სათაური ენა სფერო წელი

ანკარა-მოსკოვის ურთიერთობები თურქეთში გამართული არჩევნების შემდეგ

  • ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი:
  • ტიპი: სტატია
ქართული საერთაშორისო ურთიერთობები 2023

ახლო აღმოსავლეთის მიმოხილვა No 66

 

 

2023 წლის 28 მაისს თურქეთში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რითაც დასრულდა საკმაოდ დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდი და ახლა ანკარას მეტი დრო აქვს საგარეო პოლიტიკისთვის.  

როგორი ურთიერთობებია თურქეთ-რუსეთს შორის არჩევნების დასრულების შემდეგ, რა საკითხები დგას დღის წესრიგში და რას შეიძლება ველოდოთ მომავალში?

ზოგადად, ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს შეიძლება ეწოდოს ერთდროულად თანამშრომლობაც და მეტოქეობაც. არის საკითხები (ძირითადად, ვაჭრობა და ეკონომიკა), სადაც ორი ქვეყანა თანამშრომლობს, მაგრამ არის სტრატეგიული თემები (ძირითადად პოლიტიკურ და სამხედრო სფეროებში), სადაც ისინი მოწინააღმდეგეები არიან.

ამიტომ ბევრისთვის საინტერესოა, რა საკითხები დგას ორი ქვეყნის ურთიერთობებში თურქეთის არჩევნების შემდეგ.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემა პუტინის შესაძლო ვიზიტია თურქეთში, რის შესახებაც განცხადება მოსკოვში გაკეთდა. თუმცა, მისი დეტალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

პარალელურად, თურქეთმა დანიშნა ახალი ელჩი მოსკოვში – თანჟუ ბილგიჯი. ეს უკანასკნელი გამოცდილი დიპლომატია. ბილგიჯი ადრე თურქეთის ელჩი იყო სერბეთში. მოსკოვში ელჩად დანიშვნამდე კი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის თანამდებობა ეკავა.

9 ივნისს გაიმართა სატელეფონო საუბარი თურქეთის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაქან ფიდანსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის. როგორც ამ საუბრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, მხარეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:

  • ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა;
  • შავ ზღვაზე უკრაინული ხორბლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები (ამ თემაზე მხარეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ);
  • ანკარის მოლაპარაკებების საკითხი ერევანთან და დამასკოსთან, რომლებიც მიზნად ისახავს თურქეთ-სომხეთისა და თურქეთ-სირიის ურთიერთობების ნორმალიზებას.   

პარალელურად იგეგმება რუსეთის, თურქეთის, ირანისა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა ასტანის ფორმატის ფარგლებში.

თურქეთი აცხადებს, რომ მის ინტერესებშია ურთიერთობების ნორმალიზაცია სირიასთან. სანაცვლოდ, დამასკო ითხოვს თურქეთმა დატოვოს სირიის ჩრდილოეთი რეგიონები, სადაც განლაგებულია თურქეთის შეიარაღებული ძალები.

შინდისფრად აღნიშნულია ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიები, სადაც განლაგებულია თურქეთის შეიარაღებული ძალები

 

ანკარა კი ამ ნაბიჯის გადადგმას ორი მიზეზის გამო არ ჩქარობს:

– არაა დარწმუნებული, რომ იქიდან თურქეთის შეიარაღებული ძალების გამოსვლის შემდეგ დამასკო არ შეუტევს ჩრდილოეთში გამაგრებულ სირიულ ოპოზიციასა და სუნიტ მოსახლეობას, რაც გამოიწვევდა ლტოლვილთა ახალი ტალღების დაძვრას თურქეთის მიმართულებით;

– სურს 30-კილომეტრიანი ე.წ. „უსაფრთხოების ზონის“ შექმნა საზღვრის გაყოლებაზე, რათა ბუფერული ზონა ჩამოყალიბდეს პროქურთულ „ხალხთა თავდაცვის ნაწილებთან“, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული PKK-ის („ქურთისტანის მუშათა პარტია“) გაგრძელებად მიიჩნევს.

ეს არ არის ადვილად მოსალაპარაკებელი საკითხები და ამიტომ დაძაბული და საინტერესო თურქულ-რუსულ-სირიული მოლაპარაკებები გველოდება უახლოეს ხანებში.