www.gfsis.org
PRINT

2010 ნოემბერი

მადლენა მაჭარაშვილი. ქართული დასაქმების ბაზრის შუქ-ჩრდილები

     საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე ბოლო 5 წელიწადში 3%-ზე მეტით გაიზარდა. უმუშევრობის  შესახებ 2010 წლის კვარტალური მონაცემები ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა. ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე კი ამბობს, რომ  ქვეყანაში უმუშევრობის დონემ 17%-ს მიაღწია, სამუშაოს ძიებაზე ხელჩაქნეულთა რიცხვმა  კი 2%-ს გადააჭარბა. ეს მაჩვენებლები  დასაქმების ბაზრაზე არსებულ სერიოზულ პრობლემებზე მიანიშნებს.

უმუშევრობა იზრდება

     დღეს საქართველოში დასაქმების პრობლემა, შეიძლება ითქვას, ისეთივე აქტუალურია, როგორც  ქვეყნის დამოუკიდებლობის ადრეულ ეტაპზე იყო. უმუშევრობა რომ საქართველოს უმთავრესი სოციალურ პრობლემაა, ამის ნათელი დადასტურებაა საქართველოში ჩატარებული უკანასკნელი წინასაარჩევნო კამპანიაც. 2010 წლის მაისის თვითმმართველობის არჩევნების წინ ყველა პოლიტიკური ძალისა თუ საარჩევნო კანდიდატის პროგრამაში პრიორიტეტული სწორედ დასაქმება იყო.
დასაქმება ის ეკონომიკური კატეგორიაა, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერესა თუ სისუსტეს. საქართველოში არსებული უმუშევრობის დონე კი სწორედ ამ უკანასკნელზე მიანიშნებს.
     უმუშევრობა პრობლემა მხოლოდ  საქართველოში არ არის,  საქართველოს პრობლემა ის არის, რომ უმუშევრობის მასშტაბებით ჩვენი ქვეყანა  ბევრი ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებლებს აღემატება. უმუშევრობის დონე საქართველოში დაახლოებით 17%-ია,  ევროკავშირში კი უმუშევრობის საშუალო  დონე 10%-მდეა. ჰოლანდიაში ეს მაჩვენებელი 4,4%-ით განისაზღვრება. ევროკავშირის 27 ქვეყნიდან საქართველოზე მაღალი უმუშევრობის დონე არის ესპანეთში - 20% და ბალტიისპირეთის ქვეყნებში  -17.8%.
     სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს დასაქმების შესახებ ბოლო მონაცემები ჯერ სრულად არ გამოუქვეყნებია.  2010 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რიცხვი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით  7%-ით  შემცირდა. მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმება პირველ კვარტალთან შედარებით  გაიზარდა, თუმცა ეს ნიშნული 2009 წლის წლიურ მაჩვენებელთან შედარებით მაინც ნაკლებია. ბიზნესსექტორში უმუშევრობის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაუარესდა. 2009 წელთან შედარებით საშუალოდ 6%-ით შემცირდა  საშუალო საწარმოებში დასაქმებულთა რიცხვი. მსხვილ და მცირე საწარმოებში დასაქმებულთა მონაცემისგან განსხვავებით, საშუალო საწარმოებში დასაქმებულთა მაჩვენებელი კლებადი ტენდენციით ხასიათდება.
საქართველოში დასაქმებულთა 63% თვითდასაქმებულია, 37% - დაქირავებით დასაქმებული. თვითდასაქმებულთა 4/5 სოფლის მეურნეობის სექტორზე მოდის, სადაც შრომის მწარმოებლურობა  ეკონომიკის სხვა დარგებთან შედარებით დაახლოებით 5-ჯერ დაბალია.  2003 წლის შემდეგ  სოფლის მეურნეობაში წარმოება 15%-ით შემცირდა,  ეკონომიკის დანარჩენ დარგებში კი საშუალოდ  40 %-ით გაიზარდა.
          ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ კაპანაძე აცხადებს, რომ დასაქმების ბაზარზე დიდ გავლენას ახდენს ფასეულობათა გადაფასება. საქართველოში ბევრი პროფესია სწორედ ფასეულობათა გადაფასების მსხვერპლი გახდა.
     „საქართველო საბჭოთა პერიოდში იყო დიდი სახელმწიფოს ნაწილი და მისი მოქალაქე  22,4 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე გადაადგილდებოდა საკუთარი პასპორტით. საქართველოში ძლიერი მათემატიკური სკოლა გენეტიკური ნიჭის გარდა განპირობებული იყო იმითაც, რომ ეს ნიჭი იყო მოთხოვნადი ამ სივრცეში. დღეს საქართველო მოსახლეობის ერთ სულზე ეკონომისტებისა და იურისტების განაწილების მხრივ, მსოფლიოში მოწინავე ადგილზეა. პრაქტიკული მწარმოებლური სპეციალობები კი ნაკლებად მოთხოვნადია.“
      რამდენად დიდია  დასაქმების ბაზარზე  ფასეულობათა გადაფასების მსხვერპლთა რიცხვი და რომელი პროფესიებია დღეს ლიკვიდური? ამ კითხვებზე პასუხი იმ მარტივი მიზეზის გამო არ არსებობს, რომ შესაბამისი კვლევა საქართველოში არავის ჩაუტარებია.
     „განათლების ლიკვიდურობის დეტალური შესწავლა შრომის ბაზრის პროგნოზირების შესაძლებლობას იძლევა. ამ გზით შეიძლება გაარკვიო, რომელი პროფესიები გჭირდება, რა არის მოთხოვნადი და რა შეიძლება დასჭირდეს შენს ეკონომიკას მომავალში. ეს მონაცემები კი გათვალისწინებული უნდა იყოს  ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში. მეეჭვება, ასეთი კვლევა ვინმემ დააფინანსოს. არადა, ეს ფასდაუდებელი განძი იქნება დასაქმების პროგნოზირებისთვის. ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავებისთვის, განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიისთვის,“- აცხადებს ნოდარ კაპანაძე.

