ავტორი: მამუკა კომახია

 

2024 წელი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისით დასრულდა, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას, გადადგომა მოჰყვა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპირებული რეგიონის „პრეზიდენტს“ ვადაზე ადრე მოუწია გადადგომა. ბჟანია, რომელიც რუსეთის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას ცდილობდა, ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის პროტესტის შედეგად იძულებული გახდა უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, რამდენიმე თვით ადრე, გადამდგარიყო. ახალი „საპრეზიდენტო არჩევნები“ 15 თებერვალს ჩატარდება. გამარჯვებული ბჟანიას დილემის წინაშე აღმოჩნდება, რადგან ვინც არ უნდა იყოს, ახალ „პრეზიდენტსაც“ მოუწევს რუსეთის იმ მოთხოვნების შესრულება, რომლის შესრულების მცდელობასაც ბჟანიას პოლიტიკური კარიერა შეეწირა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვის პოლიტიკა სოხუმის მიმართ კიდევ უფრო ხისტი გახდება.

 

„პრეზიდენტის“ გადადგომის პრეცედენტები

ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისის შედეგად „პრეზიდენტის“ გადადგომა ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. 2014 წლის შემდეგ ეს უკვე მესამე შემთხვევაა. პირველი „პრეზიდენტი“ ალექსანდრ ანქვაბი იყო, რომელიც ვადაზე ადრე გადადგა. მას რაულ ხაჯიმბა დაუპირისპირდა, რომელიც ახალი „პრეზიდენტი“ გახდა, თუმცა 2020 წელს უკვე ხაჯიმბას მოუწია გადადგომა, ანქვაბის გუნდმა კი რევანში აიღო და ძალაუფლება დაიბრუნა – ასლან ბჟანია „პრეზიდენტი“ გახდა, თავად ანქვაბი კი – „პრემიერ-მინისტრი“. 2024 წელს უკვე ბჟანია გადადგა. ბჟანია-ანქვაბის გუნდის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ადგურ არძინბა იყო, რომელიც ადრე ხაჯიმბას გუნდის წევრი იყო, ახლა კი „პრეზიდენტობის“ ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

 

პოლიტიკური კრიზისის კულმინაცია და რუსული სანქციები

პოლიტიკური კრიზისი აფხაზეთში ბოლო წლების განმავლობაში ეტაპობრივად მწვავდებოდა. განსაკუთრებული აქტუალობით გამოირჩეოდა რამდენიმე საკითხი, რომელმაც ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის მღელვარება გამოიწვია: ე.წ. კანონპროექტები უცხოეთის აგენტებისა და აპარტამენტების შესახებ და რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაცია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის ვალდებულება დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთის წინაშე აიღო, მათი გადაწყვეტის მცდელობას იმდენად დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, რომ ამ ეტაპზე არცერთი ეს საკითხი არ არის მოგვარებული.

ე.წ. კანონპროექტი უცხოეთის აგენტების შესახებ თაროზეა შემოდებული. „კანონპროექტის“ მიღება რუსეთის უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მისი გავლენის სფეროში ე.წ. კოლექტიური დასავლეთისა და სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენის შესუსტებას ისახავს მიზანს. მოსკოვი დასავლეთს მტრად განიხილავს და იმავეს მოითხოვს ოკუპირებული აფხაზეთისგან. თუმცა, შიდა წინააღმდეგობა დიდია, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციების წყალობით რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, რომელიც არაერთი სოციალურ-ეკონომიკური საკითხის მოგვარებას უწყობს ხელს.

პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტმა, რომელსაც წინ უძღოდა „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთისთვის გადაცემა. მოსახლეობამ „საარჩევნო“ ოლქებში დაიბარა „დეპუტატები“, რომლებსაც საჯაროდ მოუწიათ „კანონპროექტის“ საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება. „კანონპროექტის“ მოწინააღმდეგეების შეფასებით, მისი მიღება რუსეთის მათზე შეძლებულ მოქალაქეებს აფხაზეთში უძრავი ქონების ხელში ჩაგდების შესაძლებლობას მისცემს, რაც, საბოლოო ჯამში, დემოგრაფიულ სურათს ეთნიკური აფხაზების საზიანოდ შეცვლის და „აფხაზურ მიწაზე მათ სუვერენიტეტს“ შეასუსტებს.

