ნინო იმედაშვილი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

არსებობს დემოკრატიული მშვიდობის თეორია და მის საპირისპიროდ არსებობს „ავტოკრატიული მშვიდობა“.

დემოკრატიული მშვიდობის თეორიის მიხედვით, დემოკრატიული ქვეყნები ერთმანეთთან ომს არ აწარმოებენ, რადგან მმართველობის გამჭვირვალე სისტემის დროს, სადაც ხელისუფლება ანგარიშვალდებულია ხალხთან, პოლიტიკური გადაწყვეტიელებები მიიღება ფართო დისკუსიისა და კომპრომისების გზით. ასე მიღებული გადაწყვეტილებები მშვიდობის სასარგებლოდაა, რადგან ხალხი საკუთარ თავზე ომის დამაგრეველი ძალის გამოცდას მხარს არ დაუჭერს.

ვინაიდან დემოკრატია საერთაშორისო სისტემაში დომინანტური გახდა, არადემოკრატიულმა ქვეყნებმა ის საფრთხედ აღიქვეს, რადგან დემოკრატიის გავრცელების ზრდის გამო საკუთარი ძალადობრივი მმართველობის დასასრული დაინახეს. ამის გამო ავტოკრატიულმა ქვეყნებმა, თავის გადარჩენის მიზნით, ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყეს.

„ავტოკრატიული მშვიდობის“ თეზა ეფუძნება ავტოკრატიული ქვეყნების ერთმანეთთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო თანამშრომლობას ძალაუფლების შენარჩუნების საერთო ინტერესის გამო. ზოგჯერ  თანამშრომლობა ინსტიტუციურია („ევრაზიული კავშირი“, „კოლექციური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“),  ზოგჯერ კი – არაფორმალური (აბაშიძე-კარასინის ფორმატი).

ერთი მხრივ, პარადოქსია – სად ავტოკრატია და სად მშვიდობა?  ავტოკრატიული რეჟიმი ხომ მოქალაქეების დაშინებით, მათზე ძალადობით და ზეწოლით ინარჩუნებს ძალაუფლებას. მაგრამ აქ სხვა „მშვიდობა“ იგულისხმება და ამ „მშვიდობაში“ მოქალაქეები თავისუფალი არ არიან.

„ავტოკრატიული მშვიდობა“, როგორც კრემლის პოლიტიკა

„ავტოკრატიული მშვიდობა“ პუტინის სტრატეგიაა რეგიონში, რომლის ექსპორტსაც  იგი წლებია ეწევა. პუტინი პოზიციონირებდა, როგორც პოსტსაბჭოთა რეგიონში „მშვიდობის“ შენარჩუნების და დაცვის გარანტორი, რაც მისთვის ნიშნავდა მეზობელი ქვეყნების მმართველად კრემლის თანამოაზრე რეჟიმის დაცვასა და შენარჩუნებას. ამიტომ კრემლისთვის „მშვიდობა“ ნიშნავს მეზობლად მისაღები პოლიტიკური რეჟიმის მაქსიმალურ ხანგძლივობას. ესე იგი კრემლისთვის „მშვიდობა“ გულისხმობს, რომ არ დაუშვას მეზობლად მმართველი ავტოკრატი ლიდერის  ცვლილება ან ისეთი ფორმალური „ცვლილება“, როცა ერთ ლიდერს მსგავსით ანაცვლებენ. ამიტომაცაა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის უმეტეს ქვეყანაში (ბალტიის ქვეყნების გარდა) არჩევნები ფორმალობაა და ძალაუფლება იშვიათად იცვლება არჩევნების გზით.

რატომ არის კრემლი დაინტერესბული, რომ თანამოაზრე რეჟიმი მეზობლად ჰყავდეს?

