ავტორი: მამუკა კომახია

 

2024 წლის 9 ივნისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არალეგიტიმური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მე-8 მოწვევის „პარლამენტში“ 34 „დეპუტატი“ 5 წლის ვადით აირჩიეს. სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ ჩატარდა „არჩევნები“, ვინ მოხვდა „პარლამენტში“ და რა გავლენას მოახდენს „არჩევნების“ შედეგები ოკუპირებული რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებასა და ცხინვალის ურთიერთობებზე მოსკოვსა და თბილისთან.

 

წინასაარჩევნო გარემო

ვინ (არ) დაუშვეს „არჩევნებზე“?

„არჩევნებში“ მონაწილეობა მიიღო 108 მაჟორიტარმა კანდიდატმა და 7 პოლიტიკურმა პარტიამ. ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 პარტიიდან მხოლოდ 7 დაარეგისტრირა: „ერთიანი ოსეთი“ (ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის, მხარდაჭერით სარგებლობს), „სახალხო პარტია“ (ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის, მხარდაჭერით წლებია სარგებლობდა, თუმცა ამ „არჩევნებში“ კოკოითის ძველი მოწინააღმდეგე ძამბოლატ თედეევის ახლად შექმნილ „ალანიის პატრიოტებთან“ შეკრა პოლიტიკური ალიანსი), „ხალხის ერთობა“ (გასულ წლებში პარტია „ერთიანი ოსეთის“ მოკავშირე იყო), „ნიხას“ (დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის, მხარდაჭერით სარგებლობს), კომუნისტური პარტია, „ერთობა“ და „ირი ფარნ“.

რეგისტრაციაზე სხვადასხვა მიზეზით უარი უთხრეს 5 პარტიას:  „ფიდიბასტა“, „ირისტონი ნოგ ფალტარ“, „ირონ“, „განვითარების პარტია“ და „სამართლიანობისთვის“. ყველაზე რეზონანსული იყო უარი, რომელიც უთხრეს პარტიას „სამართლიანობისთვის“, რომლის სიაშიც იყო სკანდალურად ცნობილი სამი „დეპუტატი“: გარი მულდაროვი, დავიდ სანაკოევი და ძამბოლატ მედოევი. „არჩევნებამდე“ სამივე „დეპუტატს“ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ შეატყობინა, გადაწყვეტილების მიზეზად კი დასახელებულია „ქმედებები, რომლებიც ხელს უწყობს დაძაბულობის ზრდას რუსეთის საზღვართან“. დოკუმენტში არ არის მითითებული, თუმცა ეს საქართველოსთან „საზღვრის“ დადგენის მიმართულებით მათ აქტიურობას უკავშირდება. „არჩევნებზე“ არდაშვებას ოკუპირებულ რეგიონში მათ გაზრდილ პოპულარობასაც უკავშირებენ, რაც არ იყო მისაღები გაგლოევისთვის და, როგორც ჩანს, არც მოსკოველი კურატორებისთვის, რომლებიც ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზების პირობებში, ცდილობენ ნაკლებად გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც ამ ურთიერთობების გაუმჯობესებას ხელს შეუშლის.

უკრაინაში მებრძოლები საარჩევნო ხმის გარეშე

ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მცდელობების მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილე მებრძოლებს. ბიბილოვი 2022 წლის შემდეგ, რაც გაგლოევთან „საპრეზიდენტო არჩევნებში“ დამარცხდა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილეობს, რასაც პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს. ბიბილოვს, ე.წ. ბინადრობის ცენზის გამო, „არჩევნებში“ მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მისი პარტიისთვის 1500-მდე მებრძოლის/„ამომრჩევლის“ ხმის მობილიზება წარმატების ხელშემწყობი იქნებოდა. ამიტომაც გაგლოევმა ბიბილოვის ინიციატივას არ დაუჭირა მხარი და თავის მხრივ დაუპირისპირა პროპაგანდა, რომ ფრონტის ხაზზე მყოფი მებრძოლების „არჩევნებში“ მონაწილეობა მათ უსაფრთხოებას შეუქმნიდა პრობლემას.

