GFSIS http://gfsis.org/ge Georgian Foundation For Strategic and International Studies - events. დისკუსია „საქართველოს შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირისაკენ“ http://gfsis.org/ge/events/view/711 2017 წლის 23 მაისს რონდელის ფონდის პრეზიდენტმა ეკატერინე მეტრეველმა და ამავე ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში - „საქართველოს შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირისაკენ". შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. Tue, 23 May 2017 0:00:00 GMT თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში http://gfsis.org/ge/events/view/709 ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი - აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი თურქეთი საქართველოსთვის მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა. იგი ჩვენს უშუალო სამეზობლოში ნატოს ერთადერთი წევრი სახელმწიფოა, რომელიც ამავე დროს წლების განმავლობაში საქართველოსთვის უმთავრესი სავაჭრო პარტნიორიცაა. გარდა იმისა, რომ ათასობით ჩვენი მოქალაქე მუშაობს თურქეთში, ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან უამრავი სატრანსპორტო თუ ენერგეტიკული პროექტიც აკავშირებს. საქართველოსთვის თურქეთი ევროპასთან დამაკავშირებელი ხიდიცაა. ჩვენს სახმელეთო მეზობლებში მხოლოდ თურქეთს აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამდენად, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თურქეთსა და მის გარშემო განვითარებული მოვლენები. შიდაპოლიტიკური სიტუაცია თურქეთს ათათურქის შემდეგ არ ჰყოლია რეჯეფ თაიფ ერდოღანის მსგავსი ქარიზმატული ლიდერი, რომელიც თითქმის 15 წელია მართავს ქვეყანას. მის მიერ ინიცირებული ინსტიტუციური ცვლილებებიც უმნიშვნელოვანესია თურქეთისთვის. ძირეულ ცვლილებებთან მიმართებაში 2017 წლის 16 აპრილი თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე მნიშვნელოვან თარიღად თურქეთის ისტორიაში რესპუბლიკის გამოცხადების (1923 წ.) შემდეგ. ამ დღეს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, არსებითი ცვლილებები შედის ქვეყნის კონსტიტუციის 18 მუხლში, რომელთა ნაწილი უკვე შევიდა ძალაში, ნაწილი კი 2019 წელს ამოქმედდება. თურქი ამომრჩევლების 51,4%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს საპრეზიდენტო უფლებამოსილების მკვეთრ გაზრდას, მათ შორის პრემიერ-მინისტრის პოსტის გაუქმებას. ამასთან, რეფერენდუმის შედეგებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა პოლიტიკური ოპოზიციის სისუსტე და არაორგანიზებულობა. თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ცვლილებების განხორციელება აუცილებელი იყო ქვეყნის წინაშე მდგარი უსაფრთხოების პრობლემებთან და გამოწვევებთან გამკლავების მიზნით. ბოლო პერიოდში ანკარას მართლაც უწევს რამდენიმე ფრონტზე ბრძოლა: 2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას, მხოლოდ 1 ღამეში დაიღუპა 248 და დაშავდა 2200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. მართალია, ხელისუფლებამ ქუჩაში გამოსული ხალხის დახმარებით მალევე შეძლო გადატრიალების მცდელობის ალაგმვა, მაგრამ იარების მოშუშება და საფრთხეების ბოლომდე აღმოფხვრა ადვილი არ აღმოჩნდა. თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მცდელობაში მმართველი AKP-ს („სამართლიანობისა და აღორძინების პარტია") ყოფილ მოკავშირეს, ამჟამად აშშ-ში მცხოვრებ ისლამისტ სასულიერო ლიდერ ფეთულა გულენსა და მის მიმდევრებს ადანაშაულებს. თუმცა ეს უკანასკნელნი გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში საკუთარ მონაწილეობას უარყოფენ და საჯაროდ დაგმეს კიდეც იგი, მაგრამ თურქეთის შესაბამისმა ორგანოებმა საქმე მაინც აღძრეს და მათ ოფიციალურადაც წაუყენეს ბრალი. 2016 წლის 15 ივლისის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც დღემდე მოქმედებს. პარალელურად, გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისა და FETÖ-ს (ფეთულა გულენის ტერორისტული ორგანიზაცია) წევრობის ბრალდებით თურქეთში დააპატიმრეს ათიათასობით მოქალაქე. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ქვეყანა იმართება სპეციალური დეკრეტებით, რომელთაც კანონის ძალა აქვთ. აღნიშნული დეკრეტების შესაბამისად, დაიხურა FETÖ-ს კუთვნილი სხვადასხვა მედიასაშუალება (ტელევიზიები, ჟურნალ-გაზეთები და რადიოები), კომერციული ორგანიზაციები, მოხდა ქონების კონფისკაცია, სამსახურიდან გაათავისუფლეს ათიათასობით სახელმწიფო მოსამსახურე. მოსალოდნელია, რომ ე.