დასაქმების სტატისტიკა - ცუდი და უფრო ცუდი ციფრები

     საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სამუშაო ძალის სტატისტიკას ყოველკვარტალურად აქვეყნებს: ამ მიზნით  6,700 შინამეურნეობის 15 წლის და უფროსი ასაკის წევრებს გამოჰკითხავს. ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე,  გაეროს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ზედა ასაკობრივი ზღვარი არ არის დაწესებული, რადგან საპენსიო ასაკის მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობა საკმაოდ მაღალია.
      საპენსიო ასაკის მოსახლეობის მიერ სამუშაოს ძებნა კი იმ მარტივი მიზეზით აიხსნება, რომ  საქართველოში პენსიის ოდენობა საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი, ოქტომბრის თვის მონაცემებით, 128,9 ლარია. პენსიის ოდენობა კი, საშუალოდ, 85 ლარია.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმების მიხედვით, დასაქმებულად მიიჩნევა ყველა, ვინც გამოკვლევის წინა 7 დღის განმავლობაში თუნდაც 1 საათით  იყო დაკავებული ფულადი ან ნატურალური ანაზღაურების მისაღებად. ამავე ორგანიზაციის კრიტერიუმებით, უმუშევრად მიიჩნევიან ისინი, ვინც გამოკითხვის წინა 7 დღის პერიოდში 1 საათითაც არ მუშაობდა, თუმცა  აქტიურად ეძებდა სამუშაოს. ვინც არ მუშაობს და არც ეძებს სამუშაოს, უმუშევრად არ მიიჩნევა.
ცალკე კატეგორიაა  ფრიქციული, ანუ ფარული უმუშევრობა - როდესაც ადამიანი არასრული სამუშაო დროით არის დასაქმებული ან დასაქმებულია და აქტიურად ეძებს სამუშაოს.
     ნოდარ კაპანაძე  „ფარულ უმუშევრობას“ ასეთი მაგალითით განმარტავს: „როცა  პროფესორი მწვანილს ჰყიდის, ის არის დასაქმებული, მაგრამ ეძებს თავისი განათლების ცენზის შესაბამის სამსახურს, მაგრამ თუ ეს პროფესორი არის მარქსიზმ-ლენინიზმის სპეციალისტი, ის განათლების ცენზის შესაბამის სამსახურს ვერ იშოვის. ხოლო თუ კვალიფიციური ინჟინერია და დღეს მუშაობს ტაქსისტად, აქვს ამის შანსი“.
     სტატისტიკის მონაცემები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმებით  დგინდება, მაგრამ ეს უმუშევრობის კვლევის მხოლოდ პირველი საფეხურის მონაცემებია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დადგენილი უმუშევრობის გამოვლენის კრიტერიუმი მყისიერად არ რეაგირებს მცირედ რყევებზე.  დასაქმებულად მიიჩნევა ყველა, ვინც ერთი საათი მაინც იმუშავა კვლევის ჩატარების წინა კვირაში, თუნდაც მიწაზე, თოხით.
      „უმუშევრობის უფრო ზუსტი მაჩვენებლის დასადგენად ბევრი ფაქტორია მნიშვნელოვანი.  მაღალკვალიფიციური შეფასებისთვის საჭიროა კვლევის მეორე, მესამე და მეოთხე საფეხურების გავლა და ირიბი შეფასებების გაკეთება, ამისთვის კი გაცილებით რთული კითხვარია საჭირო,“ - აცხადებს ნოდარ კაპანაძე.
     შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია სტატისტიკის სამსახურებს უმუშევრობის დონის დაწვრილებით გამოკვლევასაც ავალებს. თუმცა საქართველოში მხოლოდ ზოგადი გამოკვლევის მონაცემები ქვეყნდება. „სტატისტიკის დეპარტამენტი მოქმედებს პრინციპით: ცუდი ამბის მომტანს სახლში ჩხირი არ მიაქვს. ცდილობს, ცუდი ინფორმაცია არ გაავრცელოს,“-ამბობს ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე.