ახალი „მოქალაქეები“/საარჩევნო ხმები

დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი და მისი პარტია „ნიხასი“, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ახალგორელ ქართველებს ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების პროცესის გაუმჯობესებას დაჰპირდა. გარდა ამისა, რამდენიმე თვით ადრე ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ მოქალაქის „პასპორტები“ გაიცა სოფ. წეროვანში მცხოვრები დევნილებზე და იმ ადგილობრივებზე, ვისაც ჯერ „პასპორტი“ არ ჰქონდათ აღებული. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამ გზით ახალგორის რაიონს 800-მდე ახალი „მოქალაქე“ შეემატა. მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ „არჩევნების“ დღეს საკონტროლო-გამშვები პუნქტები არ გაიხსნებოდა, არსებობს ეჭვი, რომ „ამომრჩევლების“ მობილიზება წინა დღეებში მოხდა. ამ მხრივ საინტერესოა, რომ „ნიხასის“ მაჟორიტარმა  კანდიდატმა ზაზა დრიაევმა ახალგორის რაიონში 787 ხმა მიიღო მაშინ, როდესაც 2019 წელს დრიაევს გამარჯვებისთვის 260 ხმაც ეყო, რაც ბოლო წლებში მოსახლეობისგან დაცლილ რაიონში „ამომრჩევლების“ რაოდენობის საეჭვო მატებაზე მიუთითებს.

კურატორის გაფრთხილება

თებერვალში ცხინვალს იგორ მასლოვი სტუმრობდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი და ოკუპირებული რეგიონების კურატორია. მასლოვმა პოლიტიკურ ჯგუფებს ურჩია თავი აერიდებინათ პოლიტიკური კრიზისისთვის და არ გადაედგათ ისეთი ნაბიჯები (მაგ.: საქართველოსთან ე.წ. საზღვრის რევიზია/დემარკაციის მოთხოვნა და რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება), რასაც საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენებს.

ვის დაუჭირეს მხარი ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტებმა?

წინასაარჩევნოდ ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტების განცხადებებიც გავრცელდა. ლუდვიგ ჩიბიროვმა და ლეონიდ თიბილოვმა მოსახლეობას „არჩევნებზე“ მისვლისკენ მოუწოდეს და თავის გამოსვლაში სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრით, ირიბად გაგლოევს დაუჭირეს მხარი. რაც შეეხება ედუარდ კოკოითის, მან გაგლოევს ღიად დაუჭირა მხარი. კოკოითის მსგავსი ნაბიჯი უფრო ძამბოლატ თედეევისა და „სახალხო პარტია“-„ალანიის პატრიოტების“ პოლიტიკური ალიანსის წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგან კოკოითსა და თედეევს ძველი მტრობა აქვთ.

 

 „არჩევნების“ შედეგები  

საარჩევნო სისტემა

ოკუპირებული რეგიონის „პარლამენტში“ 34 „დეპუტატიდან“ 17 – მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემით ერთმანდატიან ოლქში, 17 „დეპუტატი“ კი პარტიული სიებით აირჩეს. „პარლამენტში“ წარმომადგენელი ეყოლება მხოლოდ იმ პარტიას, რომელმაც 7%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახა.

„არჩევნები“ სულ 73 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, მათ შორის 71 ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობდა, 1 – ჩრდილოეთ ოსეთში, 1 – მოსკოვში.

ვინ (ვერ) მოხვდა „პარლამენტში“?

„არჩევნებში“ მონაწილეობა მიიღო „ამომრჩეველთა“ 72.32%-მა. „არჩევნებში“ მონაწილე შვიდი პარტიიდან 7%-იანი ბარიერი მხოლოდ ოთხმა გადალახა: „ერთიანი ოსეთი“ – 31.74% (6 942 ხმა), „ნიხასი“ – 30.59% (6 690), „სახალხო პარტია“ – 16.07% (3 514), კომუნისტური პარტია – 7.12% (1 557).