წ. „წმენდები" მომავალშიც გაგრძელდება. შიდა პრობლემებს ამძაფრებს თურქეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში 2015 წლის ზაფხულში განახლებული შეტაკებები თურქეთის უსაფრთხოების ძალებსა და PKK-ს („ქურთისტანის მუშათა პარტია", რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული) შორის, რასაც ასევე მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოჰყვა. PKK და მასთან აფილირებული TAK („ქურთისტანის თავისუფლების შევარდნები") დროდადრო საპასუხო დარტყმებს აყენებენ თურქეთის დიდ ქალაქებს - აწყობენ აფეთქებებს, რომელთაც თურქი სამხედროების გარდა სამოქალაქო პირების სიცოცხლეც ეწირება. თურქეთის სხვადასხვა ქალაქში ტერორისტულ აქტებს ახორციელებს „დაეშიც" (იგივე ISIS), რომლის რიგებშიც სხვა ეროვნებებთან ერთად, წარმოდგენილი არიან თურქეთის მოქალაქეებიც. ძირითადად, მათი პირდაპირი სამიზნე რადიკალური მემარცხენე ორგანიზაციები, პროქურთული ძალები და ტურისტები არიან. პარალელურად, თურქეთს უწევს გაუმკლავდეს 3,5 მილიონი ლტოლვილის (რომელთა უმეტესობა სირიელია) მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს - ანკარა უზრუნველყოფს მათ ჯანდაცვას, საცხოვრებელს, საკვებსა და განათლებას. ამას ემატება თურქეთის ეკონომიკის წინაშე არსებული პრობლემები: დასავლელი ინვესტორების ნაწილი ტოვებს ქვეყანას, აპრილის თვეში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 11,9%-მდე გაიზარდა ინფლაცია, 15,8%-ით მოიმატა სავაჭრო დეფიციტმა, უმუშევრობის დონე 13%-მდე გაიზარდა და თურქული ლირა დევალვაციას განიცდის. საგარეო პოლიტიკა როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, თურქეთშიც ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხები. ბოლო წლებში ანკარის უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური პრობლემა სირიაში განვითარებული მოვლენებია. თურქეთი საკუთარი უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევად სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ჩამოყალიბების შესაძლებლობას მიიჩნევს და ყველანაირად ცდილობს, წინ აღუდგეს ასეთ პერსპექტივას. იგი ამ მიზნით არ ერიდება არც დიპლომატიურ და არც პირდაპირ სამხედრო ჩარევას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თურქეთს წლების განმავლობაში უშუალოდ ესაზღვრებოდა „დაეშის" მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები ჩრდილოეთ სირიაში, რაც უამრავ პრობლემას ქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. პარალელურად, ანკარა ჩრდილოეთ სირიაში მოქმედ YPG-ს (პროქურთული „ხალხთა დაცვის ნაწილები") მიიჩნევს PKK-ის გაგრძელებად. სწორედ თურქეთის საზღვრიდან „დაეშის" მოსაშორებლად და YPG-ის მიერ კონტროლირებადი კანტონების გაერთიანების აღმოსაფხვრელად 2016 წლის 24 აგვისტოს ანკარამ მის მიერვე მხარდაჭერილ FSA-სთან („თავისუფალი სირიის არმია") ერთად წამოიწყო სამხედრო ოპერაცია „ევფრატის ფარი". ოპერაციის შედეგად 2 ათას კვ.კმ-ზე მეტი ტერიტორია დაიკავეს. იგი 7 თვეში დასრულდა და, საერთო ჯამში, საკუთარი მისია შეასრულა. საყურადღებო ფაქტია, რომ ანკარის მიერ 25 აპრილს ჩრდილოეთ სირიაში YPG-ის პოზიციების დაბომბვის შემდეგ, აფრინის პროვინციაში ამ უკანასკნელთა დასაცავად გამოჩნდნენ რუსული, ხოლო ქამიშლი-ქობანის ხაზზე - ამერიკელი სამხედროები. როგორც ჩანს, მოსკოვი და ვაშინგტონი უკვე ღიად ცდილობენ ანკარისთვის მოქმედების არეალის შეზღუდვას. თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობაში აქტუალურია ორი მთავარი საკითხი, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავს ორმხრივი თანამშრომლობის მომავალს. ანკარა ვაშინგტონისგან კვლავ მოითხოვს პენსილვანიაში მცხოვრები ფეთულა გულენის თურქეთში ექსტრადიციას და YPG-ისთვის დახმარების შეწყვეტას. ანკარა-ვაშინგტონის ურთიერთობის უარყოფითად განვითარების შემთხვევაში გამორიცხული არ არის დღის წესრიგში დადგეს თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთადერთი ამერიკული სამხედრო ბაზის (ინჯირლიქის საჰაერო ბაზა) ფუნქციონირების საკითხი. თუმცა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თურქეთის როლი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთში არავინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ანკარის ნატოში