პოლიტიკური კრიზისის კულმინაცია იყო ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის მცდელობა, როდესაც უკმაყოფილო პოლიტიკოსები და ადამიანები „სამთავრობო შენობებში“ შეიჭრნენ და ბჟანია აიძულეს გადამდგარიყო. მოწინააღმდეგეების შეფასებით, „შეთანხმების“ რატიფიკაციის შემთხვევაში რუსი ოლიგარქები ბევრ ისეთ პრივილეგიას მიიღებდნენ, რაც ადგილობრივი ბიზნესისა და მოსახლეობის შემოსავლებზე ნეგატიურად აისახებოდა.

ე.წ. საინვესტიციო საკითხი ბოლო წვეთი იყო რუსეთისთვის, რომელმაც ამდენი ხანი ითმინა „სტრატეგიული მოკავშირის“ „დაუმორჩილებლობა“. რუსეთი ამ დრომდე თავს იკავებდა ხისტი ქმედებებისგან და „გაგებით“ ეკიდებოდა აფხაზურ წინააღმდეგობას. საკითხის გადაწყვეტის დაჩქარების მიზნით მოსკოვმა პრაქტიკულად სანქციები დაუწესა ოკუპირებულ აფხაზეთს: ნაწილობრივ შეუწყვიტა დაფინანსება, რამაც ხელფასების გადახდის პრობლემები შექმნა და სოხუმს უარი უთხრა ენერგოკრიზისის დაძლევაში დახმარებაზე. ბჟანიამ კრემლის ზეწოლის პირობებში ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაცია 15 ნოემბერს სცადა, მაგრამ დიდი წინააღმდეგობის შედეგად, 19 ნოემბერს იძულებული გახდა გადამდგარიყო და ვადამდელი „საპრეზიდენტო არჩევნები“ დაენიშნა.

 

„საპრეზიდენტო“ კანდიდატები

არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება.  ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, „არჩევნებში“ მონაწილეობას ხუთი კანდიდატი მიიღებს. თავიდან გავრცელდა ხმები, რომ ბჟანიაც ცდიდა ბედს, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი კანდიდატურა მოსკოვში დაიწუნეს და ბჟანია საწყის ეტაპზევე გამოეთიშა პოლიტიკურ ბრძოლას. ამრიგად „საპრეზიდენტო“ კანდიდატები არიან:

ბადრა გუნბა (43 წლის) – 2020 წლიდან ბჟანიას „პრეზიდენტობის“ პერიოდში „ვიცე-პრეზიდენტი“ და ალექსანდრ ანქვაბის „პრეზიდენტობის“ დროს კულტურის „მინისტრი“ (2011-2014). 2024 წლის 19 ნოემბრიდან, ბჟანიას წასვლის შემდეგ, გუნბა „პრეზიდენტის“ მოვალეობას ასრულებდა. ბჟანია სწორედ გუნბას უჭერს მხარს, ანქვაბი კი საერთოდაც მისი „საარჩევნო“ შტაბის ხელმძღვანელია. ადმინისტრაციული რესურსიც გუნბას სასარგებლოდ არის მობილიზებული, რადგან ბჟანიას დე ფაქტო ხელისუფლების წევრებმა ახალი „პრეზიდენტის“ არჩევამდე შეინარჩუნეს თანამდებობები.

ადგურ არძინბა (43 წლის) – რაულ ხაჯიმბას „პრეზიდენტობის“ დროს ეკონომიკის „მინისტრი“  და „ვიცე-პრემიერი“ (2015-2020), ამჟამად – ოპოზიციური „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერი. იგი 2020 წლიდან ბჟანიას ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო. 2024 წლის პოლიტიკური კრიზისის დროს იგი ოპოზიციის სამი ლიდერიდან ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. არძინბა მონაწილეობდა 2020 წლის „არჩევნებშიც“, სადაც ბჟანიასთან დამარცხდა. საინტერესოა, რომ მან 2019 წელს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიარა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში.