პროპორციული „არჩევნების“ შედეგების მიხედვით, „პარლამენტში“ დეპუტატების რაოდენობა შემდეგნარიად გადანაწილდება: „ერთიანი ოსეთი“ – 6, „ნიხასი“ – 6, „სახალხო პარტია“ – 3, კომპარტია – 2.

რაც შეეხება მაჟორიტარულ „არჩევნებს“, აქ უპირობო ფავორიტია „ნიხასი“. პარტიის წინასაარჩევნო ტაქტიკით, ზოგიერთმა კანდიდატმა დამოუკიდებლად იყარა კენჭი, თუმცა, რეალურად, მათ გაგლოევის მხარდაჭერა ჰქონდათ. მაჟორიტარულ „არჩევნებში“ პარტიის მიერ წარდგენილი ცხრა კანდიდატიდან ოთხმა გაიმარჯვა, თუმცა, „არჩევნების“ შემდეგ რამდენიმემ „ნიხასთან“ თანამშრომლობის სურვილი უკვე გამოთქვა. რაც ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე „ნიხასს“ 10 მაჟორიტარის მხარდაჭერა ექნება.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, „ერთიან ოსეთს“ 2 მაჟორიტარი ეყოლება, „სახალხო პარტიას“ – 2, კომპარტიას – 1, „ირონს“ – 1, დამოუკიდებელი – 1.

„არჩევნების“ შედეგად ახალ „პარლამენტში“ ფრაქციები შემდეგნაირად შეიძლება გადანაწილდეს.: კომუნისტები – 3 დეპუტატი; „სახალხო პარტია“ – 5; „ერთიანი ოსეთი“ – 8. ამ ეტაპზე „ნიხასის“ 10 წევრი გახდა დეპუტატი, თუმცა სხვა დამოუკიდებელმა კანდიდატებმა უკვე გამოთქვეს მზადყოფნა ითანამშრომლონ „ნიხასთან“, შესაბამისად, „ნიხასის“ და მისი მოკავშირეებისგან შემდგარ ფრაქციაში, ჯამში, შეიძლება უფრო მეტი „დეპუტატი“ იყოს, რაც საკმარისი იქნება უბრალო უმრავლესობის მოსაპოვებლად.

ოპოზიციის ეჭვები და ბრალდებები

გაგლოევის მოწინააღმდეგეებს „ნიხასის“ ასეთ წარმატებაში ეჭვი ეპარებათ. დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ მთავარი ბრალდებაა, რომ გაგლოევის პარტიამ „ამომრჩევლები“ მასობრივად ჩამოიყვანა ჩრდილოეთ ოსეთიდან და „სამხრეთ ოსეთის“ პასპორტები დაურიგა პარტია „ნიხასისა“ და მისი მაჟორიტარი კანდიდატების მხარდამჭერებს. ამ მხრივ განსაკუთრებული ვითარება იყო ახალგორის რაიონშიც, სადაც ეთნიკურ ქართველებს „არჩევნებამდე“ პასპორტები დაურიგეს. სანაცვლოდ, ახალ „მოქალაქეებს“ „ნიხასის“ მაჟორიტარი კანდიდატისთვის, ზაზა დრიავესთვის, უნდა დაეჭირათ მხარი.

საეჭვო გარემოებებზე ლაპარაკობენ ვლადიკავკაზის ერთადერთ უბანზე. შედეგები ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამ უბანზე ფავორიტებად ბიბილოვისა და თედეევის პარტიები ითვლებოდნენ, „ნიხასისა“ და გაგლოევის ცნობადობა კი საკმაოდ დაბალი იყო. „ნიხასმა“ მიიღო 1 216 ხმა, „სახალხო პარტიამ“ – 414, „ერთიანმა ოსეთმა“ – 121. „ერთიანი ოსეთის“ განცხადებით, „ბიულეტენებზე გამქრალი იყო პარტიის გასწვრივ გაკეთებული აღნიშვნები, რადგან ამომრჩევლებს ისეთი კალმები დაურიგეს, რომლის მელანიც მალე გაქრა“. „ერთიანი ოსეთის“ თავმჯდომარე აცამაზ ბიბილოვმა დე ფაქტო ხელისუფლება ფალსიფიკაციაში დაადანაშაულა და ჩრდილოეთ ოსეთის უბნის შედეგების გაუქმება მოითხოვა.

გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლება გააკრიტიკეს, რომ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებისთვის თითქმის ორი დღე დასჭირდათ, რამაც გაგლოევს „არჩევნების“ შედეგებზე გავლენის მოხდენის საშუალება მისცა. კერძოდ, გაგლოევს კომუნისტებისთვის ხმების მომატებაში ადანაშაულებენ, რის შედეგადაც დე ფაქტო ხელისუფლების პოტენციურ მოკავშირეს ორი მანდატი ერგო, რაც, საბოლოო ჯამში, „ერთიან ოსეთს“ და „სახალხო პარტიას“ დააკლდათ.

აცამაზ ბიბილოვის პროტესტს ყველა არ იზიარებს და ზოგიერთმა პარტიამ პრობლემების მშვიდობიან და „სამართლებრივი“ მოგვარების გზებზე გააკეთა აქცენტი. მაგ., მსგავსი განცხადებები გააკეთა  პარტია „ირი ფარნ“ და კომპარტიამ. „ერთიანი ოსეთის“ პრეტენზიების მიმართ არ ისმის განსაკუთრებული სოლიდარობა, ასევე არც ცხინვალში ჩანს დიდი უკმაყოფილება, რაც იმას ნიშნავს, რომ „არჩევნების“ შედეგები აღარ შეიცვლება და ემ ეტაპზე პოლიტიკური კრიზისის შექმნის ალბათობა დაბალია.

უცხოელი „დამკვირვებლები“ და მოსკოვის შეფასება

ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული „არჩევნები“ დაგმო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მსგავსი განცხადებები გაავრცელეს საქართველოს პარტნიორებმაც. ამის საპირწონედ, არალეგიტიმური არჩევნების „ლეგიტიმაციისთვის“ ოკუპირებულ რეგიონებში გავრცელებული პრაქტიკაა „საერთაშორისო დამკვირვებლების“ მოწვევა. „დამკვირვებლების“ რამდენიმე კატეგორიაა: იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც აღიარებენ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას; პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვა სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენლები; კერძო პირები იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ აღიარებენ ოკუპირებულ რეგიონების დამოუკიდებლობას, მაგრამ პირადი კავშირები აქვთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან და პრორუსული განწყობებით გამოირჩევენ.

უცხოეთიდან სულ 34 „დამკვირვებელი“ დაესწრო, მათ შორის: რუსეთის სახელმწიფო დუმისა და ფედერაციის საბჭოს წევრები; თურქეთში ოსური თემის წარმომადგენლები; „ავსტრიაში სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი“ და პრორუსული საქმიანობით ცნობილი პატრიკ პოპელი; ლუჰანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებისა და ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები; ინტეგრაციის შემსწავლელი ცენტრის „ჩრდილოეთი ევრაზია“ დირექტორი და ბელარუსში მოღვაწე პროსახელისუფლო პოლიტოლოგი და პრორუსი ბლოგერი ალექსეი ძერმანტი.

ოკუპირებულ რეგიონებში ჩასული „დამკვირვებლები“, როგორც წესი, „არჩევნების“ დემოკრატიულობის ხარისხით კმაყოფილი არიან. „არჩევნების“ შედეგებით კმაყოფილი დარჩა მოსკოვიც. 11 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა: „რუსეთის ფედერაცია საარჩევნო პროცესის წარმატებულ დასრულებას განიხილავს, როგორც მნიშვნელოვან ეტაპს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. ვიმედოვნებთ, რომ ახლად არჩეული პარლამენტი თავის წვლილს შეიტანს ორმხრივი სამოკავშირეო ურთიერთობების გაღრმავებაში“.