რუსეთის გარშემო  პოლიტიკურად თანამოაზრე რეჟიმი სიცოცხლეს უხანგრძლივებს  მმართველობის პუტინისტურ სტილს. მეზობლად პოლიტიკურად კრემლის მინივერსია რეჟიმები „აბეტონებს“ ავტოკრატიზმს მთელ რეგიონში და  ანეიტრალებს დემოკრატიას, რადგან, კრემლის გარდა, პოლიტიკურად მისაბაძი არავინაა. 

რუსეთში პუტინის ავტოკრატიული მმართველობის სტილმა – მკაცრად ცენტრალიზებული ძალაუფლება,  უკომპრომისო კონტროლი მედიაზე, დისკრედიტირებული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები – გავრცელება მეზობელ ქვეყნებში წარმატებით შეძლო. არა მხოლოდ რუსეთის ზომის და გავლენის გამო, არამედ იმიტომაც, რომ კრემლი აქტიურად ეწევა ამ მმართველობის სტილის ექსპორტს მეზობელი ქვეყნებში.  

2005 წლიდან პუტინმა მმართველობის ამ სტილს რეჟიმის მხარდამჭერი საზოგადოებრივი ჯგუფები („ნაში“, „ვმარშუემ ვმესტე“, ,,მესტნიე“, მალადაია გვარდია“ და ა.შ) შემატა, რომელთა მიზანი ანტისამთავრობო აქციების დროს კონტრაქციების მოწყობა იყო. ეს ჯგუფები კონტრაქციებს ატარებდნენ არა მხოლოდ ადგილობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების დროს, არამედ უცხო ქვეყნის ელჩების (აშშ, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი) განცხადებების საპასუხოდაც. ამ ქმედებით კრემლი მზარდი დემოკრატიული ჩავარდნების გამო დასავლეთის კრიტიკას ლეგიტიმაციას და გავლენას უკარგავდა. კონტრაქციების მთავარი გზავნილი იყო ,,ნუ ერევით რუსეთის შიდა საქმეებში.“

 ამ ჯგუფებს კრემლი მისი მთავარი პროპაგანდული გზავნილის  – დასავლეთი ებრძვის რუსულ იდენტობას გეი პროპაგანდით  – გასავრცელებლადაც იყენებდა. ასევე საპრეზიდენტო და დუმის არჩევნების დროს სამთავრობო დამკვირვებლადაც იყვნენ გაფორმებული, რომ არ დაეშვათ კრემლის „მტრების“ მცირე წარმატებაც კი.

ამ მართული ჯგუფით კრემლმა შეძლო რუსულ ავტოკრატიულ მართვის სტილზე  ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე დასავლეთის გავლენის განეიტრალება.

ასეთი ჯგუფების შექმნის საჭიროება  სწორედ მას შემდეგ დაინახა პუტინმა, როცა ფერადი რევოლუციების (საქართველო – 2003 წელი, უკრაინა – 2004 წელი) ავანგარდში არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი ჯგუფები იდგნენ, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს, შეცვალეს რა ავტოკრატიული რეჟიმები ადგილზე. 

„ფერადი რევოლუციები“, როგორც საფრთხე „ავტოკრატიული მშვიდობისათვის“ და რუსეთის საპასუხო რეაქცია

სწორედ ფერადმა რევოლუციებმა დაარღვიეს პოსტსაბჭოთა სივრცეში კრემლის მიერ დამყარებული ავტოკრატიული „მშვიდობა“ და მისი ხელახლა გავრცელება პუტინისთვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა. ფერადმა რევოლუციამ ალტერნატივა შემოიტანა რეგიონში და ყველას ნათლად დაანახა, რომ ავტოკრატიული ლიდერის მოშორება შესაძლებელია სისხლისღვრის გარეშე. თან ფერადი რევოლუციებისთვის დამახასიათებელი ანტისამთავრობო დემონსტრაციები ვირუსივით გავრცელდა და მოედო რეგიონს. საქართველოს 2003 წლის რევოლუციას მოჰყვა უკრაინის 2004 წლის რევოლუცია. შემდეგ იყო ყირგიზეთის რევოლუცია 2005 წელს. ბელარუსსა (2010) და სომხეთში (2008) ანტისამთავრობო გამოსვლები, რომლის ჩასახშობად კრემლი უკვე აქტიურად მონაწილეობს, რადგან წარმატებული ტენდენცია სადღაც უნდა შეჩერდეს.