რობერტ არშბა (50 წლის) – ე.წ. კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი.

ოლეგ ბარციცი (57 წლის) – რუსეთში აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო პალატის ყოფილი წარმომადგენელი.

ადგურ ხურხუმალი (42 წლის) – „განვითარების შავი ზღვის ბანკის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე. მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.

ამ ხუთი კანდიდატიდან 1992-1993 წლების აფხაზეთის ომში მხოლოდ არშბა მონაწილეობდა, რაც აფხაზურ პოლიტიკაში მოღვაწეობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. დიდი ალბათობით, ახალი „პრეზიდენტი“ პირველად გახდება პირი, რომელიც ომში არ მონაწილეობდა, რაც ოკუპირებული რეგიონის პოლიტიკაში ახალი თაობის მოსვლაზე მეტყველებს.

 

ვინ არის რუსეთის ფავორიტი?

ოკუპირებულ აფხაზეთში „წინასაარჩევნო“ კამპანია 10 იანვარს დაიწყო. აშკარაა, რომ კრემლის ფავორიტი ბადრა გუნბაა, რომელსაც რუსეთი მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს მაშინ, როდესაც მის მოწინააღმდეგეებს რუსულ მედიაში ანტირუსულ ძალებად მოიხსენიებენ, ადგურ არძინბას კი პროთურქულ განწყობებშიც კი დასდეს ბრალი. 2024 წლის პოლიტიკური კრიზისის მთავარ მონაწილეებს, „დეპუტატ“ კან კვარჩიასა და აფხაზეთის „გმირ“ ლევან მიქაას, რუსეთმა საერთოდ რუსეთის მოქალაქეობაც კი ჩამოართვა. არძინბა მათთან ერთად შედიოდა ოპოზიციურ ტრიუმვირატში, რომელიც ბჟანიას დაუპირისპირდა. მათ რუსულ მედიაში „პუტჩისტებადაც“ კი მოიხსენიებენ, რაც არძინბასა და მისი მოკავშირეების მიმართ რუსეთის განწყობებზე მიუთითებს.

იგრძნობა, რომ რუსი პოლიტტექნოლოგები აქტიურად არიან ჩართული „წინასაარჩევნო“ პროცესში. ოკუპირებული რეგიონის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ „არჩევნებთან“ დაკავშირებით სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა. გამოკითხვის მიხედვით, მოახლოებულ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ბადრა გუნბას გამოკითხულთა 32% უჭერს მხარს, ადგურ არძინბას კი – 15%, ოლეგ ბარციცს – 7%, რობერტ არშბას – 5% და ადგურ ხურხუმალს – 2%.

აფხაზეთში ასეთი სოციოლოგიური გამოკითხვა პირველად ჩატარდა და ამიტომ მისმა ჩატარებამ და შედეგების გამოცხადებამ სკანდალი გამოიწვია. თავდაპირველად უცნობი იყო, თუ ვინ ატარებდა სატელეფონო გამოკითხვას. დე ფაქტო მთავრობის განცხადებით, სატელეფონო გამოკითხვა, რომელსაც წინასაარჩევნოდ მოსახლეობის პოლიტიკური შეხედულებები უნდა გამოეკვლია, არ იყო შეთანხმებული ე.წ. სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტთან. მალევე გაირკვა, რომ კვლევას საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი სრულიად რუსეთის ცენტრი  (ВЦИОМ) ატარებდა. კვლევის შედეგებმა გააჩინა ეჭვი გუნბას მიმართ კრემლის სიმპათიებზე. რუსული პოლიტტექნოლოგიური ტრადიციებიდან გამომდინარე, კვლევის შედეგების გამოქვეყნება ოკუპირებულ რეგიონში „ამომრჩევლების“ ნებაზე ზემოქმედებას ისახავს მიზნად.

