ავტორი: დავით შატაკიშვილი, კონტრიბუტორი ანალიტიკოსი, ამერიკული უნივერსიტეტი, ვაშინგტონი

არგენტინა სულ ასიოდე წლის წინ მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო იყო, რომელიც სამომავლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ მეტოქედ განიხილებოდა. 1920-იანი წლებიდან, შემდგომი 5 ათწლეულის განმავლობაში, იგი მსოფლიოს ერთ-ერთ სწრაფად მზარდ ეკონომიკად ჩამოყალიბდა, რომელიც ბიზნესზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკითა და მაღალი ხელფასებით გამოირჩეოდა. არგენტინა გახდა გლობალური ინვესტიციებისა და მიგრაციული ნაკადების მთავარი მიზიდულობის ცენტრი. თუმცა, მომავლის სუპერსახელმწიფოდ აღქმული, მდიდარი რესურსების მქონე ქვეყანა იქცა ეკონომიკად, რომელსაც უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულია უწევს გადარჩენისთვის ბრძოლა. ქვეყანაში წლიური ინფლაცია 140%-ს აღწევს, სიღარიბის დონე კი 40%-ია, რასაც თან ერთვის მკვეთრად გაუფასურებული ეროვნული ვალუტა და მსოფლიო სავალუტო ფონდის წინაშე არსებული 43 მლრდ აშშ დოლარის ფინანსური დავალიანება.

2023 წლის ნოემბერში არგენტინაში ჩატარებული არჩევნების შედეგად, ქვეყანამ ულტრამემარჯვენე, ლიბერტარიანული შეხედულებებით გამორჩეული ახალი პრეზიდენტი – ხავიერ მილეი აირჩია, რომელმაც არგენტინის ეკონომიკის გამოსასწორებლად რადიკალური ნაბიჯები დააანონსა. მისი არჩევა შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც ერთგვარი პროტესტი ქვეყნის ჩავარდნილი ეკონომიკისა და მონეტარული პოლიტიკის წინააღმდეგ. მილეის ერთ-ერთი მთავარი დაპირება ქვეყნის ეკონომიკის დოლარიზაცია და ეროვნული ბანკის გაუქმებაა. საინტერესოა, უკვე არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით განვიხილოთ დოლარიზაციის ეკონომიკური ეფექტები და მისი შესაძლო გავლენა არგენტინის ეკონომიკაზე.

ახალი პრეზიდენტის ეკონომიკური ხედვა

არგენტინის ეკონომიკა სხვა სამხრეთამერიკულ ქვეყნებთან შედარებით, ერთი შეხედვით, არცთუ ისე ცუდად გამოიყურება. გასულ წელს მისი ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე 13 700 აშშ დოლარი იყო (შედარებისთვის, 2023 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე ჩილეში – 17 200, ბრაზილიაში – 10 400, ელ-სალვადორში – 5 800, ხოლო ურუგვაიში 21 600 აშშ დოლარი იყო). თუმცა, მეორე მხრივ, თუ  შევადარებთ ევროპისა და აზიის ქვეყნებს, მას მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აქვს. არგენტინის მთავარი პრობლემა ინფლაციაა, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში 143%-ს მიაღწია, რაც ქვეყნისთვის უკანასკნელი 3 ათწლეულის მაქსიმუმია. შესაბამისად, არგენტინული პესოც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ვალუტაა. ზოგადად, არგენტინის ეკონომიკა საკმაოდ არასტაბილურია, რომელმაც ბოლო 30 წლის მანძილზე ორი რეცესია და ჰიპერინფლაციური პერიოდები გაიარა. ნაწილობრივ, ეს განპირობებული იყო იმით, რომ წლების განმავლობაში არგენტინა სახელმწიფო ხარჯების დასაკომპენსირებლად ბეჭდავდა ფულს, რაც იწვევდა ინფლაციას. ეს კი, თავის მხრივ, ქვეყანას ნაკლებად მიმზიდველს ხდის საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ექსპერტების ვარაუდით, სწორედ უმძიმესი ეკონომიკური გარემო გახდა გადამწყვეტი ფაქტორი არგენტინელი ამომრჩევლისთვის, რომელმაც რადიკალური გადაწყვეტილებების მომხრე ხავიერ მილეი აირჩია პრეზიდენტად.

