ავტორი: სოსო ძამუკაშვილი, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისმცოდნეობის სპეციალისტი, გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი

 

15 ივლისს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთიანი ყარაბაღის რეგიონთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად ბრიუსელში ერთმანეთს შეხვდნენ. მოლაპარაკებების შედეგად სომხეთმა და აზერბაიჯანმა ურთიერთობების დამაბრკოლებელი საკითხების მოგვარების თაობაზე შეთანხმება დადეს. ევროპული საბჭოს ოფიციალური განცხადების თანახმად, შეხვედრა იყო „გულწრფელი, პირდაპირი და არსებითი“, თუმცა ხელშესახები პროგრესი დიდწილად „განპირობებული იქნება ახლო მომავალში გადადგმულ ნაბიჯებით“. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო დიპლომატიური შუამავლობით ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ორწელიწად-ნახევარია მიმდინარეობს, თუმცა ეფექტიანი სამშვიდობო ხელშეკრულების დადება ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხია. ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები, როგორებიცაა საზღვრის დემარკაცია და დელიმინაცია და სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების საკითხები, მდგრადი მშვიდობის დასამყარებელ უმნიშვნელოვანესი სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას უშლის ხელს. ამავდროულად, რუსეთს, რომელიც მოლაპარაკებებში ჯერ კიდევ მთავარ შუამავლად რჩება, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული დაძაბული ვითარების მოგვარება არ სურს, რაც რეგიონში მისი სამხედრო დანაყოფების კიდევ უფრო დიდი ხნით შენარჩუნების გარანტია იქნება.

„არარსებული“ საზღვრების დადგენა

მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შედეგად აზერბაიჯანმა სომხეთთან საზღვარზე კონტროლი 30 წლის შემდეგ პირველად აღადგინა. აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ 2021 წლის ნოემბერში დადებული სამმხრივი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი სწორედ საზღვრების დემარკაციას ეთმობა. შეთანხმების მიხედვით, რუსეთის შუამდგომლობით შეიქმნა საზღვრების დემარკაციისა და დელიმინაციის ერთობლივი სომხურ-აზერბაიჯანული კომისია, რომლის მიზანია საბჭოთა კავშირის რუკებსა და GPS ტექნოლოგიებზე დაყრდნობით სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დადგენა.

საბჭოთა კავშირის დროინდელ ადმინისტრაციულ საზღვრებს არასდროს ჰქონიათ საერთაშორისო სტატუსი, რის გამოც არც მათი ოფიციალური დემარკაცია მომხდარა როდისმე. აქედან გამომდინარე, დამოუკიდებელ სომხეთსა და აზერბაიჯანს არასდროს ჰქონიათ ოფიციალური შეთანხმება მათ შორის არსებული საზღვრების დადგენის თაობაზე, რის გამოც სასაზღვრო სამუშაო ჯგუფის საუკეთესო წყარო მხოლოდ და მხოლოდ ძველი საბჭოთა ტოპოგრაფიული რუკებია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ რუკების მთავარი დანიშნულება არა ადმინისტრაციული საზღვრების, არამედ ლანდშაფტების ჩვენებაა. ამასთანავე, ბოლო 30 წლის განმავლობაში ორივე ქვეყანას თავისი დაკავებული ხელსაყრელი გეოგრაფიული პოზიციები თავდაცვის ინფრასტრუქტურის დახმარებით საკუთარ საზღვრებში აქვთ მოქცეული.

რუკა 1. ფრაგმენტი 1974 წლის საბჭოთა ტოპოგრაფიული რუკიდანაა აღებული, რომელზეც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი (წითლად) წყვეტილი ხაზითაა აღნიშნული (წყარო: Eurasianet).