ეკონომიკური ზრდა ყოველთვის არ ნიშნავს დასაქმების ზრდას

     სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2010 წლის I კვარტალში, საქართველოს მთლიანი შიგა პროდუქტის რეალური ზრდა 4,5%-ს უტოლდება. 2010 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდ დარგებს შორისაა დამამუშავებელი მრეწველობა, რომლის რეალური ზრდის მაჩვენებელი 24,4%-ს შეადგენს, სატრანსპორტო მომსახურება – 15,1%, სამთომოპოვებითი მრეწველობა – 12%, ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი სარგებლობის საგნების რემონტი – 11,7%, სასტუმროები და რესტორნები – 11%, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა – 10,6%, სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა – 10,2% და ა.შ.
     ამ მონაცემების მიუხედავად, ქვეყანაში უმუშევრობის დონე კვლავ მაღალია, ეს  მნიშვნელოვანწილად არის განპირობებული  მწარმოებლურობის დაბალი დონით, მუშახელის ძირითადად დაბალშემოსავლიანი სოფლის მეურნეობის სექტორში განაწილებითა და თვითდასაქმების მაღალი პროცენტული მაჩვენებლით.  
     „დარგები, რომლებშიც დასაქმების მოცულობა დიდია, ნაკლებად ვითარდება. განვითარების პროცესს ერთი მაგიური ციფრი ვერ დაახასიათებს, მით უმეტეს, როცა საქმე გვაქვს საზოგადოების, სახელმწიფოს განვითარების პროცესთან.
     მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდაზე სარკოზის მთავრობის ერთმა მაღალჩინოსანმა  თქვა კარგად: წარმოიდგინეთ, რომ პარიზში არის 6-კილომეტრიანი სიგრძის საცობი, ათიათასობით მანქანა დგას ჩართული ძრავებით, მთლიანი შიგა პროდუქტი იზრდება, რადგან საწვავის მოხმარება იზრდება, მაგრამ საცობში მყოფთაგან არავინ არის ბედნიერი.  ასეა საქართველოშიც, მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდა პირდაპირ არ აისახება დასაქმების ზრდაზე,“ - ამბობს ნოდარ კაპანაძე.
     ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია იმ დაამტებულ ღირებულებაზე, რომელიც იქმნება ამა თუ იმ დარგში.  სტატისტიკური მონაცემებით კი, საქართველოში ეკონომიკური ზრდის 80%  იმ დარგებზე მოდის, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 20%-ს არ აღემატება. ეკონომიკური ზრდა არ შეინიშნება სოფლის მეურნეობის სექტორში, დასაქმებულთა დიდი ნაწილი კი, სწორედ ამ დარგშია.
ევროკავშირში სამეწარმეო სექტორში მთლიანი შიგა პროდუქტის 60-65%-ს მცირე ბიზნესი ქმნის, 35-40%-ს - მსხვილი ბიზნესი. საქართველოში კი პირიქით არის: 2003 წელს საშუალო და მცირე ბიზნესზე ბიზნესსექტორში შექმნილი მთლიანი შიგა პროდუქტის  24% მოდიოდა,  დღეს  ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირეა და 15%-ს შეადგენს. მსხვილი ბიზნესის წილი კი ბიზნესსექტორში შექმნილი მთლიანი შიგა პროდუქტის  85%-ს შეადგენს.
     „დასაქმების ზრდას მსხვილ ბიზნესზე მეტად ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება უწყობს. თუ არის, მაგალითად, ერთი მილიონი ლარის ინვესტიციის შესაძლებლობა, ამ თანხის წვრილ და საშუალო ბიზნესში ინვესტირება  უფრო მეტ სამუშაო ადგილს ქმნის, ვიდრე მისი მსხვილ ბიზნესში ინვესტირება. სოფლის მეურნეობის სექტორში ბოლო 4 წლის განმავლობაში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 40-45 მილიონ აშშ დოლარს არ აღემატება  მაშინ, როცა ინვესტიციები უძრავი ქონების შეძენაში 15-ჯერ მაღალია,“- აცხადებს იოსებ არჩვაძე.
     საქართველოში დღეს არსებობს როგორც სამუშაოს დაკარგვის დიდი ალბათობა, ისე ახალი სამუშაო ადგილის შოვნის დაბალი პერსპექტივა, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ქართულ შრომის ბაზარზე.  გრძელვადიანი უმუშევრობა კი ყველაზე სახიფათო მოვლენაა ქვეყნისათვის, ხანგრძლივი უმუშევრობის შედეგად ადამიანები კარგავენ კვალიფიკაციას და მათთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება ინფორმაცია სამუშაო ადგილების შესახებ. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს სიღარიბის ზრდასა და სოციალურ იზოლაციას. ამ „საფრთხის“ ნიშნები კი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ციფრებშიც იკითხება: 2004 წლიდან 2009 წლამდე ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაო ძალა, საშუალოდ, 2%-ით შემცირდა.