არგენტინის ისტორიაში ხავიერ მილეი არის პირველი არჩეული პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ თავს ანარქისტ-კაპიტალისტს უწოდებს. მისი აზრით, ქვეყანა ახლა ღრმა კრიზისში იმყოფება, რომლის დასაძლევადაც რადიკალური გადაწყვეტილებებია საჭირო და „შოკური თერაპიაც“ დააანონსა.

ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება პესოს 50%-ზე მეტით გაუფასურება იყო. შესაბამისად, დაწესდა პესოს ფიქსირებული გაცვლითი კურსი, რომელიც 366-დან 800 პესომდე გაიზარდა. 2019 წლიდან არგენტინა ვალუტის მკაცრი კონტროლით ხელოვნურად ამყარებდა პესოს, რაც შავ ბაზარზე დოლარზე მოთხოვნას ზრდიდა. აღნიშნული ნაბიჯი მიზნად ისახავს მწარმოებლებისა და ექსპორტიორების წახალისებას, რადგან გაუფასურებული ეროვნული ვალუტის შემთხვევაში, ექსპორტიორებს შესაძლებლობა უჩნდებათ იმავე რაოდენობის პროდუქციის გაყიდვით უფრო მეტი შემოსავალი მიიღონ. ახალმა ადმინისტრაციამ ასევე შემოიღო დროებითი გადასახადები გარკვეული სახის ექსპორტსა და იმპორტზე, თუმცა, მათივე განმარტებით, როგორც კი ეს პიკური პერიოდი გადაივლის, მოხსნიან დაწესებულ გადასახადებს. მილეის ადმინისტრაციის პირობებში, სახელმწიფო დაახლოებით მესამედით შეამცირებს თავისი მთლიანი მუშახელის რაოდენობას, სამინისტროების რაოდენობას ანახევრებს ცხრამდე, ხოლო სამდივნოებს 106-დან 54-მდე ამცირებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად შემცირდება სახელმწიფო ხარჯები, რაც ნავთობისა და ტრანსპორტის სუბსიდირების შემცირებასაც მოიცავს. თუმცა, ხავიერ მილეის ყველაზე მთავარი წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირება, ალბათ, მაინც ქვეყნის დოლარიზაცია და ეროვნული ბანკის გაუქმებაა, რომელსაც იგი ინფლაციის გამომწვევ და ეროვნული ვალუტის გაუფასურების მთავარ მიზეზად ასახელებს.

არგენტინის ეკონომიკის დოლარიზაცია

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის დოლარიზაცია არ ნიშნავს აუცილებლად დოლარის გამოყენებას, არამედ ეს არის პროცესი, როდესაც სახელმწიფო შიდა მიმოქცევის მთავარ ფულად საშუალებად უცხოურ ვალუტას იყენებს. მსოფლიოში ბევრ ქვეყანას დაუგროვდა ამ კუთხით გამოცდილება. მაგალითად, იტალიამ, ესპანეთმა და საბერძნეთმა ევროს შემოღებით მოახდინეს საკუთარი ეკონომიკის დოლარიზაცია. 1990-იანი წლების შემდეგ, როდესაც ამ ქვეყნებმა დაიწყეს ევროს გადახდის სისტემაზე გადასვლა, ინფლაციის ტემპი საგრძნობლად შემცირდა და გაუთანაბრდა კიდეც გერმანიის მაჩვენებელს. იგივე მოხდა სამხრეთ ამერიკის ქვეყნების, ელ-სალვადორისა და ეკვადორის შემთხვევებშიც. როდესაც მათ მოახდინეს საკუთარი ეკონომიკის დოლარიზაცია, ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა და თითქმის გაუთანაბრდა ამერიკის შეერთებული შტატების მაჩვენებელს. სავარაუდოდ, დოლარიზაცია არგენტინის შემთხვევაშიც შეამცირებს ინფლაციის ზრდის ტემპს, თუმცა, მეორე მხრივ, საინტერესოა რამდენად იმოქმედებს ის ეკონომიკურ ზრდასა და შოკების მიმართ რეზისტენტულობაზე. ინფლაციის შემცირება ლოგიკურიცაა, რადგან ამ შემთხვევაში ქვეყანა აღარ ბეჭდავს ახალ კუპიურებს, რაც ხშირად ინფლაციის მთავარი წყაროა.

