ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი |
ბოლო პერიოდში დინამიკურად ვითარდება სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში – აშშ-ირანის, ისრაელ-ირანის დაპირისპირება, სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი და ა.შ., რაც დამატებით საფრთხეებსა და გამოწვევებს ქმნის რეგიონისთვის (მათ შორის, ჩვენთვისაც). ამ ვითარებაში საქართველოსთვის ყველაზე საყურადღებო საკითხი მაინც ნატოს ორი ძლიერი წევრი სახელმწიფოს – აშშ-თურქეთის – დაძაბული ურთიერთობები და აქედან მოსალოდნელი საგარეო-პოლიტიკური რყევებია, რამაც შესაძლოა ამ ორი ქვეყნის გზების გაყრა და ანკარის მოსკოვთან დაახლოება გამოიწვიოს. მოვლენათა ამგვარი განვითარება კი, სავარაუდოდ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა გახდება. აშშ-თურქეთის ურთიერთობები და S-400-ების თემა ვაშინგტონი და ანკარა ერთმანეთის მოკავშირეები 1952 წელს თურქეთის ნატოში გაწევრიანების შემდეგ გახდნენ. ამ დროიდან მოყოლებული, ორმხრივი ურთიერთობები თითქმის იდეალური იყო მთელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში (გამონაკლისს 1974 წლის კვიპროსის კონფლიქტი წარმოადგენდა), როდესაც ამ ორ ქვეყანას საერთო საბჭოთა საფრთხის შეკავების სურვილი აერთიანებდა. ვაშინგტონი და ანკარა ათწლეულების მანძილზე თითქმის პარალელურ საგარეო-პოლიტიკურ კურსს ახორციელებდნენ და თურქეთი ისრაელთან ერთად აშშ-ის მთავარი მოკავშირე გახდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. სიტუაციის შეცვლა საბჭოთა კავშირის დაშლისა და, განსაკუთრებით, თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და აღორძინების პარტიის“ (AK Parti) ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო, რადგან თურქეთი ახლო აღმოსავლეთში დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარებას შეუდგა, რაც ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა აშშ-ის ინტერესებს. ორმხრივ ურთიერთობებში თანდათან დაგროვდა მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და პრობლემას უქმნის მათ მოკავშირეობას. ანკარა დიდი ხანია უშედეგოდ ითხოვს აშშ-ში მცხოვრები ისლამისტი სასულიერო ლიდერის ფეთულაჰ გულენის თურქეთში ექსტრადიციას, ადანაშაულებს რა მას და მის მიმდევრებს 2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში. ანკარა ვაშინგტონისგან ასევე უშედეგოდ მოითხოვს. ჩრდილოეთ სირიაში მოქმედი YPG-ისთვის (პროქურთული „ხალხთა დაცვის ნაწილები“) დახმარების შეწყვეტას. ამ ყველაფერს დაემატა თურქეთის მიერ რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულება S-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვითი სისტემების შეძენაზე. ამერიკული მხარე წლების განმავლობაში დაჟინებით მოითხოვდა ანკარისგან ამ ხელშეკრულებაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ რუსული სისტემები ტექნიკურად შეუთავსებელია დასავლურ შეიარაღებასთან და შეუძლებელია მათი ჩართვა ნატოს საერთო თავდაცვით სისტემაში. აშშ-ის ოფიციალური პირები ასევე აცხადებდნენ, რომ მათ არ სურდათ F-35-ების (რომელთა ანკარისთვის გადაცემასაც ვაშინგტონი აპირებდა) სიახლოვეს S-400-ის ინსტალაცია იმ მიზეზით, რომ რუს სპეციალისტებს ექნებოდათ წვდომა ამ უახლეს ავიაგამანადგურებლების მონაცემებზე. ანკარამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და თურქეთმა ა.წ. 12 ივლისს უკვე მიიღო S-400-ების პირველი ნაწილები, რომლებიც ანკარის სიახლოვეს მდებარე მურთედის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე რუსულმა სატვირთო თვითმფრინავებმა ჩაიტანეს. სისტემის დანარჩენი ნაწილები ზაფხულის განმავლობაში ჩავა თურქეთში. ამ რუსულ-თურქული კონტრაქტის საერთო ღირებულება 2,5 მლრდ. აშშ დოლარია. „აშშ თანმიმდევრულად და მკაფიოდ აცხადებს, რომ თურქეთი შეეჯახება ძალიან რეალურ და ნეგატიურ შედეგებს, თუ ის გააგრძელებს S-400-ების შეძენას. ეს მოიცავს F-35-ების წარმოების პროგრამიდან გარიცხვას და ამ თვითმფრინავების შეძენის კონტრაქტის გაუქმებას. თურქეთის მიმართ დაწესდება აგრეთვე