წევრობის საკითხს. კვლავ არსებობს განსხვავებული პოზიციები ანკარასა და მოსკოვს შორის რეგიონული უსაფრთხოების საკითხების თაობაზე, რის გამოც დროდადრო წარმოიშობა მთელი რიგი პრობლემებისა. უახლოეს ხანში ძნელი წარმოსადგენია ასეთი უთანხმოებების აღმოფხვრა. სწორედ ამიტომ, მოსკოვი არ ჩქარობს საკუთარი ავიაგამანადგურებლის ჩამოგდების შემდეგ თურქეთისთვის დაწესებული ყველა სანქციის მოხსნას. ამ ეტაპისთვის თურქეთის მოქალაქეებს კვლავ ესაჭიროებათ ვიზა რუსეთში შესასვლელად. ასევე მოქმედებს შეზღუდვები თურქეთში წარმოებული სოფლის მეურნეობის გარკვეული პროდუქციის იმპორტზე. თურქეთის საგარეო პოლიტიკაში ერთ-ერთ მტკივნეულ თემად რჩება ევროპასთან ურთიერთობა. ევროპული ქვეყნები და ევროპული ინსტიტუციები მკაცრად აკრიტიკებენ ანკარას ისეთ საკითხებში, როგორებიცაა - ადამიანის უფლებები, დემოკრატია, მედიის თავისუფლება და უმცირესობების უფლებები. აღნიშნულის გამო, ამ ეტაპზე ფაქტიურად გაყინულია თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე წლების წინ დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი. ჯერჯერობით გადაუჭრელი რჩება კვიპროსის პრობლემაც. საპასუხოდ ანკარა ევროპას ტენდენციურობასა და მიკერძოებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხალხი საკუთარ აზრს არჩევნებსა და რეფერენდუმზე გამოხატავს, ეს კი დემოკრატიულობის ნიშანია. რაც შეეხება ე.წ. „წმენდებს", ანკარა განმარტავს, რომ მათი განხორციელება აუცილებელი გახდა ქვეყნის უსაფრთხოების მოთხოვნილებიდან გამომდინარე. თურქეთსა და ევროპას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 16 აპრილს ჩატარებულ რეფერენდუმს ევროპულ ნორმებთან შეუსაბამო უწოდა. პარალელურად, PACE-მ (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა) თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე მონიტორინგი დააწესა. საპასუხოდ, პრეზიდენტი ერდოღანი ლაპარაკობს კიდევ ერთი რეფერენდუმის შესაძლო ჩატარების შესახებ, რომლის დროსაც თურქ ხალხს შეეკითხება, სურს თუ არა ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენა და უჭერს თუ არა მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას. სავარაუდოდ, ასეთი რეფერენდუმის ჩატარება კიდევ უფრო დააშორებს ანკარას ევროპისგან. როგორც დავინახეთ, თურქეთი, უსაფრთხოების თვალსაზრისით, უამრავი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას. იმაზე, თუ როგორ შეძლებს ანკარა მათთან გამკლავებას, ბევრადაა დამოკიდებული როგორც თურქეთის მომავალი, ისე დიდწილად მისი სამეზობლოს უსაფრთხოება. ნებისმიერი სახის გართულება და არასტაბილურობა საქართველოს საზღვრების სიახლოვეს უარყოფით გავლენას მოახდენს როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ისე საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკაზე. ამდენად, საქართველოს ინტერესებშია სტაბილური, დემოკრატიული და წარმატებული თურქეთის ყოლა ახლო სამეზობლოში. Mon, 22 May 2017 0:00:00 GMT პოლიტიკის დოკუმენტების საჯარო განხილვა http://gfsis.org/ge/events/view/708 2017 წლის 16, 17 და 18 მაისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) სასწავლო პროგრამის -,,საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში" - ფარგლებში გაიმართა მონაწილეების დაწერილი პოლიტიკის დოკუმენტების საჯარო განხილვა. ღონისძიებაზე სასწავლო პროგრამის მონაწილეებმა წარმოადგინეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სხვადასხვა საკითხებზე შემუშავებული საჯარო პოლიტიკის დოკუმენტები. პოლიტიკის დოკუმენტები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა „რუსეთის ანტიქართული პროპაგანდის განეიტრალება", „ქალთა როლის გაძლიერება შინაგან საქმეთა სამინისტროში", „სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობა", „მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა" და სხვა. პროგრამა ,,საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში" მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს მთავრობას მართვის სფეროში არსებული პრობლემების დაძლევაში. პროექტი ითვალისწინებს საშუალო რგოლის საჯარო მოხელეთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვას პოლიტიკის შემუშავებისა და მოლაპარაკების წარმართვის ტექნიკის დასახვეწ პრაქტიკულ მეცადინეობებში. პროგრამას აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ახორციელებს რონდელის ფონდი