დასაქმება რომ გაიზარდოს...

როგორ შეიძლება გაიზარდოს საქართველოში დასაქმება? იოსებ არჩვაძე ფიქრობს, რომ საქართველოში დასაქმების პრობლემის მოგვარება იმ დარგების ხელშეწყობით უნდა დაიწყოს, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი დასაქმებულია. ასეთი დარგი კი საქართველოში სოფლის მეურნეობაა.
„მეტი დახმარება სჭირდება სოფლის მეურნეობას  - სუბსიდიებით, შეღავათიანი კრედიტებით, გადასახადებისგან გათავისუფლების გზით... სოფლის მეურნეობაში უნდა არსებობდეს სადაზღვევო სისტემა, ფონდები, რომლებიც უამინდობის ან რიგი გაუთვალისწინებელი პრობლემების გამო ნაკლებად დაზარალდნენ.
     არსებობს ერთი უნივერსალური მეთოდი, რომლის თანახმადაც, ნორმალურ სახელმწიფოში სოფლის მეურნეობაზე სახელმწიფო ხარჯების წილი არ უნდა იყოს იმ პროცენტის ნახევარზე ნაკლები, რამდენსაც ეს დარგი ქმნის ქვეყნის მთლიან  შიგა პროდუქტში. ანუ თუ საქართველოში სოფლის მეურნეობა ქმნის მთლიანი შიგა პროდუქტის 10%-ს, მაშინ სოფლის მეურნეობაზე უნდა იხარჯებოდეს ბიუჯეტის 5 % მაინც. ჩვენთან ეს მაჩვენებელი მხოლოდ ერთ-ნახევარი პროცენტის ფარგლებშია,“- ამბობს იოსებ არჩვაძე.
     დასაქმების მაჩვენებელზე დადებით გავლენას იქონიებს კერძო სექტორში დასაქმებულთა რიცხვის ზრდა, რასაც, თავის მხრივ, საშუალო და მცირე საწარმოების განვითარება უწყობს ხელს.
დღეს კი საქართველოში სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმებულების რიცხვი თითქმის თანაბარია. კერძო საწარმოების განვითარება კი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სახელმწიფოს პოლიტიკაზე.
     „ბიზნესს მეტი შეღავათები უნდა ჰქონდეს. ამერიკაში უყვართ გამოთქმა: ამერიკის ეკონომიკა ვითარდება ღამით, როდესაც მთავრობას სძინავს. თუ ამ კრიტერიუმით მივუდგებით ჩვენს ბიზნესს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქრონიკული უძილობა სჭირს.
     ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობა დღევანდელი კვერცხისა და  ხვალინდელი ქათმის თემას ჰგავს. დღევანდელი ბიუჯეტის ფორმირებისთვის ამა თუ იმ ბიზნესის წარმომადგენლის მიმართ ხშირად  რეპრესიული ზომები გამოიყენება,  რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ ეს ბიზნესი შეიძლება ბიზნესსექტორიდან გაქრეს და თუ დარჩა, იქნება ნაკლებად კონკურენტუნარიანი, ეს კი, თავის მხრივ, გავლენას იქონიებს სამუშაო ადგილების შემცირებაზე,“- ამბობს იოსებ არჩვაძე.