურსები არასაკმარისი აღმოჩნდა, რამაც კიდევ უფრო გამოავლინა ამერიკული დახმარების მნიშვნელობა უკრაინისთვის. 3) Washington Post-ის ცნობით, ჯონსონის წინააღმდეგობა უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით შეიცვალა მას შემდეგ, რაც მან სპიკერის პოზიცია დაიკავა და გაეზარდა წვდომა სადაზვერვო ინფორმაციაზე. „ისტორია განგვსჯის იმის გამო, რასაც დღეს ვაკეთებთ. ეს არის კრიტიკული დრო ახლა… მე ვარ რეიგანის ეპოქის რესპუბლიკელი. მე მჯერა მშვიდობის ძალის მეშვეობით“, – განაცხადა მან. 4) როგორც CNN წერს, არსებობს პერსონალური ფაქტორიც, რამაც მაიკ ჯონსონს უბიძგა პოზიცია შეეცვალა: „ჩემი შვილი ამ შემოდგომაზე აპირებს საზღვაო აკადემიაში სწავლას. უბრალოდ რომ ვთქვა, უკრაინაში მირჩევნია ტყვიები გავგზავნო, ვიდრე ამერიკელი ბიჭები. ეს არ არის თამაში, ეს არ არის ხუმრობა“. განცხადების დროს ჯონსონმა ასევე ახსენა, რომ თუ რუსეთს არ შეაჩერებენ, იგი საფრთხეს შეუქმნის ნატოს სხვა სახელმწიფოებს და მსოფლიო წესრიგს.
ამგვარად, წარმომადგენელთა პალატამ რამდენიმეთვიანი ყოყმანის შემდეგ მაინც დაამტკიცა დახმარების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის მოკავშირეების სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას. მაიკ ჯონსონი, ოთხი კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტის ინიციირებით მიზნად ისახავდა დაეძლია ულტრამემარჯვენე რესპუბლიკელთა წინააღმდეგობა. გარდა ამისა, მსოფლიოში შექმნილმა ვითარებამ, ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმამ, იარაღისა და თავდაცვის სისტემების დეფიციტის გამო ბრძოლის ველზე უკრაინის წარუმატებლობამ გამოავლინა ამერიკული დახმარების გადაუდებელი აუცილებლობა. ამ პაკეტის მიღება პრეზიდენტ ბაიდენის საგარეო-პოლიტიკური გამარჯვებაა. იგი ხელს უწყოს აშშ-ის საერთაშორისო ინტერესების დაცვას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით მოკავშირეების მიმართ მის ხანგრძლივ მხარდაჭერას.