არგენტინის ეკონომიკის დოლარიზაციის მომხრეები ეკონომიკურ ზრდას ორი მიმართულებით პროგნოზირებენ. პირველი – მათი განმარტებით, დოლარიზაცია ხელს შეუწყობს ინფლაციის შემცირებას, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ინვესტორების ნდობას ქვეყნის ეკონომიკისადმი. მეორე – დოლარიზაცია გააუქმებს სახელმწიფოს მიერ ეროვნული ვალუტის დაცვაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს, როგორებიცაა კაპიტალის და ფულადი შეზღუდვები, რაც,თავის მხრივ, გაზრდის ინვესტიციების მოცულობასა და სავაჭრო ბრუნვას. ევროპული ქვეყნების შემთხვევაში, დოლარიზაციის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთები და გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა. იგივე მოხდა ეკვადორისა და ელ-სალვადორის შემთხვევაში.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ამავე ქვეყნებში ზრდის ტემპი საკმაოდ შენელდა და რიგ შემთხვევებში მოხდა რეცესიაც. რამდენიმე მნიშვნელოვანმა ემპირიულმა კვლევამ ასევე დაადასტურა, რომ, საშუალოდ, დოლარიზებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები აჩვენებენ ეკონომიკური განვითარების უფრო ნელ და მოწყვლად ტემპს, თუმცა ასევე აქვთ უფრო დაბალი ინფლაცია, ვიდრე არადოლარიზებულ ქვეყნებს. ამასთან ერთად, სრულად დოლარიზებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს ახასიათებთ უფრო ნელი ზრდის ტემპი, ვიდრე არადოლარიზებულ და ნაწილობრივ დოლარიზებულ ქვეყნებს.

ზოგადად, ეკონომისტების უმრავლესობა დოლარიზაციის მოწინააღმდეგეა. მათი განმარტებით, ქვეყანას უნდა ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ვალუტა, რომლის ფასიც უნდა განისაზღვროს საბაზრო ძალების შესაბამისად. ეროვნული ვალუტა ხშირ შემთხვევაში ასრულებს ე.წ. „დამცავი ზღუდის“ როლს ეკონომიკის გარე შოკებისგან დასაცავად, რაც ქვეყანას მეტ თავისუფლებას აძლევს. მაგალითად, თუ აშშ-ში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაიზრდება მაღალ ინფლაციასთან გასამკლავებლად, სხვადასხვა ქვეყნიდან დოლარი გაედინება აშშ-ში (მაღალი საპროცენტო სარგებლის გათვალისწინებით). არგენტინაში, მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში, ეს შეამცირებდა პესოს ღირებულებას და პოტენციურად გაზრდიდა ინფლაციას, თუმცა პირდაპირ ვერ მოახდენდა გავლენას ეკონომიკაზე, რადგან პესო კვლავ იქნებოდა ქვეყანაში მიმოქცევის მთავარი საშუალება. თუმცა, დოლარიზაციის შემთხვევაში ქვეყნიდან მოხდებოდა პირდაპირ დოლარის გადინება (თუ არგენტინაც არ გაზრდიდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს), რასაც უფრო მძიმე შედეგები ექნებოდა ეკონომიკისთვის. ამგვარად, ეროვნული ვალუტა შეიძლება მივიჩნიოთ კარგ საშუალებად, რომ სხვა ქვეყნის შიდა მონეტარული გადაწყვეტილებები მასზე პირდაპირ არ გავრცელდეს. სწორედ ამიტომ დოლარიზებული ეკონომიკების ზრდა საკმაოდ ნელია და მოწყვლადი გარე შოკების მიმართ. დოლარიზაცია ასევე ამცირებს ქვეყნის შესაძლებლობას, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამოყენებით არეგულიროს ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია.