 

რას უნდა ველოდოთ?

შიდაპოლიტიკური კონტექსტი

არალეგიტიმური საპარლამენტო არჩევნების შედეგები მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის პოლიტიკური კარიერისთვის იმედისმომცემია. გაგლოევის პარტია „ნიხასსა“ და მის მოკავშირეებს „პარლამენტში“ საწყის ეტაპზე საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ექნებათ, თუმცა არსებული უმრავლესობა საკმარისი იქნება „პარლამენტსა“  და ოკუპირებული რეგიონის შიდა პოლიტიკაზე კონტროლის შესანარჩუნებლად. მოსკოვის პირველი რეაქცია მიუთითებს, რომ გაგლოევს კრემლის მხარდაჭერა აქვს და მას შეუძლია 2027 წლის „საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც“ უკეთესად მოემზადოს.

არჩევნების შედეგებით იმედგაცრუებულია „სახალხო პარტია“, რომლის არაფორმალური ლიდერი ძამბოლატ თედეევი უმრავლესობაში მოსვლას და ე.წ. ბინადრობის ცენზის გაუქმებას იმედოვნებდა, რაც მას „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობის შესაძლელობას მისცემდა. „არჩევნები“ წარუმატებელი გამოდგა ანატოლი ბიბილოვის „ერთიანი ოსეთისთვისაც“, რომელმაც 2022 წელს „საპრეზიდენტო არჩევნებში“ გაგლოევთან მარცხისთვის რევანში ვერ აიღო. ბიბილოვის პარტიამ 2014 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. 2014 წელს პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა, 2019-2024 წლების „პარლამენტში“ კი პარტია ყველაზე მსხვილ პოლიტიკურ ფრაქციად რჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი (ალან გაგლოევი) მოწინააღმდეგე პოლიტიკური გუნდიდან იყო.

„სახალხო პარტიასა“ და „ერთიან ოსეთს“ „პარლამენტში“ ერთად არ ექნებათ უმრავლესობა, თუმცა ექნებათ „საპარლამენტო“ ტრიბუნა, რაც 2027 წლის „საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“ მათ მომზადების საშუალებას მისცემს. ოკუპირებულ რეგიონში ორჯერ „გაპრეზიდენტება“ მხოლოდ ედუარდ კოკოითიმ შეძლო. აქედან გამომდინარე, ბიბილოვსა და თედეევსაც ექნებათ შესაძლებლობა ისეთ პოლიტიკურ ფიგურას დაუჭირონ მხარი, რომელიც გაგლოევს კონკურენციას გაუწევს.

მოსკოვთან ურთიერთობა

მოსკოვში კმაყოფილი არიან. მათი ხედვით, წინასაარჩევნო პროცესმა განსაკუთრებული დაძაბულობის გარეშე ჩაიარა და თავიდან აიცილეს „საარჩევნო“ კრიზისი და „ქართული საკითხის“ გამწვავება. უკრაინაში ომისა და ქართულ-რუსული ურთიერთობების დინამიკის გათვალისწინებით, მოსკოვი ცდილობს ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებმა გაუთვალისწინებელი პრობლემები/ბარიერები არ შექმნას საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში.

თბილისთან ურთიერთობა

დღეს ცხინვალისა და თბილისის ურთიერთობები მინიმალურ დონეზეა და ჟენევასა და ერგნეთში პერიოდული შეხვედრებით შემოიფარგლება. „არჩევნების“ შედეგები ამ მხრივ გავლენას ვერ იქონიებს არსებული ურთიერთობის ხასიათზე. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დინამიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები იყოს, ან პოზიტიური და ან ნეგატიური, „ბორდერიზაციის“, უკანონო გატაცებებისა და საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების თვალსაზრისით.