მიუხედავად იმისა, რომ ბაქო და ერევანი თანხმდებიან, რომ საზღვრების დემარკაცია აუცილებელია ორ ქვეყანას შორის სამომავლო მშვიდობის მისაღწევად, მათი მიდგომები საზღვრის დადგენის ტექნიკურ საკითხებზე მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, 2022 წლის 6 აპრილს გამართულ ბრიუსელის სამიტზე ორი ქვეყანა შეთანხმდა, რომ შექმნილიყო ერთობლივი სასაზღვრო კომისია, რომელიც მოახდენდა საზღვრის დელიმინაციას და სასაზღვრო ზოლისა და ახლომდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მოძველებულ რუკებზე დაყრდნობით საზღვრის დადგენა მეგობრულად განწყობილი ქვეყნებისათვისაც კი წარმოუდგენლად რთულად მოსაგვარებელი საკითხია. სწორედ ამიტომ გასაკვირი არაა, რომ დაძაბული ურთიერთობების მქონე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სასაზღვრო საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება.

სარგებლიანი, თუმცა პრობლემური კორიდორები

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, განსაკუთრებით სომხეთის გავლით აზერბაიჯანსა და ნახჭევანს შორის, სატრანსპორტო კავშირების ჩამოყალიბება და აღდგენა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ორ ქვეყანას შორის მშვიდობის დამყარების გზაზე. როგორც აღნიშნულია 2020 წლის ნოემბრის სამმხრივ შეთანხმებაში, რეგიონში კავშირების აღდგენა აზერბაიჯანსა და სომხეთს ეკონომიკურ და სავაჭრო სარგებელს მოუტანს და გახდება მათ შორის სამომავლო მშვიდობის ერთ-ერთი საფუძველი. 2021 წლის იანვარში აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რეგიონში „ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენის“ მიზნით სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. ჯგუფის მუშაობა წარუმატებელი გამოდგა, რადგან ერევანში შიშობენ, რომ სომხეთის სამხრეთ საზღვართან ახლოს აზერბაიჯანისთვის „კორიდორის“ დათმობით მეგობრულ ირანთან სამხრეთ საზღვარზე სომხურ იურისდიქციას საფრთხე შეექმნება.

ე.წ. ზანგეზურის კორიდორის გახსნის იდეა ირანშიც იწვევს შეშფოთებას, რადგან სატრანსპორტო კორიდორი ირანს სომხეთს ჩამოაშორებს. თეირანის ეკონომიკისთვის კი სომხეთის მნიშვნელობა სასიცოცხლოა, რადგან ის ერთადერთი სატრანსპორტო გზაა, რომელიც ქვეყანას შავ ზღვასა და ევროპასთან აკავშირებს. ირანის ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ზანგეზურის კორიდორის გეგმის მიმართ უზადო კრიტიკით გამოირჩევა, რაც სომხეთს ხელს აძლევს, რომ ამ გეგმის განხორციელებას გარკვეულწილად შეეწინააღმდეგოს.

რუკა 2. რუკაზე გამოსახულია „ზანგეზურის კორიდორი“, რომელიც სომხეთის გავლით აზერბაიჯანს ნახჭევანის ექსკლავთან დააკავშირებს, და ლაჩინის კორიდორი (წყარო The Cradle).

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანისთვის ნახჭევანთან დასაკავშირებელი გზის სომხეთის გავლით გაყვანისთვის მზადყოფნა გამოხატა. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა აზერბაიჯანს შესთავაზა სატრანსპორტო გზის სამი შესაძლო ვარიანტი. მნიშვნელოვანია, რომ მხარეები ვერც ამჯერად შეთანხმდნენ გზის ადგილმდებარეობაზე, რადგან აზერბაიჯანისთვის სამივე ვარიანტი გაცილებით გრძელია „ზანგეზურის კორიდორთან“ შედარებით (45-კმ-იანი გზა, რომელიც სოხმხეთ-ირანის საზღვრის გასწვრივაა).