ამ კუთხით გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ დოლარიზაციის შემთხვევაში ცენტრალურ ბანკს ჩამოერთმევა შესაძლებლობა ფინანსურად დაეხმაროს როგორც სახელმწიფოს, ასევე კომერციულ საბანკო სექტორს. სწორედ ეს მოხდა ევროპულ ქვეყნებში ევროკრიზისის დროს, 2011 წელს. გარდა ამისა, დოლარიზაციის დროს საჭიროა უცხოური ვალუტის კუპიურების საკმარის რაოდენობაზე წვდომა, რაც არგენტინის შემთხვევაში შესაძლოა იყოს პრობლემა, რომ მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის სრული დოლარიზაცია. თუმცა, მეორე მხრივ, ასევე დიდი რაოდენობით დოლარი იქნებოდა საჭირო პესოს ღირებულების აღსადგენად, სავალუტო ინტერვენციების გზით.

***

დოლარიზაცია და ეროვნული ბანკის გაუქმება საკმაოდ დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. უპირველესად, ეს არის პოლიტიკური საკითხი, რადგან პრეზიდენტ მილეის კონგრესში არ ჰყავს უმრავლესობა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილებების განხორციელებას კი პირველ რიგში კონგრესის მხარდაჭერა სჭირდება. გარდა ამისა, ტექნიკურად ცენტრალურ ბანკს დასჭირდება აშშ დოლარის საკმარისი  რეზერვები არა მხოლოდ მიმოქცევაში არსებული ვალუტის შესაძენად, არამედ კომერციული ბანკებისთვის გარკვეული გარანტიების შესაქმნელად, რათა მოსახლეობის მხრიდან თანხის გატანის პოტენციურ რისკებსაც გაუმკლავდნენ.

ცხადია, დოლარიზაციას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. მისი მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომ პრაქტიკულად გამორიცხავს ეროვნული ვალუტის გაუფასურების რისკებს და უფრო სტაბილურს ხდის ვალის მომსახურებას. ამასთან, ამცირებს ინფლაციურ წნეხს და ზოგად მაკროეკონომიკურ გარემოს უფრო სტაბილურსა და პროგნოზირებადს ხდის. თუმცა, მეორე მხრივ, მის მთავარ უარყოფით მხარედ შესაძლოა მივიჩნიოთ დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობის არქონა და მაღალი დამოკიდებულება ქვეყნის გარეთ არსებულ ეკონომიკურ და ფინანსურ გარემოზე. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ახალი ფულის დაბეჭდვის შესაძლებლობის არქონა, რაც ქვეყანას უზღუდავს შესაძლებლობას უპასუხოს ლიკვიდურობის საჭიროებებს ეკონომიკური კრიზისის დროს.

დოლარიზაცია და ეროვნული ბანკის გაუქმება თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობის ლიდერებს ექნებათ უკეთესი ფისკალური დისციპლინა. არამედ იგი უბრალოდ გამორიცხავს დეფოლტის თავიდან აცილების მიზნით კუპიურების დაბეჭდვას. სწორედ ამიტომ ეკონომისტების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ სახელმწიფოს აქვს მართებული ფისკალური და მონეტარული დისციპლინა დეფოლტის თავიდან ასაცილებლად, იგი უმჯობესია დარჩეს საკუთარ ეროვნულ ვალუტაზე, მცურავი გაცვლითი კურსით, და აწარმოოს დამოუკიდებელი, მიზნობრივი მონეტარული პოლიტიკა.

არგენტინის ეკონომიკის დოლარიზაცია, სავარაუდოდ, დადებითად აისახება ინფლაციის ტემპის შემცირებაზე, თუმცა როგორც არსებული გამოცდილება და ემპირიული ანალიზი აჩვენებს, მოსალოდნელი იქნება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება, რამაც შესაძლოა, თავის მხრივ, უფრო მძიმე ეკონომიკური პრობლემები გამოიწვიოს. ასევე საკმაოდ რთული იქნება სამომავლოდ ისევ საკუთარ ეროვნულ ვალუტაზე დაბრუნება. თუმცა, ყველაფრისდა მიუხედავად, როგორც ჩანს, არგენტინელი ხალხი იმდენად დაიღალა მძიმე ეკონომიკური გარემოთი, რომ მზად არიან სცადონ რაიმე ახალი, სრულად განსხვავებული გზა. ვნახოთ, რამდენად გაამართლებს პრეზიდენტი მილეის ადმინისტრაცია მათ მიმართ არსებულ მოლოდინს.