ამის შეჩერება და „მშვიდობის“ აღდგენა კრემლმა ორი გზით სცადა:  1) ფერადი რევოლუციებით მოსული „ურჩი“ და განსხვავებული რეჟიმების მიმართ სადამსჯელო პოლიტიკის გატარებით და 2) ,,მორჩილი“ რეჟიმების სტაბილიზაციის ხელშეწყობით.

1) „ურჩების“ დასჯა სამაგალითო უნდა ყოფილიყო, რადგან სხვებისთვის მისაბაძი არ გამხდარიყო. მშვიდობიანი რევოლუციით მოსული ლიდერების მიერ ქვეყნის წარმატებული გარდაქმნა ხომ ისევ ვირუსივით მოედებოდა რეგიონს და კრემლის დამყარებული „მშვიდობა“ კვლავ საფრთხეში ჩავარდებოდა. შემდეგ კი პუტინის რიგიც დადგებოდა. ამიტომ კრემლი შეუდგა „ავტოკრატიული მშვიდობის რეექსპორტს“  და ამ მიზნით აწყობდა დესტაბილიზაციას საქართველოსა და უკრაინაში სეპარატიზმის დაფინანსებით და მართვით, ასევე ენერგო და ეკონომიკური ომებით, ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებით და არჩევნებში ჩარევით და თუ მაინც არ იყო საკმარისი „ურჩი“ რეჟიმის ჩამოსაგდებად, ბოლო ნაბიჯი პირდაპირ სამხედრო ინტერვენცია რჩებოდა. პუტინი ფიქრობდა, რომ ომი უკვე დასუსტებულ „ურჩ“ რეჟიმებს მმართველობას ჩამოაცილებდა. შემდეგ კი კვლავ დამყარდება „ავტოკრატიული მშვიდობა“. 2008 წელს საქართველოში და 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრა სწორედ „ავტოკრატიული მშვიდობის“ დამყარებას ისახავდა მიზნად. ამ ომების გაცხადებული მიზნები პროევროპელი მმართველების ჩამოგდება იყო.

2) „მორჩილი“ რეჟიმების სტაბილიზაციაში დახმარება, რუსეთის ბაზრის გახსნის გარდა, პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერასაც გულისხმობს. სტაბილიზაცია, რა თქმა უნდა, დროებითია და კრემლის სტრატეგიულ ინტერესს ემსახურებოდა. მაგალითად, სომხეთში სარქისიანის რეჟიმის სტაბილიზაცია დასრულდა მაშინ, როცა ამ უკანასკნელს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა სურდა. 2013 წელს კრემლმა მიანიშნა სომხეთს, რომ მთიან ყარაბაღში ომი განახლდებოდა, ასევე დაემუქრა  ბუნებრივი აირის ფასის გაზრდით, ეკონომიური ემბარგოს და  ემიგრანტების დეპორტაციით, რამაც საბოლოო ჯამში ეფექტურად იმუშავა. სომხეთს ეს ხომ საქართველოში უკვე ნანახი ჰქონდა 2006-2008 წლებში, რომელიც ჯერ ომით და შემდეგ რეჟიმის ცვლილებით დამთავრდა (2012 წელს). ამიტომ სარქისიანი მორჩილად შევიდა რუსეთის დაარსებულ „ევრაზიულ კავშირში.“  2021 წელს კი დასავლეთისგან სრულად იზოლირებული სომხეთი ამაოდ ელოდა აზერბაიჯანთან ომში  რუსეთის დახმარებას.