ესტონეთის დიპლომატიის სკოლასთან პარტნიორობით (EDK). Thu, 18 May 2017 0:00:00 GMT საერთაშორისო კონფერენცია -"საქართველო დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პირისპირ: პერსპექტივები და გამოწვევები" http://gfsis.org/ge/events/view/707 2017 წლის 16 მაისს რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი მოხსენებითი სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო კონფერენციაზე - "საქართველო დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პირისპირ: პერსპექტივები და გამოწვევები". კონფერენციის სტუმრებმა სამეცნიერო, სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს საქართველოში დემოკრატიზაციის იმ გამოწვევებზე, რომლებიც დემოკრატიული განვითარებისა და ევროპეიზაციის გზაზე გვხვდება. საერთაშორისო კონფერენცია 3 პანელისგან შედგებოდა: • პარტიული პოლიტიკა და დემოკრატიზაცია - პანელი დაეთმო მსჯელობას ისეთ საკითხებზე, რომლებიც საქართველოში პოლიტიკური პარტიების გაძლიერებასა და განვითარებას უკავშირდება. • პარლამენტარიზმი - მომხსენებლებმა ისაუბრეს, თუ რა გზებითაა შესაძლებელი საქართველოს პარლამენტის გაძლიერება და მისი ეფექტურობის გაზრდა. • ევროპეიზაცია & დემოკრატია - მომხსენებლებმა საკუთარ ხედვები წარმოადგენეს, თუ როგორ უნდა განავითაროს საქართველომ ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობების წარმართვის უფრო თანმიმდევრული სტრატეგია. Tue, 16 May 2017 0:00:00 GMT დისკუსია ახალქალაქში - “რეგიონული კონფილქტები საქართველოში “ http://gfsis.org/ge/events/view/706 2017 წლის 11 მაისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ახალქალაქის რეგიონულ ოფისში გაიმართა საჯარო ლექცია-დისკუსია ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის თემაზე - "რეგიონული კონფილქტები საქართველოში ". ლექცია წაიკითხა რონდელის ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა შოთა უტიაშვილმა. მომხსენებელმა დამსწრე აუდიტორიას გააცნო საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები, მოკლედ მიმოიხილა რეგიონში არსებული კონფლიქტები, შეაფასა სიტუაცია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, იმსჯელა არსებული კონფილქტების გადაჭრის ალტერნატივებისა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენის გზების შესახებ. ღონისძიება ჩატარდა ფონდის მიერ ორგანიზებული სალექციო შეხვედრების ფარგლებში. ლექციები იმართება პერიოდულად, ძირითადად ეთმობა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებს და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პროფესიული შესაძლებლობების ზრდას, ქართული სახელმწიფოს შესახებ მათი ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, და ეროვნული ინტეგრაციის პროცესის პოპულარიზაციას თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად. ამგვარი შეხვედრები ეხმარება ეთნიკურ უმცირესობებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო პროცესებში. Thu, 11 May 2017 0:00:00 GMT დაიწყო სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში http://gfsis.org/ge/events/view/704 2017 წლის 8 მაისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) დაიწყო სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში. სასწავლო კურსის მონაწილეებს სტრატეგიის შესახებ პირველი ლექცია წაუკითხა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა როს ჰარისონმა. ეროვნული უსაფრთხოება და საჯარო პოლიტიკის პროგრამის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების მომზადება ძალოვან სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში კარიერის გასაგრძელებლად. სასწავლო პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს ცოდნის გაღრმავებას ანალიტიკურ მეთოდებში, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის საკითხებში და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ უნარ-ჩვევების შეძენა-გაღრმავებას, რაც აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების პროცესის წარმატებით წარმართვისთვის. აღნიშნულ პროგრამას 2001 წლიდან ახორციელებს რონდელის ფონდი ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. Mon, 8 May 2017 0:00:00 GMT დისკუსია ახალქალაქში - „ამერიკა-საქართველოს 25 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები“ http://gfsis.org/ge/events/view/705 2017 წლის 8 მაისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ახალქალაქის რეგიონულ ოფისში გაიმართა საჯარო ლექცია-დისკუსია ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის თემაზე - „ამერიკა-საქართველოს 25 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები." ლექცია წაიკითხა ლევან მიქელაძის აღმასრულებელმა დირექტორმა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა 2013-2016 წწ.