სანქციები, რაც განკუთვნილია ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის სანქციების შესახებ არსებული კანონის (CAATSA) ჩარჩოებში“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. საერთო ჯამში, საუბარია როგორც 100 ერთეული სუპერთანამედროვე ამერიკული გამანადგურებელი F-35-ების თურქეთისთვის მიწოდების შეჩერებაზე (შეთანხმების საერთო ღირებულება 3,5 მლრდ. აშშ დოლარი ), ისე F-35-ების ნაწილების (სულ 937 ნაწილი) წარმოებაში თურქეთის სხვა ქვეყნით ჩანაცვლებაზე. მანამდე აშშ-მ შეაჩერა თურქი პილოტების გადამზადების პროექტი, რომლის დამთავრების შემდეგ თურქ ოფიცრებს F-35-ების მართვა შეეძლებოდათ. ცხადია, მოსალოდნელი სანქციების მიმართ ყველაზე მგრძნობიარე თურქული ეკონომიკაა, რომელსაც ისედაც არ აკლია სერიოზული პრობლემები: მაღალი ინფლაცია, ეროვნული ვალუტის დევალვაცია, უმუშევრობის გაზრდილი დონე, დიდი საგარეო ვალი, კომპანიების გაკოტრება. სისტემების თურქეთში ჩატანის პირველივე დღეს თურქული ლირა 1,45%-ით გაუფასურდა. თუ 12 ივლისის დილას 1 აშშ დოლარი 5,67 თურქული ლირა ღირდა, საღამოს მისი ფასი 5,755 ლირა გახდა. ვაშინგტონის მიერ ეკონომიკური სანქციების ამოქმედების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო გაუფასურდება თურქული ლირა და სერიოზული პრობლემები შეექმნება თურქული ეკონომიკის ბევრ სფეროს, როგორც ეს 2018 წლის აგვისტოში თურქეთის წინააღმდეგ შემოღებული ამერიკული სანქციების შემთხვევაში იყო. ამასთან, თუ 2018 წლის სანქციები უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებდა, ახლა საქმე გაცილებით უფრო სერიოზულადაა. ჯერჯერობით უცნობია, რა სფეროებს მოიცავს ამერიკული სანქციები და რა ზომის იქნება იგი. თუმცა ერთი რამ ცხადია – მას მძიმე შედეგები მოჰყვება. რამდენად შესაძლებელია რუსეთ-თურქეთის დაახლოება აშშ-თურქეთის დაძაბული ურთიერთობების ფონზე ბუნებრივად იბადება კითხვა: რამდენად შესაძლებელია ანკარა-მოსკოვის დაახლოება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი 2015 წელს სირიის კონფლიქტში ჩარევის შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა? მნიშვნელოვანი მომენტის გამო ანკარის ვაშინგტონისგან დაშორება ავტომატურად არ ნიშნავს ყველა საერთაშორისო საკითხზე მოსკოვთან მის ჰარმონიულ შეთანხმებას -ანკარას და მოსკოვს აქვთ გრძელვადიანი განსხვავებული მიზნები, რაც ერთმანეთის ინტერესების საწინააღმდეგოა. ამის გამო ისინი ამჟამად ერთმანეთისთვის არიან არა სტრატეგიული მოკავშირეები, არამედ ტაქტიკური მოკავშირეები. ამ განსხვავებული ინტერესების გამოა, რომ მხარეებს ხშირ შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებული პოზიციები უკავიათ მთელი რიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრობლემების მიმართ, იქნება ეს კოსოვო, ყირიმი, ყარაბაღი, სირია, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, დნესტრისპირეთი თუ სხვა. ეს ისეთი თემებია, რომლებიც ადვილად არ გადაიხედება. მაგალითად, სერიოზული პრობლემები შეექმნება თურქეთის ნებისმიერ ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით, თუ იგი გაიზიარებს რუსეთის პოზიციას ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით და აზერბაიჯანის პოზიციის მიუხედავად დაიწყებს სომხეთთან დაახლოების პროცესს. ამის ნათელი მაგალითი იყო 2009 წელს თურქეთისა და სომხეთის დაახლოების პროცესი, რომელიც გაიყინა აზერბაიჯანის მკვეთრად უარყოფითი რეაქციის გამო. იგივე ითქმის წლების განმავლობაში მიმდინარე სირიის კონფლიქტზე, სადაც ანკარა და მოსკოვი, გამოდიან რა საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან, კონფლიქტში მონაწილე სხვადასხვა ძალას უჭერენ მხარს. რუსეთი ღიად ეხმარება ასადის რეჟიმს, ხოლო თურქეთი – სირიის ოპოზიციას. აქვე უნდა აღინიშნოს საქართველოს, უკრაინასა და ბალკანეთთან დაკავშირებული პრობლემები. ანკარა აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო რუსეთი განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ანკარა არ აღიარებს ყირიმს რუსეთის