ამრიგად, კრემლისთვის ,,მშვიდობა“ არის მაშინ თუ მეზობლად „ურჩი“ რეჟიმი ჩამოცილებულია და მისი ,,მორჩილი“ რეჟიმია შენარჩუნებული.  რადგან მხოლოდ ,,მორჩილი“ რეჟიმის პირობებში კრემლი ანხორციელებს მასზე სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კონტროლს. რეგიონში  ევროკავშირის პოლიტიკურ და ფინანსურ ჩართულობას, რომლის მიზანია ამ ქვეყნების გაძლიერება, კრემლი აღიქვამს ამ კონტროლის შესუსტებისკენ მიმართულ ქმედებად. ვინაიდან მეზობელ ქვეყნებში, პროევროპული ძლიერი ხელისუფლების პირობებში, შეუძლებელი იქნება  საგარეო და საშინაო პოლიტიკაში კრემლის ინტერესების სასარგებლო კონტროლის განხორციელება, ამიტომ ებრძვის კრემლი პროევროპულ მმართველებს რეგიონში.

„ავტოკრატიული მშვიდობის“ პერსპექტივა პოსტსაბჭოთა სივრცეში

ავტოკრატიული მშვიდობა თუ დემოკრატიული მშვიდობა?

ყველაზე დიდი ძალისხმევა, რესურსი და დრო კრემლმა „ავტოკრატიული მშვიდობის“ ხელახლა აღსადგენად საქართველოსა და უკრაინაში მიმართა. აგერ, ყაზახეთში ანტისამთავრობო გამოსვლების ჩასახშობად 2022 წლის იანვარში რუსული 1-კვირიანი სამხედრო ინტერვენცია „კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის“ ეგიდით საკმარისი აღმოჩნდა პუტინისთვის მისაღები „სტაბილიზაციის“ დასაბრუნებლად.

საქართველოში მას შემდეგ, რაც ფერადი რევოლუციით მოსული „ურჩი“ რეჟიმი პუტინისთვის თანამოაზრე და ,,მორჩილი“ რეჟიმით ჩანაცვლდა, კრემლი ნაცნობ სადამსჯელო პოლიტიკას აღარ ატარებს. იმიტომ, რომ ახალი ხელისუფლება, მიუხედავად ვერბალურად გაცხადებული პროევროპული ინტეგრაციისა, ქმედებებით  სულ უფრო მიემსგავსა პუტინის ავტოკრატიული მმართველობის სტილს. ამას მოწმობს „ფრიდომ ჰაუსის“ 2021 წლის ანგარიშიც, სადაც საქართველოში შეუსრულებელ დემოკრატიულ ვალდებულებებსა და დემოკრატიულ უკუსვლაზეა საუბარი. ამიტომ ქვეყანაში დღეს დამყარებული „მშვიდობა“ პუტინის ავტოკრატიული რეჟიმისთვის ხელსაყრელია, რადგან ის აღარ არის მისგან პოლიტიკურად განსხვავებული.

რომელი „მშვიდობა“ გაიმარჯვებს სრულად რეგიონში, ავტოკრატიული თუ დემოკრატიული, ამის ბედი ახლა უკრაინაში წყდება.  თუმცა უკრაინაში პუტინის ომის დამანგრეველი ზიანი, რაც ადგება ინფრასტრუქტურას და სახელმწიფო ინსტიტუტებს, შეცვლის ევროკავშირის ომისშემდგომ ძალისხმევას, რადგან ის, დემოკრატიის მოთხოვნის გაძლიერების ნაცვლად, რომელიც რეფორმებისთვის  ძლიერ ინსტიტუტებს საჭიროებს, მიემართება ამ ინსტიტუტების შენარჩუნების, ინფრასტრუქტურული მშენებლობისა და ასევე არსებული ნაკლებდემოკრატიული მმართველობის სტილის სტაბილიზაციისკენ.