-ში არჩილ გეგეშიძემ. მომხსენებელმა მოკლედ მიმოიხილა ამერიკა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ისტორიულ ჭრილში, ხაზი გაუსვა ამერიკის მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს უსაფრთხოების სექტორის განვითარებასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. არჩილ გეგეშიძემ ასევე იმსჯელა სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივების შესახებ. ღონისძიება ჩატარდა ფონდის მიერ ორგანიზებული სალექციო შეხვედრების ფარგლებში. ლექციები იმართება პერიოდულად, ძირითადად ეთმობა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებს და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პროფესიული შესაძლებლობების ზრდას, ქართული სახელმწიფოს შესახებ მათი ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, და ეროვნული ინტეგრაციის პროცესის პოპულარიზაციას თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად. ამგვარი შეხვედრები ეხმარება ეთნიკურ უმცირესობებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო პროცესებში. Mon, 8 May 2017 0:00:00 GMT პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის http://gfsis.org/ge/events/view/703 ავტორი: გიორგი თურმანიძე საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის მიერ ჩატარებული კვლევის (Nations in Transit 2017, იხ. კვლევა) მიხედვით, 15 პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან 8 (ცენტრალური აზიის ხუთივე სახელმწიფო, აზერბაიჯანი, რუსეთი და ბელარუსი) კონსოლიდირებული ავტორიტარული მმართველობის კატეგორიაში მოხვდა, რაც ამ ქვეყნებში დემოკრატიის ყველაზე დაბალი ხარისხის არსებობაზე მიუთითებს. ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული მმართველობის კატეგორიაში მოხვდა სომხეთი, გარდამავალი ან ჰიბრიდული მმართველობის კატეგორიაში კი - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. დემოკრატიის მაღალი სტანდარტი მხოლოდ ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოშია, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან. საერთაშორისო ორგანიზაციების მსგავს კვლევებში დემოკრატიის ხარისხი სხვადასხვა კრიტერიუმით ფასდება, მათ შორის ერთ-ერთია ამომრჩეველთა შესაძლებლობა ქვეყნის მთავრობა არჩევნების გზით შეცვალოს. ამ მხრივ, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერების უმრავლესობა არა არჩევნებზე, არამედ ძალაუფლების შენარჩუნების გზებზე უფრო ფიქრობს. თუმცა, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ავტორიტარული მმართველებიც კი, საკუთარი ძალაუფლებისა და ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემის ლეგიტიმაციას რეფერენდუმებისა და/ან საკონსტიტუციო ცვლილებების საშუალებით ცდილობენ. ამ თვალსაზრისით პოსტსაბჭოთა სივრცეში ორი ძირითადი ტენდენცია შეინიშნება: პირველი, იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც ღიად გამოხატული ავტორიტარიზმის ნიშნებია, ქვეყნის ლიდერები რეფერენდუმებისა და/ან საკონსტიტუციო ცვლილებების საშუალებით ოჯახის წევრებზე ძალაუფლების გადაცემის ლეგიტიმაციას ახდენენ და პოტენციური მემკვიდრის პოლიტიკურ კარიერას საგანგებოდ გეგმავენ. მეორე, იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის შედარებით მეტი ხარისხია, მმართველობის საპრეზიდენტო მოდელი საპარლამენტო მოდელით იცვლება, რაც მოქმედ პრეზიდენტებს საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას პრემიერ-მინისტრის რანგში აძლევს. დინასტიური მმართველობა დემოკრატიულ ქვეყნებში ძალაუფლების ოჯახის წევრებზე გადაცემა ან კანონით არის აკრძალული, ან მიუღებელ ნორმად ითვლება. აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების უმრავლესობაში კი მოქმედი ლიდერების მთავარი საზრუნავი ძალაუფლების ოჯახის წევრზე ან მათთან დაახლოებულ პირებზე გადაცემის ლეგიტიმაციის უზრუნველყოფაა. აზერბაიჯანი პოსტსაბჭოთა სივრცეში მამიდან შვილზე ძალაუფლების გადაცემის წარმატებული პრეცედენტი მხოლოდ აზერბაიჯანშია. დამოუკიდებელი აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის - ჰეიდარ ალიევის მმართველობა 1993 წელს დაიწყო. 