გუნბას მხარდაჭერის ღიად გამოხატვა იყო 31 იანვარ-1 თებერვალს აფხაზეთში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ახალი კურატორის, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სოხუმში დაბადებული სერგეი კირიენკოს ვიზიტი. აფხაზეთში ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებების ხელმძღვანელებს. კირიენკომ ვიზიტის ფარგლებში სოხუმის აეროპორტიც მოინახულა. მან მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც გუნბაც ესწრებოდა. გუნბა აეროპორტის რეკონსტრუქციისა და მშენებლობის საკითხების საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელია.

საინტერესოა, რომ კირიენკოს თან ახლდა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილე ახრა ავიძბა, რომელიც ინტერნაციონალური ბრიგადა „პიატნაშკას“ მეთაური და რუსული პროპაგანდის მიერ „გმირად“ შერაცხილი მებრძოლია. ავიძბამ ღიად დაუჭირა მხარი გუნბას, მიუხედავად იმისა, რომ იგი ბჟანიასთან იყო დაპირისპირებული.

მართალია, კირიენკომ ვიზიტის დასასრულს განაცხადა, რომ რუსეთი „პატივისცემით მიიღებს აფხაზი ხალხის ნებისმიერ არჩევანს“, ყველასათვის ნათელია, თუ ვის მიმართ აქვს კრემლის გავლენიან ფიგურას სიმპათიები.

კრემლის მიერ გუნბას დაუფარავი მხარდაჭერის მაჩვენებელი იყო მისი ვიზიტი მოსკოვში და უმაღლესი დონის შეხვედრები, მათ შორის, ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან, ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვთან, ჯანდაცვის მინისტრ მიხაილ მურაშკოსთან, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ევგენი გრაბჩაკთან. 6 თებერვალს გუნბა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსაც კი შეხვდა. ლავროვის უწყებამ გუნბას „აფხაზეთის რესპუბლიკის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე“ უწოდა.

გუნბა იყო სოხუმის აღდგენილ აეროპორტში 7 თებერვალს ჩამოფრენილი თვითმფრინავის პირველი მგზავრიც. გუნბამ მოსკოვიდან კონკრეტული გადაწყვეტილებებიც ჩამოიტანა. მან აღნიშნა, რომ მოსკოვი თანახმაა ე.წ. საინვესტიციო შეთანხმება გადაიხედოს და ახალი შეთანხმება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით მიიღონ. დადებითად გადაწყდა ელექტროენერგიის მიწოდებისა და „საბიუჯეტო“ ორგანიზაციის თანამშრომლების ხელფასების საკითხიც. რუსეთის ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აფხაზეთში პენსიებისა და ხელფასებისთვის 340 მლნ რუბლი დაუყოვნებლივ გადაირიცხა. ასევე მყისიერად მოგვარდა ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები.

 

ვის რა შანსი აქვს და რას ველოდოთ?

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი ღიად უჭირს მხარს ერთ კონკრეტულ „საპრეზიდენტო“ კანდიდატს. თუმცა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ჩატარებული „საპრეზიდენტო არჩევნების“ ისტორია გვაჩვენებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ყოველთვის ვერ იმარჯვებენ კრემლის ღია მხარდაჭერის მქონე კანდიდატები – კრემლის კანდიდატის მარცხს კი ამ რეგიონებში ყოველთვის პოლიტიკური კრიზისი მოსდევს.

არსებულ ვითარებაში გამარჯვების შანსი ორ კანდიდატს აქვს – ბადრა გუნბას და ადგურ არძინბას. მაღალია ალბათობა, რომ კრემლის მხარდაჭერის მიუხედავად, გუნბამ ვერ შეძლოს, მინიმუმ, პირველ ტურში გამარჯვება და მას ამისთვის მეორე ტური დასჭირდეს.

კრემლის მხრიდან ბადრა გუნბას ასეთი მასშტაბის მხარდაჭერა და ადგურ არძინბას წინააღმდეგ აგორებული „შავი პიარი“ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები „ამომრჩევლებისთვის“ გზავნილია, რომ რუსეთის დახმარების იმედი მათ მხოლოდ გუნბას გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეთ. რუსეთის აქტიურმა ჩარევამ შეიძლება საბოლოოდ გუნბას გამარჯვებას შეუწყოს ხელი, თუმცა ეს ვერ იქნება მომავალი პოლიტიკური კრიზისის პრევენცია.