რუსეთი – მთავარი ხელშემშლელი

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გრძელვადიანი მშვიდობის თაობაზე მოლაპარაკებები ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ მიმდინარეობს. პროცესი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შუამავლობით სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების აღდგენასა და სახელმწიფო საზღვრების დემარკაციისა და დელიმინაციის საკითხებით დაიწყო. თუმცა, ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულების საკითხი არც კი ყოფილა წამოჭრილი.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პარალელურად დასავლეთმა (ევროკავშირმა და აშშ-მ) სცადა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაში შუამდგომლობა. თუმცა, ბაქოსა და ერევანს შორის შერიგების პროცესებში ევროკავშირისა და აშშ-ის გააქტიურებულმა შუამდგომლობამ რუსეთი, რომელიც დიდხანს ინარჩუნებდა მთავარი შუამავლის როლს, გააღიზიანა. ამის შემდგომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამშვიდობო პაქტის საკუთარი ვერსიაც კი შესთავაზა მხარეებს, რომელშიც ყარაბაღის სამომავლო სტატუსის – მშვიდობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი – საერთოდ არაა განხილული. ხაზგასასმელია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების დადებითა და ყარაბაღის რეგიონზე აზერბაიჯანის დე ფაქტო კონტროლის აღდგენით რეგიონში რუსული სამშვიდობო მისია (რუსეთის მთავარი ბერკეტი რეგიონში) აზრს დაკარგავს. სწორედ ამიტომ მოსკოვს სურს რუსული სამშვიდობო ძალებისთვის რეგიონში 2025 წლის ნოემბრის მანდატის კიდევ 5 წლით გადავადება. ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებამ კი რუსული ჯარის ყარაბაღის რეგიონიდან გაყვანა და შესაძლოა სომხეთში რუსული ბაზის დახურვა გამოიწვიოს. ამ შესაძლებლობას თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების სავარაუდო ნორმალიზება კიდევ უფრო რეალურად აქცევს. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს უკვე გაცხადებული აქვს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ მას მიზნად დასახული აქვს სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზება.

გარდა ამისა, ბოლო დროს როგორც ბაქო, ისე ერევანი სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთის ჩართულობის მიმართ უფრო და უფრო კრიტიკულობით გამოირჩევიან. ზოგიერთი სომხური პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო ინიციატივა უკვე მოითხოვს სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის დახურვას. ისინი ასევე ითხოვენ ერევნის გამოსვლას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (CSTO). ამ მოთხოვნების კატალიზატორი გახდა 2022 წლის მაისი, როდესაც, სომხეთის ოფიციალური განცხადებით, კოლექტიურმა ორგანიზაციამ ერევანს უარი უთხრა სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შეტევისას დახმარების გაწევაზე. ამავდროულად, აზერბაიჯანშიც იმატებს ყარაბაღის რეგიონში არსებული რუსული სამშვიდობო მისიის მიმართ უკმაყოფილება.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი მზადაა გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში ყარაბაღის რეგიონი ცნოს აზერბაიჯანის ტერიტორიად, რუსეთი ყოველგვარ ბერკეტს იყენებს, რომ ყარაბაღის სამომავლო სტატუსის საკითხი გადაუჭრელი დარჩეს. კრემლში მიაჩნიათ, რომ თუ რეგიონი აზერბაიჯანის ნაწილი მხოლოდ და მხოლოდ იურიდიულად (დე იურე) დარჩება, რუსეთი შეძლებს სამხედრო დანაყოფების სამომალვლოდ შენარჩუნებას. რუსეთისთვის საუკეთესო გამოსავალი არსებული სიტუაციის 2025 წლამდე გახანგრძლივებაა, რაც მას დამატებითი 5 წლით მისცემს არსებული სამშვიდობო მანდატის გახანგრძლივების შესაძლებლობას. აქვს მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რუსეთის გაღიზიანების მიუხედავად, დასავლეთი კვლავ აქტიურად ასრულებს შუამავლის როლს ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ფაშინიანის მზადყოფნა, რომ ყარაბაღის რეგიონი ადგილობრივი სომხებისთვის უფლებებისა და უსაფრთხოების გარანტიების საფუძველზე აზერბაიჯანის ნაწილად ცნოს, ხელშესახებ საფუძველს ამზადებს სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად. ამავდროულად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადავო საკითხებზე მოსაზრებებს შორის სხვაობა თანდათანობით მცირდება, რაც საბოლოო ხელშეკრულების დადებისთვის აუცილებელია. ამ ეტაპზე საჭიროა დრო და მხარეების გააზრებული სურვილი, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებით ორივე ქვეყანამ დიდი სარგებელი მიიღოს.