2003 წელს კი, არჩევნების გზით, ქვეყნის პრეზიდენტი მისი შვილი - ილჰამ ალიევი გახდა. შვილი ალიევის პრეზიდენტობა წლების განმავლობაში მზადდებოდა. მისი კარიერული წინსვლა 1994 წლიდან დაიწყო. იგი იყო აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, 2003 წელს კი, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე - პრემიერ-მინისტრი. მეჰრიბან ალიევა, აზერბაიჯანის პირველი ვიცე–პრეზიდენტი და პირველი ლედი 2008 წელს ილჰამ ალიევის მარადიული პრეზიდენტობისთვის სამზადისი დაიწყო, როდესაც ორ საპრეზიდენტო ვადაზე არსებული შეზღუდვა ამომრჩევლების „მხარდაჭერის" გზით მოიხსნა, რადგან მმართველი პარტიის აზრით, ეს შეზღუდვა „არადემოკრატიული" იყო. რეფერენდუმის საფუძველზე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, ილჰამს შეუზღუდავი რაოდენობით შეუძლია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. 2013 წელს ილჰამი მესამე ხუთწლიანი ვადით აირჩიეს. 2016 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების შედეგად კი, შემდეგ არჩევნებში უკვე შვიდი წლით აირჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ ილჰამ ალიევი ახალგაზრდა პრეზიდენტია (იგი მხოლოდ 56 წლისაა), პოტენციურ მემკვიდრეზე ფიქრი უკვე დაწყებულია. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები სერიოზულ ეჭვს წარმოშობს, რომ ალიევის მემკვიდრე და ქვეყნის პოლიტიკური ელიტის წამყვანი ფიგურები უშუალოდ მისი ოჯახის წევრები იქნებიან. 2016 წლის 26 სექტემბერს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, კონსტიტუციიდან ამოიღეს მუხლი, რომელიც ადგენდა, რომ პრეზიდენტი არ შეიძლება გახდეს 35 წლის ასაკზე უმცროსი მოქალაქე. ასევე, პარლამენტის წევრის მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 25-დან 18 წლამდე შემცირდა, რაც ილჰამის 19 წლის შვილს, ჰეიდარს, პოლიტიკური კარიერის დაწყების საშუალებას უკვე პარლამენტიდან მისცემს. უმთავრესი ცვლილება კი, ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებაა. ეჭვი, რომ ეს ცვლილება ილჰამის მეუღლეს, მეჰრიბან ალიევას ეხებოდა, 2017 წლის 21 თებერვალს მეჰრიბანის პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნით გამართლდა. საყურადღებოა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას ვერ ახერხებს, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პირველი ვიცე-პრეზიდენტი ხდება. მეჰრიბანი 2003 წლიდან, როდესაც იგი პირველი ლედი გახდა, აქტიურად არის ჩართული ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაში. ტაჯიკეთი ტაჯიკეთში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები და საკადრო გადაწყვეტილებები მიუთითებს, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, სავარაუდოდ, ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემისთვის ემზადება. შესაფერისი სამართლებრივი გარემოს შექმნის მიზნით, 2014-2015 წლებში ტაჯიკეთში არაერთი საკონსტიტუციო ცვლილება მოხდა, მათ შორის, პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკმა 35-დან 30 წლამდე დაიწია, რაც პრეზიდენტის უფროს ვაჟზე, რუსტამზე, მორგებული საკანონმდებლო ცვლილებაა. 2020 წელს, როდესაც შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი, რუსტამი, რომელიც იმ დროისთვის 33 წლის იქნება, მამის სურვილის შემთხვევაში, შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. მას სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამოცდილება უკვე დაუგროვდა. სხვადასხვა პერიოდში საბაჟო და ანტიკორუფციულ სამსახურებს ხელმძღვანელობდა. 2017 წლის 12 იანვარს კი 29 წლის რუსტამი დუშანბეს მერად დაინიშნა. თურქმენეთი 2016 წელს თურქმენეთის პარლამენტში გამოთავისუფლებულ ადგილზე გასაიდუმლოებულ რეჟიმში ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრი პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვის ვაჟი, სერდარი გახდა. მანამდე სერდარი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბუნებრივი რესურსების მართვისა და გამოყენების სახელმწიფო სააგენტოში საქმიანობდა. ბერდიმუხამედოვს, რომელიც ჯერ 60 წლისაა, ძალაუფლების შვილზე გადაცემის ლეგიტიმაციისთვის საკმარისი დრო აქვს. ყაზახეთი ყაზახეთის პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს, რომელიც 77 წლისაა, სამი ქალიშვილი ჰყავს, რაც ტრადიციულ საზოგადოებაში ძალაუფლების მამიდან შვილზე გადაცემის საკითხს ართულებს. პრეზიდენტის ოჯახის წევრები ქვეყნის ცხოვრებაში აქტიურ როლს ასრულებენ. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა უფროსი ქალიშვილი დარიგაა, რომელიც ამჟამად სენატის საერთაშორისო საქმეთა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეა. დარიგა ნაზარბაევა, ყაზახეთის პარლამენტის წევრი და ნურსულთან ნაზარბაევი, ყაზახეთის პრეზიდენტი იგი ვიცე-პრემიერიც იყო და საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს. მნიშვნელოვანი პოზიციები უკავიათ დარიგას შვილებს - 32 წლის ნურალი ალიევი ასტანის ვიცე-მერად მუშაობდა და ამჟამად ბიზნესით არის დაკავებული, ასევე აქტიურია 26 წლის აისულთან ნაზარბაევიც. ნაზარბაევის სურვილისა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე შეიძლება გახდეს მისი ოჯახის რომელიმე წევრი. უზბეკეთი უზბეკეთში ძალაუფლების გადაცემა 2016 წელს მშვიდად მოხდა. უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ კარიმოვს, რომელიც დამოუკიდებელ უზბეკეთს 25 წელი მართავდა, ორი ქალიშვილი ჰყავდა. მათ შორის უფროსი, გულნარა, მის შესაძლო მემკვიდრედაც ითვლებოდა, მაგრამ გულნარას გახმაურებულ კორუფციულ სკანდალებში მონაწილეობამ და სასახლის კარის ინტრიგებმა, იგი პრეზიდენტის მემკვიდრეობისათვის ბრძოლას ჩამოაშორა. საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკამდე საქართველო 2010 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებას დაუჭირა მხარი, რომლის საფუძველზეც 2013 წლიდან ქვეყანა საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მართვის მოდელზე გადავიდა. ცვლილებებმა ეჭვი გააჩინა, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მეორე და უკანასკნელ საპრეზიდენტო ვადას ასრულებდა, პოლიტიკური კარიერის გაგრძელება პრემიერ-მინისტრის რანგში სურდა, რასაც კანონი არ კრძალავდა. სააკაშვილი ამ თემაზე დასმულ კითხვებს ყოველთვის ბუნდოვნად პასუხობდა, რაც ამ ეჭვებს ამძაფრებდა. სააკაშვილმა თავისი პოზიცია ღიად მხოლოდ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააფიქსირა, როდესაც მისი პარტია არჩევნებში დამარცხდა. სააკაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის პოსტი მისთვის საინტერესო არ იყო. ყირგიზეთი 2011 წელს ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი გახდა, რომელიც ერთი 6-წლიანი ვადით აირჩიეს. არსებული კონსტიტუციით ატამბაევი კენჭს ვეღარ იყრის. თუმცა, ატამბაევის მომავალ შესაძლო პოლიტიკურ გეგმებზე მიუთითებს 2016 წლის 11 დეკემბრის რეფერენდუმი, რომლის საფუძველზეც პრემიერ-მინისტრის ძალაუფლება გაიზარდა, პრეზიდენტისა კი, შესუსტდა. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე განხორციელებული მსგავსი ცვლილება ეჭვს აჩენს, რომ ატამბაევი, დემოკრატის იმიჯის შებღალვის გარეშე, 2017 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნებას, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის რანგში ცდილობდეს. სომხეთი პოლიტიკური მმართველობის მოდელი რეფერენდუმის გზით შეიცვალა სომხეთშიც. 2015 წლის 6 დეკემბრის რეფერენდუმის საფუძველზე განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2018 წლის აპრილიდან პრეზიდენტის ძალაუფლება შესუსტდება და ქვეყანა მართვის საპარლამენტო მოდელზე გადავა. საპარლამენტო მოდელზე გადასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის მეორე და უკანასკნელი საპრეზიდენტო ვადის დასრულება მიიჩნევა. სარქისიანი, რომელიც ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია, როგორც ჩანს, ძალაუფლების შენარჩუნებისათვის შესაბამის ლეგიტიმაციას იქმნის. გამომდინარე იქიდან, რომ სარქისიანს აღარ შეუძლია მესამე საპრეზიდენტო ვადით არჩევა და ამ მხრივ ცვლილებების გატარებაზეც უარი თქვა, ქვეყნის საპარლამენტო მართვის მოდელზე გადასვლა სარქისიანისთვის პოლიტიკაში დარჩენის ყველაზე ლეგიტიმური გზაა. რა ხდება სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უკრაინასა და მოლდავეთში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, არჩევნების გზით, არაერთი პრეზიდენტი შეიცვალა, თუმცა საარჩევნო პროცესი დღემდე მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს. ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკო 63 წლისაა და უკვე ლაპარაკობენ, რომ ლუკაშენკოს ძალაუფლების გადაცემა შესაძლოა თავის უმცროსი ვაჟისთვის, კოლიასთვის, სურდეს, რომელიც ბოლო წლებში ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მამის გვერდითაა. რაც შეეხება რუსეთს, ვლადიმერ პუტინიც დემოკრატიის თამაშის წესების ფორმალურ დაცვას ცდილობს. 2008 წელს მან უარი თქვა ზედიზედ მესამეჯერ პრეზიდენტად არჩევაზე და პრემიერ-მინისტრის რანგში 2012 წლის არჩევნებს დაელოდა, მანამდე კი, დიმიტრი მედვედევთან არაფორმალური შეთანხმების გზით, ქვეყნის მართვას განაგრძობდა. დასკვნა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის შემდეგაც არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა ყველაზე რთულ გამოწვევად რჩება. სუსტი დემოკრატიის პირობებში მოქმედ ლიდერებს უჭირთ ძალაუფლებაზე უარის თქმა, თუმცა ამავე დროს დემოკრატი ლიდერის იმიჯის როლის მორგებაც სურთ. ამიტომ პოსტსაბჭოთა სივრცის ავტორიტარული მმართველებიც კი, ძალაუფლების შენარჩუნებასა და მემკვიდრეობით გადაცემის ლეგიტიმაციას დემოკრატიული მეთოდებით, რეფერენდუმებზე ხალხის „მხარდაჭერით" ახდენენ. რეფერენდუმების საფუძველზე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები კი, როგორც წესი, დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებისა და სტაბილურობის შენარჩუნების სახელით ხორციელდება. Fri, 5 May 2017 0:00:00 GMT სემინარი ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისათვის http://gfsis.org/ge/events/view/702 2017 წლის 3-4 მაისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) გაიმართა ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისათვის განკუთვნილი სემინარი. ორდღიან სემინარს ხელმძღვანელობდენ შვედი ექსპერტები: ჰანს ნორგრენი და ადამიანური რესურსების მართვის კონსულტანტი ევა ფალკი (SIPU International), რომელთაც ისაუბრეს საქართველოში შვედური გამოცდილების დანერგვის შესახებ, იმსჯელეს ორგანიზაციული კულტურის, გარემოსა და კლიმატის, ადამიანური რესურსების განვითარებისა და გუნდში მუშაობის მნიშვნელობაზე, ასევე თემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში მომუშავე ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებმა/მენეჯერებმა. სემინარს ახორციელებს რონდელის ფონდი შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით. Thu, 4 May 2017 0:00:00 GMT შეხვედრა წეროვანისა და ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან http://gfsis.org/ge/events/view/699 2017 წლის 25-26 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი) პროექტ „ჩემი სამყაროს" ფარგლებში წეროვანის #3 საჯარო სკოლასა და ქ. ზუგდიდში აფხაზეთის #1 საჯარო სკოლაში გამართა შეხვედრები წეროვანისა და აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებთან. შეხვედრებისას ფონდმა უფროსკლასელებს გადასცა ჟურნალ „ჩემი სამყაროს" მე-14 და მე-15 ნომრები და ჩაატარა ლექციები: წეროვანში - რონდელის ფონდის გამოყენებითი ეკონომიკის კვლევის ცენტრის დირექტორი პროფესორი ვლადიმერ პაპავა მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ეკონომიკის შესახებ, ხოლო აფხაზეთის სკოლების უფროსკლასელებს ზუგდიდში ილია ჭავჭავაძეზე, როგორც პირველ ქართველ ლიბერალზე, ესაუბრა ჟურნალ „ჩემი სამყაროს" ერთ-ერთი ავტორი რევაზ თოფურია. ორივე ლექციაში მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს, დაისვა კითხვები და გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები. პროექტი „ჩემი სამყარო" საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტს აფინანსებს აშშ-ის საელჩო საქართველოში. პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდობისათვის განკუთვნილი ქართულენოვანი ჟურნალის - „ჩემი სამყაროს" - გამოცემა. ჟურნალი წარმოადგენს საკითხავს უფროსკლასელებისთვის და მოიცავს სხვადასხვა თემასა და სფეროს. მასში გამოქვეყნებული სტატიები შეეხება პილიტიკას, ეკონომიკას, ლიტერატურას, მეცნიერებას, ხელოვნებას, საინტერესო ამბებსა და მოვლენებს, დიდ და ქვეყნისა თუ კაცობრიობისათვის მნიშვნელოვან ადამიანებს. „ჩემი სამყარო" გამოდის სამ თვეში ერთხელ, ყოველი ნომერში არის 9 რუბრიკა და კროსვორდი, რომელიც შედგენილია წინა ნომრებში გამოქვეყნებულ მასალაზე დაყრდნობით. სტატიები იწერება საგანგებოდ ამ ჟურნალისათვის. ტირაჟი არის 2000 ეგზემპლარად. Wed, 26 Apr 2017 0:00:00 GMT