ნაწილად, მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელმა 2014 წელს მოახდინა აღნიშნული ნახევარკუნძულის ანექსია. თურქეთი აღიარებს და მხარს უჭერს კოსოვოს დამოუკიდებლობას, რუსეთი კი ამის წინააღმდეგია. ანკარის მოკავშირე ბოსნიისა და ჰერცეგოვინას ცენტრალური ხელისუფლებაა, მოსკოვისა კი – ამ ქვეყანაში შემავალი, თუმცა სეპარატისტულ განწყობებში შემჩნეული „სერბული რესპუბლიკა“. ეს და კიდევ სხვა არაერთი სერიოზული განსხვავება, რომელიც ბუნებრივად არსებობს ამ ორი ქვეყნის ინტერესებში, ადვილად ვერ აღმოიფხვრება. მათი გარკვეულწილად უკანა პლანზე გადაწევა ან დროებით მათი პრიორიტეტებიდან ამოღება შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ დიდი გეოპოლიტიკური რყევების შემთხვევაში. დასკვნა – აშშ-თურქეთის ურთიერთობები სერიოზულ კრიზისში შედის და მისი დაძლევა ადვილად ვერ მოხერხდება;
– კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში, თურქეთი დაშორდება დასავლეთს, რაც შეამცირებს მათ თანამშრომლობას უსაფრთხოების, თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში;
– ამ შემთხვევაში ყველაზე მოგებული რუსეთი აღმოჩნდება, რომელიც დიდი ხანია ცდილობს ნატოს ერთიანობაში ბზარის შეტანას;
– კრიზისის პერიოდში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული აშშ-ისა და თურქეთის ხელმძღვანელობის მიერ შემოღებულ სანქციებსა და მათზე რეაგირებაზე, ასევე კრიზისული სიტუაციების მართვის შესაძლებლობებზე;
– დაძაბულობა აშშ-თურქეთის ურთიერთობებში ავტომატურად არ ნიშნავს იდეალურ თურქულ-რუსულ ურთიერთობებს. ანკარასა და მოსკოვს შორის ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემები და განსხვავებული ინტერესები რჩება;
– ამ პრობლემებმა უკანა პლანზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გადაინაცვლოს, თუ მოხდება გლობალური მნიშვნელობის რყევები (ისეთი, როგორიც შესაძლოა იყოს თურქეთის ნატოში წევრობის საკითხი);
– აშშ-თურქეთს შორის დაძაბულობის ზრდის შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება, რომ დაპირისპირების სივრცე ნაკლებად გავრცელდეს კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში;
– საქართველოსთვის ამ ეტაპზე ნაკლებად მოსალოდნელია იმის საფრთხე, რომ რუსეთი და თურქეთი მისი ინტერესების ხარჯზე გარიგდნენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი რამ მომავალში არ მოხდება. ასეთი ალბათობა შესაძლოა გაჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი არ იქნება ნატოს წევრი ქვეყანა და თუ იგი ღიად წავა აშშ-ისა და, ზოგადად, დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმ ეტაპისთვის შექმნილ საერთაშორისო კონექტურაზე და, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ის პოზიციაზე;
– კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში, თურქეთის წინააღმდეგ დიდი ალბათობით ამოქმედდება გარკვეული სახის სანქციები, რაც კიდევ უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნის ისედაც მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში მყოფ თურქეთს. ეს კი, თავის მხრივ, გართულებებს გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკაშიც, რადგან ის ჩვენი ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია და საქართველოს ათიათასობით მოქალაქე მუშაობს ამ ქვეყანაში;
– დაბოლოს, რაც შეიძლება მალე უნდა მოხერხდეს საქართველოს უსაფრთხოების საბჭოსა და მისი აპარატის ამუშავება, სადაც მოხდება ამ და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის თავმოყრა, ყოველმხრივი ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
საავტორო უფლებები დაცულია და ეკუთვნის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს. წერილობითი ნებართვის გარეშე პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება დაიბეჭდოს არანაირი, მათ შორის ელექტრონული ან მექნიკური, ფორმით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს/ებს და შეიძლება არ ასახავდეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თვალსაზრისს.
|